სა-მკითხველ-ორეალური ამბები
"თავისუფალი ვარ! ჩემმა დამ საკუთარი სიცოცხლე მაჩუქა"- ტყუპი დის მისტიკური ისტორია, რომელსაც დღესაც ვერ ხსნიან
"თავისუფალი ვარ! ჩემმა დამ საკუთარი სიცოცხლე მაჩუქა"- ტყუპი დის მისტიკური ისტორია, რომელსაც დღესაც ვერ ხსნიან
ტყუპს შორის სულიერი კავშირის გაწყვეტა შეუძლებელია. ჯუნ და ჯენიფერ გიბონსების ისტორია ამის ნათელი მაგალითია. მეტიც, ეს ფაქტი მათ განსაკუთრებულ და ახალ დონეზე აიყვანეს. შექმნეს საკუთარი ენა და ერთმანეთის გარდა არავის ეკონტაქტებოდნენ. არასტაბილური ურთიერთობა, ფსიქიატრიული საავადმყოფო და ერთ-ერთი დის იდუმალი სიკვდილი - მათი ამბავი კვლავ ბურუსითაა მოცული.

ტყუპი და, ჯუნი და ჯენიფერი, 1963 წლის 11 აპრილს გლორია და ობრი გიბონსების ოჯახში დაიბადა. მათი დაბადებიდან მალევე მშობლები პატარა ქალაქ ჰავერფორდუესტში გადავიდნენ საცხოვრებლად. მამა დიდი ბრტანეთის საჰაეროს ძალების მექანიკოსი იყო. კაცი აღფრთოვანებული იყო
იმ ადგილის სიმშვიდით და სჯეროდა, რომ გოგონების აღზრდას გაერთიანებულ სამეფოში კარგად მოახერხებდა. გლორია დიასახლისი იყო, ამიტომ ოჯახში მიიღეს გადაწვეტილება, რომ გოგონები საბავშვო ბაღში არ გაეგზავნათ და მათი განვითარება დედას აეღო საკუთარ თავზე. ქალი შვილებთან დიდ დროს ატარებდა და მალევე მიხვდა, რომ ჯუნი და ჯენიფერი უცნაურად იქცეოდნენ. თავიდან ფიქრობდა, რომ ბავშვები მორცხვები იყვნენ და ამის გამო არავის ესაუბრებოდნენ, ერთმანეთის გარდა. გლორია ცდილობდა, რაღაც დადებითი ენახა მათ ქცევაში და ამბობდა, რომ კარგი იყო, ასე ახლოს რომ იყვნენ ერთმანეთთან, ზრდასრულ ასაკში საუკეთესო დასაყრდენი ეყოლებოდათ ერთმანეთის სახით.

mshoblebi
ასე გადიოდა თვეები და წლები. გოგონები კი სოციალური წრის გაფართოებას არ ცდილობდნენ. ორივეს მეტყველების სეროზული დარღვევა ჰქონდა, ამიტომ მათი თითქმის არავის ესმოდა.
არავინ ემეგობრებოდათ, ისეთი მორცხვები და ჩაკეტილები იყვნენ, რომ სახლიდან თითქმის არ გადიოდნენ. თუმცა, სრულყოფილად ესმოდათ ერთმანეთის. მშობლებმა რატომღაც არ ჩათვალეს სპეციალისტების ჩართვა საჭიროდ. ცოლ-ქმარი შეთანხმდა, რომ გოგონები განვითარებას ჩამორჩებიან და პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე აიღეს.
1968 წელს ოჯახში კიდევ ერთი გოგონა, როზი გაჩნდა და გლორიას იმდენი დრო აღარ დარჩა უფროსებთან ურთიერთობისთვის. ასევე, უკვე დრო იყო, ტყუპი სკოლაში გაეგზავნათ. მშობლები ძალიან ღელავდნენ იმ ფაქტზე, რომ ბავშვები თანაკლასელებს არ ეკონტაქტებოდნენ. დედასაც კი ძლივს ესმოდა მათი ფრაზების. ნერვოულობა აზრს მოკლებული არ ყოფილა. ქალაქში მოსახლეობის დიდი ნაწილი თეთრკანიანი იყო, სკოლაში მხოლოდ ტყუპი და იყო შავკანიანი. ცნობილია, რომ გამუდმებით ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლნი, თანატოლები რასისტულ ფრაზებს ეუბნებოდნენ. ყოველდღე ატერორებდნენ და ურტყამდნენ. გოგონები კი ბულინგს ჩუმად იტანდნენ.

