ჩვენი საიტის მკითხველებს ხშირად ვთავაზობთ რომანებსა თუ მოთხრობებს გაგრძელებებით ჩვენი საიტის მკითხველებს ხშირად ვთავაზობთ რომანებსა თუ მოთხრობებს გაგრძელებებით. ვცდილობთ, ამ ნაწარმომებების შინაარსი ახლოს იყოს, დედა-შვილურ და ოჯახურ თემატიკასთან.
ამჯერად ცნობილი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის "კურდღელი" შევარჩიეთ. აქ დედის ტრაგედიაა გადმოცემული, რომელიც შვილის უბედურებაში საკუთარ თავს ადანაშაულებს. დანაშაულის გრძნობა ხომ არც თანამედროვე დედებისთვისაა უცხო და ხშირად სულ ტყუილად იტანჯავენ თავს - არადა ცხოვრება ზოგჯერ ჩვენგად დამოუკიდებლად გვიმზადებს საშინელ განსაცდელს და ამის გააზრებას დედისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
აქვე გაგიმარტავთ, რომ მოთხრობაში აღწერილი დაავადება "ხუნაგი", იგივეა, რაც დიფტერია. მწერლის მიერ აღწერილ ეპოქაში ამ ინფექციას უამრავი ბავშვი ეწირებოდა მანამ, სანამ მისი საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეიქმნა. ეს აცრა დღეს ეროვნულ კალენდარში შედის და ყველა ბავშვი დაცულია.
კურდღელი
პროფესორ მიხეილ ასათიანს,
რომლის ნაამბობმა დამაწერინა ეს მოთხრობა.
ავტორი
- სიდონი, შვილო სიდონი! - დასჩურჩულებს სიბნელეში მართა საწოლზე გაშო-ტილ თავის ერთას. - გესმის, შვილო?
- რა გინდა, რა გაყვირებს?! - წყრომით ჰკივის პასუხი.
- ადე, შვილო, სტუმარი მოგვივიდა.
- სტუმარი? - შეალბილა სიდონიამ - ვინ არის?
- პროფესორია, შვილო, პროფესორი ფრიდონ დორაშვილი.
- მართლა?! ეხლავე გამოვალ.
და ელექტრონის ჭაღმა უცბად გაანათა თეთრად მორთული საწოლი ოთახი: თეთრი კედლები, ორი თეთრი ლოგინი, თეთრივე მარმარილოს მაგიდა და ახალგაზრდა ქალი - ისიც თეთრ-კაბიანი და თვითონაც იმ სათამაშო კურდღელივით თეთრი, რომელიც მკერ-დზე აქვს მიხუტული.
თეთრმა ძაღლმა - პატარა შპიცმა - თეთრი ზეწრიდან დედოფალას მსგავსი თავი ამოჰყო და, ტალანიდან უცხოს ხმა რომ გაიგო, ისკუპა და კაპასი წკავწკავით მეორე ოთახში გავარდა, თანაც გრძელი და აბურძვნილი ბალანი რხევით და პენტვით გაიტანა.
ბალიშზე მოხვეულმა კატამ, ისევ თეთრმა და გრძელ-ბეწვიანმა, წელი მოირკალა, თათით ცხვირი მოიწმინდა. მერმე იმანაც ისკუპა და ვეფხური ნაბიჯით შპიცს გაჰყვა. მართაც გავიდა და კარი გაიხურა.
სიდონია კი სატუალეტო მაგიდას მიუჯდა და ისე დააშტერდა სარკეს, თითქოს იქ, იმ სარკის უკან, უცნობი ქალი იჯდაო. ძლივსღა იცნო თავისი თავი. სიდონია ისედაც ფერ-მკრთალი იყო, ეხლა კი...
დღეს კი მართლა იმ კურდღელს დაჰმსგავსებია, რომელიც ისევ მკერდზე აქვს მისვე-ნებული. ლოყებიც ისე ჩაუცვივდა, როგორც ჯუანშერს ჰქონდა ჩაცვივნული - ჯუანს, ჯანს, ჯონს, ჯანშეს, თავის შვილს, ოთხი წლის ბიჭიკოს, ფუნთუშას და ფუნჩულას, რო-მელიც დღეს დამარხეს... ასე ამბობენ, დამარხეს... სხვები ამბობენ, თორემ... ნამდვი-ლად...
ჯუანშერი ხშირად ჩაუჯდებოდა დედას კალთაში, იღლიაში იმ თეთრ კურდღელს ამოიდებდა, ეხლა რომ სიდონიას ჩაუხუტებია, და ხან დედას შესცქეროდა, ხან კურ-დღელს ჩააშტერდებოდა და აიჩემებდა:
- დედილო, შენ ჩემ ბაწიასა ჰგევხარ.
- ჰო, შვილო, ვგევარ. - უპასუხებდა.
- ბაწიაც შენა გგავს.
- ჰო, გენაცვალოს დედა, მგავს.
ეხლაც გაიღიმა და გუნებაში უპასუხა - იმას, ვინც... რომელიც (რომელიც თუ ვინც?)... იქ, შავ მიწაში წევს (წევს თუ დევს?)
- სწორი თვალი გაქვს, (გაქვს, თუ გქონდა?) ჩემო ფუნთუშა, ჩემო ჯუან... ჯანშე... ჯუანშერ: მე და შენი ბაჭია ძალიან ვგევართ ერთმანერთს.
და სარკეში უცებ თვალი მოჰკრა გაბზარულ ღიმილს.
კურდღელი სარკის წინ დასდო. ჩაცუცქულან პირისპირ თეთრი ბაჭიები და გაოცე-ბით უმზერენ ერთმანერთს.
- ამ კურდღელმა მეორე გააჩინა, აგერ ის, სარკიდან რომ იჭყიტება, - ფიქრობს დედა, - როგორც მე გავაჩინე ის... ჩემი ბაჭია, ეხლა რომ სადღაც მიწაში (წევს თუ დევს?)... ერთი კურდღელი ჩემია, მეორე კი იმისია, ჯუანისა, რომელიც ეხლა იქ... (მაინც არ იცის, წევს თუ დევს?).
ჩააშტერდა მეორე ქალსაც, სარკეში რომ იჯდა, და სახე რომ კირით ჰქონდა შელე-სილი. სიდონიასი აღარაფერი აქვს იმ დედაკაცს: დაბერებულა, შავი თვალები უფრო შავს ორმოში ჩასცვივნია, და იქიდან უცნაური ნაპერწკლები ელავენ - მოუსვენარნი, უაზრონი, არეულნი.
მარტო თმა-ღა შერჩა სარკის ქალს სიდონიასი - ხშირი, აპენტილი, მუქი ჩალის-ფერი - ალბათ ისიც სიდონიასავით ოქსიჟენს ხმარობს, წყალბადის ჭარბჟანგით იღე-ბავს.
- ცხადია, - ფიქრობს სიდონია და თეთრი ხელებით მარდად ივარცხნის და ილა-გებს იმ თმას, - ცხადია, მე სხვა ვარ, ეს ქალი კიდევ სხვა ვიღაც არის. მე ვარ სიდონია, სიდონია სტავრიშვილისა, ის კი უცხოა, უცნობია. რაკი ეს ქალი ხმას არ იღებს, რადგან მუნჯია, მე თვითონ დავარქმევ სახელს - თუნდაც სალომეს.
ორივემ ერთმანერთს სალამი მისცეს, გაუღიმეს, თითქოს ურთიერთის გაცნობა გაუ-ხარდათო. სიდონია მართლა გამხიარულდა.
- მაშ ასე: - განაგრძო ფიქრი თავისთვის. - მე სიდონი მქვიან, ამას კი - სალომე. და ესეც სტავრიშვილის გვარისა იყოს, ედიშერის ცოლი, ხა-ხა! რა კარგია! ჩემს ქმარს ორი ცოლი ეყოლება - სიდონია და სალომე. ხი-ხი! გათათრდეს და ჰარამხანა გახსნას, ხი-ხი-ხი! რადგან მე არა ვყოფნი, მეორეც გაიჩინოს. მუდამ სჩივის - ცივი ქალი ხარო. ეხლა ცხელიც ეყოლება. ხა-ხა! ალბათ მე თავს დამანებებს, მომასვენებს. ან განა ღირსი არა ვარ! ხუთი წელიწადია მტანჯავს. დღესაც ვერ გამიგია, რა აგიჟებთ ხოლმე ცოლ-ქმარს. სიყვარული ადამიანს თავსაც კი მოაკვლევინებს, მაგრამ ის... ფუჰ! მადლობა უფალს, თითქმის ხელი აიღო ედიშერმა ჩემზე - გადავაჩვიე. ეხლა შენ ემსახურე, სა-ლომე, - ეჩურჩულება სარკეში მჯდომ ორადს და ნიშნის მოგებით თავს უქნევს.
სალომეც თავს უქნევს, თითქო სარკიდან თანხმობას უთვლისო. სიდონია კი ისევ აგ-რძელებს:
- ეს კიდევ არაფერი: მე ბედნიერი ვარ, რადგან ორივე შვილი ცოცხალი მყავს, შენ კი - საწყალო, უბედურო! - შენ პირმშო ჯუანშერი მოგიკვდა... აგერ ის, დღეს რომ და-მარხე. უმცროსი კი, პაწაწა კატო (ღმერთო ჩემო, რა უშნო სახელი დაგირქმევია!) ისე შეიჯავრე, რომ შენმა ქმარმა ედიშერ სტავრიშვილმა (ეს გვარიც უშნოა!), შვილი მოგა-შორა და თავის ძმის ოჯახში გაჰგზავნა. საწყალო დედავ!.. უბედურო!.. საბრალოვ!
და ერთმანეთის სიბრალულით ორივე დედა სტირის - ცოცხალიც და ორადიც. ორი-ვეს გამხდარ ლოყებზე მსხვილი ცრემლი ჩამოსდის, თან უმარილი ჩამოაქვს და ღაპა-ღუ-პით მარმაროს ფიცარზე იღვრება.
- მართლა, სტუმარი! - გაახსენდა სიდონიას.
ორივე დედაკაცი - სიდონიაც და სალომეც - უმალ გამოცოცხლდნენ: პირსახეები გაიშალეს. ერთმანეთს გაუღიმეს და წამოდგნენ.
- მაშ ასე: გათავებულია, ქალბატონო სალომე. - მცირე რწმენით ეუბნებოდა გუნებაში სიდონია ორადს. - გადაწყვეტილია: თქვენი სახელი ამიერიდან სალომე იქნება - ეს პირველი. დღეიდან მე დავისვენებ, თქვენ კი ედიშერს ცოლობას გაუწევთ. ნუ შეს-წუხდებით, თქვენს მაგივრად მე ვიმუშავებ, ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ, ოღონდ ჩემს ქმარს ამიერიდგან თქვენ უნდა მოუკლათ ჟინი. ამის მეტი საქმე არ გექნებათ, - ესეც მეორე. უფროსი ვაჟი - ჯუანშერი - თქვენ მოგიკვდათ, და თქვენ სინიდისსაც თქვენვე უნდა მისცეთ პასუხი, რადგან... მიზეზი თქვენც კარგად გეცოდინებათ, მე ნუღარ მათქმევინებთ, - ესეც სამი. ვინაიდგან ჯუანშერის სიკვდილი თქვენ გედებათ, ამიტომ დარდიც თქვენვე უნდა აიკიდოთ. თუ გნებავთ და შეგიძლიანთ, ზიდეთ სიკვდილამდე, თუ არა და - ვერის ხიდი აქვეა, - ესეც ოთხი და უკანასკნელი... მე კი თავი დამანებეთ და მომასვენეთ. დღეიდან თქვენთვის აღარ მეცლება... ორი შვილი მყავს გასაზრდელი - ჯუანშერი და კატო... რად მიცქერით აგრე? გიკვირთ, განა! საკვირველი არაფერია: მეც თქვენსავით ორი შვილი მყავს, დიაღ, ორი: ერთი ოთხისაა, მეორე - სამისა. თქვენი შვი-ლებიც სწორედ ამ ხნისანი არიან. ჩემსას და თქვენსასაც ერთნაირი სახელები აქვთ - ჯუანშერი და კატო, ანუ კიტი. ისევ გაოცდით? საოცარი აქაც არაფერია. მაგრამ ნუ დაი-ვიწყებთ, რომ ჩემები ცოცხლები არიან... რამ გაგაოცათ, რა ვქნა?! ორივენი ცოცხლები არიან მეთქი - ჯუანშერიც და კატოც. თქვენი ჯუანშერი კი მოკვდა... დიაღ, მოკვდა. მონაწილე ვარ თქვენი მწუხარებისა... მესმის... ვგრძნობ. მეცა მყავს შვილები... მეც დედა ვარ, მაგრამ... ბოდიშს ვიხდი, უკაცრავად, სტუმარი მელის. ნახვამდის, საწყალო სალომე! მშვიდობით, უბედურო დედავ!
სიდონიამ თეთრი კურდღელი ჩაიხუტა - სალომემაც. სიდონიამ ახალ დედას სიბრალულით შეჰხედა და დაბლა დაუკრა თეთრი თავი - სალომემაც. სიდონია კარებისკენ გამოტრიალდა - სალომემაც ზურგი შეაქცია.
* * *
- სიდონი, გაიცანი: პროფესორი ფრიდონ დორაშვილი...
- ფრიად სასიამოვნოა. - უღიმის ექიმი.
- ბატონო პროფესორო! - და სიდონია ღიმილით შესცქერის დორაშვილს, თან ხელის გამორთმევას აგვიანებს - ჩვენ ვიცნობთ ერთმანერთს.
- მართლა?.. მაშ ბოდიშს ვიხდი.
- ხუთი წლის წინათ თქვენი მოწაფე ვიყავი, სტუდენტი გახლდით.
- მართლა, მაგონდება! - უხარიან ექიმს. - გამარჯვება, სიდონი! როგორა ხარ... როგორა ხარ, ქალო? რასა იქ, რასა შვრები?
- მადლობელი, დიდი მადლობელი ვარ ჩემი გახსენებისთვის. საკვირველი არც არის, რომ დაგავიწყდით. ხუთი წელიწადი გავიდა, რაც თავი დაგანებეთ. რა თქმა უნდა, იერიც გამომეცვალა. თხელი და თეთრი ხელი სხარტულად აიქნია, ტალღებივით შევარ-ცხნილი თმა აისწორა, სარო ტანი ოდნავ აირხია, შინაგანი ზმორვით აიგრიხა, მერმე თვალები მოჟუტა და იდუმალი ღიმილით გადაჰხედა ჯერ თავის ქმარს, შემდეგ დორაშ-ვილს, თითქოს ორივეს ეკითხებოდა: რას იტყვით, მართლა გამოვიცვალე, მართლა დავ-ბერდი, თუ მაშინდელივით ისევ ლამაზი ქალი ვარო?
ედიშერმა იცნო ცოლის შეჩვეული მანერა: სიდონია მუდამ ასეთს ფანდს ხმარობდა ვინმეს მოსახიბლავად - და გული აუტირდა:
"დღესაც, ეხლაც! - გაიფიქრა. - ექვსი საათი ძლივს გავიდა, რაც ერთად-ერთი ვაჟი დავმარხეთ, ეს ქალი კი"...
- მაშ ძალიან შევიცვალე, არა? - ეკითხება სიდონია ექიმს.
- არა, საიმისო არაფერი გეტყობა.
- დაბრძანდით, - დაჰპატიჟა სიდონიამ ექიმი. - გარდა ამისა, გვარიც გამოვიცვა-ლე, მაშინ ჯარისმანიძე იყო ჩემი გვარი, ეხლა კი სტავრიშვილისა გახლავართ. ხა-ხა! რა სულელური წესია გვარის გამოცვლა, არა, ექიმო?
გადიკასკასა, გულში კი გაიფიქრა: "ჰა, ფრთხილად! თავი ნუ აიგლიჯე!"
სიცილი თითქო მახვილით ჩამოიჭრა და ექიმს შეხედა.
ფრიდონ დორაშვილი გულხელდაკრეფილი იჯდა და ოდნავ იღიმებოდა, ხოლო შავი, მბურღავი თვალები სიდონიას სულში ჰქონდა ჩაბჯენილი.
ქალმა უმალ მოსწყვიტა მოუსვენარი თვალები ექიმის უძრავ თვალებს. უცებ მოდუნ-და, მოირღვა, ღიმილი ჩამოირეცხა, ტუჩები ჩაიკეცა, თვალებში ცეცხლი ჩაიქრო, თითქო ერთ წუთში ორი წლით დაბერდაო, და ხმაც თითქოს უცებ დაუჟანგდა:
- ედიშერ, სამსახურში გიგვიანდება. - მოაგონა ქმარს.
ედიშერ კლუბში მსახურობს. ლოტოს კონტროლიორად არის და სამსახური საღამოს ცხრა საათზე ეწყობა. წეღანაც უთხრა ექიმს და ბოდიშიც მოიხადა - ადრე უნდა წავი-დეო.
- არა უშავს-რა, - უპასუხა მაშინ პროფესორმა. - იქნება უშენობა სჯობდეს კი-დევაც. მარტო რომ იქნება, უფრო ადვილად მივაგნებ სენის მიზეზს, შენთან კი შეიძლება გული ჩაიკეტოს.
- ეხლავე წავალ. - უპასუხა ცოლს ედიშერმა და ჩაის სმას მოუჩქარა.
პროფესორმა ძველი დრო გაიხსენა:
- მაგონდები, კარგად მაგონდები, სიდონი. აუდიტორიაში მუდამ წინა სკამზე იჯექი.
- დიაღ, ადრე მოვდიოდი. - უცებ გამოფხიზლდა სიდონია.
- ბეჯითად სწავლობდი.
- მიყვარდა თქვენი საგნები - ფსიქიატრია, ნევროლოგია.
- მერმე, რად დაანებე თავი?
- გავთხოვდი.
- მარტო ეგ იყო მიზეზი?
და ისევ სულში ჩაუძვრა.
კინაღამ უპასუხა - ქმარმა ამაღებინა ხელიო, მაგრამ ენას დროზე ამოსდო აღვირი. გაახსენდა, რომ ქმარი გვერდით ჰყავდა, და წაიბორძიკა:
- მარტო ეს იყო... შვილი, ოჯახი, სწავლა - ძნელია ათი საქმის გაძღოლა.
ედიშერმა ბოდიში მოიხადა და წავიდა.
სიდონიამ კარი გაუკეტა, დაბრუნდა, დაჯდა. ექიმმა ისევ თვალში თვალი გაუყარა.
პროფესორის თვალის სხივებს, სიდონიას გულში რომ ფათურობენ, ნებისყოფა და-უხვედრა, თან თავის თავს ამხნევებდა: "გამაგრდი, არ დაჰნებდე! მაგრად ჩაიკეტე, ვერ გაჯობებს!"
ექიმი თითქო მიუხვდა ნააზრევს. შეკეცილ ტუჩებსა და დაჭიმულ შუბლზე წაუკითხა გაკერპება.
უცბად გაჯიუტებულ ქალს პირი ნაძალადევად უღიმოდა, თვალები კი ელვარე ლი-თონით ჰქონდა სავსე.
ეხლა ექიმი მოლბა, გალხვა. მისი თვალები ფათურის და ძებნის მაგივრად ნაზად იჟუტებიან, ლამუნობენ და საამური სხივებით სთრთიან.
- რად მიბღვერი მაგრე, სიდონი?
- მე? მე გიბღვერით? ხა-ხა-ხა! არ მესმის, რად უნდა ვუბღვეროდე სტუმარს, ისიც თქვენისთანა ექიმს, დიდ მეცნიერს, სწავლულს?!
- მე დიდი მეცნიერი არა ვარ, სიდონი. ეხლა ამ ოთახში ექიმიც არა ვარ. მე მხო-ლოდ სტუმარი ვარ - მეტი არავინ.
- მეტი არავინ? მართლა? მაშ რატომ აქამდის არ მეწვიეთ? მართლა, მიირთვით მუ-რაბა.
- ჩემი ბრალია, დამნაშავე ვარ, შენც იცი, რომ ედიშერი შორეულ ნათესავად მერ-გება. რამდენჯერმე დამპატიჟა, მაგრამ... რას იზამ, დრო არ მქონდა.
- მჯერა, თუმცა... მიირთვით მურაბა, ბატონო...
- ფრიდონ. - გაახსენა ექიმმა.
- ბატონო ფრიდონ. მომწონს ეგ სახელი. მიირთვით მეთქი. ჩაი გაგიცივდათ. აირჩი-ეთ: აი ალუბალი, აი შინდი. ეს კომშია, ეს კაკალი. სცადეთ, მშვენიერია.
ექიმმა კომშის მურაბა გადაიღო და ჭიქაში ჩაილაპარაკა:
- სტუმრად მოვედი, მაგრამ უნდა მოგახსენო: გამხდარხარ, ფერი წაგსვლია, ამი-ტომ...
- ამიტომ, - ჩამოართვა სიდონიამ, - ამიტომ სტუმარიც ბრძანდებით და ექიმიც, ხომ? უნდა გამსინჯოთ, არა?
- ნუ შეშინდი, არაფერს გავნებ.
- შევშინდი? მე შევშინდი?
არა, პატივცემულო პროფესორო, სიდონია და შიში ერთმანერთს არ იცნობენ. ყვე-ლამ იცის, რომ ეს ქალი - პატარა და გამხდარი ქალი - ვაჟივით მამაცია, გამბედავია.
- ჩემი შიში ჯერ არავის გაუგონია. - უკადრისობს სიდონია. პროფესორმა თითქო რაღაც იპოვნა. ნაპოვარს დასწვდა, ჩაებღაუჭა:
- მეც მაგრე მაქვს გაგებული: სიდონია მეტად უშიშარი ქალიაო. ამიტომ გამიკვირ-და, რად ერიდება მეთქი გასინჯვას?
- ვინ გითხრათ, ერიდებაო? - გაოცდა სიდონია. - მე არ მითქვამს უარი. თუ გნე-ბავთ, ინებეთ, თუნდ ეხლავე გამსინჯეთ.
- მოვასწრობ, ნუ გეჩქარება. ჯერ ერთი ჭიქა კიდევ დამისხი. - და უმალვე მიაყო-ლა: - მამა შენი მახსოვს.
- ვექილი იყო.
- როდის გარდაიცვალა?
- რვა წლის წინათ.
- მგონი ნერვიული ადამიანი იყო.
სიდონიამ ჭიქა მიაწოდა, მოწყვეტილივით დაეშვა და ექიმს ისე შეჰხედა, თითქო შებრალებას სთხოვდაო. მერმე ჩუმი ხმით ჰკითხა:
- თქვენ გსურთ ჩემი შთამომავლობა შეამოწმოთ, არა?
- თუნდ აგრეც იყოს. ხომ დამპირდი, ყოველივეს გაგაგებინებ, თავს გაგასინჯვინე-ბო?
- მესმის. მეც მესმის. თქვენი მოწაფე ვიყავი, ბევრი ვისწავლე თქვენგან. თქვენ გსურთ ერთმანერთს გადააბათ ჩემი მემკვიდრეობა და ავადმყოფობა, აგრეა თუ არა, ბა-ტონო ფრიდონ?
- შენი ავადმყოფობა? მაშ შენ ავადა ხარ, სიდონი?
სიდონია თითქო ქურდობაში დაიჭირესო: შეკრთა, აირია, მერმე უცბად გამოფხიზ-ლდა და გაბზარული სიმტკიცით მიუგო:
- არა, მე ავად არა ვარ. ედიშერსა და ზოგ სხვასაც ეგონათ, სიდონია შეირყაო. ამიტომ მოგიწვიეს თქვენ, ბატონო ფრიდონ, თორემ მე საექიმო არაფერი მჭირს მეთქი.
- მჯერა. ალბათ არაფერი გჭირს. - ჩაილაპარაკა ექიმმა. მერმე უცებ მიახალა:
- ეგ რა ჩაგიკრავს მკერდში, სიდონი?
- ესა? კურდღელია, თეთრი კურდღელი... ჩვენი კურდღელი...
- ვისი?
- ჩემი და ჯუანშერისა, ჯუანის... ჩემი ბიჭიკოსი.
ჩაიღიმა და სათამაშო უფრო მძლავრად ჩაიხუტა.
- სად არის ეხლა შენი ბიჭიკო, შენი შვილი?
სიდონიამ ექიმს ჯერ შეჰბღვირა, მერმე ჩაუღიმა, შემდეგ ხელი უკანა ოთახისაკენ გაიშვირა და
- იქ არის... იმ ოთახშია.
- წამო, მაჩვენე, მინდა ვნახო, როგორი შვილი გყავს.
დედა ძუ ვეფხივით წამოიჭრა, კურდღელი სავარძელში ჩააგდო, მერმე მკლავები გაჰშალა და ისე აღიმართა, თითქო მოსისხლესაგან თავის ბოკვერს იცავდაო:
- არა, არა!.. არ შეიძლება!.. არ შეიძლება!
- რატომ არ შეიძლება, ქალო?
- სძინავს... არ გააღვიძო, არ გააღვიძო!
ექიმი და დედა ერთმანერთს თვალებით ჰბურღავენ. პატარა ძაღლი თეთრ კურ-დღელს სძიძგნის. თეთრი კატა სკამზე ჩაცუცქებულა და გაოცებით უმზერს პატრონსა და სტუმარს.
- კეთილი. იყოს ნება შენი. - ამბობს ექიმი და ისევ ჯდება. - მერმე მაჩვენე.
სიდონია კი ისევ ჯვარცმულივით სდგას და სადღაც წასულ თვალებს ჰბლიტავს, თითქო ტირილს აპირებსო. მერმე კურდღელს დასწვდა, ფეხაკრებით დაბრუნდა, ფრთხი-ლად დაჯდა, ის ბაჭია შვილივით ჩაიხუტა და ისე ნაზად დაუწყო ალერსი და ღიღინი, თითქო მკერდზე მართლა მიძინებული შვილი ჰყავდა და მისი გამოღვიძებისა ეშინოდაო:
- დაიძინე, გენაცვალე, ჩემო ბიჭიკო-ო-ო... ნანი ნანა იავ ნანა-ა-ა, ჩემო ჯუანშე-რო-ო-ო.
თან კურდღელს ხელს უსვამს, არწევს და თვითონაც ირწევა.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
* * *
წრევანდელი ზაფხული სიდონიამ წაღვერში გაატარა. ჯუანშერი და კატოც თანა ჰყავდა, დედა კი ქალაქში დასტოვა - ედიშერის მოსავლელად.
მხიარულად ჩაჰქროლა ორმა თვემ. მრავლად იყვნენ ჭაბუკები. გასართობიც ბევრი ჰქონდათ. ხან ბაკურიანში ავიდოდნენ, ხან ცემის ტყეს შეერეოდნენ, ზოგჯერ ტიმოთეს უბანს ესტუმრებოდნენ, ზოგჯერ კიდევ ბორჯომში ჩავიდოდნენ და რიჟრაჟზე-ღა დაბ-რუნდებოდნენ.
ერთხელ-ორჯერ ბავშვებიც წაიყვანა. სხვა დროს კი ყმაწვილებს გამდელი უვლიდა - ძალიან კარგადაც უვლიდა: ერთხელაც არაფერი დაუშავებია. ერთგული და თავდადე-ბული დედაკაცია.
ამიტომ იყო სიდონია მინდობილი და უზრუნველი. ან რა უნდა ექნა! შვილებს დი-ლით-დილამდე ქინძისთავივით ზედ ხომ არ მიიკერებდა! თვითონაც ახალგაზრდა ქალია, ჯერ ოც-და-ექვსისაც არ არის.
წელიწადში ცხრა თვეს ქალაქში ობდებოდა, ორ-სამ დღეში ერთხელ ძლივს გაა-ხელდა თვალებს. მხოლოდ ზაფხული ჰქონდა დასაკუთრებული.
მართალია, ორი შვილის დედა იყო, მაგრამ გართობაში სიდონია არც სხვა დედებს გაუსწრებდა, არც ჩამორჩებოდა. დედობდა როგორც დანარჩენი დედები, და თავისთვისაც ზრუნავდა - ისევ დანარჩენ დედებივით.
მაგრამ არა: შვილების სიყვარულში სიდონიას ერთიც ვერ დაედრებოდა, როცა შვი-ლები გვერდით ჰყავდა, სიხარულისგან თვითონაც შვილებს ჰგავდა და იმ პაწაწა მაიმუ-ნებივით გიჟდებოდა: დარბოდა, გორაობდა, ანცობდა, ცუღლუტობდა და მთელ აგარაკს თავისი კისკისით, კივილით და ჟრიამულით ავსებდა.
მაგრამ - ღმერთია მოწმე - არც მაშინ იყო გულსავსე, როცა შვილებს გამდელს დაუტოვებდა და მარტო წავიდოდა სადმე. ზოგჯერ, სხვაგან სადმე - ან ბორჯომის კონ-ცერტზე, ან ბაკურიანის ტყეში - თავის ქალ-ვაჟს რომ მოიგონებდა, მდედრული სევდით მოიბურებოდა, აიშლებოდა, თითქმის გაგიჟდებოდა: დაბმულივით გამოიწევდა, გაან-ჩხლდებოდა, სხვებსაც შეწყობილ მხიარულებას ჩაუშლიდა და თვითონაც გუნებას მოი-წამლავდა.
და დედის ატეხილ ციებ-ცხელებას მხოლოდ მაშინ ჩაიქრობდა, როდესაც თავის საა-გარაკო ოთახში გახელებული შეიჭრებოდა, ყველას გააღვიძებდა, თუნდაც მძინარე ჯუ-ანშერს გულში ჩაიკრავდა, ერთ საათს მაინც ეტიტინებოდა და შემდეგ, მასთან ერთად, დაღლილ ტანსა და გონებას ძილს გაატანდა.
ნუ, ნურავინ დასძრახავს სიდონიას, ნურავინ შეედავება შვილის სიყვარულში. დედამ - მართამ - სიდონიას გიჟი დედაც კი დაარქვა:
- ქაა, გამიგონია დედის სიყვარული, მაგრამ შენისთანა გიჟი დედა ჯერ არ მინა-ხავს. როდესმე რამეს დაუშავებ მაგ ბიჭს: ან მოსტეხავ რამეს, ან ჩასწყვეტავ, ან დაახ-რჩობ.
ისე არსად გავიდოდა სიდონია წაღვერიდან, რომ ჯუანისთვის ერთი კონა ზამბახი არ მოეტანა. პატარა ჯუანშერი ამ ყვავილს ზედ აკვდებოდა. მისი ყნოსვა უმაძღარი იყო. ჩაჰყოფდა თავს თაიგულში და გაინაბებოდა. მარწყვს, ჟოლოს, მაყვალს ან სხვა ხილს ისე არ ეტანებოდა, როგორც თეთრსა და მოზრდილ ყვავილს - მსუქანს, სუნიანს, მა-ღალყელას, პირღიას, ექვს-ტუჩიანს, მკრთალ-ძარღვიანსა და შვიდ-ენიანს.
- აჰა, ჯუან, შენი ზამბახი.
ჯუანშერმა ჯერ კიდევ შარშანწინ დაიჩემა ეს ყვავილი, როდესაც ორი წლისა ძლივს შესრულდა, და მას აქეთ აღარ ივიწყებდა.
იმ დღეს - ნუ, ნუ გაახსენებთ ეხლა სიდონიას იმ პარასკევს - სიდონია ბაკურიან-ში მიდიოდა.
დილით ჯუანშერს უქეიფობა დაეტყო: მოდუნდა; მოტყდა - თითქო დაიღალაო. სი-დონიამ მთელი დღე ტყეში გაატარა. იმ დღეს შვილები თან არ წაიყვანა, რადგან... შვი-ლებსაც ხელსახოცივით მუდამ თან ხომ არ ატარებს!
როცა მიდიოდა, ჯუანი ბაღში თამაშობდა. ზამბახები მიწაში ჩაერგო და ჰრწყავდა. დედა კარგა ხანს უმზერდა სარკმელიდან და იღიმებოდა.
ჯუანმა მორწყვა გაათავა. მერმე თავისი საყვარელი კურდღელი აიღო, რომელიც ერთი კვირის წინათ "იმან" მოუტანა ქალაქიდან, მომართა, ვალსი დააკვრევინა და რიგ-რიგად ჩამოუტარა ზამბახებს - რომ იმათაც გაეგოთ და ეცეკვნათ - თან თვითონაც აჰ-ყვა წკრიალა ხმით და პაწაწინა ხელ-ფეხით.
ხა-ხა-ხა, რა სასაცილო იყო მაშინ ჯუანშერი!
რომ დაბრუნდა, ჯუანშერს აზმორებდა. თითქო სიცხეც ჰქონდა. გამდელმა შესჩივლა:
- გენაცვათ, მთელი დღე ვეწვალე და ვერაფერი შევაჭამე.
ვერც დედამ შეაჭამა. გაჰხადეს და დააწვინეს. ალერსსა და კურკურს არც იმ საღა-მოზე დაუკლო სიდონიამ. ორივე შვილი დააძინა და თვითონ ხელმეორედ წავიდა, რად-გან...
რადგან იშვიათი საღამო იყო, მაძღარი მთვარე ცის შუაგულში დასეირნობდა და სარკმლიდან, კარიდან და ფიცრულ კედლებიდანაც კი დასდევდა ისედაც შეფიცხებულ სიდონიას.
