პეკს ჰოლივუდში ყველაზე წესიერ, თავშეკავებულ, ღირსეულ მამაკაცად, ნამდვილ ჯენტლმენად იცნობდნენ. ჰიჩკოკი ამბობდა, რომ პეკი ერთადერთი მსახიობი იყო, ვისზეც ჭორები არ დადიოდა. უფრო სწორად, დადიოდა, მაგრამ, გრეგორი თავისი წესიერებით არასოდეს გაბმულა ყვითელი პრესის მახეში.
მისი სრული სახელი ელდრედ გრეგორი პეკი გახლდათ.
"დედამ ელდრედი ტელეფონების წიგნში ამოიკითხა და საბოლოოდ ამოიჩემა. მე კი ეს სახელი არასოდეს მომწონდა" - აღიარა მსახიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამიტომ როგორც კი დამოუკიდებელი ცხოვრება წამოიწყო, მაშინვე გათავისუფლდა მისგან და უბრალოდ გრეგორი პეკად დარჩა.
სამი წლის იყო, როცა დედამ მიატოვა. მამა და ბებია ზრდიდნენ. გრეგორი ჯერ სამხედრო აკადემიაში სწავლობდა თუმცა ზურგის ტრავმა მიიღო და მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა ასცდა. მოგვიანებით ბერკლის უნივერსიტეტში მოხვდა.
სწავლის ფული რომ ეშოვა, არც მეეზოვეობას თაკილობდა, არც ოფიციანტობას, ჭურჭლის მრეცხავადაც მუშაობდა.
სცენაზეც სწორედ უნივერსიტეტის გავლით მოხვდა - სტუდენტურ სპექტაკლში, "მობი დიკის" როლზე ახოვანი მსახიობის სჭირდებოდათ, გრეგორი თავისი 189 სმ-იანი სიმაღლით ამ როლისთვის ზედგამოჭრილი იყო. შეთავაზებაზე დიდხანს არ უფიქრია და დათანხმდა.
მას სხვა როლები მოჰყვა და ისე შეეჩვია სცენას, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიუ-ოირკს მიაშურა და დრამატული ხელოვნების ცნობილ სკოლაში მოეწყო.
ერთ-ერთ წარუმატებელ პიესაში მოხვედრის შემდეგ გრეგორი ჰოლივუდმა შეამჩნია. მისი, როგორც ვარსკვლავის ბიოგრაფიაც აქედან დაიწყო.
როცა "რომეული არდადეგებისთვის" მას თავისი პარტნიორი, 23 წლის გამოუცდელი გოგონა, ოდრი ჰეფბერნი გააცნეს, გრეგორი უკვე 36 წლის შემდგარი ვარსკვლავი იყო. მათ ტანდენმს ჭორების ნამდვილი მორევი მოჰყვა. თუმცა მითქმა-მოთქმამ დიდხანს არ გასტანა, რადგან გრეგორის არ უსარგებლია თავისი ვარსკვლავური მდგომარეობით და ჭორებსაც საზრდო ვეღარ მიეცა.
"ოდრი სრულიად განსხვავდება კინობიზნესში დაკავებული ყალბი, დამღლელი, ვულგარული ქალებისგან. მას აქვს ნიჭი, რომ მოგხიბლოთ, მისი შეყვარება ძალიან ადვილია" - ამბობდა მსახიობი, თუმცა რეალურად არსებობდა თუ არა მათ შორის რაიმე რომანტიკული განცდები, ეს არავინ იცის. ამის მტკიცება არავის შეუძლია. მითუმეტეს, რომ იმავე პერიოდში პეკმა ფრანგი ჟურნალისტი, ვერონიკა პასანი გაიცნო და ცოლად მოიყვანა.
გრეგორი პეკი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან, გრეტა კუკონენთან 3 ვაჟი შეეძინა - ჯონათანი, სტივენი და კერი პოლი.
ვერონიკასთან კი ქალ-ვაჟი - ენტონი და სესილია.
უფროსი ვაჟი, ჯონათანი, ტელერეპორტიორი გახლდათ, თუმცა 30 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სტივენი ვიეტნამის ომის ვეტერანების აქტიური დამცველი და მხარდამჭერია, კერი პოლმა კი პოლიტიკური ამბიციები გამოავლინა და ორჯერ იყარა კენჭი აშშ-ს კონგრესში, თუმცა ორივეჯერ დამარცხდა.
რაც შეხებათ შვილებს მეორე ქორწინებიდან, სტივენი ბიზნესმენია, სესილია კი მსახიობი და პროდიუსერი.
პეკის შვილიშვილებიდან კი ვარსვლავური მომავალი ითან პეკს, სტივენის ვაჟს ერგო წილად.
ითანი შარმითა და ნაკვთებით ნამდვილად წააგავს ცნობილ პაპას. რომელმაც საკმაოდ ხანდაზმულ ასაკამდე იცოცხლა და მის წარმატებასაც მოესწრო.
გრეგორი პეკი 2003 წელს 87 წლის ასკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ალენ დელონის რთული ბავშვობა, საყვარელი ქალები და შვილები, რომლებიც საოცრად ჰგვანან მამას