სამწუხაროდ, არაბულ ქვეყნებში ძალიან ბევრია ისეთი წესი თუ კანონი, რომელიც სხვა ქვეყნებში გაოგნებას იწვევს და ხშირად ადამიანებს სიკვდილით სჯიან ისეთი გადაცდომების გამო, რაც სხვა ბევრ ქვეყანაში შესაძლოა გადაცდომადაც არ მიიჩნეოდეს. ეს შემთხვევა კი, რომელზეც გიამბობთ, კიდევ უფრო გამაოგნებელია იმიტომ, რომ სასიკვდილო განაჩენი სამეფო ოჯახის წევრს გამოუტანეს, მისივე ოჯახის წევრებმა.
მიშაალ ბინგ ფახდ ბენ მიჰამედ ალ საუდი საუდების პრინცესა იყო. 1958 წელს დაიბადა არაბეთში. ის მეფე ჰალიდის უმცროსი ძმის - მუჰამად იბნ აბდულ-აზიზის შვილიშვილი იყო, მონარქების ოჯახის წევრი და სამეფო კარზე იზრდებოდა. მუჰამედის საყვარელ შვილიშვილად მიიჩნეოდა და ძალიან ანებივრებდა პაპა. სხვათა შორის, მუჰამადს, ისევე როგორც მისი ოჯახის ბევრ წევრს თუ ნათესავებს, 5 ცოლი ჰყავდა და უამრავი ქალი ჰარამხანაში. ასვეე სხვადასხვა მონაცემით, 25, 27 ან 29 შვილი.
მიშაალს სრულწლოვანებამდე განსაზღვრული ჰქონდა მომავალი - საკუთარ ბიძაშვილზე დანიშნეს და მომავალში მას უნდა გაჰყოლოდა ცოლად...
პრინცესა ლიბანში სწავლობდა, ძვირად ღირებულ კოლეჯში. ლიბანში, საუდის არაბეთისგან განსხვავებით, შედარებით ნაკლებად მკაცრი წესები მოქმედებდა ქალებისთვის და არაბეთისგან განსხვავებით იქ ქალის ყველა ნაბიჯს და ქმედებას არ აკონტროლებდნენ. იქ მიშაალმა თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნო და თავისუფლების გემოც გაიგო. სწორედ იქ გაიცნო ჰალიდ აშ-შაირ ალ-მუხალხალა, ლიბანში საუდის არაბეთის ელჩის შვილი. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ, თუმცა არავინ იცის, რამე მოხდა თუ არა მათ შორის ოდესმე... ბევრი ამბობს, რომ სავარაუდოდ, კოცნის იქით არც კი წასულა მათი ურთიერთობა, თუმცა...
როდესაც მიშაალი სახლში დაბრუნდა, საუდის არაბეთში, სამეფო ოჯახს ამცნეს, რომ რამდენჯერმე მიშაალი ჰალიდს მოწმეების გარეშე შეხვდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა მის დასასჯელად - გოგონას გარყვნილ ქმედებაში დასდეს ბრალი და ასევე იმ წესის დარღვევაში, რომ მისთვის ბავშვობიდან შერჩეული საქმრო უგულებელყო. გოგონა გაასამართლეს.
მხოლოდ ერთხელ სცადა გაბრძოლება - ქვეყნიდან გაქცევა დაგეგმა, მამაკაცის სამოსში გამოწყობილმა, თუმცა აეროპორტის თანამშრომელმა იცნო და მაშინვე ოჯახს დაუბრუნეს.
შარიათის კანონის მიხედვით, რომელიც ქორწინების გარეშე სქესობრივ კავშირს კრძალავს, განაჩენის გამოსატანად საჭიროა ოთხი მოწმე ან გარყვნილების ჩამდენი ადამიანის თვითაღიარება. მოწმეები არ არსებობდნენ, ასე რომ, სავარაუდოდ მიშაალი აიძულეს, თავად ეცნო თავი დამნაშავედ.
1977 წლის 15 ივლისს მიშაალი და მისი მიჯნური საჯაროდ გაასამართლეს. მიშაალს თვალები დათხრაეს, მუხლებზე დააყენეს და თავში ესროლეს. განაჩენის აღსრულებას ესწრებოდა მისი პაპა, რომელიც თავად ხელმძღვანელობდა ჯალათის ქმედებებს. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ სამაგალითო საქციელი ჩაიდინა, როცა ოჯახის შემარცხვენელი თავადვე დასაჯა.
ჰალიდს, რომელიც იძულებული გახადეს, მიშაალის დასჯისთვის ეყურებინა, თავი მოკვეთეს.
ამ საშინელი შემთხვევის შემდეგ საუდის არაბეთში ქალების მდგომარეობა გაუარესდა. რელიგიური პოლიცია პატრულირებდა ბაზრებში, მაღაზიებში, ასევე სხვა ადგილებში, სადაც კაცები და ქალები შეიძლებოდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.
მოგვიანებით მიშაალის პაპას, პრინც მუჰამადს ჰკითხეს, რამდენად აუცილებელი იყო მიშაალისა და ჰალიდის სიკვდილით დასჯა, რაზეც მან უპასუხა: "ჩემთვის საკმარისი იყო ის, რომ ისინი ერთად იყვნენ ერთ ოთახში".
1980 წელს დიდ ბრიტანეთში გამოვიდა ფილმი "პრინცესას სიკვდილი", რომელშიც მთავარი როლი ეგვიპტელმა მსახიობმა სავსან ბადრმა ითამაშა. ამ მოვლენას საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა. საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლა არაბული ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად აღიქვა. ერ-რიადიდან დიდი ბრიტანეთის ელჩი გაიწვიეს, ხოლო არაბეთში დაბრუნდნენ სამეფო ოჯახის ის წევრები, რომლებიც იმ დროს სხვადასხვა მიზეზით ბრიტანეთში იმყოფებოდნენ.
ვინ არიან შეიხთა ცოლები - ოქროს მდინარე და შეზღუდული თავისუფლება