ახალ ზელანდიაში ბავშვები თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მინი დინით აშინებდნენ. საინტერესოა, მართლა შეეძლო თუ არა ბავშვებისთვის რამის დაშავება? ჩვენ არ ვიცით სიმართლე, მაგრამ ვიცით, რომ მინი დინი იყო ერთადერთი ქალი ახალ ზელანდიაში, რომელიც სიკვდილით დასაჯეს.
უილიამინა დინი 1844 წელს დაიბადა. ის ჩვეულებრივი კონდუქტორის ქალიშვილი იყო, საშუალო განათლებით. მოგვიანებით მან სახელი იმით გაითქვა, რომ გააკეთა თავშესაფარი, სადაც მიდიოდნენ ის ბავშვები, რომლებზეც მშობლებმა უარი თქვეს. ამ გზით ფულს გამოიმუშავებდა. ცნობილია, რომ მისი მეთვალყურეობის ქვეშ 27 ბავშვი იყო, რომელთაგანაც 10 გადარჩა, 6 დაიღუპა, დანარჩენების ბედი კი უცნობია. დინი აცხადებდა, რომ დანარჩენი ბავშვები გააშვილა და ახალ მშობლებს ვინაობის გამხელა არ სურდათ. პოლიცია კი დარწმუნებული იყო, რომ ის ბავშვები კი არ გააშვილა, არამედ მოკლა.
მინი დინს "ბავშვების ფერმერსაც" უწოდებენ. დინი შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში ჩავიდა. ქალები მას ფულს უხდიდნენ, რომ სახლში წაეყვანა არასასურველი, ძირითადად - უკანონო შვილები და თავად ეზრუნა მათზე. ბავშვების უმრავლესობა ქორწინების გარეშე იყო გაჩენილი.
ამბობენ, თავდაპირველად, დინი იმიტომ წავიდა შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში, რომ თავისი უკანონო შვილი დაემალა. შემდეგ ჩარლზ დინს შეხვდა, რომელიც სვამდა და არც სამსახური ჰქონდა. ისინი ერთხანს საუტლენდში სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ბოლოს კი, უინტონში გადასახლდნენ.
ჩარლზმა ღორების მოვლა დაიწყო, უილიამინამ კი უდედმამო ბავშვები შეიფარა და ფულიც აიღო. მის შესახებ 1880-1890 წლებში გაზეთებშიც კი იწერებოდა: "პატივსაცემი ქალბატონი იღებს ბავშვებს კომფორტულ სახლში, სოფელში."
ისტორიკოსი, ლინლი ჰუდი თავის წიგნში "მინი დინი: ცხოვრება და დანაშაული" წერს: "ეჭვგარეშეა, რომ მინის უყვარდა თავისი აღსაზრდელები (შეიძლება უფრო მეტადაც კი, ვიდრე სხვებს) და ზრუნავდა მათზე, როგორც შეეძლო."
1890 წელს პოლიცია დინის ბავშვთა სახლით დაინტერესდა. იმ დროისთვის, მასთან დაახლოებით 9 ბავშვი ცხოვროდა. სახლი ჭუჭყიანი იყო, ბავშვები მოუვლელები. პოლიციის ინტერესი კი იმან გამოიწვია, რომ 1 წლით ადრე იქ 6 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ზოგადად, თავშესაფარში ბავშვთა სიკვდილიანობა მაღალი იყო. მაგრამ, დინის ოჯახი განაგრძობდა ბავშვების აყვანას.
1895 წელს წელს პოლიციამ რაღაც აღმოაჩინა - მინი დინი მატარებელში პატარა ბავშვთან ერთად დაინახეს, მაგრამ უკან დაბრუნებისას ის ბავშვი თან აღარ ახლდა.
მოგვიანებით დინმა აღიარა, რომ გოგონას მომაკვდინებელი დოზით ძილის წამალი დაალევინა. შემდეგ კი ყუთში დამალა. ფაქტია, რომ მან ბავშვი მოკლა და დანაშაული დამალა. გარდაცვლილი გოგონასა და კიდევ ორი ბავშვის ცხედარი პოლიციამ დინების სახლის ბაღში იპოვა დამარხული. მინი სასამართლოში გადაიყვანეს.
ნამდვილი სენსაცია იყო. დინი პირველი ქალი არ იყო, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა, მაგრამ ის იყო პირველი, ვისაც მსგავსი სიმძიმის დანაშაულში სდებდნენ ბრალს. დინს, როგორც მონსტრს, ისე წარმოაჩენდნენ. ყველა მოითხოვდა მის დასჯას. სასამართლო სპექტაკლს დაემსგავსა. ყველა თაობის ადამიანი დიდი ინტერესით ესწრებოდა და ელოდა განაჩენს.
1895 წლის ზაფხულში ის სიკვდილით დასაჯეს. ვიდრე სასჯელს აღასრულებდნენ, ჰკითხეს, ხომ არ უნდოდა რაიმეს დამატება. დინმა თქვა: "არა, გარდა იმისა, რომ მე უდანაშაულო ვარ." მოგვიანებით, გაზეთებში იწერებოდა, რომ ქალმა ბოლო წამებში იყვირა: ,,ღმერთო, ნუ მაწამებ!"
პოლიციამ დინის ბავშვთა სახლი გაანადგურა. საუკუნეების მანძილზე დინის სახელი ადგილობრივებში საზოგადო სახელად იქცა. მისით დღესაც ხშირად აშინებენ ბავშვებს, რომლებიც ცუდად იქცევიან ან მშობლებს არ ემორჩილებიან. ჩვენ არ ვიცით, ის ფიზიკურად მართლა კლავდა თუ არა ბავშვებს, ან ამას განზრახ აკეთებდა თუ შემთხვევით...
2009 წელს უილიამინის შორეულმა ნათესავებმა ფული გადაიხადეს, რომ მის საფლავზე ქვა დაედგათ. დინის საფლავზე ყვავილებიც არ არის...