79 წლის ვარსკვლავმა, რომელიც ყოველთვის შესანიშნავ ფორმაშია, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სატელევიზიო არხს ინტერვიუ მისცა, სადაც ისაუბრა საკუთარ მძიმე ბედზე, ონკოლოგიურ დაავადებასა და იმაზე, რამაც მისი უფროსი ვაჟის თვითმკვლელობა გამოიწვია.
დაახლოებით, 2 წლის წინ ლეგენდარული მომღერლის, თინა ტერნერის 59 წლის ვაჟმა, კრეიგმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პრესა ახმაურდა და უამრავი გამოცემა სენსაციურ ამბებს წერდა. ტელევიზია კი უშედეგოდ ცდილობდა ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერას ტერნერთან. თუმცა, მომღერალი არ აპირებდა საჯარო განცხადების გაკეთებას. რამდენიმე დღის წინ კი მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც მისი პირველი შვილის თვითმკვლელობა გამოიწვია.
კრეიგ ტერნერის ცხედარი კალიფორნიაში, სტუდიო-სითის რაიონში, საკუთარ სახლში იპოვეს. ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 79 წლის მომღერლის პირველი შვილი იყო. ბიჭი თინამ 1959 წელს საქსოფონისტ რეიმონდ ჰილისგან გააჩინა. კრეიგი უძრავი ქონების სააგენტოში მუშაობდა, ცხოვრობდა მშვიდი ცხოვრებით, თუმცა მარტო იყო და ძალიან განიცდიდა მარტოობას. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ მას მსგავსი ნაბიჯი გადაედგა და თავი მოეკლა.
მომღერალი დარწმუნებულია, რომ მისმა შვილმა თვითმკვლელობა მხოლოდ იმის გამო გადაწყვიტა, რომ მას არ შეხვდა ისეთი ადამიანი ცხოვრებაში, რომელიც გვერდით დაუდგებოდა, გაიზიარებდა მის აზრებსა და დამოკიდებულებას.
"ვფიქრობ, რომ კრეიგი ძალიან მარტოხელა იყო.“ - ამბობს მომღერალი. მისი აზრით, სწორედ ამის გამო იყო მისი შვილი ძალიან დაჩაგრული. "მე მისი სურათები მაქვს ყველგან და ვგრძნობ, რომ სადღაც, ძალიან კარგ ადგილასაა“, -ამბობს ის.
თინა ტერნერს ძალიან მძიმე ცხოვრება აქვს გავლილი: ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო დიდხანს, სადისტი ქმრის ხელში. შემდეგ იყო შვილის გარდაცვალება, ონკოლოგიური დაავადება, თირკმლის ტრანსპლანტაცია... თუმცა, 79 წლის ასაკში მაინც არ კარგავს ოპტიმიზმს.
"მე ყველაფერი მაქვს... როდესაც ჩემს სახლში, ტბის მახლობლად ვზივარ, ძალიან მშვიდად ვგრძნობ თავს. არანაირი პრობლემა აღარ არსებობს. რთული ცხოვრება მქონდა, მაგრამ ეს წლები სირცხვილისა და გაკიცხვის გარეშე გავიარე. ამიტომ, ბედნიერი ვარ“, - ამბობს თინა ტერნერი.