სტატისტიკის მიხედვით, სამყაროში ვუნდერკინდის დაბადება მილიონში ერთხელ ხდება. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი დარწმუნებულია, რომ ადამიანები გენიოსებად კი არ იბადებიან, მერე ხდებიან ასეთები.
საინტერესოა, როგორ შეიცვალა წლებთან ერთად საბავშვო ბაღისადმი მოთხოვნები. თუ ადრე საკმარისი იყო ბავშვების რეგულარული გამოკვება, მასწავლებლების ზედამხედველობა და თანატოლებთან თამაში, ახლა მშობლები უფრო მეტი უნარისა და ცოდნის განვითარებას ითხოვენ.
მსოფლიოში ძალიან ბევრი ბაღია, რომელსაც ჰქვია "ჩემი გენიოსი", "მე გენიოსი ვარ", "მომავალი გენიოსი" და სხვა. არცაა გასაკვირი, რომ ბევრი მშობელი ოცნებობს, საკუთარი შვილი იყოს გენიოსი და რაღაც მიმართულებით გახდეს ცნობილი. 9 წლის ალისა ტეპლიაკოვა, რომელიც, წესით, პრინცესებზე მულტფილმების ყურებით უნდა იყოს გართული, მოსკოვის უნივერსიტეტში ფსიქიატრიის მიმართულებით სწავლობს და მისი ისტორია მთავარ განხილვად თემად იქცა. გოგონა ეცოდებათ, მშობლებს კი აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ბავშვს ბავშვობა წაართვეს.
"უბედურ ადამიანად გაიზდება"- აღნიშნავს ზოგიერთი კრიტიკოსი.
არ დავიწყებთ იმის განხილვას, როგორი ცხოვრება ექნება გოგონას, ეს მხოლოდ მომავალში გამოჩნდება, მაგრამ მსგავსი ისტორიები მსოფლიოში მრავლადაა.
შვილებისადმი ასეთი გამორჩეული მიდგომა მხოლოდ დღეს არ დაწყებულა. საბჭოთა კავშირსაც ჰყავდა მშობლები, რომლებიც აღრდისა და განათლების ყველანაირ სტანდარტს არღვევდნენ. დღეს სწორედ ასეთ ოჯახზე გიამბობთ, რომლებიც 60-იან წლებში ცხოვრობდნენ.
ბორის ნიკიტინი და ლენა ლიტვინოვა ერთმანეთს მოსკოვში, პედაგოგიურ კონფერენციაზე შეხვდა. ორივე წინააღმდეგი იყო იმ მეთოდების, რასაც მაშინ ახალგაზრდების აღსაზრდელად იყენებდნენ. ამის გამო, ნიკიტინი რამდენჯერმე გაათავისუფლეს კიდეც სამსახურიდან.
41 წლის ბორისი ბევრი წლის განმავლობაში იბრძოდა ისეთი სკოლის შესაქმნელად, სადაც ბავშვები ისწავლიდნენ ალგებრას, ფიზიკას და სხვა საგნებს და ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, შეესწავლათ სამეწარმეო პროფესიებსაც.
ლენას კოლეგები გულგრილად უყურებდნენ. 27 წლის მასწავლებელი გამუდმებით ცდილობდა, შეეცვალა არსებული სასწავლო მეთოდები და რაღაც ახალი შეეთავაზებინა ბავშვებისთვის. ორი რევოლუციონერი, რომელსაც საზოგადოება განსხვავებული აზრის გამო ებრძოდა, გაერთიანდა. მათ საკუთარი გეგმების განხორციელება ფართო მასშტაბით ვერ შეძლეს, თუმცა მსგავსი სკოლა საკუთარ ოჯახში მოაწყვეს.
ექსპერიმენტი მათი პირველი შვილის, ალიოშას დაბადებიდან დაიწყო. როდესაც ბავშვი ორი თვის იყო, ავად გახდა. მას კანზე გამონაყარი გაუჩნდა. მშობლებმა თავიდან ექიმთან წაიყვანეს, თუმცა დანიშნულმა მედიკამენტებმა შედეგი არ გამოიღო. მაშინ, ლენამ და ბორისმა გადაწყვიტეს, თავად მიეხედათ პრობლემისთვის. შეამჩნიეს, რომ მათი ვაჟი თავს გაცილებით უკეთ გრძნობდა, როცა სიგრილეში იყო.
"ალიოშას გავხადეთ და ზამთარში, სუფთა ჰაერზე სრულიად შიშველი გავიყვანეთ. ზამთრის მიწურულს ისეთი გამოცდილები ვიყავით, რომ გავბედეთ და 2-3 გრადუს ყინვაზეც ამ მდგომარეობაში გავიყვანეთ გარეთ. მხოლოდ ჟილეტი და ლენას მიერ შეკერილი პამპერსი, რომელიც უფრო კომფორტული იყო, ის ჩავაცვით."- წერს ნიკიტინი დოკუმენტში, სადაც საკუთარ შვილებზე საუბრობს.
ასე გაჩნდა ნიკიტინის აღზრდის მეთოდში ქვაკუთხედი - გაკაჟება. მისი შვიდი შვილიდან, აბსოლუტურად ყველა, სახლში მხოლოდ ტრუსით დადიოდა. ზოგჯერ სრულიად შიშველიც. ზამთარში შიშველი ფეხებით გაირბენდნენ თოვლში და სახლში ისე შედიოდნენ, თითქოს, არაფერი. ლენა მხოლოდ თხელ გადასაფარებელს აფარებდა ბავშვებს, მეტს არაფერს.
ნიკიტინის მეთოდების მთავარი წესი იყო ის, რომ წესები არ არსებობდა. თუ გინდა გემო გაიგო - გასინჯე. თუ გინდა კარადაზე ასვლა - ადი. თუ დაეცემი, გეცოდინება, რომ მტკივნეულია და მეორედ აღარ ახვალ. არ არსებობდა გაკვეთილები და ცხრილი. მაშინ, როგორ გახდა მათი ოჯახი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი, თუ ბავშვებს განათლება არ მისცეს? ყველაფერი ძალიან მარტივია: ბავშვებს თავად სურდათ სწავლა, თავად მიდოდნენ მშობლებთან და სთხოვდნენ, ესწავლებინათ. უფროსები მათ არაფერს აძალებდნენ.
ნიკიტინის სახლი ფანტასტიკის მუზეუმს ჰგავდა, სადაც ყველაფრით მეცადინეობდნენ და ყველაფერზე საუბრობდნენ. გეოგრაფიული რუქები, მენდელეევის ცხრილი, გლობუსი, კუბები, კროსვორდები, უამრავი რესურსი კედელზე ეკიდა, ზოგი ძირს ეყარა და ყველაფერი პატარა და დიდი აღმოჩენებისთვის იყო მზად.
ბორისი განმარტავდა, რომ თავად არასდროს აკეთებდნენ შვილების ნაცვლად რამეს, არ ფიქრობდნენ მათ ნაცვლად, არ წყვეტდნენ მათ ნაცვლად. ბავშვებს აძლევდნენ შესაძლებლობას, თავად ეფიქრათ და თავად მიეღოთ გადაწყვეტილება.
შვილებს არაფრის სწავლას აიძულებდნენ. მათ თავად უჩნდებოდათ სურვილი, უფროსებს დახმარებოდნენ, დაეჩეხათ შეშა, ეკითხებოდნენ ყველაფერს, რისი გაგებაც სურდათ.
ნიკიტინი სპორტის ძალიან დიდი მოყვარული იყო, ამიტომაც სახლში სპორტული კუთხე მოაწყო, სადაც სავარჯიშოდ სხვადასხვა ინვენტარი განათავსა. ყველა ბავშვს შეეძლო, რაც მოეწონებოდა, იმით ევარჯიშა, მამა არაფერს აკონტროლებდა.
როდესაც მათ ოჯახში ჟურნალისტები მივიდნენ, გაოგდნენ. სულ პატარა ბავშვები, ზოგი სიმაღლეზე ადიოდა, ზოგი კიბეზე იყო ჩამოკიდებული. ლენა კი ამბობდა, რომ არ ეშინოდა ბავშვების დაზიანების, რადგან ასე ისინი სიფრთხილესა და მოხერხებულობას სწავლობდნენ. ასევე, ისიც დაამატა, რომ მის შვილებს არასდროს ჰქონიათ სერიოზული დაზიანება და სისხლჩაქცევა.
ასეთ გარემოში ნიკიტინის ვაჟები და გოგონები ადრიდანვე მიეჩვივნენ დამოუკიდებლობას, ჯერ ფიქრს და მერე გაკეთებას, შეისწავლეს სამყარო და არ დაკარგეს ბავშვური ცნობისმოყვარეობა ახლის მიმართ, მათ შორის, მეცნიერების მიმართ.
სწავლა მათთვის ჩვეულებრივი პროცესი იყო, ამიტომაც სკოლაში მშვიდად გადადიოდნენ კლასიდან კლასში. მეგობრები არ ჰყავდათ, რადგან სწრაფადვე მიდიოდნენ სახლში, სადაც მათ თვლიდნენ თანასწორებად და არა უცხოპლანეტელებად.