არც მასწავლებლები გამოირჩეოდნენ დიდი მონდომებით. ბავშები ნებისმიერ შეკითხვას დუმილით პასუხობდნენ. ჯუნი და ჯენიფერი სახლში ადრე ბრუნდებოდნენ, რომ უფროსკლასელებთან შეხვედრისთვის თავი აერიდებინათ. შედეგად, გოგონები კი არ განვითარდნენ, უფრო ჩაიკეტნენ. მშობლებთან სკოლაში არსებულ გარემოზე არაფერს ამბობდნენ, თითქოს სულ სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ. ერთადერთი ადამიანი, რომელთანაც ცალკეულ ფრაზას ამბობდბებ, მათი პატარა და იყო. არც მშობლები იჩენდნენ დიდ ყურადღებას. თითქოს შეეგუვნენ ამ ფაქტს, ტყუპს ვეღარც ამჩნევდნენ და ერთადერთი საზრუნავი პატარა ქალიშვილი გახდა.

ბულინგისა და აგრესიის გარემოში ბავშვების პრობლემა კიდევ უფრო მძაფრდებოდა, რამაც გამოიწვია ის, რომ საბოლოოდ დაშორდნენ ამ სამყაროს. გოგონებმა გამოიგონეს ენა, რომელიც მარტო მათ იცოდნენ და სხვას არავის ესმოდა. ამ ფენომენს კრიპტოფაზია ეწოდება. მათი მეტყველება ყოველთვე უფრო ინდივიდუალური ხდებოდა და ირგვლივმყოფებისთვის გაუგებარი. ინგლისურად მხოლოდ წერდნენ.

ერთმანეთის გარეშე არ შეეძლოთ

როდესაც გოგონები 14 წლის იყვნენ, მათი ამბით შემთხვევით სკოლის ფსიქოლოგი დაინტერესდა. მან მშობლებს მისცა რეკომენდაცია, ბავშვები ფსიქოთერაპევტთან წაეყვანათ და გაერკვიათ, რა იყო ჩაკეტილობის მიზეზი. მკურნალობას შედეგი არ მოჰყოლია. ჯუნი და ჯენიფერი სპეციალისტთან საუბარზე უარს ამბობდნენ. შემდეგ ფსიქოლოგმა მათ მშობლებს ურჩია, სხვადასხვა სკოლა-ინტერნატში გაეგზავნათ, რათა მხოლოდ ერთმანეთთან საუბარი შეეწყვიტათ და სხვებთანაც ჰქონოდათ კომუნიკაცია. ამან უარესი შედეგი გამოიღო. ჯუნი და ჯენიფერი ერთი კვირის განმავლობაში გაშეშებულები იწვნენ, ერთ წერტილს მისჩერებოდნენ, არ რეაგირებდნენ და არც მედპერსონალის მოთხოვნაზე ჰქონდათ რეაქცია. უფრო ცუდი, მათ ჭამაზეც უარი თქვეს.

მშობლები შეწუხდნენ ბავშვების მდგომარეობით და გადაწყვიტეს, სახლში წაეყვანათ. საკუთარი ოთახიდან აღარ გამოდიოდნენ, თამაშობდნენ, ლაპარაკობდნენ და დაუკითხავად იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდნენ. ლიტერატურული საქმიანობაც კი დაიწყეს. თითოეულმა მათგანმა რამდენიმე რომანი დაწერა, რომელთა სიუჟეტი საშიში და ძალადობრივიც კი იყო. გოგონებს ძალიან უნდოდათ, წარმატებული მწერლები გამხდარიყვნენ, თუმცა ყველა გამომცემლობამ უარი თქვა მათ დაბეჭდვაზე.
რომანების წერის გარდა, გოგონებს პირადი დღიურიც ჰქონდათ და ბევრი რამ იქიდანაა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ტყუპის ურთიერთობა იდეალურისგან ძალიან შორს იყო. ჯენიფერის თქმით, მისი და მისივე ჩრდილი იყო, რომლის გარეშეც მან თავისუფლება იპოვა. გოგონა დარწუმებული იყო, რომ მას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, ზუსტად ტყუპისცალის გამო. მეორე მხრივ, ჯუნი ხშირად წერდა, რომ ეშინოდა, დას არ მოეკლა, ამბობდა, რომ მის თვალებში სისხლს ხედავდა. ერთხელ მართლა სცადა მავთულით მისი დახრჩობა. ეს იყო ამოუცნობი ურთიერთობა. ბავშვებს თან ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და არ შეეძლოთ ცალ-ცალკე, თან სძულდათ.
mshoblebi

ერთად სამუდამოდ

სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონები არაპროგნოზირებადი და ძალიან სასტიკნი გახდნენ. დაიწყეს ალკოჰოლისა და სხვადასხვა არალეგალური საშუალების მიღება. საპირისპირო სქესი არ აინტერესებდათ. როდესაც გააცნობიერეს, რომ დიდებას მწერლობით ვერ მოიხვეჭდნენ, ცნობილობა სხვა გზით, კრიმინალით სცადეს. მათ გადაწვეს ტრაქტორების მაღაზია, გაძარცვეს ადგილობრივი კოლეჯი, გაანადგურეს არაერთი ნივთი და თავს ესხმოდნენ ადამიანებსაც კი.

ყურადღების მიპყრობის ბოლო მცდელობა ყველაზე ცნობილი ფსიქიატრიული კლინიკის გადაწვა იყო. ღონისძიებამ შედეგი გამოიღო. ყველა მედია მათზე წერდა. ამასთანავე, მოსამართლემ თოთხმეტწლიანი მკურნალობა მიუსაჯა იმავე ფსიქიატრიულ კლინიკაში, რომლის გადაწვასაც აპირებდნენ. მოსამართლემ, თქვა, რომ დები სერიოზულ შფოთვით აშლილობას განიცდიდნენ და საზოგადოებისათვის საშიშნი იყვნენ.
კლინიკაში მედპერსონალმა აღმოაჩინა, რომ გოგონები ყოველ მეორე დღეს ჭამდნენ - მონაცვლეობით. ამავე დროს, ისინი კვლავ გაშეშდნენ და ერთ პოზაში გაუნძრევლად იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა პაციენტებისაგან განსხვავებით, მშვიდად იქცეოდნენ და არც გაქცევას ცდილობდნენ, ექიმები მათ კამერაში შესვლას გაურბოდნენ. თერთმეტი წლის შემდეგ მათთან ინგლისელი ჟურნალისტი მეჯორი უოლესი შევიდა ინტერვიუსთვის. ჯენიფერი და ჯუნი პირველად გამოელაპარაკნენ უცნობ ადამიანს. საავადმყოფოში იშვიათად შეხვედრის დროს გოგონები გამოგონილ ენაზე ლაპარაკობდნენ და სხვებს არ ეკონტაქტებოდნენ. სხვათა შორის, არც მშობლებს და არც უმცროს დას მათი ნახვის უფლება არ ჰქონდათ.

mshoblebi

დასასრულის დასაწყისი

დებმა ჟურნალისტს უთხრეს, რომ მათ შორის ხანგრძლივი შეთანხმება იყო, რომლის თანახმადაც, თუ ერთი მოკვდებოდა, მეორე ადამიანებთან ურთიერთობას და მათთან საუბარს დაიწყებდა. ჯენიფერმა მაშინვე დაამატა, რომ ის პირველი დატოვებდა ამ სამყაროს, რადგან ასე გადაწყვიტეს. "ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია. ერთ-ერთი ჩვენგანი აუცილებლად უნდა მოკვდეს, რომ მეორე ნორმალური ადამიანი გახდეს", - განაცხადა გოგონამ.

მალე გოგონები კარგი ქცევის გამო სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მანქანაში ჩასხდომისას, ჯენიფერმა დას ჩასჩურჩულა, რომ მალე წავიდოდა. მან თავი ჯუნის კალთაში ჩადო და დაიძინა. თუმცა, საავადმყოფოში მისი გაღვიძება ვეღარ შეძლეს. გოგონა გზაში გარდაიცვალა. 30 წლის ასაკში გარდაცვალების მიზეზად გულის დაავადება დაასახელეს. ჟურნალისტი კვლავ დაბრუნდა ინტერვიუზე, ამჯერად მხოლოდ ჯუნთან. "თავისუფალი ვარ, ჯენიფერმა საკუთარი სიცოცხლე მომცა", - თქვა გახარებულმა გოგონამ.

mshoblebi
როგორ შეიძლებოდა ჯენიფერს საკუთარი სიკვდილი ეწინასწარმეტყველებინა, სპეციალისტებისათვის ამოუცნობია. მის სხეულში ნარკოტიკების ან სხვა ნივთიერებების კვალი არ აღმოჩენილა, ამიტომაც გამოძიებამ თვითმკვლელობა თავიდანვე უარყო. სამი წლის შემდეგ ჯუნი გაათავისუფლეს და მან ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობა დაიწყო. დისთვის მიცემული პირობა არ გაუტეხავს. ახლა ის მშობლების სახლიდან არც ისე შორს ცხოვრობს და გამყიდველად მუშაობს. ოჯახი არასდროს შეუქმნია. ადამიანების ნდობა ვერ ისწავლა, რადგან ბევრი წელი მოძალადეებთან, მანიაკებთან და მკვლელებთან ერთად გაატარა.

"დავიღალეთ ომით. ეს საშინელი ბრძოლა იყო. ვიღაცას მანკიერი წრე უნდა გაერღვია..." - ესაა ბოლო ფრაზა, რაც ჯენიფერის დღიურში ეწერა. ისტორია კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ტყუპებს საოცარი ემპათიის უნარი აქვთ. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს სიახლოვე ტრაგიკულად მთავრდება.
ბეჭდვა