ის, რაც უნდა იცოდეთ ოპერაციის შემდგომ პერიოდსა და შედეგებზე როგორც წესი, საკეისრო კვეთას სამედიცინო ჩვენებით ატარებენ, როდესაც ფიზიოლოგიური მშობიარობა შეუძლებელია ან საფრთხის შემცველია როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. ზოგიერთ ქალს ძალიან ეშინია ოპერაციის გაკეთება და ცდილობს იმშობიაროს ბუნებრივი გზით, სხვები პირიქით - მხოლოდ ოპერაციული და ნაკლებად მტკივნეული ჩარევის მომხრენი არიან.
სინამდვილეში, ისევე როგორც ნებისმიერ ოპერაციას, საკეისრო კვეთასაც აქვს უარყოფითი მხარეები, დაწყებული შედარებით ხანგრძლივი რეაბილიტაციით, დამთავრებული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებით.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი
რამდენიმე სიტყვით, თუ როგორ ხდება მომზადება და ოპერაცია. ორსულს წინასწარ უტარებენ გამოკვლევებს, ოპერაციამდე რამდენიმე საათით უკრძალავენ კვებას, აძლევენ დამამშვიდებელს და უკეთებენ ოყნას.
მას შემდეგ, რაც მშობიარეს უკეთებენ ნარკოზს, უჭრიან კანს, კუნთებს და საშვილოსნოს. განაკვეთი კეთდება მცირე ზომის, ხდება მისი გადახსნა, ამოჰყავთ ბავშვი და შემდეგ - პლაცენტა. ოპერაცია საშუალოდ გრძელდება ნახევარ საათს, მაგრამ ბავშვი ამოჰყავთ ნარკოზის მოქმედების დაწყებიდან 5 წუთში. ოპერაციის შემდეგ ქალს ათავსებენ რეანიმაციაში, ხოლო შემდგომ - პალატაში.
საკეისრო კვეთის შედეგები ქალისთვის
მიუხედავად იმისა, რომ მშობიარე იღებს ტკივილგამაყუჩებელს, ოპერაციის შემდგომი პერიოდი საკმაოდ უსიამოვნოდ მიმდინარეობს: ძლიერი ტკივილი აღენიშნება მუცლის ქვედა ნაწილში - განსაკუთრებით ბავშვის კვების დროს, რადგან ამ დროს იკუმშება საშვილოსნო. ასევე სიძნელეებია საპირფარეშოში "ვიზიტისას".
მშობიარობის შემდგომი პერიოდი მიმდინარეობს ინდივიდუალურად. ექიმი ნიშნავს ანტიბიოტიკს, რათა არ განვითარდეს ანთებითი პროცესი. საშვილოსნოს შეკუმშვა უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს. ოპერაციის შედეგად შეიძლება განვითარდეს შეხორცებები, ამიტომ აუცილებელია მეტი მოძრაობა.
ზოგ შემთხვევაში სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადება იჩენს თავს - მაგალითად, ენდომეტრიოზი. მენსტრუაცია გახდება ჭარბი და მტკივნეული.
თუ მეორედ გადაწყვეტთ ორსულობას, ექიმი ისევ შემოგთავაზებთ საკეისრო კვეთას, რადგან ფიზიოლოგიურ მშობიარობას შეიძლება მოჰყვეს გართულებები (საშვილოსნოს გახეთქვის საშიშროება).
საკეისრო კვეთის შედეგები ბავშვებისთვის
კვების დროს ბავშვი დედის რძესთან ერთად იღებს ანტიბიოტიკის განსაზღვრულ დოზას.
თუ მშობიარეს საერთო გაუტკივარებას უკეთებენ, ნაწილობრივ ბავშვიც იღებს ნარკოზის გარკვეულ დოზას. ასეთ შემთხვევაში უკეთესია ეპიდურული ანესთეზია.
იხილეთ ვიდეო, როგორ ძვრება ბავშვი მუცლიდან საკეისრო კვეთის დროს
საკეისრო კვეთის დროს მშობიარეს შეიძლება შეექმნას პრობლემები სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებით, რადგან ოპერაციის დროს ხდება წნევის უეცარი ცვლა. ასეთ ბავშვებს შეიძლება მოხრჩობის სინდრომი აღენიშნებოდეთ.
თუმცა, დიდი მნიშვნელობა აქვს სპეციალისტების პროფესიონალიზმს, რათა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებები დაყვანილი იქნას მინიმუმამდე - როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.
თუ გაქვთ არჩევანის შესაძლებლობა, არჩევანი შეაჩერეთ ბუნებრივ მშობიარობაზე.