ნიკოლ კიდმანის თვალისმომჭრელ გარეგნობას წლები ვერაფერს აკლებს. მისი სილამაზე და ახალგაზრდული იერი 53 წლის ასაკშიც აოცებს მაყურებელს. კვლავ წარმატებით აგრძელებს სამსახიობო კარიერას და სავარაუდოდ, ვარსკვლავი, სახელად ნიკოლ კიდმანი, კიდევ დიდხანს იკაშკაშებს მსოფლიო ეკრანებზე.
ნიკოლი ჰავაიზე დაიბადა, თუმცა მისი მშობლები ავსტრალიელები იყვნენ. მამამისი ნიკოლის დაბადებისას ჰავაის კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრატურაში სწავლობდა და ამით აიხსნებოდა ოჯახის კუნძულზე გადასახლებაც. მოგვიანებით ვაშინგტონში გადავიდნენ, სადაც მამა ამჯერად ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შეუერთდა, დედა კი საექთნო სასწავლებლის პედაგოგი იყო.
70-იან წლებში ოჯახი ავსტრალიაში დაბრუნდა და მალე ნიკოლს დაიკოც გაუჩნდა, ანტონია. დღეს ის წარმატებული ჟურნალისტი და ტელეწამყვანია.
ნიკოლი პატარა ქალაქ ლეინ კავის საჯარო სკოლაში დადიოდა, რომელიც სიდნეის შემოგარენში მდებარეობდა.
3 წლიდან ბალეტზე დაჰყავდათ, დრამატულ ხელოვნებაში კი ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში სცადა ბედი. მომხიბვლელი გარეგნობისა და მრავალმხრივი ნიჭის მიუხედავად, ძალიან მორცხვი ბავშვი იყო.
„ძალიან მორცხვი ვარ, მართლა. ბავშვობაში ენაც მებმოდა და სულ ვებრძოდი ამ პრობლემას. დღესაც პერიოდულად ჩამითრევს ხოლმე სირცხვილის გრძნობა. მაგალითად, რესტორანში მარტო ვერ შევალ, უხერხულად ვგრძნობ თავს. ხალხმრავლობაში, რაიმე ღონისძიებაზე მეგზურის გარეშე ვერ მივდივარ“, - ამბობს ნიკოლი ერთ-ერთ ინტერვიუში.
უფროს კლასებში მსახიობის ხელოვნებას თეატრში და ახალგაზრდულ ცენტრში ეუფლებოდა. აქ მისმა ნიჭმა და შესაძლებლობებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და გოგონას მსახიობის ოსტატობის პროფესიულ დონეზე შესწავლა ურჩიეს.
ამის შემდეგ ავსტრალიელი რეჟისორები ხშირად იწვევდნენ პროექტებში.
საბოლოოდ, 80-იანი წლების ბოლოსთვის ნიკოლი ავსტრალიაში ძალიან პოპულარული მსახიობი იყო.
მშობლიურ კონტინენტს კი მისი პოპულარობა სერიალ „ბანგკოკ ჰილტონით“ გასცდა, რომლის ტრანსლირების უფლება ბევრმა ქვეყანამ შეიძინა.
ამის შემდეგ კი ჰოლივუდში მიიწვიეს და ამით მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის ახალი ეტაპი დაიწყო. ის ჰოლივუდის აღმოჩენა გახდა, მალე მომავალ მეუღლესთან, ტომ კრუსთან ერთად პირველი როლიც ითამაშა „მქუხარე დღეებში“. ექიმ ლევიკის როლისთვის კიდმანმა 200 ათასი დოლარის ოდენობის ჰონორარი მიიღო, რაც რეკორდული გახლდათ მისი კარიერის განმავლობაში.
ნიკოლს უმაღლესი განათლება არ მიუღია და ეს მისი დატვირთული სამუშაო გრაფიკის ბრალი სულაც არ იყო. მიზეზი ოჯახში დატრიალებული დრამატული მოვლენები გახდა. ნიკოლი 17 წლის იყო, როცა დედას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გოგონამ ყველაფერი მიატოვა და ფიზიოთერაპიის და მასაჟის კურსებზე ჩაეწერა, რათა მთლიანად თავის თავზე აეღო დედის მოვლა. მისი მცდელობა უშედეგოდ არ დასრულებულა - ჯანელმა გამოჯანმრთელება დაიწყო, ნიკოლი კი არაერთი საქველმოქმედო ფონდის მხარდამჭერ პროექტებში ჩაერთო.
სამაგიეროდ, კრუზი ერთი ნახვთ მოიხიბლა წითური მზეთუნახავით და რეჟისორების წინაშე ტაშითაც დააჯილდოვა მისი შესრულებული სცენა. ნიკოლი დაუბრკოლებლად დაამტკიცეს როლზე.
მათი ურთიერთობა სწრაფად მიიწევდა წინ: ავსტრალიელ ფერიაზე შეყვარებული ტომი მალევე დაშორდა ცოლს, მიმი როჯერსს და 1990 წლის 24 დეკემბერს 28 წლის ტომ კრუზი და 23 წლის ნიკოლ კიდმანი შეუღლდნენ.
