გულბინა 19 წლის იყო, როდესაც მამაკაცი შეუყვარდა და მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა თურქმენეთში წავიდა. ოჯახთან კავშირი მალევე გაწყვიტა და მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაიგო მისმა დამ, რომ ქალი მთელი ეს წლები, ფაქტობრივად, მონობაში ცხოვრობდა...
1990 წელს ახალგაზრდა გოგონამ მამაკაცი გაიცნო, რომელმაც მალევე მოხიბლა. ის თურქმენეთში ცხოვრობდა. გულბინა გილვანოვა საქმროს სამშობლოში წავიდა, რათა გაეცნო მისი მშობლები, ოჯახის წევრები და ქორწილიც დაეგეგმათ. თავიდან სახლში დარეკა და თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო, შემდეგ კი ზარები შეწყდა.
მერე ქვეყანაც აირია და ოჯახმა გულბინასთან კავშირი გაწყვიტა. ამაზე ყველაზე მეტად მისი და ღელავდა. მაგრამ დაკარგული ნათესავის პოვნას არავინ ცდილობდა. დარწმუნებულები იყვნენ, რომ გოგონა იმდენად ბედნიერი იყო ქორწინებაში, ოჯახი აღარც ახსოვდა. მაგრამ სინამდვილეში ასე არ ყოფილა...
30 წლის შემდეგ გაირკვა, რომ კაცმა ქალი სოფელში წაიყვანა, არასდროს დაქორწინებულა მასზე ოფიციალურად და პირუტყვს უკეთესად ექცეოდნენ, ვიდრე მას. იძულებული იყო, ყველა "შავი სამუშაო" თავად შეესრულებინა და ემუშავა გაუჩერებლად.
როდესაც ის მამაკაცი გარდაიცვალა, არც მაშინ დასრულებულა ქალის ტანჯვა. რადგან, იმავე სოფელში სხვა მამაკაცმა წაიყვანა. ქალი მუშაობდა სახლშიც და გარეთაც. აკეთებდა ყველანაირ სამუშაოს, რაც შეეძლო. კაცი თანასოფლელებზე აქირავებდა, როგორც მუშას, ოღონდ ფულს მას აძლევდნენ და არა ქალს. ყველა ცუდად ეპყრობოდა, როგორც მონას.
საბოლოოდ, თითქმის დაუჯერებელი სასწაული მოხდა. ერთ ქალს, რომელთანაც გულბინა სახლს ალაგებდა, მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ შეეცოდა და სოციალური ქსელის მეშვეობით მისი დის პოვნა შეძლო. და მაშინვე გაეშურა გულბინას დასახსნელად. აეროპორტში მათი შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქალს თითქმის დავიწყებული ჰქონდა რუსული ენა, მაინც მოახერხა დასთან კომუნიკაცია.
...გასაოცარია იმის გაცნობიერება, რომ თანამედროვე სამყაროში კიდევ შეიძლება არსებობდეს მონობა. მედიამ გადაწყვიტა, გაერკვია, რატომ ცხოვრობდა ქალი ასეთ საშინელ პირობებში. თუმცა თანასოფლელების მტკიცებით, ნებისმიერი ადამიანისთვის რომ ეთხოვა დახმარება ან მიემართა პოლიციისთვის, აუცილებლად დაეხმარებოდნენ. უბრალოდ, ის არ ითხოვდა დახმარებას.
ახლა გულბინა და მისი და საბუთებს ამზადებენ. მონობა დასჯადია და თუ ფაქტების დადასტურება შეძლეს, პირს, რომელთანაც ქალი ცხოვრობდა, ციხე ემუქრება.