მოგიყვებით ცნობილ ადამიანებზე, რომლებსაც მშობლების ნაცვლად, სხვა ადამიანები დაეხმარნენ წარმატების მიღწევაში.
კრივის მომავალი ლეგენდა მაიკ ტაისონი რთული მოზარდი იყო. მშობლები მას ყურადღებას არ აქცევდნენ, ამიტომაც ბიჭი მარტო იყო, საკუთარ ნებაზე მიშვებული და ხშირად ჰქონდა სამართალდამცავებთან პრობლემები. როდესაც ციხეში მოხვდა, მაიკმა ვარჯიში დაიწყო. მოგვიანებით, ის შეამჩნია და თავისთან წაიყვანა ტრენერმა კას დ’ამატომ.
ტაისონი მის ოჯახში ცხოვრობდა და მისივე ხელმძღვანელობით 1979 წლიდან 1985 წლამდე ვარჯიშობდა. როდესაც დ’ამატო გარდაიცვალა, მაიკმა მას თავისი ჩემპიონის ტიტული მიუძღვნა. ის მწვრთნელის ოჯახის მონახულებას ამ დრომდე აგრძელებს. "რომ არა დ’ამატო, მეც ზუსტად ისე დავასრულებდი, როგორც ათასობით შავკანიანმა მოზარდმა გეტოდან", - წერს ტაისონი საკუთარ ავტობიოგრაფიაში.
ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქის პიონერი სტივ ჯობსი ბავშვობაშივე გააშვილეს. მისი ნამდვილი მშობლები სირიელი აბდუფატახ ჯანდალი და გერმანელი ჯოან შიბლე იყვნენ. ვისკონსინის უნივერსიტეტში მუშაობდნენ. ნათესავები მათი ურთიერთობის წინააღმდეგნი იყვნენ. ჯოანს მამა დაემუქრა, რომ მემკვიდრეობის გარეშე დატოვებდა.
სტივის მიმღებ ოჯახს ბავშვის ნამდვილმა დედამ სთხოვა, რომ კოლეჯში გაეგზავნათ და კარგი განათლება მიეცათ. ჯოანი ინტელიგენტის ოჯახიდან იყო და სურდა, რომ მის ვაჟსაც მიეღო განათლება, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მას სხვა ადამიანები აღზრდიდნენ.
ჯონ ლენონი 1940 წელს ლივერპულში გერმანიის საჰაერო იერიშის დროს დაიბადა. მისი მშობლები მალევე განქორწინდნენ და ჯონი აღსაზრდელად დეიდასთან გაგზავნეს. ქალს კი ძალიან უყვარდა წესრიგი და ჯონის მუსიკით გატაცება სულაც არ მოსწონდა. "გიტარა ვერ გარჩენს ცხოვრებაში, შვილო!" - ეუნებოდა მომავალ ვარსკვლავს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლენონმა დეიდას საკუთარი სახლი უყიდა და კედელზე მისი სიტყვები, რომ გიტარა ფულს ვერ აშოვნინებდა, მარმარილოს დაფით გამოაკრა. ამის შესახებ ჟურნალისტი და ბითლების ბიოგრაფი ჰანტერ დევისი წერს.
მოდის ტენდენციების მომავალი ექსპერტი კოკო შანელი 1883 წელს დაიბადა. დედამისი მშობიარობისას გარდაიცვალა. როდესაც 11 წლის გახდა, მამა სახლიდან წავიდა და გაბრიელი (ასე ერქვა მას დაბადებისას) ოთხ ძმასთან და დასთან ერთად კათოლიკურ ბავშვთა სახლში წაიყვანა. გოგონამ სწორედ იქ შეისწავლა სამკერვალო საქმის დეტალები.
როდესაც შანელი გაიზარდა, დატოვა ბავშვთა სახლი, გადავიდა პარიზში და იქ 1910 წელს საკუთარი ქუდების პირველი მაღაზია გახსნა. მისი თქმით, მონაზვნებს რომ მისთვის ჭრა და კერვა არ ესწავლებინათ, სამოდელო ინდუსტრიაში ალბათ წარმატების მიღწევას ვერ შეძლებდა.
მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს. ბიჭი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ისინი იყვნენ მისი მშობლები. ჯეკის დედა მომღერლად და მოცეკვავედ მუშაობდა, ბიჭს კი ბავშვობაში ეუბნებოდნენ, რომ ქალი მისი უფროსი და იყო. ფაქტი, რომ ბებია და ბაბუა მისი მშობლები არ იყვნენ, მსახიობს 1975 წელს Time-ის ჟურნალისტმა უთხრა.
მან არქივიდან მოიპოვა დოკუმენტები და ამბავი გაარკვია. მსახიობისთვის სიმართლის გაგება ნამდვილი შოკი იყო, თუმცა აღარავინ ჰყავდა, ემოციები რომ გაეზიარებინა. იმ დროისათვის, ნიკოლსონის ნამდვილი დედაც და აღმზრდელი ბებია და ბაბუა გარდაცვლილები იყვნენ.
ტარანტინოს ფილმის "ჯანგო გათავისუფლებული" ვარსკვლავი ჯეიმი ფოქსი ბებიამ და ბაბუამ გაზარდეს. დედამ მასზე უარი თქვა მაშინ, როცა ბიჭი ერთი წლისაც არ იყო. მიუხედავად ამისა, ჯეიმი მაინც აგრძელებს მასთან ურთიერთობას და ამბობს, რომ გულში წყენა არ აქვს.
ამავე დროს, ზოგიერთი ნათესავი მასზე წყენას გამოხატავს, რომ დედასთან ასეთი ურთიერთობა აქვს. ბრიტანული გამოცემები იმასაც წერენ, რომ მსახიობი მხოლოდ პირადი ცხოვრების ზღაპრულად მოწყობითაა დაკავებული და გაჭირვებულ ახლობლებს საერთოდ არ ეხმარება.
როკ-მუსიკის მომავალი ვარსკვლავი ერიკ კლეპტონი, ნიკოლსონის მსგავსად, დედას უფროს დად თვლიდა და დარწმუნებული იყო, რომ ბებია და ბაბუა მისი მშობლები იყვნენ.
სწორედ ბაბუამ უყიდა მას თავისი პირველი 6-სიმიანი გიტარა და ამ საჩუქარმა მთელი მისი მომავალი განსაზღვრა. ათეულობით წლების შემდეგ, ერიკი მსოფლიოში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად აღიარეს.