ყველაზე კითხვადი
დედის სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც შვილის სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებდა
 დედის სულისშემძვრელი ისტორია, რომელიც შვილის სიკვდილში საკუთარ თავს ადანაშაულებდა
1 / 2
Next
ჩვენი საიტის მკითხველებს ხშირად ვთავაზობთ რომანებსა თუ მოთხრობებს გაგრძელებებით. ვცდილობთ, ამ ნაწარმომებების შინაარსი ახლოს იყოს, დედა-შვილურ და ოჯახურ თემატიკასთან.
ამჯერად ცნობილი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის "კურდღელი" შევარჩიეთ. აქ დედის ტრაგედიაა გადმოცემული, რომელიც შვილის უბედურებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. დანაშაულის გრძნობა ხომ არც თანამედროვე დედებისთვისაა უცხო და ხშირად სულ ტყუილად იტანჯავენ თავს - არადა ცხოვრება ზოგჯერ ჩვენგად დამოუკიდებლად გვიმზადებს საშინელ განსაცდელს და ამის გააზრებას დედისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აქვე გაგიმარტავთ, რომ მოთხრობაში აღწერილი დაავადება "ხუნაგი", იგივეა, რაც დიფტერია. მწერლის მიერ აღწერილ ეპოქაში ამ
ინფექციას უამრავი ბავშვი ეწირებოდა მანამ, სანამ მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეიქმნა. ეს აცრა დღეს ეროვნულ კალენდარში შედის და ყველა ბავშვი დაცულია.

კურდღელი

პროფესორ მიხეილ ასათიანს,
რომლის ნაამბობმა დამაწერინა ეს მოთხრობა.
ავტორი


- სიდონი, შვილო სიდონი! - დასჩურჩულებს სიბნელეში მართა საწოლზე გაშო-ტილ თავის ერთას. - გესმის, შვილო?
- რა გინდა, რა გაყვირებს?! - წყრომით ჰკივის პასუხი.
- ადე, შვილო, სტუმარი მოგვივიდა.
- სტუმარი? - შეალბილა სიდონიამ - ვინ არის?
- პროფესორია, შვილო, პროფესორი ფრიდონ დორაშვილი.
- მართლა?! ეხლავე გამოვალ.
და ელექტრონის ჭაღმა უცბად გაანათა თეთრად მორთული საწოლი ოთახი: თეთრი კედლები, ორი თეთრი ლოგინი, თეთრივე
მარმარილოს მაგიდა და ახალგაზრდა ქალი - ისიც თეთრ-კაბიანი და თვითონაც იმ სათამაშო კურდღელივით თეთრი, რომელიც მკერ-დზე აქვს მიხუტული.
თეთრმა ძაღლმა - პატარა შპიცმა - თეთრი ზეწრიდან დედოფალას მსგავსი თავი ამოჰყო და, ტალანიდან უცხოს ხმა რომ გაიგო, ისკუპა და კაპასი წკავწკავით მეორე ოთახში გავარდა, თანაც გრძელი და აბურძვნილი ბალანი რხევით და პენტვით გაიტანა.
ბალიშზე მოხვეულმა კატამ, ისევ თეთრმა და გრძელ-ბეწვიანმა, წელი მოირკალა, თათით ცხვირი მოიწმინდა. მერმე იმანაც ისკუპა და ვეფხური ნაბიჯით შპიცს გაჰყვა. მართაც გავიდა და კარი გაიხურა.
სიდონია კი სატუალეტო მაგიდას მიუჯდა და ისე დააშტერდა სარკეს, თითქოს იქ, იმ სარკის უკან, უცნობი ქალი იჯდაო. ძლივსღა იცნო თავისი თავი. სიდონია ისედაც ფერ-მკრთალი იყო, ეხლა კი...
დღეს კი მართლა იმ კურდღელს დაჰმსგავსებია, რომელიც ისევ მკერდზე აქვს მისვე-ნებული. ლოყებიც ისე ჩაუცვივდა, როგორც ჯუანშერს ჰქონდა ჩაცვივნული - ჯუანს, ჯანს, ჯონს, ჯანშეს, თავის შვილს, ოთხი წლის ბიჭიკოს, ფუნთუშას და ფუნჩულას, რო-მელიც დღეს დამარხეს... ასე ამბობენ, დამარხეს... სხვები ამბობენ, თორემ... ნამდვი-ლად...
ჯუანშერი ხშირად ჩაუჯდებოდა დედას კალთაში, იღლიაში იმ თეთრ კურდღელს ამოიდებდა, ეხლა რომ სიდონიას ჩაუხუტებია, და ხან დედას შესცქეროდა, ხან კურ-დღელს ჩააშტერდებოდა და აიჩემებდა:
- დედილო, შენ ჩემ ბაწიასა ჰგევხარ.
- ჰო, შვილო, ვგევარ. - უპასუხებდა.
- ბაწიაც შენა გგავს.
- ჰო, გენაცვალოს დედა, მგავს.
ეხლაც გაიღიმა და გუნებაში უპასუხა - იმას, ვინც... რომელიც (რომელიც თუ ვინც?)... იქ, შავ მიწაში წევს (წევს თუ დევს?)
- სწორი თვალი გაქვს, (გაქვს, თუ გქონდა?) ჩემო ფუნთუშა, ჩემო ჯუან... ჯანშე... ჯუანშერ: მე და შენი ბაჭია ძალიან ვგევართ ერთმანერთს.
და სარკეში უცებ თვალი მოჰკრა გაბზარულ ღიმილს.
კურდღელი სარკის წინ დასდო. ჩაცუცქულან პირისპირ თეთრი ბაჭიები და გაოცე-ბით უმზერენ ერთმანერთს.
- ამ კურდღელმა მეორე გააჩინა, აგერ ის, სარკიდან რომ იჭყიტება, - ფიქრობს დედა, - როგორც მე გავაჩინე ის... ჩემი ბაჭია, ეხლა რომ სადღაც მიწაში (წევს თუ დევს?)... ერთი კურდღელი ჩემია, მეორე კი იმისია, ჯუანისა, რომელიც ეხლა იქ... (მაინც არ იცის, წევს თუ დევს?).
ჩააშტერდა მეორე ქალსაც, სარკეში რომ იჯდა, და სახე რომ კირით ჰქონდა შელე-სილი. სიდონიასი აღარაფერი აქვს იმ დედაკაცს: დაბერებულა, შავი თვალები უფრო შავს ორმოში ჩასცვივნია, და იქიდან უცნაური ნაპერწკლები ელავენ - მოუსვენარნი, უაზრონი, არეულნი.
მარტო თმა-ღა შერჩა სარკის ქალს სიდონიასი - ხშირი, აპენტილი, მუქი ჩალის-ფერი - ალბათ ისიც სიდონიასავით ოქსიჟენს ხმარობს, წყალბადის ჭარბჟანგით იღე-ბავს.
- ცხადია, - ფიქრობს სიდონია და თეთრი ხელებით მარდად ივარცხნის და ილა-გებს იმ თმას, - ცხადია, მე სხვა ვარ, ეს ქალი კიდევ სხვა ვიღაც არის. მე ვარ სიდონია, სიდონია სტავრიშვილისა, ის კი უცხოა, უცნობია. რაკი ეს ქალი ხმას არ იღებს, რადგან მუნჯია, მე თვითონ დავარქმევ სახელს - თუნდაც სალომეს.
ორივემ ერთმანერთს სალამი მისცეს, გაუღიმეს, თითქოს ურთიერთის გაცნობა გაუ-ხარდათო. სიდონია მართლა გამხიარულდა.