თუმცა, აღზრდის ამ მეთოდში ბორისმა და ლენამ ხარვეზიც დაინახეს და ცოტა გადააჭარბეს. როდესაც ბავშვი დაეცემოდა, უცდიდნენ, თავად როდის ადგებოდა, თუნდაც ტკენოდა და ეტირა. მართალია, დროთა განმავლობაში, ბავშვები სწრაფად ადაპტირდნენ, გახდნენ დამოუკიდებლები და ფრთხილები, მაგრამ ერთმანეთის მიმართ გულგრილობა ჩამოუყალიბდათ.
"ერთხელ პატარა ტიროდა, რაღაც ეტკინა და მისი სამი წლის ძმა გვერდითაც არ იხედებოდა. იყო გულგრილი ისევე, როგორც ჩვენ, უფროსები. სულ არ ადარდება ძმის ცრემლები და აქ რაღაც ცუდად მენიშნა."- იხსენებს ლენა.
თუმცა, დროთა განმავლობაში, ბავშვებს გაუჩნდათ ემპათიის გრძნობა და ისწავლეს ერთმანეთსა და სხვა ადამიანებზე ზრუნვა. მაგრამ, ბორისისა და ლენას შვილებიდან ყველამ არ გაიზიარა დედ-მამის მეთოდი.
ზოგადად, ნიკიტინი არ ჩარეულა მათ არც ერთ არჩევანში. თუ ბავშვს მოსწონს მეცნიერების რომელიმე მიმართულება, მშობლები აუხსნიან და დაეხმარებიან. მაგრამ, თუ სხვა ბავშვს არ აინტერესებს სწავლა და ჩაქუჩი მოსწონს, მშობლები მასაც დაეხმარებიან, გახდეს კარგი ხურო. მათი ერთ-ერთი ვაჟი, ალექსი ახლა ლონდონში ცხოვრობს და ელექტრონულ მოწყობილობებს აკეთებს. ის ამბობს, რომ მამის საქმითაა შთაგონებული.
ოლგამ, ერთ-ერთმა ქალიშვილმა, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, იურიდიული განათლება აქვს და იურიდიული ფირმის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ სწრაფად კითხვა და ანგარიში, დიდი ინფორმაციის დახარისხება და ტექსტის მოკლე დროში გაანალიზება ძალიან გამოადგა წარმატების მიღწევაში. ანა ბავშვთა ექთანი გახდა. ბავშვობაში სამედიცინო ცნობარი რომ ნახა, მოიხიბლა. ასევე, ძალიან უყვარდა პატარა ძმისა და დის მოვლა. სწორედ იქიდან გაუჩნდა სურვილი, რომ ამ მიმართულებით ემუშავა.
იულია ჟურნალისტი გახდა, რადგანაც ბავშვობაში მოხბლული იყო იმ ჟურნალისტებით, რომლებიც მათ ოჯახს სტუმრობდნენ. ივანი სხავადასხვა მიმართულებით მუშაობდა, რადგანაც მრავალფეროვანი ცოდნა და განათლება ჰქონდა. თუმცა, საბოლოოდ, მაინც კინემატოგრაფია და რეჟისურა აირჩია. მამის მსგავსად, ის თავის 5 შვილს არ აძალებს, რომელიმე პროფესია აირჩიონ, თუმცა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ ის, ვინც უნდათ.
ანტონმა დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიის განხრით და გახდა ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ალბათ, არაა გასაკვირი, რომ მანაც ეს მიმართულება ბავშვობაში აირჩია. ნიკიტინის ყველა შვილმა მრავალშვილიანი ოჯახი შექმნა. ყველა იმითაა დაკავებული, რაც აინტერესებთ. ბორისსა და ლენას 27 შვილიშვილი აჩუქეს. გახდნენ თუ არა ისინიც ამ "ექსპერიმენტის" ნაწილი? არა, მათ გენიოსები არ უწოდეს. ნიკიტინი არც ოცნებობდა ამაზე.
"საერთოდ არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, ერთი შვილისგან ბეთჰოვენი გამოიყვანონ, მეორისგან ნიუტონი, მესამისგან კი მენდელეევი. ადამიანებს, რომლებიც ასე ფიქრობენ, აღზრდის არაფერი ესმით. ჩვენი მიზანი არ ყოფილა, რომ ბავშვებს ყველაფერი ესწავლათ და ყოვლისმცოდნენი გამხდარიყვნენ. უბრაოდ, შევეცადეთ, შეგვექმნა ყველა პირობა მათი განვითარებისთვის, შესაძლებლობებისა და სურვილებისთვის."- წერს ნიკიტინი.