თამარა ივანიუტინა იყო მესამე და უკანასკნელი ქალი, რომელიც საბჭოთა კავშირში დახვრიტეს. მოგიყვებით, რა ჩადინა მან და მისმა ოჯახმა:
თამარა ივანიუტინა კიევში 1941 წელს დაიბადა. მას და მის ხუთ და-ძმას მშობლები ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ მთავარი ცხოვრებაში მატერიალური სიმდიდრეა. საბჭოთა კავშირში ყველაზე შემოსავლიან და მომგებიან საქმედ ვაჭრობისა და კვების სფეროები განიხილებოდა. თავიდან თამარა გამყიდველად მუშაობდა, თუმცა სპეკულაციებში გამოიჭირეს და გაასამართლეს კიდეც. შემდეგ ივანიუტინამ ნასამართლეობის ცნობა გააყალბა, რათა სკოლაში ჭურჭლის მრეცხავად დაეწყო მუშაობა. სამწუხაროდ, ქალის დანაშაულებები მხოლოდ ქურდობით არ დასრულებულა.
სამართალდამცავებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა ამასობაში ოთხი პაციენტი, მათ შორის, ორი მოსწავლე, გარდაიცვალა. საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ, ვინ აკონტროლებდა სამზარეულოს. აღმოჩნდა, რომ არავინ. ნატალია კუხარენკო, რომელიც ადრე საჭმლის ხარისხს ამოწმებდა, ორი კვირით ადრე გარდაცვლილიყო, ვიდრე მოსწავლეები და მისი თანამშრომლები მოიწამლებოდნენ. გარდაცვალების მიზეზი - გულ-სისხძარღვთა მწვავე უკმარისობა. გარდაცვალებამდე მან კოლეგებს უთხრა, რომ ფეხებს ვერ ითბობდა, ხელები უბუჟდებოდა და სახსრების საშინელი ტკივილი ტანჯავდა. გვამის გაკვეთის შემდეგ მის სხეულში ადამიანისთვის საშიში ნივთიერება, თალიუმი აღმოჩნდა. პოლიციელებმა სხვა მასწავლებლებიც გამოკითხეს და გაირკვა, რომ 1986 წელს მსგავსი სიმპტომები ორ მოსწავლეს, ქიმიის მასწავლებელსა და ღონისძიებების ორგანიზატორს აღენიშნებოდათ. მაშინ ბავშვები გამოჯანმრთელდნენ, პედაგოგმა თმები დაკარგა, ხოლო ორგანიზატორი გარდაიცვალა.
ჩხრეკის შედეგად ხელშესახები ვერაფერი ნახეს, თუმცა ყველა თანამშრომელი, რომელსაც სკოლაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა გამოკვება ევალებოდა, ეჭვმიტანილი იყო. ყველა მათგანთან ჩაატარეს ჩხრეკა. ბუნებრივია, მათ შორის იყო თამარა ივანიუტინა. ქალის ბინაში აღმოაჩინეს ფლაკონი, რომელშიც უცნაური სითხე ესხა. დაუყოვნებლივ გააგზავნეს ექსპერტიზაზე. ექსპერტიზით დადგინდა, რომ სითხე თალიუმი იყო, რაც საკმარისი მიზეზი გახდა თამარას დასაკავებლად. დაკითხვის დროს ქალს არაფერი დაუმალავს. პირიქით, სიამოვნებით ჰყვებოდა, როგორ ჩადიოდა საშინელ დანაშაულს...
თამარას მიზანი ყოველთვის გამდიდრება იყო და მან გადაწყვიტა, ბოროტი ზღაპრები საკუთარ ცხოვრებაში რეალობად ექცია. ივანიუტინამ ქმარიც მოწამლა, რომ ბინა დარჩენოდა. მცირე დოზებით აწვდიდა თალიუმს. ბოლო აკორდი კი მოწამლული სენდვიჩი იყო - კაცი გარდაიცვალა, ცოლზე კი ეჭვი არავის მიუტანია.
ქალს მეუღლე დიდხანს არ უგლოვია და ოჯახი კიდევ ერთხელ შექმნა. ოლეგ ივანიუტინზე დაქორწინდა. კაცი მდიდარი იყო და შეეძლო, მისთვის უზრუნველი სიბერე მოეწყო. როგორც ჩანს, ახლა ქმრის ნათესავები ამოითვალწუნა - მეორე ქმრის მშობლები მალევე გარდაიცვალნენ. ჯერ მამამთილი, "გულის პრობლემით", რამდენიმე დღის შემდეგ კი დედამთილი.
"მამაჩემის დაკრძალვაზე დედა ცუდად გახდა. თამარამ მაშინვე მოიტანა დამამშვიდებელი და წყალი. წამლის დალევის შემდეგ დედას ღებინება დაეწყო და ორ დღეში გარდაიცვალა", - განუცხადა პოლიციელებს ოლეგმა მას შემდეგ, რაც მისი მშობლების გვამის ექსგუმაციის შედეგად თალიუმი აღმოაჩინეს.
თავად ოლეგი სიკვდილს მხოლოდ იმის გამო გადაურჩა, რომ პოლიციელებმა თამარა დროულად დააკავეს და ქალმა ვერ მოასწრო მისთვის სასიკვდილო დოზის მიცემა.