- მაშ ასე: - განაგრძო ფიქრი თავისთვის. - მე სიდონი მქვიან, ამას კი - სალომე. და ესეც სტავრიშვილის გვარისა იყოს, ედიშერის ცოლი, ხა-ხა! რა კარგია! ჩემს ქმარს ორი ცოლი ეყოლება - სიდონია და სალომე. ხი-ხი! გათათრდეს და ჰარამხანა გახსნას, ხი-ხი-ხი! რადგან მე არა ვყოფნი, მეორეც გაიჩინოს. მუდამ სჩივის - ცივი ქალი ხარო. ეხლა ცხელიც ეყოლება. ხა-ხა! ალბათ მე თავს დამანებებს, მომასვენებს. ან განა ღირსი არა ვარ! ხუთი წელიწადია მტანჯავს. დღესაც ვერ გამიგია, რა აგიჟებთ ხოლმე ცოლ-ქმარს. სიყვარული ადამიანს თავსაც კი მოაკვლევინებს, მაგრამ ის... ფუჰ! მადლობა უფალს, თითქმის ხელი აიღო ედიშერმა ჩემზე - გადავაჩვიე. ეხლა შენ ემსახურე, სა-ლომე, - ეჩურჩულება სარკეში მჯდომ ორადს და ნიშნის მოგებით თავს უქნევს.
სალომეც თავს უქნევს, თითქო სარკიდან თანხმობას უთვლისო. სიდონია კი ისევ აგ-რძელებს:
- ეს კიდევ არაფერი: მე ბედნიერი ვარ, რადგან ორივე შვილი ცოცხალი მყავს, შენ კი - საწყალო, უბედურო! - შენ პირმშო ჯუანშერი მოგიკვდა... აგერ ის, დღეს რომ და-მარხე. უმცროსი კი, პაწაწა კატო (ღმერთო ჩემო, რა უშნო სახელი დაგირქმევია!) ისე შეიჯავრე, რომ შენმა ქმარმა ედიშერ სტავრიშვილმა (ეს გვარიც უშნოა!), შვილი მოგა-შორა და თავის ძმის ოჯახში გაჰგზავნა. საწყალო დედავ!.. უბედურო!.. საბრალოვ!
და ერთმანეთის სიბრალულით ორივე დედა სტირის - ცოცხალიც და ორადიც. ორი-ვეს გამხდარ ლოყებზე მსხვილი ცრემლი ჩამოსდის, თან უმარილი ჩამოაქვს და ღაპა-ღუ-პით მარმაროს ფიცარზე იღვრება.
- მართლა, სტუმარი! - გაახსენდა სიდონიას.
ორივე დედაკაცი - სიდონიაც და სალომეც - უმალ გამოცოცხლდნენ: პირსახეები გაიშალეს. ერთმანეთს გაუღიმეს და წამოდგნენ.
- მაშ ასე: გათავებულია, ქალბატონო სალომე. - მცირე რწმენით ეუბნებოდა გუნებაში სიდონია ორადს. - გადაწყვეტილია: თქვენი სახელი ამიერიდან სალომე იქნება - ეს პირველი. დღეიდან მე დავისვენებ, თქვენ კი ედიშერს ცოლობას გაუწევთ. ნუ შეს-წუხდებით, თქვენს მაგივრად მე ვიმუშავებ, ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ, ოღონდ ჩემს ქმარს ამიერიდგან თქვენ უნდა მოუკლათ ჟინი. ამის მეტი საქმე არ გექნებათ, - ესეც მეორე. უფროსი ვაჟი - ჯუანშერი - თქვენ მოგიკვდათ, და თქვენ სინიდისსაც თქვენვე უნდა მისცეთ პასუხი, რადგან... მიზეზი თქვენც კარგად გეცოდინებათ, მე ნუღარ მათქმევინებთ, - ესეც სამი. ვინაიდგან ჯუანშერის სიკვდილი თქვენ გედებათ, ამიტომ დარდიც თქვენვე უნდა აიკიდოთ. თუ გნებავთ და შეგიძლიანთ, ზიდეთ სიკვდილამდე, თუ არა და - ვერის ხიდი აქვეა, - ესეც ოთხი და უკანასკნელი... მე კი თავი დამანებეთ და მომასვენეთ. დღეიდან თქვენთვის აღარ მეცლება... ორი შვილი მყავს გასაზრდელი - ჯუანშერი და კატო... რად მიცქერით აგრე? გიკვირთ, განა! საკვირველი არაფერია: მეც თქვენსავით ორი შვილი მყავს, დიაღ, ორი: ერთი ოთხისაა, მეორე - სამისა. თქვენი შვი-ლებიც სწორედ ამ ხნისანი არიან. ჩემსას და თქვენსასაც ერთნაირი სახელები აქვთ - ჯუანშერი და კატო, ანუ კიტი. ისევ გაოცდით? საოცარი აქაც არაფერია. მაგრამ ნუ დაი-ვიწყებთ, რომ ჩემები ცოცხლები არიან... რამ გაგაოცათ, რა ვქნა?! ორივენი ცოცხლები არიან მეთქი - ჯუანშერიც და კატოც. თქვენი ჯუანშერი კი მოკვდა... დიაღ, მოკვდა. მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა... მესმის... ვგრძნობ. მეცა მყავს შვილები... მეც დედა ვარ, მაგრამ... ბოდიშს ვიხდი, უკაცრავად, სტუმარი მელის. ნახვამდის, საწყალო სალომე! მშვიდობით, უბედურო დედავ!
