დღეს პოლინა ოსეტინსკაიაზე მოგიყვებით. მან შეძლო და მამის ჩაგვრას თავი დააღწია, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო.
"საკუთარი თავი 2 წლის ასაკიდან მახსოვს, როცა ჩემმა მშობლებმა ბნელ ოთახში მარტო დამტოვეს. ეს აღზრდის ერთ-ერთი მეთოდი იყო. ვყვიროდი და დახმარებას ვითხოვდი. ძალიან კარგად მახსოვს ეს ყველაფერი. კარის ქვემოდან, სულ მკრთალად სინათლე შემოდიოდა, სასოწარკვეთილი და შეშინებული ვიდექი და ყველაზე ახლობელი ადამიანებისგან იმედგაცრუებას ვგრძნობდი. ასე რომ, მე ძალიან პატარამ გავაცნობიერე, რომ ადამიანი ცხოვრების თითქმის ყველა მომენტში საკუთარ თავთან მარტო რჩება",- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში პოლინა.
გოგონა ძალიან ბევრი საბჭოთა კინოჰიტის ავტორის, ოლეგ ოსეტინკის ქალიშვილი იყო.
პატარა პოლინას გაუმართლა და ამავე დროს არ გაუმართლა. ერთ მხარეს ცნობილი და გავლენიანი ნათესავები, არანაკლებ შეძლებული მეგობრებით, ინტელიგენტური წრით, რომელშიც იზრდებოდა და ჰქონდა შესაძლებლობა, ადრეული ასაკიდანვე შეესწავლა უცხო ენები, ბალეტი, ფორტეპიანო. მეორე მხრივ კი მამის ზღვარგადასული სურვილი დიდებისა და პოპულარობისკენ...
პოლინა მოგვიანებით მამის დესპოტიზმს გაექცა და ბავშვობის ტრავმების მოშუშება შეძლო. პიანისტმა დაწერა წიგნი, "მშვიდობით, სევდა!", სადაც ჰყვება, რა გაუკეთა ტირანმა მამამ, რომ მის შვილს გენიოსის წოდება მიეღო.
პოლინა ექვსი წლის იყო, როცა მსოფლიოში სხვადასხვა კონცერტზე გამოდიოდა და უკრავდა. მამამისი, ცნობილი კინოსცენარისტი, ერთგვარ მარკეტინგულ კამპანიასაც მართავდა და ამბობდა, რომ სწორედ მან ასწავლა ბავშვს ურთულესი ტექნიკით დაკვრა. ჰქონდა აღზრდის საკუთარი მეთოდოლოგია. სწორედ ამ მეთოდით აპირებდა ასევე უმცროსი ვაჟის დიდ მოკრივედ გადაქცევას.
თავიდან მართლაც ასე იყო. 9 წლის პოლინა უკვეურთულეს კომპოზიციებს გადაბმულად რამდენიმე საათის განმავლობაში უკრავდა. შუმანის, ბეთჰოვენის, რახმანინოვისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებდა. შემდეგ უფრო საოცარი რამ მოხდა - ერთ საღამოს შუმანის ორი ურთულესი კლასიკური კონცერტი შეასრულა და ბეთჰოვენის მეხუთე კონცერტი. 10 წლის ასაკში - რახმანინოვის მესამე კონცერტი და სენ-სანსის მეორე კონცერტი. შემდეგ კი დებიუსის პრელუდიები და ლისტის ეტიუდები შეასრულა, 15-საათიანი პროგრამა დაიზეპირა.
ოლეგ ოსეტინსკის ბინაში მუსიკალური სამყაროს ყველა გამორჩეული წევრი იკრიბებოდა. ერთ-ერთ საშინაო კონცერტზე შვედმა პროფესორმა გონება დაკარგა და როცა გაიღვიძა, თქვა "რატომ ვსწავლობდი მთელი ცხოვრება ფორტეპიანოზე დაკვრას, როცა 9 წლის გოგონამ შეძლო იმის გაკეთება, რასაც მე 45 წლის ასაკში ვერ ვაკეთებ?" - რა თქმა უნდა, გოგონას მამის პატივმოყვარეობას მსგავსი ფაქტები მალამოდ ედებოდა.
პატარა პოლინა მამასთან ერთად დადიოდა გასტროლებზე, მთელი დღის განმავლობაში მართავდა კონცერტებს და დარჩენილ დროს რეპეტიციებს უთმობდა. პროფესიონალები ხშირად აკრიტიკებდნენ მისი შესრულების ტექნიკას, ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ რეგულარულად ასე ვარჯიში და დაკვრა ხელებს დაუზიანებდა, მაგრამ წინააღმდეგობას მალევე ტაში ცვლიდა.
...ერთხელ, როცა პოლინა 12 წლის იყო, მამას პატივსაცემი სტუმრები მოუვიდნენ. მისაღებში ჩაის მიირთმევდნენ. მამამ უცებ გოგონას მოსთხოვა, როიალთან დამჯდარიყო და შოპენი დაეკრა. - სწრაფად! სულ უფრო სწრაფად! გოგონამ ტირილი დაიწყო და თქვა, რომ ხელი სტკიოდა. განრისხებულმა მამამ ისე სცემა, ტუჩიდან სისხლი წამოუვიდა და თავი იატაკზე დაარტყა. კაბაც დაეხა... მამამ კვლავ აიძულა, ამდგარიყო და დაეკრა... სიტყვა არავის უთქვამს, ნაცემი პოლინა ადგა და დაუკრა - კლავიშებს სისხლის კვალი ეტყობოდა...
ცნობილ კინოსცენარისტს ბავშვების კვებასთან დაკავშირებითაც ჰქონდა საკუთარი შეხედულება.
"ჩემი საუზმე შეიძლება წყალში გაზავებული ერთი ჭიქა ვაშლის ძმრისგან შედგენილიყო. სადილი კი - გამხმარი ყველის ნაჭრისა და ერთი კოვზი თაფლისგან. ეს კომბინაცია ძალიან მძულდა. შემდეგ ნახევრად გამომცხვარი ანტრეკოტი შემოვიდა მენიუში. ვახშამი ყოველთვის არ იყო გათვალისწინებული ან შეიძლება ერთი ჭიქა კეფირი ან გამხმარი პური ყოფილიყო. კვებისთვის მხოლოდ 2-3 წუთი იყო გამოყოფილი, ამიტომ, რის გადაყლაპვასაც ამ დროს მოვასწრებდი, ის იყო ჩემი დღის რაციონი", - წერს პოლინა 2006 წელს გამოცემულ წიგშნი "გამარჯობა, მწუხარებავ!"
გოგონას დღის განმავლობაში 7-8 საათი უნდა დაეკრა პიანინოზე. ბევრი ჭამა აკრძალული იყო, რადგან მამა თვლიდა, რომ მშიერ კუჭზე უკეთესად კონცენტრირდებოდა. შემდეგ კინოსცენარისტმა გადაწყვიტა, პოლინასთვის ფიზიკური აქტივობა დაემატებინა და ამით ცდილობდა მისი გამძლეობის უნარისა და ნერვული სისტემის მდგრადობის განვითარებას. გოგონა სულ ტიროდა. ის იძულებული იყო, 5 კილომეტრი ერბინა, ეცეკვა.
ერთხელ ბავშვი თვის მასწავლებელთან დარჩა. არც ისე სუფთად გამოიყურებოდა, ამიტომაც, ქალმა გადაწყვიტა, დაებანა. როდესაც პოლინას ტანსაცმელი გახადა, ნახა, რომ სხეული სულ დალურჯებული ჰქონდა და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. თუმცა, მას ამის შესახებ არავისთვის უთქვამს.
მოგვიანებით, ბრალდებების საპასუხოდ, მამამ განაცხადა, რომ უნიკალური მეთოდი ჰქონდა შემუშავებული, რომლითაც ბავშვებს ვუნდერკინდებად აქცევდა და რომ არა ის, მისი ქალიშვილი საკონცერტო დარბაზებს ვერ გაავსებდა...
როდესაც გოგონას 13 წელი შეუსრულდა, მოახერხა და მამისგან გაიქცა. ეს იყო ძალიან გაბედული ნაბიჯი და იმისათვის, რომ უკან აღარ დაებრუნებინათ, პოლინამ პრესაში ისაუბრა ყველაფერზე, რაც მის ოჯახში ხდებოდა...
მე-13 დაბადების დღემდე გოგონა არა მარტო გაიქცა სახლიდან, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების უზარმაზარი ტურნე ჩაშალა.