იმ დროს, როდესაც მათ სახლს ჩხრეკდნენ, კაცს თმის ცვენა დაეწყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ივანიუტინა სახლის მყიდველებსაც კი ეძებდა, იმდენად დარწმუნებული იყო, რომ მეორე ქმარსაც მოკლავდა.
გამოძიების ინფორმაციით, როდესაც ივანიუტინა სკოლაში მივიდა, კოლეგები მისით აღფრთოვანებულები იყვნენ. დისციპლინურებული, მოწესრიგებული და სუფთა ქალი იყო, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევდა. თუმცა, მისი უცნაური თვისებები მალევე შეამჩნიეს. მაგალითად, ძალიან უყვარდა იმ ოთახში ყოფნა, სადაც საჭმელს ამზადებდნენ. იმის მიუხედავად, რომ ეს სანიტარულად გამართლებული არ იყო და მზარეულების გარდა, იქ ყოფნის უფლება არავის ჰქონდა.
კოლეგებმა, რა თქმა უნდა, შენიშვნა მისცეს, თუმცა ქალმა არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ სკოლის ხელმძღვანელობამ ახალი მრეცხავის ძებნა დაიწყო, თუმცა რომ არავინ გამოჩნდა, საქმეც მიჩუმდა. თამარა დაუსჯელი დარჩა, ამიტომაც ყველას მოკვლა გადაწყვიტა. ის უფრო მეტად მოსწავლეებზე ნადირობდა, რათა მათში და მათ მშობლებში უკმაყოფილება გამოეწვია, შედეგად კი უფრო მეტი პროდუქტი დარჩენილიყო, რასაც სათავისოდ გამოიყენებდა, ზოგს კი საკუთარ ღორებს აჭმევდა...
1987 წლის მარტში თამარა სასადილოს უფროსის გარდა არავის მოკვლას აპირებდა, თუმცა წვნიანი, რომელიც იმ კაცისთვის იყო განკუთვნილი, გაცივდა, მან კი საერთო ქვაბში ჩააბრუნა და ასე მოიწამლნენ სხვები... ქალი რომ არ დაეკავებინათ, ძნელი წარმოსადგნია, რამდენ ადამიანს იმსხვერპლებდა.
მოგვიანებით თამარას დამ სამართალდამცავებს მუშაობის პრინციპი, რომელიც მშობლებმა ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს, განუმარტა: "იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო, საჩივრები კი არ უნდა წერო. არამედ, ემეგობრო და გაუმასპინძლდე ყველას. მაგრამ, საკვებში შხამის დამატება განსაკუთრებით საზიანოა". სხვათა შორის, მშობლები მათ არა მხოლოდ მსგავს დარიგებებს აძლევდნენ, არამედ მუდმივად ეხმარებოდნენ მომწამვლელი ნივთიერებების შოვნაში.
ლაბორანტისგან, რომელიც გეოლოგიურ ექსპედიციებში იღებდა მონაწილეობას, იძენდნენ საწამლავს. ლაბორანტმა არაფერი იცოდა, მას ეუბნებოდნენ, რომ სახლში თაგვებისა და ვირთხების მოსაშორებლად სჭირდებოდათ.
როდესაც თამარამ გაიგო, რომ სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, ყველა ინფორმაცია, რაც სამართალდამცავებს მიაწოდა, უარყო და თქვა, რომ იძულებით ათქმევინეს. თუმცა, სიტყვების უკან წაღება ძალიან გვიანი იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ მას 20 მოწამვლის ფაქტი ჰქონდა, საიდანაც ცხრა ფატალურად დასრულდა. თამარას ფსიქიატრიული შემოწმებაც ჩაუტარდა. აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელი იყო, თუმცა ჰქონდა გადახრებიც.
ივანიუტინას დედამ და დამ ასევე 20 ადამიანი მოწამლეს, რომელთაგანაც 3 გარდაიცვალა. გარდა ამისა, შესაძლოა მათი მსხვერპლი გაცილებით დიდი ყოფილიყო, რადგან ზუსტად არავინ იცის, როდის დაიწყო ოჯახმა იმ ადამიანების მოშორება, რომლებიც არ მოსწონდათ.
სასამართლოზე თამარა ივანიუტინას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მის 79 წლის მამას - 13 წელი, დედას - 10, ხოლო დას - 15 წელი. უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი, სკოლის თანამშრომლები, გარდაცვლილების ნათესავები, ჟურნალისტები. ყველა მოითხოვდა, რომ ოჯახის ყველა წევრი სიკვდილით დაესაჯათ.
1987 წელს თამარას უფლება მისცეს, ბოლო სიტყვები ეთქვა, თუმცა, მან დანაშაული არ მოინანია და თქვა, რომ განსხვავებულად გაზარდეს... ამის შემდეგ კი დახვრიტეს. თამარა ივანიუტინა იყო უკანასკნელი ქალი, რომელი საბჭოთა კავშირში სიკვდილით დასაჯეს.
თამარას მშობლები ვადის ამოწურვამდე, ციხეში გარდაიცვალნენ. მისი და, ნინა კი, როგორც უკრაიუნული მედია აცხადებდა, გაათავისუფლეს. თუმცა, არავინ იცის, ახლა სადაა, რას საქმიანობს ან საერთოდ ცოცხალია თუ არა.