ბასია პიასეცკას ადრეული ასაკიდანვე ასწავლიდნენ, რომ თუ უნდოდა ცხოვრებაში რაღაცისთვის მიეღწია, ძალიან ბევრი უნდა ეშრომა. თუმცა, ქალს თავად ცხოვრებამ აჩვენა, რომ, რა თქმა უნდა, შრომა აუცილებელია, მაგრამ ბედნიერების შანსი, რომელიც გეძლევა, ხელიდან არ უნდა გაუშვა. ბელორუსი მოსამსახურე ქალი საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანმა ლატარეის ბილეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებში წაიყვანა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიღწეული არ დაეკარგა.
ბასია პიასეცკას კონკიას ამსგავსებენ საბჭოთა შავ-თეთრი ეკრანიზაციიდან. მასაც ქერა კულულები და გულუბრყვილო გამომეტყველება ჰქონდა. თუმცა, რეალური გმირი კინოს გმირივით საწყალი და გულუბრყვილო არასდროს ყოფილა.
ის სოფელ სტანევიჩში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ ვროცლავის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. ბარბარა თვლიდა, რომ ხელოვნება მისი მოწოდება იყო და სამაგისტრო ნაშრომიც ზუსტად ამ თემაზე დაიცვა. დიპლომის მიღების სიხარული მალევე შეცვალა სამომავლო გეგმებზე ფიქრმა, სადაც ხელჩასაჭიდი არაფერი ჩანდა. 60-იანი წლები იყო და არც ისე კარგი მდგომარეობა ქვეყანაში. ბასიამ ამერიკაში, ემიგრაციაში გადაწყვიტა წასვლა. მშობლები ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ გოგონას იქ გაჩერება აღარ შეეძლო.
"მზად ვარ, იატაკი ვხეხო, მაგრამ გროშების თვლა არ მინდა!" - უთხრა მან ოჯახის წევრებს.
ეს იყო ერთადერთი ვარიანტი, რასაც უცხო ქვეყანა ემიგრანტ გოგონას სთავაზობდა. 30 წლის იყო, ენა არ იცოდა და ჯიბეში 100 დოლარი ჰქონდა. თუმცა, ბედმა ბასიას ჯეკპოტი მოუმზადა.
სააგენტომ მას დამლაგებლის სამუშაო ჯონ ჯონსონის სახლში, რობერტ ვუდ ჯონსონის, Johnson & Johnson-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ვაჟის ოჯახში შესთავაზა. გოგონა სამსახურში აიყვანეს. დიასახლისისთვის მთავარი იყო, რომ მას ზედმეტი არ ელაპარაკა და შეუსაბამო კომენტარები არ გაეკეთებინა. ბასიაც დუმდა... იმ მომენტამდე, როცა დიასახლისის ქმარმა ახალი შენაძენით, ცნობილი მხატვრის ნახატით არ დაიტრაბახა.
"ძალიან ძვირი გადაიხადეთ ამ ნახატში. ის გაცილებით იაფი ღირს!" - უთხრა მოახლემ ჯონ სიუარდ ჯონსონს.
შემდეგ ბასიამ განმარტა, რომ ჯონსონმა შეიძინა არა ორიგინალი, არამედ რეპლიკა. კაცი შოკში იყო. როდესაც გაირკვა, რომ გოგონას მაგისტრის ხარისხი ჰქონდა ხელოვნების ისტორიაში, ჯონ სიუარდ ჯონსნონმა ის საკუთარ კონსულტანტად დანიშნა ხელოვნების საკითხებში. არა მხოლოდ საკითხების კარგად ცოდნამ, არამედ ცისფერმა თვალებმაც დაიპყრო ოჯახის უფროსის გული. 9 თვის შემდეგ ჯონსონმა მანჰეტენზე ბინა უქირავა და ბასია ნიუ-იორკის უნივერსიტეტში გაუშვა სასწავლებლად, რათა მაგისტრის ხარისხი კიდევ უფრო გაეუმჯობესებინა.
იმ მომენტისათვის კიდევ ერთი ლამაზი ლეგენდა გაჩნდა, რომელიც მოგვიანებით თავად ბარბარამ უამბო ჟურნალისტებს. სიუარდ ჯონსონის პირადი მძღოლი მოულოდნელად მივიდა გოგონასთან და უფროსის ოფისში წიყვანა.
მოხუცი მილიარდერი ბასიას სიყვარულში გამოუტყდა. "ერთმანეთს არ ვესაუბრებოდით ხოლმე, მაგრამ ვიცოდი, როგორი კარგი ადამიანი იყო და ამ შანსის ხელიდან გაშვება უდიდესი შეცდომა იქნებოდა." - თქვა ქალმა.
თუმცა, ეს იყო ზღაპარი, რომელიც ჟურნალისტებისთვის შეთხზა. რეალურად, ბასია სამი წლის განმავლობაში ჯონსონის საყვარელი იყო. ამის შემდეგ გადაწყვიტა კაცმა ცოლთან განქორწინება. იმ დროისათვის სიუარდი 76 წლის იყო, ხოლო ბასია - 34-ის.
სიუარდ ჯონსონის ექვსი შვილიდან, რომელთაგანაც ოთხი პირველი ქორწინებიდან, ხოლო ორი მეორედან ჰყავდა, არც ერთმა აღიარა ეს ურთიერთობა და ჩათვალეს, რომ მოხუცი ჭკუიდან გადავიდა.
თავად ჯონსონმა კი აღნიშნა, რომ მხოლოდ ახლა იწყებდა ცხოვრებას, რადგან იპოვა ქალი, რომელიც მის ინტერესებს იზიარებდა. ბასია მშვიდი და მოსიყვარულე ცოლი აღმოჩნდა. ყოფილი მოსამსახურე თვლიდა, რომ თანხა ხელოვნებაში უნდა ჩაედოთ, თანაც კარგად იცოდა, როგორ.
12-წლიანი ქორწინების შემდეგ ბასიამ მოახერხა ძვირადღირებული კოლექციის შექმნა, რომელშიც ცნობილი მხატვრებს ნახატები, ანტიკვარული ავეჯი, სხვადასხვა ჭურჭელი და ძვირფასეულობა შედიოდა. 2004 წელს ლონდონის აუქციონზე მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბადმინტონის კაბინეტი გაყიდა. ის ლიხტენშტეინის პრინცმა ჰანს-ადამ II-მ 36,7 მილიონ დოლარად შეიძინა. მეორე რეკორდი 2009 წელს დაამყარა, როდესაც რემბრანდტის ნახატი "მამაკაცის პორტრეტი" 32,9 მილოონ დოლარად გაყიდა. მფლობელი აზარტული თამაშების მაგნატი სტივ უინი გახდა.
"ტანსაცმელი, ლამაზი ფეხსაცმელი, ჩანთები, ძვირად ღირებული მანქანები და სახლებიც კი დროთა განმავლობაში ცვდება, ინგრევა და ქრება. მხოლოდ ხელოვნებაა უცვლელი. ფული კი არ უნდა შეაგროვოთ, არამედ კოლექცია შექმნათ", - ამბობს ბასია.
ბარბარამ სწორედ ასეთი კოლექცია შექმნა. ექსპერტებმა ჯონ სიუარდ ჯონსოსნის სიცოცხლეშივე ეს ქონება ას მილიონ დოლარად შეაფასეს. უამრავი ცნობილი მხატვარი იყო მის კოლექციაში: კლოდ მონე, პაბლო პიკასო, რემბრანდტი, ტიციანი. გარდა ამისა, ქმარმა მას ნიუ-ჯერსიში მამული გადასცა, რომელიც 25 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ამ ადგილზე შეიქმნა სპეციალური სივრცე, მესამე მსოფლიო ომისთვის, რადგან კაცს ბირთვული ომის ეშინოდა და ელოდა კიდეც მოვლენების ამგვარ განვითარებას. იქვე იყო ძაღლების თავშესაფარი და ორქიდეების ორანჟერეა.
ბარბარა ძალიან ძლიერი მენეჯერიც აღმოჩნდა, თავად აკონტროლებდა ყველაფერს. ქმარიც ახალგაზრდა მეუღლეს ყველაფერს უსრულებდა. უამრავ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხა სოლიდური თანხა, დაეხმარა ბელარუს სტუდენტებს, რომლებიც აშშ-ში სასწავლებლად მიდიოდნენ. ჯონ სიუარდ ჯონსონს პროსტატის კიბო დაუდგინდა. როგორც ამბობენ, მაშინ, როცა კაცი კვდებოდა, ბარბარა თბილად იჯდა ოთახში და ჟურნალს კითხულობდა. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ეს შვილების მოგონილი ჭორი იყოს, რადგან მამამ მთელი ქონება ახალგაზრდა ცოლს დაუტოვა.
მემკვიდრეებსა და ქვრივს შორის ქონებრივი დავა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაცვლილი მილიარდერის შვილები ამტკიცებდნენ, რომ მამა საღ გონებაზე აღარ იყო და არ იცოდა, ხელს რას აწერდა. თუმცა, ბასიამ საპირისპიროს დამტკიცება მოახერხა.
"ძალიან ვწუხვარ, რომ შვილები საკუთარ მამას ვერ უგებენ და დასცინიან. ისინი ნებაყოფლობით ჩამოსცილდნენ მას", - თქვა ბასიამ სასამართლოზე. ბარბარამ ასევე განაცხადა, რომ თითოეული მემკვიდრე 20-დან 100 მილიონ დოლარამდე საჩუქარს მიიღებდა, ამიტომ მათ სხვა ქონებაზე პრეტენზია ვეღარ ექნებოდათ. სასამართლო პროცესი 4 თვეს გაგრძელდა. ქალმა 350 მილიონი მიიღო მემკვიდრეობით, დანარჩენი თანხა კი შვილებზე გადანაწილდა. ნაწილი გადასახადების გადახდას მოხმარდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ბასიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა მენეჯერული ნიჭი და უნარები და ქონება 3,6 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. ასე აღმოჩნდა Forbes-ის ყველაზე მდიდარი ქალებიდან 376-ე ადგილიდან 42-ზე.
სიცოცხლის ბოლო წლები ბასიამ მონაკოში გაატარა. ბინა მონტე-კარლოში იყიდა და დახურული გოლფის მოედანი იქირავა. ბარბარას ძალიან უყვარდა პარიზის კაფეებში საუზმე, ზღვაზე დიდხანს ცურვა და საღამოს წიგნების კითხვა ხელოვნებაზე. როდესაც ექიმებმა მას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, ბარბარამ საკუთარი უნიკალური კოლექციის ნაწილი მონაკოს მუზეუმს გადასცა, რაც მისი სიკვდილის შემდეგ აუქციონზე გაყიდეს. ვინ გასცა შედევრების გაყიდვის ბრძანება უცნობია, მაგრამ ზუსტადაა ცნობილი, რომ ბასია სიკვდილამდე საკუთარ სამშობლოში ჩავიდა. ის ვროცლავშია დაკრძალული. ასე გაიარა ქალმა უზარმაზარი გზა დამლაგებლობიდან მილიარდერობამდე და ბოლოს მაინც საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდა.