წარმოშობით კორეელი ტატიანა ბაკალჩუკი რუსეთში ყველაზე მდიდარი ქალების რეიტინგის სათავეშია. მისი ქონება 1,3 მილიარდი დოლარია. Wildberries-ის დამაარსებელმა მიაღწია მიზანს და 16 წლის განმავლობაში პატარა ბიზნესი უზარმაზარ ქსელად აქცია.
ბიზნესლედის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ არის გასაჯაროებული, თუმცა ცნობილია, რომ წარმოშობით კორეელია და ქალიშვილობის გვარი კიმია. 1975 წელს არის დაბადებული მოსკოვში. მოსკოვის სოციალურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტი ინგლისური ენის პედაგოგის დიპლომით დაამთავრა და კარგა ხანს რეპეტიტორობდა. იმავე პერიოდში გაიცნო მომავალი ქმარი - რადიოფიზიკოსი ვლადისლავ ბაკალჩუკი.
წყვილმა მალე იქორწინა და დღეს 7 შვილის მშობლები არიან.
ერთ-ერთ ინტერვიუში ტატიანამ ისაუბრა, თუ როგორ გაუჩნდა ბიზნესიდეა: 2004 წელს გაუჩნდა პირველი შვილი - ქალიშვილი. ფული არ ჰყოფნიდათ, რეპეტიტორობასაც ბავშვით ვერ მოახერხებდა. გადაწყვიტა, გაყიდვებში ეცადა ბედი. მაშინ კატალოგები იყო პოპულარული და სწორედ ეს საქმე სცადა. მან კლიენტებს შესთავაზა პროდუქცია, რომელიც იყო იმ დროის გერმანულ კატალოგებში Otto-სა და Quelle-ში, ხოლო კონკურენტებისთვის რომ ეჯობნა, წინასწარ არ იღებდა ავანსის სახით არაფერს და 10%-ს იტოვებდა მხოლოდ. თანდათან საიტი-კატალოგი გააკეთა და როგორც კი ის ქალებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ცნობილ საიტზე დაარეკლამა, პირველი ონლაინ-შეკვეთებიც მიიღო. ასე გახდა საკუთარი პატარა კომპანიის ხელმძღვანელიც და კურიერიც. ქმართან ერთად ამანათებით უვლიდა მთელ მოსკოვს. საქონელს სახლში ინახავდნენ და როგორც მოგვიანებით იხსენებდა, ისე ცხოვრობდნენ მაშინ, თითქოს საწყობში იყვნენ, თუმცა ამაზე არ ღელავდნენ.
ერთ წელიწადში შეკვეთებმა ისე იმატა, რომ სახლი გაივსო პაკეტებითა და ყუთებით. დადგა ოფისის ქირაობის ჯერი. ამას თანამშრომლების აყვანაც მოჰყვა - კურიერების, ოპერატორებისა და პროგრამისტების. მათ დასახმარებლად მათი დიდი ოჯახი გაერთიანდა - ძმები, დები, ბიძაშვილები და მშობლები. ყველა გაყიდვებით იყო დაკავებული. არადა, მანამდე ყველანი არწმუნებდნენ ცოლ-ქმარს, შეშვებოდნენ ამ საქმეს და არ ჰქონდათ ამ წამოწყების იმედი.
თავად ბიზნესლედი ამბობს, რომ ეს ბიზნესი 700 დოლარით დაიწყო, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სანამ ამ წარმატებულ საქმეს დაიწყებდნენ, მანამდე წყვილს მეორადების მაღაზია ჰქონია, ხოლო მისი ქმარი 2006 წლიდან კომპიუტერებს ყიდდა და ინტერნეტ-პროვაიდერსაც ფლობდა. ისიც აღნიშვნის ღირსია, რომ წყვილს საკმაოდ ფულიანი და გავლენიანი ნათესავები ჰყავს, მათ შორის, მაღალჩინოსნებიც. ასე რომ, დეკრეტში მოფიქრებული საქმის წარმატება მხოლოდ იღბლისა და დიდი შრომის დამსახურება არაა.
ტატიანას 2021 წლის 29 სექტემბერს ეყოლა ტყუპი და უკვე შვიდი შვილის დედაა. მანამდე წყვილს ორი ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდა.