მისი ნამდვილი სახელი ნორმა ჯინ ბეიკერ მორტენსონი იყო. ის 1926 წელს ლოს-ანჯელესში დაიბადა და 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიცოცხლეშიც ლეგენდა იყო და სიკვდილის შემდეგაც ასეტად დარჩა. მერილინს კაშკაშა, მაგრამ ძალიან რთული ცხოვრება ერგო წილად. ამერიკის სექს-სიმბოლო, მილიონობით მამაკაცის ოცნება და ამდენივე ქალის შურის ობიექტი გახლდათ. მსახიობს, რომელმაც ძალიან სწრაფად დაიპყრო ჰოლივუდის მწვერვალი, სინამდვილეში ტრაგიკული ბედი ერგო. შეუმდგარი პირადი ცხოვრება და უშედეგო მტკიცება რეჟისორებისთვის, რომ „ქერა ლამაზმანს“ უფრო ღირებული როლების შესრულებაც შეეძლო, ვიდრე სხეულის ლამაზი ნაწილების დემონსტრირება, მისი ცხოვრების მთავარ ტრაგედიად იქცა.
ბავშვობა
მერილინი ტრაგედიის სათავეები მის ადრეულ ბავშვობაში უნდა ვეძებოთ, როცა ხუჭუჭა მერილინი ცხოვრებისგან პირველ მწარე გაკვეთილებს იღებდა - სიღარიბე, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი დედის ისტერიკები, მამინაცვლის მხრიდან სექსუალური ძალადობა 8 წლის ასაკში, მარტოსულობა - მის ბრწყინვალე ცხოვრებას ყოველთვის ბნელ ჩრდილად გასდევდა. ვინ იცის, როგორ წარიმართებოდა მერილინის ბედი, რომ არა მისი გამორჩეული სხეულის ფორმები და ანგელოზის სახე, რომელის ზოგჯერ უნაზეს, ზოგჯერ კი საოცრად მაცდურ ღიმილს ჩუქნიდა მისით აღტაცებულ მაყურებელს.
„არასოდეს მქონია დიდი სწრაფვა, რომ მერილინი გავმხდარიყავი - ეს ცხოვრებამ მოიტანა. მერილინი ჩემი ვუალია, პირბადე, რომლის მიღმაც ნორმა ჯინი იმალება“ - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მერილინ მონრომ. ეს სასცენო სახელი ახალგაზრდა ნორმა ჯინს კინოსტუდია 20th Century Fox-ის ხელმძღვანელმა მოუფიქრა. სახელი ბროდვეის ცნობილი ვარსკვლავის, მერილინ მილერისგან „ისესხეს“, გვარი კი დედის ქალიშვილობის გვარი იყო.
პირველად 16 წლის ასაკში დაქორწინდა 20 წლის ჯეიმს დოგერტიზე, რომელიც ჯერ კიდევ 15 წლის ასაკში გაიცნო. წყვილი მოთმინებით დაელოდა, როდის გახდებოდა პატარა ნორმა 16 წლის. გათხოვება ერთ-ერთი რაელური გზა იყო, რომ ბავშვთა სახლისთვის თავი აერიდებინა.
„სანამ ჩემზე იყო დამოკიდებული, ყველაფერი კარგად გვქონდა. ერთმანეთი გვიყვარდა, ისტერიკებს აწყობდა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა, თუ მივატოვებდი, მაგრამ შემდეგ წარმატებაზე ოცნებას გაეკიდა და დავშორდით “ - აცხადებდა მოგვიანებით ჯეიმსი, რომელიც, სხვათა შორის, მერილინის დაკრძალვაზე, არ მივიდა ისევე, როგორც მისი სხვა "ყოფილები".
რა თქმა უნდა, ეს კავშირი მალე დაირღვა. მიზეზი მერილინის არჩევანი იყო, რომელმაც ფოტომოდელობა სცადა.
21 წლის ასაკში კი კინოსტუდიასტან პირველი კონტრაქტიც გააფორმა, თუმცა ვერასდროს გასცდა „ქარაფშუტა ქერას“ როლებს.
სამაგიეროდ, ეს როლები და მისი თვალისმომჭრელი ხიბლი მსოფლიოს იპყრობდა. მერილინი საშუალო სიმაღლის გახლდათ და არც ისე გამხდარი. 162 სმ სიმაღლის იყო და 55 კილოგრამს იწონიდა. მისი პარამეტრები კი 96-58-96 სანტიმერი იყო.
25 წლის ასაკში ბეისბოლის ვარკვლავმა, ჯო დიმაჯიომ მერილის ფოტო,სადაც ის ბეისბოლის ჯოხით იყო გადაღებული, გაზეთში ნახა და მისი გაცნობა გადაწყვიტა.
ფოტო, რომლითაც დი მაჯიომ მერილი გაიცნო
37 წლის ჯო 25 წლის მერილინის მეორე ქმარი გახდა.
