რადიარდ კიპლინგის ცნობილ ისტორიას, სადაც ადამიანი მგლებმა აღზარდეს, ბედნიერი დასასრული აქვს და გვაძლევს იმედს, რომ ცხოველთა სამყაროში გაზრდილ ბავშვებს გადარჩენისა და ნორმალურად განვითარების შესაძლებლობა აქვთ. თუმცა, სინამდვილე განსხვავებულია. როგორც წესი, "მაუგლ ბავშვებს" აღარ აქვთ შანსი, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.
1980 წელს მთელი მსოფლიო 9 წლის პორტუგალიელი გოგონას ისტორიამ შეაძრწუნა. მას მარია იზაბელი ერქვა. ბავშვმა მრავალი წელი საქათმეში გაატარა. მოკლებული იყო ყოველგვარ მატერიალურ სიკეთეებს, ზრუნვას, სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებს.
იმ ჩვევების გამო, რაც ქათმებთან იძულებითი ცხოვრების შემდეგ შეიძინა, მედიამ მას "გოგონა-ქათამი" შეარქვა...
ქალმა მაშინვე უარყო ოჯახის ახალი წევრი. როდესაც ბავშვი ერთი წლის იყო, საქათმეში წაიყვანა და იქ ქათმებთან ერთად დატოვა. ოჯახის სხვა წევრებს ქალის შეჩერება და ბავშვის დაბრუნება არ უცდიათ.
საინტერესოა ისიც, რომ უფროსი ვაჟებისთვის ქალი სამაგალითო, მოსიყვარულე და მზრუნველ დედად დარჩა. ბიჭები კარგად იკვებებოდნენ, ეძინათ თბილ საწოლში, დადიოდნენ სკოლაში, თამაშობდნენ თანატოლებთან ერთად. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა სახლში. მარია იზაბელი იძულებული იყო, ის ეჭამა, რასაც ქათმები ჭამდნენ: მარცვლეული, კომბოსტოს ფურცლები, ნარჩენები. მას არავინ უახლოვდებოდა, 1976 წლამდე სრულ სოციალურ იზოლაციაში იზრდებოდა, ვიდრე მის გაუბედურებულ ცხოვრებაში იმედის სხივი არ გამოჩნდა.
1976 წელს მარია იზაბელის ერთ-ერთმა დეიდამ, როდესაც გაიგო, რა პირობებში ცხოვრობდა ბავშვი, განგაში ატეხა და დაუყონებლივ მოითხოვა ექიმების ვიზიტი. ექიმები მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ გოგონას გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა, რადგან მას განვითარების შეფერხება და სერიოზული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
გოგონა ნათესავებმა სხვადასხვა სარეაბილიტაციო და ფსიქიატრიულ დაწესებულებაში წაიყვანეს, მაგრამ უჩვეულო პაციენტის დატოვებაზე ყველა უარს ამბობდა. დეიდა იძულებული გახდა, ბავშვი იმ საშინელ პირობებში დაებრუნებინა, სადაც ამდენი წელი გაატარა. ექიმებმაც საშინელ დანაშაულზე თვალი დახუჭეს.
თითქმის მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ბავშვი საქათმეში ცხოვრობდა და ქათმების საჭმლით იკვებებოდა, თუმცა აზრად არავის მოსვლია, რამე გაეკეთებინათ. უცხოელმა ჟურნალისტებმა ეს ამბავი იმით ახსნეს, რომ სოფელში ბავშვის მეზობლები მძიმე ფიზიკურ შრომას ეწეოდნენ და სხვის საქმეში ჩარევას გაურბოდნენ.
მარია იზაბელის ფოტო პორტუგალიური გამოცემების მთავარ ყდაზე გამოჩნდა. რეპორტიორები წერდნენ: "ძნელი წარმოსადგენია, ამ პირობებში ვინმე გადარჩეს, მაგრამ ყველაზე საშინელი ის გულგრილობაა, რომელსაც ადამიანები იჩენდნენ. ოთხი წლის წინ, ექიმებმა იცოდნენ, რომ ბავშვს აუცილებლად სჭირდებოდა დახმარება, მაგრამ არაფერი გააკეთეს, განზე გადგნენ."
გოგონას ცხოვრების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პორტუგალიის პირველმა ლედიმ, მანუელა ეანეშმა. ქალი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მარია იზაბელი ქვეყნის საუკეთესო სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებულიყო. იმ კლინიკის დირექტორმა, სადაც ბავშვი მოხვდა, ჟურნალისტებს განუცხადა: "პირადი დაკვირვებით, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საკუთარი ასაკისათვის ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებას. ეს სრულ სოციალურ იზოლაციას უკავშირდება. გოგონას საქციელი პრიმიტიულია და მხოლოდ მარტივი რეფლექსებისაგან შედგება."
ამბობდნენ, რომ გოგონას ტირილიც კი არ შეეძლო, უფრო შემზარავი არის ის, რომ "გოგონა-ქათამი" სრულად იმეორებდა ქათმების მოძრაობასა და ქცევას. ხელებს აქნევდა, პატარა ნაბიჯებით დადიოდა, არ შეეძლო ლაპარაკი და ძალიან გამხდარი იყო, რადგან მხოლოდ მარცვლეულითა და ნარჩენებით იკვებებოდა. 10 წლის მარია იზაბელი, გონებრივი განვითარების თვალსაზრისით, 2 წლის ბავშვს ჰგავდა.
ბევრი წლის განმავლობაში, მასთან უამრავი სპეციალისტი მუშაობდა, თუმცა მომდევნო 10 წელი ლაპარაკი ვერ ისწავლა. მარტივი რაღაცების ჟესტებით ახსნა შეეძლო. გოგონა მაინც ქათამივით იქცეოდა. თუმცა, ექიმები იმედს არ კარგავდნენ. მცდელობამ მაინც გაამართლა, რადგან მან სკამზე ჯდომა ისწავლა. ჟესტური ენით გამოხატავდა არა მხოლოდ ემოციას, არამედ სურვილსაც.
სპეციალისტების თქმით, მარია იზაბელი ვეღარასდროს ისწავლის ადამიანივით ქცევას. ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა ქალი, განვითარების კუთხით, 4 წლის ბავშვს ჰგავს.
იმ სარეაბილიტაციო ცენტრის თანამშრომლები, სადაც ქალმა მრავალი წელი გაატარა, ჟურნალისტებს მიახლოების საშუალებას არ აძლევენ, რათა მარია იზაბელი ზედმეტი ყურადღებისგან დაიცვან. 25 წელია პრესაში მისი არც ერთი ახალი ფოტო არ გავრცელებულა. ახლა ის 51 წლისაა და კვლავ სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.