მათი კავშირი დიდი ხნის განმავლობაში მყარი ქორწინების, მონათესავე სულების, ნდობისა და ერთგულების სიმბოლო იყო. ცოლ-ქმარი ხშირად ხუმრობდა, ვერ გაიგებ, სად მთავრდება ქმარი და სად იწყება ცოლიო. ერთხელ კი 12 დღის განმავლობაში ცოლის გარეშე გატარებულ დღეებს ტომ კრუზმა მიწიერი ჯოჯოხეთი უწოდა. მათ კავშირს მხოლოდ უშვილობა აყენებდა ჩრდილს. არადა წყვილი ახალგაზრდობიდანვე შვილებზე ოცნებობდა. დაფეხმძიმების ყველა იმედი რომ დაკარგეს, ცოლ-ქმარმა ბავშვის აყვანა გადაწყვიტა. ქორწინებიდან 2 წელიწადში გოგონა იზაბელა ჯეინი იშვილეს, სამი წლის შემდეგ კი ვაჟი კონორ ენტონი.
მოგვიანებით ნიკოლმა აღიარა, რომ არც კი იცის, რატომ იჩქარა და ასე ახალგაზრდა ასაკში შექმნა ოჯახი. „27 წლისას უკვე 2 შვილი მყავდა და ცოლ-ქმრობის 4-წლიანი სტაჟს ვითვლიდი. მაგრამ ვისი ბრალია? თავად მინდოდა ასე“
ტომი და ნიკოლი გარეგნულად ყოველთვის ბედნიერები ჩანდნენ, მაგრამ ქორწინებიდან 10 წლის შემდეგ კრუზმა მოულოდნელად განქორწინება გადაწყვიტა ისე, რომ წესიერად ცოლისთვის მიზეზიც არ აუხსნია. დოკუმენტებში სტანდარტული მიზეზი დაასახელა „გადაულახავი წინააღმდეგობები“. არ არის გამორიცხული, ეჭვიანობა გამხდარიყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ან რელიგიური შეუთავსებლობა: კათოლიკე ნიკოლმა უარი თქვა ტომის რელიგიას, საიენტოლოგიას შეერთებოდა. წყვილმა ამ დროს ჯერაც არ იცოდა, რომ ნიკოლი ფეხმძიმედ იყო, თუმცა განქორწინებისას მიღებული სტრესის გამო ბავშვი დაკარგა. ამ ვასკვლავური წყვილის დაშორებამ მსოფლიო აალაპარაკა. შვილები თანაბარი მეურვეობის უფლებით „გაიყვეს“, თუმცა უმეტეს დროს ბავშვები მამასთან ატარებდნენ, მალე საიენტოლოგიის მიმდევრებიც გახდნენ. ტომმა მალევე გააბა ურთიერთობა პენელოპა კრუზთან.
ნიკოლს განქორწინების შემდეგ რამდენიმე ხანმოკლე რომანი ჰქონდა, 2005 წელს კი ავსტრალიელი მომღერალი კიტ ურბანი გაიცნო და ერთ წელიწადში ცოლადაც გაჰყვა.
„ერთმანეთის გაცნობა ქორწინებისას დავიწყეთ, მანამდე წესიერად არც ვიცნობდით ერთმანეთს“ - განაცხადა ნიკოლმა და ამ ქორწინების 2 წლისთავზე, 2008 წელს ცხოვრების ოცნებაც აიხდინა. ეყოლა ბიოლოგიური შვილი, გოგონა, სანდი როუზ კიდმან-ურბანი. 2010 წელს კი წყვილს მეორე გოგონა ფეიტ მარგარეტ კიდმან ურბანი გაუჩნდა. ორივე შემთხვევა სუროგატი დედების დამსახურება იყო, მაგრამ გოგონები მათი ბიოლოგიური შვილები არიან და ეს წყვილის ბედნიერებისთვის სრულიად საკმარისია.
„როცა ოსკარი გადმომცეს, მაშინ დავრწმუნდი, რომ ცხოვრების გზისა და კარიერის არჩევანში არ შევცდარვარ, „ოსკარი“ გახდა ამ ყველაფრის დასტური ჩემთვის. თითქოს ყველას დავუმტკიცე, „ხედავთ, არ შემცდარვარ, მართალი ვიყავი!“ კოლეჯშიც კი არ მივლია, არადა ორივე მშობელს, დასაც უმაღლესი განათლება აქვთ, „ოსკარია“ ჩემი დიპლომი, როგორც ექიმისთვის ხარისხი“
ნიკოლს ბოლო დროს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ ძალიან კმაყოფილია ცხოვრებით და ამაში იგულისხმება როგორც კარიერა, ასევე ოჯახური ბედნიერებაც. ალბათ, მის ჩაუმქრალ, ბწყინვალე და უბერებელ გარეგნობაში ეს მომენტიც თამაშობს როლს.
ეს კი მისი ცნობილი როლებია უნიკალური გარდასახვით: