მსახიობის პირადი ტრაგედიები და სამყარო, რომელსაც ვერ ეგუება კიანუ რივზი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. გარდა იმისა, რომ ნიჭიერებით და გარეგნული მონაცემებით მოხიბლა საზოგადოება, მისი ცხოვრების წესი და ბიოგრაფია არანაკლებ იზიდავს თაყვანისმცემლებს. მის ცხოვრებაში არაერთი ტრაგედია მოხდა, რის შემდეგაც უკვე წლებია, კიანუ მარტო ცხოვრობს, სახლიც კი არ აქვს და სასტუმროებში ატარებს დღეებს, თავისი ძვირად ღირებული მოტოციკლით დაქრის და სოლიდური ჰონორარების დიდ ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს...
პატარა იყო, როცა ნარკომანმა მამამ ოჯახი მიატოვა – მარტო დარჩნენ კიანუ, მისი და და დედა. თუმცა როგორღაც გააგრძელეს ცხოვრება, მერე კიანუმ წარმატებას მიაღწია, "მატრიცა" გამოვიდა, რომელმაც მსოფლიო პოპულარობა მოუტანა... მაგრამ ნამდვილი ტრაგედიებიც აქ დაიწყო მის ცხოვრებაში.
- პირველი ტრაგედია, რომელმაც გული გამიგმირა, 1993 წელს მოხდა. მაშინ ნარკოტიკებისგან ჩემი ახლო მეგობარი, მსახიობი რივერ ფენიქსი გარდაიცვალა. ცოტა ხანში გავიგე, რომ ჩემს უმცროს დას კიმს ლეიკემია ჰქონდა. მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. სახლი ვუყიდე და ვუვლიდი... მას ყოველთვის უანგაროდ ვუყვარდი, არ ვიცი, სად ვიქნებოდი ახოლა, რომ არა კიმი. ეს ძალიან მტკივნეული იყო... მერე მშვენიერი ჯენიფერი შემიყვარდა. ერთი პერიოდი დევიდ ლინჩთან მუშაობდა ასისტენტად და იქ გავიცანი. როცა გავიგე, რომ ორსულად იყო, სახლი, მანქანა ვუყიდე. ძალიან ველოდი შვილს...
მაგრამ ულტრაბგერით გამოკვლევაზე გვითხრეს, რომ ჩვენი ქალიშვილი, ავა, მკვდარი იყო... ჯენიფერმა მკვდარი ბავშვი გააჩინა... ვცდილობდი, ძალიან ვცდილობდი მის დამშვიდებას, მაგრამ როგორ უნდა დაამშვიდო ქალი, რომელმაც ასეთი რამ გადაიტანა? ჯენიფერი ძლიერ წამლებს იღებდა, ნარკოტიკებს მიეძალა, საშინელი დეპრესია ჰქონდა... მერე ავარიაში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა... აღარ აქვს აზრი იმას, რომ პოლიციამ მის მანქანაში კოკაინი და ანტიდეპრესანტები აღმოაჩინა... ჯენიფერი ჩვენი ქალიშვილის გვერდით დავმარხე...
მხოლოდ სამუშაომ გადამარჩინა... რა თქმა უნდა, კიდევ მინდა ცხოვრების ხელახლა დაწყება, მაგრამ მეტისმეტად ძნელია. მინდა ცოლი, შვილები, მაგრამ ეს ძალიან გრძელი გზაა – თითქოს უმაღლესი მწვერვალისკენ მივცოცავ. იმედია, მივაღწევ პიკს. ცოტა დრო მომეცით კიდევ... ვიცი, რომ ცხოვრება შეიძლება იყოს მშვენიერი და არც ვაპირებ მისგან სადმე გაქცევას...
ინტერნეტში ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა ასევე კიანუს გამონათქვამი, რომელიც მან ამ სამყაროს მიუძღვნა:
- მე არ შემიძლია გავხდე იმ სამყაროს ნაწილი, სადაც ქმრები ცოლებს მეძავებივით აცმევენ, გამოაქვთ სააშკარაოზე ის, რაც დაფარული, სანუკვარი უნდა იყოს.
სადაც არ არის პატივისა და ღირსების გაგება, და ადამიანების სიტყვას მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეყრდნო, როცა ისინი ამბობენ "გპირდები".
სადაც ქალებს არ სურთ შვილები, კაცებს კი არ უნდათ ოჯახი.
სადაც ლაწირაკებს წარმატებულები ჰგონიათ თავი მამიკოების მანქანების საჭესთან, ხოლო ნებისმიერი, ვისაც ძალაუფლება აქვს, ცდილობს დაგიმტკიცოს, რომ შენ არარაობა ხარ.
სადაც ადამიანები ფარისევლობენ, რომ ღმერთის სწამთ, ალკოჰოლის ჭიქით ხელში და თავიანთი რელიგიის სულ მცირე გაგების გარეშე.
სადაც ეჭვიანობის გრძნობა სამარცხვინოდ ითვლება, მოკრძალება კი – ნაკლოვანებად.
სადაც ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული, უბრალოდ პარტნიორის საუკეთესო ვარიანტებს ეძებენ.
სადაც ადამიანები უმცირეს წვრილმანსაც არემონტებენ თავიანთ მანქანებში, არ ზოგავენ ამაზე ფულსა და დროს, თავად კი ისე სამარცხვინოდ გამოიყურებიან, მხოლოდ ძვირფასი მანქანა თუ დაფარავს ამას.
სადაც ბიჭები მშობლების ფულებს ღამის კლუბებში ანიავებენ, პრიმიტიულ მუსიკაზე მანჭვა-გრეხით, გოგოებს კი ისინი ამის გამო უყვარდებათ.
სადაც კაცსა და ქალს უკვე რა ხანია, ვერ გაარჩევ ერთმანეთისგან და ამ ყველაფერს ერთად თავისუფალ არჩევანს უწოდებენ. ხოლო ვინც სხვა გზას აირჩევს, მას ჩამორჩენილ დესპოტად მონათლავენ.
მე ჩემს გზას ვირჩევ, მხოლოდ ის არის სამწუხარო, რომ ვერ ვიპოვე ასეთივე გაგება იმ ადამუანებში, რომლებშიც ამას ყველაზე მეტად ვეძებდი...