ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჩირალონგკორნის, იგივე რამა X, პრესა ჩვენი დროის ყველაზე ექსცენტრიულ მეფედ მოიხსენიებს. მას თავისუფალ დროს დაბალწელიანი ჯინსისა და ტოპების ჩაცმა უყვარს. მიუხედავად იმისა, რომ 70 წელს გადაცილებულია, მას ხშირად ხედავენ მსგავსი ფორმით.
2019 წელს, გარდა იმისა, რომ ტახტზე ავიდა, მის ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კვლავ დაქორწინდა. ვაჩირალონგკორნის მეოთხე მეუღლე ყოფილი ბორტგამცილებელია, შემდეგ გენერალი გახდა, ამის შემდეგ კი პრინცესა...მაგრამ, ამ სტატიაში მასზე კი არა, მის წინამორბედზე უნდა ვისაუბროთ.
მეფის ყოფილი მეუღლის ფოტო ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა. ქალი საშინლად გამოიყურებოდა. სურათზე ჩანდა თავგადაპარსული ქალი, რომელიც კამერის ფოკუსში არ იყურება. ის, ვისი სილამაზითაც მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო, ახლა საკუთარ თავს კი არა, ზოგადად, ქალსაც აღარ ჰგავს.
სირასმი სუვადი ტაილანდის პრინცესა 2001 წლის 10 თებერვალს გახდა. თუმცა მისი და მეფის სიყვარულის ისტორია უფრო ადრე დაიწყო. 22 წლის სუვადი პრინცთან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით მოხვდა, შემდეგ მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს.
მანამდე რამა X ორჯერ იყო დაქორწინებული და შვილებიც ჰყავდა. მესამე ცოლი რომ შეირთო, 50 წლის გახლდათ და აცხადებდა, რომ სრულფასოვანი ოჯახი სურდა. 4 წლის შემდეგ მას და სუვადის ვაჟი გაუჩნდათ, რომელიც ტახტის ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე გახდა. ხოლო ოთხ ვაჟს, რომლებიც წინა ქორწინებებიდან ჰყავდა, ყველა ტიტული ჩამოერთვა, მათ შორის, გვარის ტარების უფლება და მეტიც, მამამ მათ სამუდამოდ აუკრძალა სასახლეში მისვლა.
სირასმი სუვადი მეუღლის გვერდით, ერთი შეხედვით, ბედნიერი იყო, თუმცა მალევე მიხვდა, რომ მასზე გათხოვებით ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა.
წყვილმა სკანდალური პოპულარობა 2009 წელს მოიპოვა, როცა პრინცესა წვეულებაზე შიშველი პოზირებდა. იქ უამრავი ადამიანი იყო და სამეფო ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის, პუდელის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ძაღლი ტაილანდის ავიაციის მარშალის თანამდებობას იკავებდა. მეფეს ის ყოველთვის დაჰყავდა მნიშვნელოვან შეხვედრებზე და მისი სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში 4-დღიანი გლოვა გამოცხადდა.
სკანდალური საღამოდან 5 წლის შემდეგ მთელი ქვეყანა დედოფლის მოულოდნელმა განცხადებამ გააოცა. მან თქვა, რომ განქორწინება სურდა და უარს ამბობდა სამეფო ტიტულზე. მედიის ცნობით, მან ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მისი ოჯახი ძალიან დიდ სკანდალში გაეხვა.
კორუფცია, კონტრაბანდა და სათამაშო ბიზნესი - ეს იყო მთავარი ბრალდება, რითაც პრინცესას მშობლები, უფროსი და, სიძე, ორი ძმა და ძმისშვილები დააკავეს. ყველა მათგანს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ტაილანდის მეფემ ცოლს ყველა ტიტული ჩამოართვა, სახლიდან გააგდო და შვილიც წაართვა. მან მოითხოვა, რომ ქალი ძალიან შორს წასულიყო, შვილთან გამოსამშვიდობებლად კი რამდენიმე წუთი მისცა. მედიაში სევდიანი ფოტოც ვრცელდებოდა, როგორ იჯდა დედა-შვილი მიწაზე და ერთმანეთს ემშვიდობებოდა.
ბიჭი მამასაც იშვიათად ნახულობს, განქორწინების შემდეგ ის მიუნხენის სკოლა-ინტერნატში გაგზავნეს, სადაც ცხოვრობს და სწავლობს. ამ დროს კი დედამისი უკიდურეს გაჭირვებაში, ერთ-ერთ პროვინციაში ცხოვრობს. ელემენტარული პირობებიც კი არ აქვს. მათ შორის, არც ელექტროენერგია. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, ნახევრად დანგრეულ ფარდულში ტუალეტი და აბაზანა სპეციალურად დაანგრიეს და ამის ნაცვლად ქუჩაში დაუდგეს პატარა ჯიხური.
მეფის ბრძანებით, ტუალეტისთვის განკუთვნილ პატარა შენობას გარედან დამცინავი წარწერა დააწერეს: ,,იმედი მაქვს, აქ ისეთივე კომფორტულად გრძნობ თავს, როგორც სასახლეში.“ მისივე ბრძანებით, ირგვლივ ყველა ხე გაჩეხეს, რომ ქალს ჩრდილში მოსვენების შესაძლებლობა არ ჰქონოდა.
ტრაგიკული ისტორიის შესახებ ევროპაშიც იციან და ადგილობრივებსაც აქვთ ინფორმაცია, თუმცა სდუმან. საინტერესოა, რას ფიქრობს ფაქტზე მისი ახლანდელი მეუღლე.
რატომ მალავს ტაილანდის მეფე 15 წლის აუტისტ შვილს - ამბობენ, რომ მამა მას საკუთარ დონორად ზრდის