ჰოლანდიური წარმოშობის მოდელს კარენ მულდერს თავის დროზე მსოფლიოს ტოპ-მოდელებს შორის ულამაზეს ქალად ასახელებდნენ. მისი სამოდელო კარიერა 90-იან წლებს დამთხვა - ეპოქას, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი დრო აშორებდა საზოგადოებრივი მოძრაობისგან „მეც“, რომლის ფარგლებშიც უამრავმა ქალმა მოძალადე გავლენიანი მამაკაცები ამხილა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ამ თემაზე ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდა, კარენი პირველი იყო, რომელმაც პარიზში 2001 წელს გადაცემა Tout Le Monde En Parle-ს ჩაწერისას სტუდიაში მოწვეული მაყურებლების წინაშე სათითაოდ დაასახელა ძალიან ცნობილი მამაკაცები, რომლებმაც მასზე იძალადეს. მათ შორის უყვნენ როგორც სამოდელო სააგენტოების ხელმძღვანელები, ტიტულოვანი და საზოგადოებისთვის ავტორიტეტული სახეები, ასევე საკუთარი მამა და ოჯახის მეგობარი, რომლებიც, მისი თქმით, ბავშვობიდანვე ძალადობნენ მასზე.
კარენ მულდერი ათ წელზე მეტი დროის განმავლობაში ბრწყინავდა მოდის სამყაროში. ამშვენებდა ცნობილი ტაბლოიდების ყდებს და ბილბორდებს, ბრწყინავდა ცნობილი ბრენდების რეკლამებში, იყო „ვიქტორია სეკრეტის“ ანგელოზი. ამიტომ გადაცემაში მისული მაყურებელი მისგან ასეთივე ლამაზსა და კაშკაშა ისტორიას ელოდა.
ფიქრობდნენ, რომ მოდელი სილამაზის შენარჩუნების ხრიკებს გაანდობდათ ან თაყვანისმცემლებზე ისაუბრებდა. თუმცა, რაც კამერებისა და მიკროფონების ჩართვის შემდეგ მოხდა, სტუდიაში მისულ მაყურებელს არასოდეს დაავიწყდება - კარენის მონოლოგის შემდეგ, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ შეაწყვეტინეს, სტუდიაში ჯერ სრული სიჩუმე ჩამოწვა. შემდეგ გამოირთო ყველა კამერა, მაყურებელს სთხოვეს, არ დაეტოვებინათ სტუდია. მოგვიანებით კი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი - კარენის სიტყვები სტუდიის ფარგლებს არ უნდა გაცდენოდა. გადაცემის ჩანაწერი გაანადგურეს. რამდენიმე დღეში კი კარენი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
კარენ მულდერი იმ ეპოქის ლამაზმანი გახლდათ, როცა ტოპ მოდელები პლანეტის ყველაზე ცნობილი სახეები იყვნენ. მსოფლიოს კარგად ახსოვს ლინდა ევანგელისტას ხმამაღალი ფრაზა, რომ ლოგინიდანაც კი არ წამოდგებოდა 10 ათას დოლარზე ნაკლებად. კარენი კი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოთხოვნადი მოდელი გახლდათ, ჩუმად შრომობდა ამ თანხის საშოვნელად. ის სამოდელო სფეროს მწვერვალზე იდგა, თუმცა არასოდეს მიუპყრია ყურადღება სკანდალური ქცევით. მას ყველაზე გაწონასწორებულ და საღად მოაზროვნე მოდელად იცნობდნენ, სანამ სხვები თავიანთი ახირებებით ათას თავსატეხს უჩენდნენ პროდიუსერებსა და სამოდელო ინდუსტრიის პერსონალს, კარენი მოკრძალებულად იღიმებოდა და ყოველგვარი სკანდალისგან შორს იდგა.
მის უცნაურ ქცევებზე მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ალაპარაკდნენ - როცა კლინიკიდან გამოსული კვლავ სამოდელო ბიზნესს დაუბრუნდა. პერსონალი იხსენებდა, რომ ზუსტად გადღების დაწყების წინ, ჩაცმულსა და მაკიაჟიანს, შეეძლო მოთქმით ეტირა, რომ საშინლად გამოიყურებოდა, რომ „ყველას ლამაზი კაბა აცვია და მას ყველაზე მახინჯი ჩააცვეს“.
მანამდე კი მისგან პრობლემა არავის შექმნია. კარენის კაირერის წლები ევროპასა და ამერიკას შორის გამუდმებულ მოგზაურობაში გადიოდა. ის კარლა ბრუნთან მეგობრობდა. ორივე გაურბოდა ხმაურიან ცხოვრების წესს და ინტელიგენტ, არისტოკრატული მანერების მქონე გოგონებად იცნობდნენ. კარენი მართლაც მილიონებს შოულობდა, თუმცა ყოველგვარი ხმამაღალი განცხადებების გარეშე. 21 წლის ასაკში მას უკვე რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი ჰქონდა Guess-თან.
მეგაბრენდები მასთან თანამშრომლობაში ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ. ლამაზი სხეულის გარდა მას ჰქონდა ძალიან ლამაზი სახეც, რაც განსაკუთრებით მაღალანაზღაურებად მოდელად აქცევდა და ერთნაირად მოთხოვნადი იყო როგორც თეთრეულის რეკლამაში, ასევე კოსმეტიკის რეკლამისთვის საჭირო ახლოხედიან გადაღებებში. ის ყველა რაკურსში იდეალური იყო.
...და ამ ყველაფრის ფონზე მას საკუთარი გარეგნობა არ მოსწონდა, ვერც სარკეში ყურებას იტანდა და მიაჩნდა, რომ სხვები სჯობდნენ.
„იცოდით, რომ ფოტოების გადაღებას ვერ ვიტან. არასოდეს ვყოფილვარ კამერის წინ ბუნებრივი, არასოდეს არავის გადავუღივარ ისეთი, როგორიც ვარ. მოდელის საქმიანობა, პირველ რიგში, როლის თამაშია, სხვადასხვა პიპაჟის ტყავში შეძრომა. სულ მესმოდა, „ულამაზესი ხარ“, „ფანტასტიური ხარ“... მე კი ახლოსაც არ ვარ ამ შეფასებებთან, არასოდეს ვყოფილვარ ის, რაც სინამდვილეში ვარ და რაც მეტად კეთდება აქცენტი ჩემს გარეგნობაზე, მით უფრო დიდ ტკივილს ვგრძნობ გულში. ჩემი სამუშაო ჩემთვის ყოველთვის ტანჯვა იყო, მაგრამ ამ ტანჯვას ისევ მისი წყალობით ვივიწყებდი - კამერის წინ როლის თამაში ცოტა ხნით გავიწყებს ტკივილს,“ - ასე დაიწყო მან თავისი სკანდალური აღიარება.
ამ ლამაზი წვეულებები მიღმა კი აი, რა ხდებოდა:
„ჩემგან მეძავის შექმნა სურდათ. ნარკოტიკებით მაბრუებდნენ და ჩემზე ძალას ხმარობდნენ. ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რა მარტივია და რა საშიში - მათ თავს ვერ დააღწევ, კავშირები ყველგან აქვთ. მათ შორის იყო პრინცი ალბერიც. სამოდელო ბიზნესი გოგონების კონვეირია, რომელიც მდიდარი მამაკაცებისთვის მუშაობს“ - განაცხადა კარენმა გადაცემის ჩაწერისას და სავარაუდოდ, სწორედ ალბერის ხსენება იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ტელეარხის ხელმძღვანელობამ ჩანაწერი გაანადგურა, კარენი კი ფსიქიატრიულში გამოკეტეს.
კლინიკაში მკურნალობისას კარენმა წერილები გაუგზავნა იმ მამაკაცებს, ვისაც საჯაროდ დასდო ბრალი და მათგან პატიება ითხოვა. ადრესატებს შორის პრინცი ალბერიც იყო, რომელმაც "დიდსულოვნად მიუტევა" კარენს ცილისწამება.
მკურნალობის შემდეგ კარენმა განაცხადა, რომ თავს უკეთ გრძნობს. სამოდელო სფეროშიც დაბრუნდა და 2006 წელს ქალიშვილიც გააჩინა, თუმცა მამის ვინაობა არასოდეს დაუკონკრეტებია.
მშობიარობიდან ერთ წელიწადში ჯონ გალიანოს პირადი თხოვნის საფუძველზე საზეიმოდ დაბრუნდა პოდიუმზე შემოდგომა-ზამთრის კოლექციის წარსადგენად. ამის შემდეგ მისი სახელი სკანდალურად კიდევ ერთხელ გამოჩნდა ყვითელ პრესაში. მას კოსმეტოლოგი უჩიოდა ფსიქოლოგიური ტერორის, მუქარისა და სანტაჟის ბრალდებით.
მას შემდეგ კარენ მულდერზე აღარავინ საუბრობს. ის ძალიან ჩუმ და მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევა. მართალია, დღეს ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდებოდა მოძალადეების მხილების საქმეში, მაგრამ ამაზე საუბრის სურვილი მას აღარ გამოუთქვამს.