სადგურის ხეობას ორივე მხრიდან ორი გარუჯული საარაკო ვეშაპი მოსწოლოდა, რომელთაც უღვიძებელის ძალით ეძინათ. ხევის ძირში შავი-წყალი შრიშინებდა. გაღმა, სადგურთან და ტყის ნაპირას მთვარისა და ელექტრონის შუქზე, ლანდები დაბორიალებ-დნენ, ალბათ ქალ-ვაჟები ერთმანერთს დასდევდნენ.
სიდონია მთვრალივით მიდის ბნელი ქუჩით და ჯერაც არ იცის, გაჰყვება ბაკურიანში მეგობარს, თუ შვილის ავადმყოფობას მოიმიზეზებს და დაბრუნდება.
მატარებლის მოსვლამდე ბევრი დროა დარჩენილი, ამიტომ ამის მოფიქრებასაც მო-ასწრებს. ჯერ-ჯერობით კი გაღმა გავა, გაივლის, ხოლო დანარჩენს იქ მოისაზრებს. რაც უნდა მოხდეს, თუ აჰყვა და წავიდა, ხვალ საათის ორზე შინ იქნება, უეჭველად იქნება!
და გადიასაც ასეთი დარიგება მისცა:
- შორს არსად გაუშვა... აჭამე... თუ სიცხემ მოუმატოს, ექიმს დაუძახე და...
ერთი სიტყვით, თავისი ვალი მოიხადა.
გავიდა ხანი. ნუ, ნუ ჰკითხავთ სიდონიას რამდენი ხანი გავიდა. აღარ ახსოვს. დაა-ვიწყდა. რომ გაახსენდეს, მაინც არ გეტყვით.
ერთი სიტყვით, სიდონია დილის ექვს საათზე შემოვარდა ოთახში. შემოიჭრა და ზამ-ბახების ვეება თაიგული შემოიტანა, თან შორიდანვე ჰკიოდა:
- ჯუანშერ!.. ჯუან!.. ბიჭიკო, ზეზე ხარ? გამოიქეცი!.. დამიხვდი!.. ნახე, რა მოგიტა-ნე.
მაგრამ არავინ გამოიქცა, არც გამოიხედა. ჯუანი ლოგინში დაუხვდა - ალმურიანი, პირდაღებული, ხმაჩაწყვეტილი და ღონემიხდილი.
გამზრდელი გვერდით ეჯდა. ცალი ხელი ჯუანის შუბლზე ედო. კატოს ეძინა.
შეჩვეული ჟივილ-ხივილის ნაცვლად დედას ორი წყვილი თვალი დაუხვდა შიშითა და საყვედურით სავსე.
ჯუანშერმა გაღიმება სცადა, მაგრამ ბოხმა და ხრინწიანმა ხველამ ღიმილის მაგიერ ტკივილით აუგრიხა აწითლებული პირსახე.
სიდონიას ხელიდან გაუვარდა ზამბახების კონა.
- რა ამბავია?! რა დაემართა?!
რაღა რა ამბავია! ჯუანს ყელი გაუსივდა. სასა ჯერ გაუწითლდა, მერმე გაუყვით-ლდა, სიცხემაც ძალიან უმატა.
- პირი გააღე, ჯუან!.. გააღე, გენაცვალოს დედა!.. რაო, რა სთქვი?.. ღმერთო ჩემო, ვერც კი ლაპარაკობს!
შვილის პირში ჩაიხედა და გახევდა.
- ვაი მე! - დამწვარივით დაიგმინა.
ტვინიდან ფეხებამდე ცივმა ქარმა ჩაურბინა. ჯუანშერს სასა და ყანყრატო თითქო მოხარშული და დაობებული კვერცხის გულით გაევსო. პირიდანაც ლაყე კვერცხის სუნი ამოსდიოდა.
- ექიმი! ჩქარა. ექიმი!
- ორჯერ იყო.
- მერმე, მერმე? რაო, რა სთქვა?.. ჩქარა ამოიღე ხმა!
- ეხლავე ქალაქში წაიყვანეთო.
- სთქვი, რაღა, ყველაფერი! რა აქვს, რა დაემართაო?
გადია სტირის. ძლივს-ღა ამოისლუკუნა.
- ხუ... ხუნაგი.
- ხუნაგი?! რას ამბობ, დედაკაცო!
დედას თითქო ფეხები და ენა მოსჭრესო: ხის ტახტზე ჩაიჩეხა და იმავე ხესავით გა-ხევდა. ერთხანს მხოლოდ ხელებს-ღა იფათურებდა დაბინდულ თვალებზე.
მაგრამ - წესია ბუნებისა - ხიფათში ჩავარდნილი დედა დიდხანს არ ფიქრობს. დაჭრილი ძუ ნადირივით წამოიჭრა და აკივლდა:
- სულელო! ბრიყვო! რეგვენო, რაღას მიცდიდი! რატომ ვინმე არ ამოჰგზავნე?!
- ქალბატონო, მე... მე რა ვიცოდი.
- გაუთლელო მორგვო! ხეპრევ! ან მე რაღად მიცდიდი!
რატომ მაშინვე ქალაქში არ წაიყვანეთ? ან ეხლა მაინც რატომ არ გამოიყვანე ეს ბავშვი სადგურზე, რომ ამავე მატარებლით წავსულიყავი?!
- რა ვიცოდი, რო...
- რა ვიცოდი, რა ვიცოდი! ჩქარა, ექიმი და ეტლი! მიეცი რამდენიც მოგთხოვოს!
ერთი საათის შემდეგ სადგურის ხევში დაოთხილი შავი ეტლი მიჰქრის, უკნიდან კო-რიანტელი მისდევს.
მისახვევებში ეტლი დარწეულ აკვანივით ქანაობს, ლამის შავ წყალში გადავარდეს.
შიგ სიდონია ზის. კალთაში ჯუანშერი ჰყავს.
- გასწი! გარეკე!
დედას ხევში გადავარდნის შიში აღარ ეკარება, რადგან მეორე შიშმა - უფრო მეტ-მა და საზარელმა, რომელიც შავი ლანდივით მიუძღვის - უკვე გაუვსო ცივი სისხლი და ისედაც შმაგი სულიც აუდუღა.
- გასწი! გარეკე! - ჰკივის დედა.
- ქალბატონო, გადაბრუნდება!
სიდონიამ ქალაქის მატარებელს უნდა მიუსწროს, თორემ შეიძლება ჯუანშერი... ვინ იცის...
- თუ მიუსწარი, ერთ თუმანს გაჩუქებ. - იძახის დედა.
მეეტლე თავსა და შოლტს იქნევს. დაღმართზე ეტლი დაგორებულ ბურთივით მიჰ-სრიალებს.
ჯუანშერი ისევ მუხლებზე უწევს. ერთ გვერდით ზამბახების ვეება თაიგული უდევს, დღეს დილით რომ ჩამოუტანა, მეორე გვერდით კი თეთრი კურდღელი ჩაცუცქებულა, რო-მელიც "იმან" მოუტანა ქალაქიდან.
როგორ, ან რისთვის წამოიღო თაიგული და კურდღელიც - სიდონიას აღარ ახსოვს.
აგერ, ქარხნის ბოლი გამოჩნდა. აი, პირველი შენობებიც. აჰა, სადგურიც.
- მადლობა უფალსა! მოუსწარით! - უხარიან სიდონიას.
უცებ მატარებლის კივილმა ღრმა ხეობა შეანძრია და დედის ყურებში გველის წივი-ლივით შეიჭრა.
- დავიგვიანე! დავიგვიანე! - ჰკივის სიდონიაც და ერთი ხელით მეეტლეს საჯდომს ებღაუჭება, თითქოს გაქანებული ეტლიდან გადახტომას ჰლამობსო.
ჭრელი მატარებელი შავ ხიდზე გველეშაპივით მოსრიალებს და გორაკის კალთაში იმალება.
მაგრამ - წესია ბუნებისა - ხიფათის დროს დედა აღარ ყოყმანობს.
სადგურთან ავტო სდგას. პატრონი რესტორანში სადილობს. სიდონია თავთ უდგა, ხელში ჯუანი უჭირავს.
- თუ დავიგვიანე, მომიკვდება. - სტირის დედა. - სამუდამოდ თქვენი მონა გავ-ხდები, ოღონდ მათხოვეთ... დამეხმარეთ... მიშველეთ...
- ინებეთ, ქალბატონო, ინებეთ. მეცა მყავს შვილი... მეც მამა ვარ.
ავტოს ღრიალა ტაშის-კარს აყრუებს.
- გასწით! გარეკეთ!
მტკვრის გაღმა, სადღაც ქვევით, გორაკების გადაღმა მატარებელი ჰკივის.
გამოღმა კი დაგრეხილ თიხნარ გზაზე თიხის ფერი ავტო გუგუნებს, ხრიალებს, ბორძიკობს, იგრიხება და მირბის. თან ბოლისა და მტვრის კუდი მისდევს.
ავტო კუდმომწვარ მორიელივით გაცოფდა, გაშმაგდა. ბზრიალით და ხრინწით გაირ-ბინა ზანარვილის ხევი, ისარივით გასჭრა კორტანეთი და შურდულის ქვასავით გადაევ-ლო ქიმერეთის ხევს.
- გასწი! გარეკე!
გარეკე, შოფერ, თორემ ისეთ ცოდოს აიკიდებ მაგ მსუქან კისერზე, რომ სიკვდილამ-დეც ვეღარ მოიხსნი.
- როგორა ხარ, ჯუან? ხმა გამე, გენაცვალოს დედა!
ბავშვი თვალებს ჰბლიტავს, ტუჩებს აცმაცუნებს და რაღაცას ჰლუღლუღებს, უფრო კი ღრიალებს, მაგრამ ავტოს გუგუნი ჯუანშერის ბურტყუნს ჰყლაპავს და დედას შვილი-სას არაფერს ასმენს.
სიდონიამ ზამბახების კონა მკერდზე დაადო და ორივე ჩაიხუტა. აგერ, ქვეით, გაღმა ტყეში, ბოლის გრძელი ნისლი მირბის.
- დავეწიეთ! დავეწევით! - ჰკივის დედა.
აი, ახალდაბაც. ხაშურის მატარებელი აქედან, ეს არის, ეხლა დაიძრა და მთის მწვა-ნე კაბის ქობაში შეძვრა.
- თქვენი სახელი, შოფერ?
- დავითი, ქალბატონო!
- დავით... დათიკო! მოუმატეთ, გენაცვა, გარეკეთ!
- ვერეკები, ქალბატონო, მეტი აღარ შეუძლიან. მეშინიან, არ გამიფუჭდეს.
- თუ მივუსწარით, დაპირებულ ორ თუმანს კიდევ ორს დავუმატებ. აბა, გარეკეთ!
ავტო უარესად იჭიმება და თავისივე ქარბუქში ეხვევა.
აჰა, გაიმინდვრა. გაღმა ჭრელი გველვეშაპი იკლაკნება. გამოღმა კი თიხის ფერი მორიელი იგრიხება. მკაფიოდ მოსჩანს ორივ მოჯიბრე. ვაგონებიდან ხელსახოცებს უქნე-ვენ, თითქოს ავტოს ამხნევებენ.
- დათიკო, გენაცვალე, რას მეტყვი?
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
- მივუსწრობთ, ქალბატონო. ან ქვიშხეთის ბაქანთან დავეწევით, ან ხაშურში.
ავტომ გაიპირდაპირა, მატარებელი კი ისევ გაღმა იკლაკნება. მერმე, როცა იმანაც მოუხვია და რკინის ხიდი გადმოსერა, ავტო უკვე წინ მიუქროდა.
- აგრე. გენაცვალე, აგრე! - მიერეკება დათიკოს სიდონია.
ეხლა მატარებელი უკნიდან მორბის - ხვნეშით, ქაქანით და რახრახით.
აჰა, ქვიშხეთიც. აი, ბაქანიც, მკაფიოდ მოსჩანს - აგერ, აქვე, მარჯვნივ, ბაღის ნაპირზე.
- მივედით! მივუსწარით!
უცებ ავტომ სირბილს დაუკლო. ახვნეშდა. აბორძიკდა, შესდგა.
- რა მოხდა, რა ამბავია? ღმერთო, შემიბრალე!
- გაიქეცით, ქალბატონო, გაიქეცით! - უძახის შოფერი. - შეიძლება მიუსწროთ.
მატარებელმა გვერდით გაუსრიალა. სიდონიამ შოფერს ქაღალდის ფული გადაუყა-რა. მერმე ჯუანი ჩაიხუტა და გაიქცა.
მატარებელმა სირბილს დაუკლო და შესდგა.
მირბის გაწეწილი დედა და ჰკივის:
- დაიცადეთ!.. დამიცადეთ!
ასიოდე ნაბიჯი თუ იქნება ბაქნამდე. უკანა ვაგონიდან ხელებს, ქუდებსა და ხელსა-ხოცებს უქნევენ, ჟრიამულიც ისმის.
თავჩაღუნული სიდონია ბარბაცით მირბის. მაგრამ ოთხი წლის ფუნთუშა ჯუანი მძი-მეა. ღმერთო ჩემო, რატომ შოფერი არ მოეშველება! მიიხედა, დაინახა: დათიკო მანქა-ნასთან სდგას და გამოსცქერის.
- დაიცადეთ!.. დამიცადეთ!
მაგრამ თავისი კივილი მხოლოდ თვითონ-ღა ესმის.
მატარებელი ჰკივის, იძვრის და თან მიაქვს სასიკვდილოდ დაჭრილი დედის უიმედო ბღავილი.
დათიკო ისევ აქეთ იხედება და ჰხედავს: დედაკაცი ჯერ ბორძიკობს, მერმე მწვანეზე ვარდება და უნძრევლად იშოტება.
* * *
ექიმი რომ შრატს უშხაპუნებდა ავადმყოფს, ჯუანშერის ნაცვლად ტკივილისაგან სი-დონია იგრიხებოდა. ჯუანი კი უგონოდ ეგდო და ხრიალებდა.
- ექიმო, მითხარით რამე. - ჩვილი ხმით ეხვეწება დედა და უცნობ მამაკაცის მკლავს წყალწაღებულივით ებღაუჭება. - მითხარით, ნუ დამიმალავთ, გადარჩება თუ არა?
- ვერაფერს გეტყვით, ქალბატონო. თუ დაგვიანებული არ არის, გადარჩება.
და სიტყვა "დაგვიანებული" ისევ ნაკვერჩხალივით ჰხვდება სიდონიას.
- აკი წეღანაც მოგახსენეთ, მარტო ოთხი საათით დავიგვიანე მეთქი. - თავს იმარ-თლებს დედა. - ქვიშხეთში რომ ვერ მივუსწარი, ხაშურში ისევ ავტომობილით ჩამოვედი და მეორე მატარებლით წამოვედი.
- ვიცი, ქალბატონო. არა მგონია, რომ ოთხ საათს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს.
სიდონიას გაუხარდა:
- მეც მაგას ვამბობ, ექიმო. და თუ... თუ მოხდა რამე... ბრალი ხომ ჩემი არ იქნება, არა, ექიმო?
- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მეტსაც ვიტყვი: თქვენ გმირულად მოქცეულხართ.
- მადლობელი, ექიმო. დიდი მადლობელი. - ჩურჩულებს დამშვიდებული სიდონია და ჰგრძნობს მეომარის ამაყ სიხარულს, რომელსაც ქება შეასხეს მძიმე ვალის შესრულე-ბისათვის.
ექიმმა დარიგება მისცა და წავიდა. სიდონია კი უგონო შვილს კვლავ გვერდით მი-უწვა, მისი გახურებული თავი ისევ მკლავზე დაიდო, მეორე მხრით ზამბახები მოუწყო და წეღანდელივით აჩურჩულდა:
- ეხლა კი მალე მორჩები, გენაცვალოს დედა... ტყუილად შევშინდით... ერთ კვირა-ში წამოდგები და ისევ ბაღში გახვალ სათამაშოდ, ჩემო ბიჭიკო... შენი კატუნი - ფხაჭი-ა, და ცუგრა ძაღლიც გამოგყვებიან. ჯერ კი დაისვენე, ჩემო ფუნთუშავ. ორივენი დაღ-ლილები ვართ... დაიძინე, გენაცვალოს დედიკო, დავიძინოთ... დავიძინოთ.
მაგრამ ძილის მაგივრად ისევ ლაპარაკობს, რადგან მხოლოდ ლაპარაკით-ღა ჰლა-მობს შიშისა და ლანდების დაფრთხობას, რომლებიც ბუზებივით ეხვევიან და ფუტკრები-ვით ჰკბენენ.
მართლა შეასრულა დედის ვალი სიდონიამ?
რა თქმა უნდა, შეასრულა! თავიდან ბოლომდე შეასრულა! ან მეტი რა შეეძლო? არა-ფერი, მეტი აღარაფერი! ამიტომ...
- დავიძინოთ, ბიჭუკი, დავიძინოთ. თუმცა... თუ გინდა, ზღაპარს გიამბობ. ყური მიგ-დე: იყო და არა იყო-რა, ღვთის უკეთესი რაღა იქნებოდა, იყო ერთი დედოფალი.
- შვილო, - აწყვეტინებს გასართობს მართა, - შენს საწოლზე გადადი და დაიძინე. ეხლა მე მოვუჯდები, ან ედიშერს დავუძახებ.
- არა, დედი, არა, საჭირო არ არის. ედიშერი სამსახურს ვერ გამოექცევა. ან რა საჭიროა, რას მიშველის?
- მაშ მე დავჯდები.
არც შენა ხარ საჭირო, დედა მართა. თუ დაიღალე, დაიძინე, სიდონია კი ერთი წუ-თითაც ვერ მოჰშორდება ჯუანშერს.
და შიშისგან და ხუნაგისგან მოწამლული დედა-შვილი გათენებამდის ჰბორგავენ და თავგანწირვით ებრძვიან უჩინარ მოსისხლეებს: სიდონია - სამართებელივით გალესილ შიშსა და ცეცხლივით მწვავე მქეჯნავს, ხოლო ჯუანი - ხუნაგის შხამსა და სიკვდილის ლანდს, რომელიც ამოწვდილ მახვილივით სდგას ოთახის შუაგულში.
სიდონიამ ჩასთვლიმა, მხოლოდ ათი წამით ჩასთვლიმა, - რადგან სამი ღამის უძინა-რი იყო - და როცა ბურანს თავი დაახწია, ჯუანი აღარ ჰბორგავდა. ეგდო გულაღმა გა-შოტილი და ყელგამოჭრილ ბატკანივით ხრიალებდა.
და დედაც დასაკლავ პირუტყვივით აბღავლდა.
ჯუანშერს ხელ-ფეხი გაუცივდა, თითქოს დამბლამ შეიპყროო, და მიმქრალი თვალე-ბი კაკლებივით გადმოეყარა.
შემდეგ რა მოხდა - სიდონიას აღარ ახსოვს.
საკუთარ საწოლში გაიღვიძა - თბილსა და თოვლივით თეთრ ლოგინში. მეორე ოთახს მინის კარები აქვს. იმ ოთახში პატარა კუბო სდგას - ისიც თოვლივით თეთრი და თეთრივე ყვავილებით დათოვლილი. შიგ ალბათ ჯუანშერი წევს. გარშემო სანთლები ბჟუტავენ. შავი დედაკაცები გახევებულ ლანდებივით სდგანან.
- ჯუანი მოკვდა! - ელვასავით ჩაერჭო ტვინში სიდონიას. - მე მოვკალი... ჩემი ბრალია, მარტო ჩემი ბრალია. მაშასადამე...
აგერ, იმ უჯრაში საწამლავი ინახება. ორი წელიწადი ჰგდია. ერთხელ დასჭირდა სიდონიას და იშოვნა. ერთი თვე ებრძოდა თავის თავს, მაგრამ ვერ დასძლია. ეხლა გამო-ადგება. მაშასადამე...
- ჯუანშერი მოკვდა!
როდის მოკვდა? დედამ არ იცის. რამდენი დღე გავიდა "იმ დილას" აქეთ, როცა ჯუა-ნი სააღდგომო ბატკანივით ახრიალდა - არც ეს იცის, ან რა საჭიროა! სულ ერთია, ორი დღე ეძინა სიდონიას თუ სამი. ის კი იცის, რომ "იმ დილამდე" სამი ღამის უძილო იყო.
- ჩემი ჯუანი მოკვდა! მოკვდა!!
აგერ იმ უჯრაში შხამი ინახება. მაშინ ვერ გაჰბედა. ეხლა კი... ეხლა უნდა გაჰბე-დოს. მაგრამ... ტყუილად შერცხვება სიდონია - ვერც ეხლა გაჰბედავს. მაშასადამე, ერ-თი-ღა დაჰრჩენია დაუდევარსა და ბოროტ დედას: პასუხისგება რკინის მორივით აიკიდოს და სიკვდილამდე ჰზიდოს - ათი, ოცი, ორმოცი წელიწადი უნდა ატაროს, როგორც აქ-ლემი ატარებს თავის უშნო და ვეებერთელა კუზს.
არა, არა! არასოდეს, არასოდეს! ესეც შეუძლებელია, ყოვლად შეუძლებელი!
- ჩემი ბიჭიკო მოკვდა! მოკვდა!
მაშ რაღა ჰქნას დედამ? აბღავლდეს, თმა გაიწეწოს, პირსახე მოიხოკოს, ქვას ახა-ლოს თავი, თუ ქვა ითხლიშოს თავში?!
არც ერთი, არც მეორე, არც მეოთხე. ასე ადვილად ვერ გადაურჩება, ასე უბრალოდ ვერც ვალს მოიხდის, ვერც იმ კუზს მოიხსნის, რომელიც უკვე მთაწმინდასავით გაეზარდა და ლამის ეხლავე გასჭყლიტოს.
- ჩემი ერთა მოკვდა! მოკვდა!! მოკვდა!!!
მაშასადამე... თუ საწამლავის დალევა ვერ გაჰბედა, მტკვარი ხომ აქვეა... ან ბანი-დან გადავარდება, ან კიდევ...
ნუ, სიდონია, ნუ ისივებ უკვე გასიებულ გულს. შენც იცი, რომ ვერც თავს მოიწამ-ლავ, ვერც ბანიდან გადავარდები. ნუ, დედი, ნუ იხეთქავ ისედაც გახეთქილ თავს. შენ თვითონაც დარწმუნებული ხარ - ვერც წყალში ჩავარდები და ვერც თოკის ყულფში გაჰყოფ თავს. ამიტომ...
ამიტომ იზრდება და მძიმდება აქლემის კუზი. სიდონია უკვე იჭყლიტება, ჰბორგავს და იხრუკება. თავი უნდა დაახწიოს იმ ტვირთს, ეხლავე უნდა გაუსხლტეს იმ რკინის გო-რას, მაჯლაჯუნას, სულთამხუთავს, თორემ თვითონაც დაიხრჩობა, თავის ჯუანივით და-იხრჩობა!
და უცებ მოულოდნელად, დედის ტვინსა და გულში რაღაც შეინძრა, გარდიქმნა, გა-დატრიალდა. სიდონია გაიჭიმა, აიგრიხა, გაინასკვა - თითქოს ორსულად იყო და შვი-ლის შობისათვის დამწიფდაო.
მეორე ოთახიდან მართა მორბის, ედიშერიც მოსდევს, სხვებიც შემოდიან.
მართა ჰკივის, ედიშერი ქვითინებს, სიდონია კი მშობიარესავით ჰკვნესის და იჭიმება - როგორც მაშინ, ოთხი წლის წინათ, როცა ჯუანშერი მოდიოდა - და ეხლაც ისე იმუ-დარება, როგორც მაშინ იხვეწებოდა.
- დედი, მიშველე!.. დედილო, მიშველე!
მართა აღარ ჰკივის - როგორც მაშინ არ ჰკიოდა. დედის თვალი მჭრელია - გაახ-სენდა მაშინდელი. დედის გუმანიც გალესილია. - უმალ მიჰხვდა ყოველივეს.
და ეხლაც ეშველება თავის შვილს - როგორც მაშინ ჰშველოდა, თან ყველას ეუბ-ნება:
- ნუ სწუხდებით, ეხლავე მოსულიერდება... მიბრძანდით... იმ ოთახში გაბრძანდით.
ყველანი გადიან. ქმარი კი ქვის ძეგლივით სდგას და აღარ იცის, თვითონაც გავიდეს თუ ცოლს მიეშველოს.
სიდონია ცივი ღვარით იწურება, კბილებს აკრაჭუნებს - როგორც მაშინ. კვნესა კივილში გადადის, კივილი - გმინვაში. ერთხელ კიდევ აიგრიხა, ღრმა ოხვრა ამოუშვა და უცბად მოეშვა, მოდუნდა, გალხვა, გაიღიმა - როგორც ოთხი წლის წინათ - თითქოს იმშობიარა და დამშვიდდაო.
- ბიჭია? - მაშინდელივით ჰკითხა დედას და თვითონვე უპასუხა თავის თავს: - რა თქმა უნდა, ბიჭია, ჯუანშერია. - და გაიცინა.
დავა გაათავა. არც იხრჩობა, აღარც იჭყლიტება. სულთამხუთავს გაექცა, მაჯლაჯუნას გაუსხლტა. წეღან გული ავი სულის კლანჭებით ჰქონდა ჩაბოჭვილი, ეხლა კი იმ ადგილს - შიშველ მკერდს - საამურად იზელავს და შვებით იღიმება.