სიდონიამ თეთრი კურდღელი ჩაიხუტა - სალომემაც. სიდონიამ ახალ დედას სიბრალულით შეჰხედა და დაბლა დაუკრა თეთრი თავი - სალომემაც. სიდონია კარებისკენ გამოტრიალდა - სალომემაც ზურგი შეაქცია.

* * *

- სიდონი, გაიცანი: პროფესორი ფრიდონ დორაშვილი...
- ფრიად სასიამოვნოა. - უღიმის ექიმი.
- ბატონო პროფესორო! - და სიდონია ღიმილით შესცქერის დორაშვილს, თან ხელის გამორთმევას აგვიანებს - ჩვენ ვიცნობთ ერთმანერთს.
- მართლა?.. მაშ ბოდიშს ვიხდი.
- ხუთი წლის წინათ თქვენი მოწაფე ვიყავი, სტუდენტი გახლდით.
- მართლა, მაგონდება! - უხარიან ექიმს. - გამარჯვება, სიდონი! როგორა ხარ... როგორა ხარ, ქალო? რასა იქ, რასა შვრები?
- მადლობელი, დიდი მადლობელი ვარ ჩემი გახსენებისთვის. საკვირველი არც არის, რომ დაგავიწყდით. ხუთი წელიწადი გავიდა, რაც თავი დაგანებეთ. რა თქმა უნდა, იერიც გამომეცვალა. თხელი და თეთრი ხელი სხარტულად აიქნია, ტალღებივით შევარ-ცხნილი თმა აისწორა, სარო ტანი ოდნავ აირხია, შინაგანი ზმორვით აიგრიხა, მერმე თვალები მოჟუტა და იდუმალი ღიმილით გადაჰხედა ჯერ თავის ქმარს, შემდეგ დორაშ-ვილს, თითქოს ორივეს ეკითხებოდა: რას იტყვით, მართლა გამოვიცვალე, მართლა დავ-ბერდი, თუ მაშინდელივით ისევ ლამაზი ქალი ვარო?
ედიშერმა იცნო ცოლის შეჩვეული მანერა: სიდონია მუდამ ასეთს ფანდს ხმარობდა ვინმეს მოსახიბლავად - და გული აუტირდა:
"დღესაც, ეხლაც! - გაიფიქრა. - ექვსი საათი ძლივს გავიდა, რაც ერთად-ერთი ვაჟი დავმარხეთ, ეს ქალი კი"...
- მაშ ძალიან შევიცვალე, არა? - ეკითხება სიდონია ექიმს.
- არა, საიმისო არაფერი გეტყობა.
- დაბრძანდით, - დაჰპატიჟა სიდონიამ ექიმი. - გარდა ამისა, გვარიც გამოვიცვა-ლე, მაშინ ჯარისმანიძე იყო ჩემი გვარი, ეხლა კი სტავრიშვილისა გახლავართ. ხა-ხა! რა სულელური წესია გვარის გამოცვლა, არა, ექიმო?
გადიკასკასა, გულში კი გაიფიქრა: "ჰა, ფრთხილად! თავი ნუ აიგლიჯე!"
სიცილი თითქო მახვილით ჩამოიჭრა და ექიმს შეხედა.
ფრიდონ დორაშვილი გულხელდაკრეფილი იჯდა და ოდნავ იღიმებოდა, ხოლო შავი, მბურღავი თვალები სიდონიას სულში ჰქონდა ჩაბჯენილი.
ქალმა უმალ მოსწყვიტა მოუსვენარი თვალები ექიმის უძრავ თვალებს. უცებ მოდუნ-და, მოირღვა, ღიმილი ჩამოირეცხა, ტუჩები ჩაიკეცა, თვალებში ცეცხლი ჩაიქრო, თითქო ერთ წუთში ორი წლით დაბერდაო, და ხმაც თითქოს უცებ დაუჟანგდა:
- ედიშერ, სამსახურში გიგვიანდება. - მოაგონა ქმარს.
ედიშერ კლუბში მსახურობს. ლოტოს კონტროლიორად არის და სამსახური საღამოს ცხრა საათზე ეწყობა. წეღანაც უთხრა ექიმს და ბოდიშიც მოიხადა - ადრე უნდა წავი-დეო.
- არა უშავს-რა, - უპასუხა მაშინ პროფესორმა. - იქნება უშენობა სჯობდეს კი-დევაც. მარტო რომ იქნება, უფრო ადვილად მივაგნებ სენის მიზეზს, შენთან კი შეიძლება გული ჩაიკეტოს.
- ეხლავე წავალ. - უპასუხა ცოლს ედიშერმა და ჩაის სმას მოუჩქარა.
პროფესორმა ძველი დრო გაიხსენა:
- მაგონდები, კარგად მაგონდები, სიდონი. აუდიტორიაში მუდამ წინა სკამზე იჯექი.
- დიაღ, ადრე მოვდიოდი. - უცებ გამოფხიზლდა სიდონია.
- ბეჯითად სწავლობდი.
- მიყვარდა თქვენი საგნები - ფსიქიატრია, ნევროლოგია.
- მერმე, რად დაანებე თავი?
- გავთხოვდი.
- მარტო ეგ იყო მიზეზი?
და ისევ სულში ჩაუძვრა.
კინაღამ უპასუხა - ქმარმა ამაღებინა ხელიო, მაგრამ ენას დროზე ამოსდო აღვირი. გაახსენდა, რომ ქმარი გვერდით ჰყავდა, და წაიბორძიკა:
- მარტო ეს იყო... შვილი, ოჯახი, სწავლა - ძნელია ათი საქმის გაძღოლა.
ედიშერმა ბოდიში მოიხადა და წავიდა.
სიდონიამ კარი გაუკეტა, დაბრუნდა, დაჯდა. ექიმმა ისევ თვალში თვალი გაუყარა.
პროფესორის თვალის სხივებს, სიდონიას გულში რომ ფათურობენ, ნებისყოფა და-უხვედრა, თან თავის თავს ამხნევებდა: "გამაგრდი, არ დაჰნებდე! მაგრად ჩაიკეტე, ვერ გაჯობებს!"
ექიმი თითქო მიუხვდა ნააზრევს. შეკეცილ ტუჩებსა და დაჭიმულ შუბლზე წაუკითხა გაკერპება.
უცბად გაჯიუტებულ ქალს პირი ნაძალადევად უღიმოდა, თვალები კი ელვარე ლი-თონით ჰქონდა სავსე.
ეხლა ექიმი მოლბა, გალხვა. მისი თვალები ფათურის და ძებნის მაგივრად ნაზად იჟუტებიან, ლამუნობენ და საამური სხივებით სთრთიან.
- რად მიბღვერი მაგრე, სიდონი?
- მე? მე გიბღვერით? ხა-ხა-ხა! არ მესმის, რად უნდა ვუბღვეროდე სტუმარს, ისიც თქვენისთანა ექიმს, დიდ მეცნიერს, სწავლულს?!
- მე დიდი მეცნიერი არა ვარ, სიდონი. ეხლა ამ ოთახში ექიმიც არა ვარ. მე მხო-ლოდ სტუმარი ვარ - მეტი არავინ.