საუბედუროდ, მათ ერთმანეთის იმედები ვერ გაამართლეს. მოწიფულ ასაკში მყოფი დი მაჯიო ელოდებოდა, რომ მერილინი თავის კარიერას გვერდზე გადადებდა და ძირითად დროს ოჯახის მოვლას მიუძღვნიდა, დადგებოდა კარგი ცოლი და დიასახლისი. აღფრთოვანებული იყო მერილით და უნდოდა, სხვებიც აღფრთოვანებულიყვნენ, მაგრამ შორიდან.
საშინლად ეჭვიანი იყო და ძალიან აღიზიანებდა მერილინის სხვა მამაკეცების გარემოცვაში ყოფნა. ჯო პედანტი და მოწესრიგებული იყო, მერილინი კი დაბნეული და „შემოქმედებითი არეულობის“ შეტანა ყველგან ეხერხებოდა. ჯოს სახლის მოყვარული იყო, მერილინს კი ახალ-ახალი შთაბეჭდილებები სჭირდებოდა. მოკლედ, მერილინი ძნელად გამოუტყდა თავს, რომ დი მაჯიოსთან ქორწინება შეცდომა იყო. დამამშვიდებლების მიღებას მოუხშირა, რათა ადვილად გამკლავებოდა ქმრის მცდელობას, როგორმე „გადაეკეთებინა“ მერილინი, ჯოს შენიშვნები თანდათან აუტანელი და ხშირად შეურცხმყოფელიც ხდებოდა მისთვის. დასცინოდა მის იმიჯს, ჩაცმულობას, ქცევას... ჯოს წარმატება უკან ჰქონდა მოტოვებული, მერილინი კი წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა და მომავალი უკეთესსაც უქადდა. საბოლოოდ წყვილი განქორწინდა, თუმცა არც ამ გადაწყვეტილებას მოუტანია მათთვის სიკეთე. დი მაჯიო ქალებს ქალებზე იცვლიდა, მერილინი კი კვლავ გათხოვდა ამჯერად მწერალ არტულ მილერზე. მალევე განქორწინდა და ფსიქიატრიულ კლინიკაშიც მოხვდა. სხვათა შორის, იქედან ჯომ წამოიყვანა.
ამის შემდეგ ურთიერთობა გააგრძელეს და მერილს ექიმისთვისაც უთქვამს, რომ განქორწინებამ მათი სიყვარული ვერ გაანელა, თუმცა ჯოს არ შეეძლო მსახიობ მერილინ მონროს ქმარი ყოფილიყო, მას ოჯახის კარგი დიასახლისი სჭირდებოდა.
უშვილობა
მერილინის ბიოგრაფები მიიჩნევენ, რომ მსახიობის ბედი შეიძლებოდა ასეთი ტრაგიკული არ ყოფილიყო, შვილი რომ ჰყოლოდა.
მისი უშვილობის მიზეზი გინეკოლოგიური დაავადება ენდომეტრიოზი გახლდათ, რომელიც საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა ქალებში. ინტერვიუებში უთქვამს, რომ მტკივნეულად განიცდის უშვილობას და ძალიან უნდა, დედა გახდეს. მისი დიაგნოზი არაერთხელ გამხდარა მუცლის მოშლის მიზეზი.
აღსასრული
ცნობილია, რომ მსახიობის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ჯომ და მერილინმა ურთიერთობა განაახლეს. ჯო მას დეპრესიასთან ბრძოლაში ეხმარებოდა და ხმების გავრცელდა, რომ კვლავ დაქორწინებას აპირებდნენ. თუმცა მერილინის თვითმკვლელობამ ყველა მათი გეგმა ჩაშალა - დი მაჯიოს ქორწილის ნაცვლად მისი დაკრძალვის ორგანიზება მოუხდა. მას შემდეგ კვირაში სამჯერ მიდიოდა მერილინის საფლავზე, 20 წლის განმალობაში კი საფლავისთვის ვარდების თაიგულს გზავნიდა. ცოლი აღარ შეურთავს და არასდროს აღარ გაუკეთებია კომენტარი მისი და მერილინის ურთიერთობაზე. ჯო 88 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. ამბობენ, სიკვდილიდ წინ ხშირად იმეორებდა, როგორ იქნა, მალე მერილინს შევხვდებიო.
მერილინის ცხედარი მისმა დამლაგებელმა იპოვა, შიშველი იყო და ხელში ტელეფონის ყურმილი ეჭირა. ითქვა, რომ სახლში მედიკამენტების უამრავი ცარიელი ფლაკონი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად თვითმკვლელობა დასახელდა. თუმცა წერდნენ იმასაც, რომ მერილინი მოკლეს და ამის მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის საყვარლობა გახდა. ფიქრობდნენ, რომ მერილმა პრეზიდენტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საიდუმლო იცოდა. საბოლოოდ, ეს ვერსია არავის გამოუძიებია. ქერა ლამაზმანის გარდაცვალებიდან თითქმის 60 წელი გავიდა. მისი ხსოვნა კი დავიწყებას არ მისცემია. ის ისევ ხიბლავს უამრავ მაყურებელს, რაც ამტკიცებს, რომ მერილინი გაცილებით დიდი მოვლენა იყო მსოფლიო კინოს ისტორიაში, ვიდრე უბრალოდ ქერა ლამაზმანი.