ბოროტ სულთან ბღლარძუნი და ჭიდილი დასრულდა.
- ჯუანშერი არ მომკვდარა! ჯუანშერი ცოცხალია!
რა თქმა უნდა, არ მომკვდარა! მაშ რაღა საჭიროა საწამლავი, ან თოკი, ან ვერის ხიდი?! იყო სიზმარი - ავი, ბოროტი ლანდი. იყო უჟმური - საზარელი ქაჯი თუ ალქაჯი. მათ უნდოდათ სიდონიას დახრჩობა, წამება, ჯვარცმა. ეხლა კი აღარაფერი არ არის, ყო-ველივე გათავდა, დასრულდა. ყველანი გაჰქრნენ, წავიდნენ - სამუდამოდ, უბრუნებლივ!
- ჩემი ბიჭიკო არ მომკვდარა!!! არ მომკვდარა!!!
და ამ სიტყვას გულში ასჯერ, ათასჯერ, ხაზგასმით, ქვის ჟინით და რკინასავით მტკიცე რწმენით იმეორებს: "არ მომკვდარა!! არ მომკვდარა მეთქი!!!"
რა თქმა უნდა! რა თქმა უნდა, არ მომკვდარა! მაგრამ... აგერ იმ ოთახში მაინც თეთ-რი კუბო სდგას. იმ კუბოში ვიღაც ბავშვი წევს. ეხლავე უნდა დამარხონ, და იმ კუბოს სიდონიაც გაჰყვება... მოვალეა გაჰყვეს!
მერე რაო! გაჰყვება, დამარხავს და დაბრუნდება.
- დედი, კაბა მომაწოდე.
შავი კაბა? სიდონიას არა ჰქონია შავი კაბა. ალბათ ითხოვეს, ან დღეს შეაკერინეს, ენაცვალოს სიდონია მართას! ასეთი დედა რომ არა ჰყოლოდა, ოჯახი დაენგრეოდა და შვილებიც... ორივე შვილი - ჯუანიც და კატოც... მართლა, სად არის კატო?
და ქალიშვილის გახსენებაზე ნემსის ჩხვლეტა იგრძნო, თითქო პერანგის ქვეშ სველი და ცივი ბაყაყი ჩაუვარდაო.
დინჯად და არხეინად იცვამს სამგლოვიაროს - თითქო სეირნობისთვის ემზადებაო. სადა კაბა ზედგამოჭრილია სიდონიას თხელ ტანზე. ძალიანაც უხდება. რომ სცოდნოდა, ადრევეც შეიკერავდა, ქერა თმა, თეთრი სახე და შავი კაბა მშვენივრად ეწყობიან ერთმანერთს.
ადგა, კარებთან მივიდა და შესდგა - მხოლოდ ათიოდე წუთით შესდგა.
კარებში დედაკაცები სდგანან - ედიშერის დეიდა პელო და მამიდაშვილი ქეთევანი.
- დაუგვიანა, - ჩასჩურჩულებს ქეთევანი პელოს, - დაუგვიანა შრატის შეშხაპუ-ნება, თორემ გადარჩებოდა.
- უეჭველად, გენაცვა, უეჭველად გადარჩებოდა. - უდასტურებს თავის ქნევით პელაგო.
ეს სიტყვები სიდონიას წითელ ლურსმანივით ჩაერჭო.
- მაშ იციან, ყველაფერი იციან. - გაიფიქრა. - ესენიც მე მაბრალებენ.
თვალებზე ბინდმა გადაჰკრა, წაბარბაცდა, მაგრამ უმალვე შესწორდა და იმ ოთახში შეიხედა. სადაც...
იმ ოთახიდან მგლოვიარე დედას უცნაურად უმზერენ ოციოდე წყვილი თვალი, მოციმციმე სანთლები, თეთრი კუბო და შიგ ჩაწოლილი ჯუანი... ჯუანშერი... მისი ბიჭი, მისი ბიჭიკო!
თვალები დახუჭული აქვს. - თითქოს ორმოებში ჩაუყრიათო. გუშინ კი - გუშინ, გუშინწინ თუ დღეს დილით - თითქო შუბლზე ჰქონდა აყრილი. ალბათ ძალით დაუხუ-ჭეს. ფუნჩულა ლოყებიც ჩასცვივნია. წითელი და ფუნთუშა ტუჩებიც ჩაჰკეცია, ჩაჰყვით-ლებია. პირსახე კი თეთრი აქვს, თითქო კირით შეუგლისესო, თუმცა...
არა, არა, კირი რა სახსენებელია! - პირსახე უფრო იმ ყვავილებს მიუგავს, აგერ იმ ზამბახებს, რომელნიც სიდონიას მაგიერ ალბათ მართას ან ედიშერს მოუტანია.
კარი ფრთხილად შეაღო და ფეხაკრებით შევიდა, თითქო ცხედრის გამოღვიძებისა ეშინოდაო. თავთ დაადგა, მთრთოლვარე ხელი ცივ შუბლზე დაადო და დაჰხედა.
დაჰხედა და თვითონაც ჯუანშერს დაემსგავსა: შვილივით გათეთრდა, თვალები მიჰ-ლულა და ტუჩები შეიკეცა - კბილებით მოიკვნიტა, თითქო აღვირი ამოსდოო, რადგან ისინიც სიდონიასავით ცახცახებდნენ და თავაგლეჯას ჰლამობდნენ. მერმე ნებისყოფა მოიკრიბა და თრთოლვაც აილაგმა.
- დაუგვიანა. - ისევ წაიჩურჩულა ვიღაცამ მარცხენა კუთხეში.
სიდონია შეკრთა, მაგრამ არ მოიხედა.
- დააგვიანეს. - წამოვიდა შხამიანი ისარი უკნიდანაც.
სიდონიას ერთხელ კიდევ გადაჰკრა ბინდმა. მერმე ისევ შესწორდა. ეხლა სხვა მხრიდანაც უცდიდა ისრების სეტყვას, მაგრამ დუმილი აღარავინ დაარღვია.
და ეს დუმილი იმ ისრებზე უფრო მწვავე გამოდგა.
დიდხანს იდგა გაკაჟებული და უძრავი - შავი ხის ძეგლივით, რომელსაც თეთრი მარმაროს თავი და ოქროთი შეღებილი თმა ჰქონდა.
- არა, ჯუანშერი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს!
დედა სიდონიას მოეხვია და მკერდში ჩაჰქვითინა. მხოლოდ ეხლა შეკრთა და გამო-ერკვა შავი ძეგლი. თეთრ თავზე ხელი გადაუსვა, გაუღიმა, ანუგეშა:
- ნუ სტირი, დედილო, ნუ... საიმისო არაფერი მოხდა.
და ამ სიტყვებმა - საიმისო არაფერი მოხდაო - და დაობლებული დედის ღიმილმა სამართებელივით დაჰსერეს ოციოდე წყვილი თვალი. ის თვალები ამოძრავდნენ, გაგანი-ერდნენ, ჯერ ურთერთს ჩაეხლართნენ, მერმე ყველანი სიდონიას უცნაურ თვალებს მიებ-ჯინენ.
მართამ თეთრი თავი გადაიხარა. ედიშერმაც მოიხედა, და ორივემ შიშითა და გაოცე-ბით აჰხედეს ჯუანის დედას.
სიდონია კი ისევ იღიმება და ნუგეშს აძლევს - თავის თავსა და დედასაც:
- ნუ სტირი, თორემ... თორემ მეც ვიტირებ... ღმერთია მოწმე, რომ... ჩემი ბრალი არ არის... ჯუანი არ მომკვდარა, დედი, ბაღში თამაშობს... ზამბახებიც ბევრი აქვს, ძალიან ბევრი. ჯუანი აღარა სჩანს, შიგა წევს... თეთრი კურდღელი უჭირავს...
თვალები აღელდნენ, ათამაშდნენ. მათი ელვა ოთახს ავსებს. და თვალების ელვას ჩურჩული და თვალების ფურთვნა მიემატა, თითქო ქარში ბუჩქნარი აიშალაო.
- მე ეხლავე მოვალ. მომიცადეთ. - ამბობს სიდონია და სწრაფი ნაბიჯით გადის. ედიშერიც თან მისდევს.
მხოლოდ ერთი საათის შემდეგ დაბრუნდა ქალაქიდან - დატვირთული ზამბახებით და ათნაირი სათამაშოთი.
გაგრძელება გამოქვეყნდება ხვალ, 16 ოქტომბერს და განთავსდება საიტის მთავრ გვერდზე