- მეტი არავინ? მართლა? მაშ რატომ აქამდის არ მეწვიეთ? მართლა, მიირთვით მუ-რაბა.
- ჩემი ბრალია, დამნაშავე ვარ, შენც იცი, რომ ედიშერი შორეულ ნათესავად მერ-გება. რამდენჯერმე დამპატიჟა, მაგრამ... რას იზამ, დრო არ მქონდა.
- მჯერა, თუმცა... მიირთვით მურაბა, ბატონო...
- ფრიდონ. - გაახსენა ექიმმა.
- ბატონო ფრიდონ. მომწონს ეგ სახელი. მიირთვით მეთქი. ჩაი გაგიცივდათ. აირჩი-ეთ: აი ალუბალი, აი შინდი. ეს კომშია, ეს კაკალი. სცადეთ, მშვენიერია.
ექიმმა კომშის მურაბა გადაიღო და ჭიქაში ჩაილაპარაკა:
- სტუმრად მოვედი, მაგრამ უნდა მოგახსენო: გამხდარხარ, ფერი წაგსვლია, ამი-ტომ...
- ამიტომ, - ჩამოართვა სიდონიამ, - ამიტომ სტუმარიც ბრძანდებით და ექიმიც, ხომ? უნდა გამსინჯოთ, არა?
- ნუ შეშინდი, არაფერს გავნებ.
- შევშინდი? მე შევშინდი?
არა, პატივცემულო პროფესორო, სიდონია და შიში ერთმანერთს არ იცნობენ. ყვე-ლამ იცის, რომ ეს ქალი - პატარა და გამხდარი ქალი - ვაჟივით მამაცია, გამბედავია.
- ჩემი შიში ჯერ არავის გაუგონია. - უკადრისობს სიდონია. პროფესორმა თითქო რაღაც იპოვნა. ნაპოვარს დასწვდა, ჩაებღაუჭა:
- მეც მაგრე მაქვს გაგებული: სიდონია მეტად უშიშარი ქალიაო. ამიტომ გამიკვირ-და, რად ერიდება მეთქი გასინჯვას?
- ვინ გითხრათ, ერიდებაო? - გაოცდა სიდონია. - მე არ მითქვამს უარი. თუ გნე-ბავთ, ინებეთ, თუნდ ეხლავე გამსინჯეთ.
- მოვასწრობ, ნუ გეჩქარება. ჯერ ერთი ჭიქა კიდევ დამისხი. - და უმალვე მიაყო-ლა: - მამა შენი მახსოვს.
- ვექილი იყო.
- როდის გარდაიცვალა?
- რვა წლის წინათ.
- მგონი ნერვიული ადამიანი იყო.
სიდონიამ ჭიქა მიაწოდა, მოწყვეტილივით დაეშვა და ექიმს ისე შეჰხედა, თითქო შებრალებას სთხოვდაო. მერმე ჩუმი ხმით ჰკითხა:
- თქვენ გსურთ ჩემი შთამომავლობა შეამოწმოთ, არა?
- თუნდ აგრეც იყოს. ხომ დამპირდი, ყოველივეს გაგაგებინებ, თავს გაგასინჯვინე-ბო?
- მესმის. მეც მესმის. თქვენი მოწაფე ვიყავი, ბევრი ვისწავლე თქვენგან. თქვენ გსურთ ერთმანერთს გადააბათ ჩემი მემკვიდრეობა და ავადმყოფობა, აგრეა თუ არა, ბა-ტონო ფრიდონ?
- შენი ავადმყოფობა? მაშ შენ ავადა ხარ, სიდონი?
სიდონია თითქო ქურდობაში დაიჭირესო: შეკრთა, აირია, მერმე უცბად გამოფხიზ-ლდა და გაბზარული სიმტკიცით მიუგო:
- არა, მე ავად არა ვარ. ედიშერსა და ზოგ სხვასაც ეგონათ, სიდონია შეირყაო. ამიტომ მოგიწვიეს თქვენ, ბატონო ფრიდონ, თორემ მე საექიმო არაფერი მჭირს მეთქი.