"კონტრაქტის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 40 კონცერტი იყო დაგეგმილი და ყოველი მათგანიდან უზარმაზარი ჰონორარი, დაახლოებით, 50 ათასი დოლარი უნდა აეღო. მამამ კი გადაწყვიტა, ეს თანხა კიდევ გაეზარდა. საქმე ათობით მილიონ დოლარს ეხებოდა, რომლითაც კაცი საქვეყნო აღიარებასთნ ერთად, უზარმაზარ ფულს იშოვიდა და ბედნიერ სიბერეს მოიწყობდა", - ჰყვება პოლინა.
დედა და ალა ნიკოლაევნა (პოლინას მასწავლებელი, რომლებიც ამ ტურნეში მასთან ერთად მიდიოდნენ, გოგონას არწმუნებდნენ, რომ ტურნეს შემდეგ განეხორციელებინა გაქცევის გეგმა. " ვუთხარი, რომ არ ვიცოცხლებდი, ბევრს ეცადნენ, მაგრამ ვერ გადამარწმუნეს", - იხსენებს პიანისტი.
დედასთან ერთად გაქცეული გოგონა ხან ნაცნობებთან იმალებოდა, ხან ნათესავებთან და მოძღვართან. სწორედ იქიდან მისწერა მან მამას წერილი, სადაც ყველაფერს იხსენებდა.
პოლინამდე ოსეტინსკის წინა ქორწინებაში ორი ქალიშვილი ჰყავდა. ყველაზე უფროსიც სახლიდან გაიქცა მამასთან დაუსრულებელი ჩხუბისა და სკანდალის გამო. პოლინას დედა ოსეტინსკის მეექვსე ცოლი იყო. ქალი თავიდან ვერ იგებდა, რატომ გარბოდნენ ცოლები და შვილები მისი ცნობილი და ჭკვიანი ქმრისგან. მალევე გააცნობიერა, რომ მისი ქმარი მონსტრი იყო - წიხლებით სცემდა ცოლს... მაგრამ მაინც გადაწყვიტა, შვილი გაეჩინა მისთვის და ამით პოლინას ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყო.
სხვა ბავშვების მშობლები პოლინას წარმატებით აღტაცებულები იყვნენ, ამიტომაც მამამისს შესთავაზეს, რომ თავიანთ შვილებსაც მიუყვანდნენ სამეცადინოდ. ასევე, სთხოვეს, მათი შვილებიც წაეყვანა ტურნეში.
ერთხელ ბნელი ოთახიდან პოლინამ გაიგონა, როგორ აუპატიურებდა მოზარდ გოგონას მამამისი. გოგონები ტიროდნენ, მაგრამ არავისთვის არაფერი უთქვამთ. ოსეტინსკიმ იცოდა, როგორ შეეშინებინა ბავშვები. თავად პოლინასაც ეშინოდა მამასთან მარტო დარჩენის.
უკვე მამისგან გათავისუფლებულ პოლინას უამრავი ქრონიკული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს - კუჭის, გულის პრობლემები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას სტანჯავდა თვითმკვლელობაზე მუდმივი ფიქრი. ექიმებმა გოგონას დახმარება შეძლეს, ხოლო ახალმა მასწავლებლებმა დაარწმუნეს, მუსიკა არ მიეტოვებინა.
მალე გოგონა პეტერბურგის კონსერვატორიაში ჩაირიცხა და ვადაზე ადრეც დაასრულა. ოსეტინსკაია ცნობილი პიანისტი გახდა. ბევრ კონცერტს მართავს დღესაც და მონაწილეობს უამრავ პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალში. ასევე, ეწევა საქველმოქმედო საქმიანობასაც.
პოლინას ახლა სამი შვილი ჰყავს, თუმცა მეუღლესთან განქორწინებულია.
მამამისმა წიგნის გამოსვლის შემდეგ, ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვებთან ეფექტურად მუშაობდა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში წავიდა და პიანისტების მომზადება იქაც სცადა, თუმცა ამ საქმემ ვერც დიდება მოუტანა და ვერც ფული. 2020 წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. მთელი ამ წლების განმავლობაში ქალიშვილთან ურთიერთობა არ ჰქონდა.