- მჯერა. ალბათ არაფერი გჭირს. - ჩაილაპარაკა ექიმმა. მერმე უცებ მიახალა:
- ეგ რა ჩაგიკრავს მკერდში, სიდონი?
- ესა? კურდღელია, თეთრი კურდღელი... ჩვენი კურდღელი...
- ვისი?
- ჩემი და ჯუანშერისა, ჯუანის... ჩემი ბიჭიკოსი.
ჩაიღიმა და სათამაშო უფრო მძლავრად ჩაიხუტა.
- სად არის ეხლა შენი ბიჭიკო, შენი შვილი?
სიდონიამ ექიმს ჯერ შეჰბღვირა, მერმე ჩაუღიმა, შემდეგ ხელი უკანა ოთახისაკენ გაიშვირა და
- იქ არის... იმ ოთახშია.
- წამო, მაჩვენე, მინდა ვნახო, როგორი შვილი გყავს.
დედა ძუ ვეფხივით წამოიჭრა, კურდღელი სავარძელში ჩააგდო, მერმე მკლავები გაჰშალა და ისე აღიმართა, თითქო მოსისხლესაგან თავის ბოკვერს იცავდაო:
- არა, არა!.. არ შეიძლება!.. არ შეიძლება!
- რატომ არ შეიძლება, ქალო?
- სძინავს... არ გააღვიძო, არ გააღვიძო!
ექიმი და დედა ერთმანერთს თვალებით ჰბურღავენ. პატარა ძაღლი თეთრ კურ-დღელს სძიძგნის. თეთრი კატა სკამზე ჩაცუცქებულა და გაოცებით უმზერს პატრონსა და სტუმარს.
- კეთილი. იყოს ნება შენი. - ამბობს ექიმი და ისევ ჯდება. - მერმე მაჩვენე.
სიდონია კი ისევ ჯვარცმულივით სდგას და სადღაც წასულ თვალებს ჰბლიტავს, თითქო ტირილს აპირებსო. მერმე კურდღელს დასწვდა, ფეხაკრებით დაბრუნდა, ფრთხი-ლად დაჯდა, ის ბაჭია შვილივით ჩაიხუტა და ისე ნაზად დაუწყო ალერსი და ღიღინი, თითქო მკერდზე მართლა მიძინებული შვილი ჰყავდა და მისი გამოღვიძებისა ეშინოდაო:
- დაიძინე, გენაცვალე, ჩემო ბიჭიკო-ო-ო... ნანი ნანა იავ ნანა-ა-ა, ჩემო ჯუანშე-რო-ო-ო.
თან კურდღელს ხელს უსვამს, არწევს და თვითონაც ირწევა.

გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
2915
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
ბეჭდვაელფოსტა
ფოტო და ვიდეო გალერეა
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
29.04.2017
ახალმა განცდებმა კედელი აღმართა აწმყოსა და წარსულს შორის...
27.04.2017
არავინ გაგიჟებულა, არავის თავი არ მოუკლავს. არც კი დაავადებულა რომელიმე. ასეთი საშინელი შემთხვევა მოხდა - და თითქმის არავითარი კვალი, არავითარი შედეგი
22.04.2017
"მეუღლეები მშვენივრად ჩაეწერნენ დარდით გულმოკლული მშობლების როლებში" - გახმაურებული იაპონური რომანის გაგრძელება
18.04.2017
გამაოგნებლად დრამატული და რეალისტური იაპონური რომანი შვილმკვდარ ახალგაზრდა წყვილზე
16.02.2015
- შვილო! - ძლივს აღმოხდა ელენეს, ხელები თვალებზე აიფარა და აქვითინდა.
15.02.2015
რა უბედური ვარ, ღმერთო, რა უბედური ვარ!.. რა მქვია სინამდვილეში, რა გვარის ვარ, ვინ ვარ!..
14.02.2015
ვინ არიან მთვარეულები და რა საშიში საიდუმლო გაამხილა პატიმარი ქალის მეგობარმა




გამოკითხვა
რომელ ასაკში შექმენით ოჯახი?
არქივი