18 წლის მარი ადლერის ისტორია სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა. პოლიციამ არ დაიჯერა გოგონას ნაამბობი, რომელიც სერიული მანიაკის მსხვერპლი გახდა, და ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დასდო. შედეგად კი მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
როდესაც 18 წლის მარი ადლერი სასამართლო დარბაზში შევიდა, ნაფიცმა მსაჯულებმა დასცინეს. არც მშვილებელი დედა და არც ყოფილი მეურვე, რომელთანაც გოგონას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, სხდომას არ დასწრებიან. მათ რცხვენოდათ. დაკითხვებით დაღლილ მარის თან მხოლოდ სახაზინო ადვოკატი ახლდა. ამბავი 2009 წლის გაზაფხულზე მოხდა და მთელი ლინვუდი (ვაშინგტონის შტატი) დარწმუნებული იყო, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მოსამართლე მკაცრად და შეუვალად გამოიყურებოდა. ასევე, მოწმეებიც. პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც ყველაფერი ისედაც გასაგები იყო - მოზარდს, რომელიც მინდობით აღზრდაში იყო, საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურდა და გაუპატიურების ამბავიც თავად მოიგონა. მისი მონაყოლის თანახმად, ვიღაც მის სახლში დილით ადრე შეიპარა, თასმებით ფეხები შეუკრა, პირში ნაჭერი ჩაუტენა და ამ დროის განმავლობაში ფოტოებს უღებდა. ხოლო შემდეგ მოაწესრიგა, აბანავა, საწოლის თეთრეული თავად წაიღო და ფანჯრიდან გაიქცა. განა შეიძლება მსგავსი ამბის დაჯერება?
"ალბათ, მარის არ ჰყოფნიდა ყურადღება და ეს წარმოუდგენელი ამბავი მოიგონა", - უთხრა პოლიციელებს მისმა მეურვემ შენონ მაკურიმ. გოგონას ბრალი ცრუ ჩვენებისთვის წარუდგინეს, მიესაჯა პირობითი სასჯელი და ჯარიმა 500 დოლარის ოდენობით. არავინ გაითვალისწინა ის დაზიანებები და ჭრილობები, რაც გოგონას სამედიცინო დათვალიერების შედეგად საშვილოსნოზე აღმოაჩნდა. მოძალადის პოვნაც არავის უცდია. პოლიციელებიც თვლიდნენ, რომ გოგონამ არარეალური ამბავი მოიგონა იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიექცია...
მარის სახელი თითქმის ყველა გაზეთში გამოჩნდა. მასთან მეგობრობასა და მეზობლობაზე უარს ამბობდნენ ადამიანები. მშვილებელი დედაც და მეურვეც არ უჯერებდნენ...
მხოლოდ 6 წლის შემდეგ, ჟურნალისტებმა კენ არმსტრონგმა და კრისტიან მილერმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ გოგონა სიმართლეს ამბობდა. მათ ამისთვის პულიცერის პრემიაც მიიღეს. 2019 წელს Netflix-მა სიუჟეტის მიხედვით სერიალი გადაიღო, რომელსაც მარი ცრემლების გარეშე ვერ უყურებს. თუმცა, ვიდრე აქამდე მივალთ, დავბრუნდეთ 2009 წელში, როდესაც ადლერი განადგურებული იჯდა სასამართლო დარბაზში. ის ლაპარაკობდა, თუმცა მისი არავის ესმოდა.
2008 წლიდან 2010 წლამდე მარკ ო’ლირმა 28 ადამიანი გააუპატიურა. 30 წლის კაცი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო და კარგად იცოდა, როგორ მუშაობდნენ სამართალდამცავები მსგავს საქმეებზე. შემთხვევით არასდროს აკეთებდა რამეს. თავდაპირველად, არჩევდა მსხვერპლს, დიდხანს ადევნებდა თვალყურს, ათვალიერებდა მის მახლობლად არსებულ ტერიტორიებს, იკვლევდა ცხოვრების წესსა და გადაადგილების მარშრუტს. ზოგჯერ, დასაზვერადაც შედიოდა კონკრეტულ სახლებში, რომ ყველაფერი წინასწარ გაეთვალისწინებინა. "შოუს" დასასრულს მარკი თავს კმაყოფილად გრძნობდა. "თითქოს, მადლიერების დღის სუფრიდან გემრიელი ვახშამი ვჭამე", - უთხრა მან გამომძიებლებს.
ზოგიერთი მსხვერპლი კაცს "ჯენტლმენსაც" კი უწოდებდა, რადგან მათი თქმით, სახლიდან წასვლისას, ეუბნებოდა, როგორ შეაღწია მათ ოთახში და ურჩევდა, უფრო მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ, დაემაგრებინათ რკინის გისოსები და ასე შემდეგ. ასევე, ქალები ამბობენ, რომ ის ძალიან თავაზიანი იყო...
სინამდვილეში, მარკ ო’ლირი ცივსისხლიანი იყო. საგულდაგულოდ ასუფთავებდა ოთახში ყველაფერს, მიჰქონდა ყველა ნივთი, რაზეც კი შეიძლებოდა მისი კვალი აღმოჩენილიყო და ამიტომაც, ვერავინ ამტკიცებდა მომხდარ ფაქტს. თუმცა, დეტექტივები სტეისი გილბრეიტი და ედნა ჰენდერშოტი უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ.
თუ ფიქრობთ, რომ ადლერი ამ ფაქტების შემდეგ დაეცა, ძალიან ცდებით.
16 წლის ასაკში გოგონა ორი კვირით შენონ მაკკურის შეხვდა, რომელიც რთულად აღსაზრდელ ბავშვებთან მუშაობდა. მარიმ და შენონმა ერთმანეთი გაიცნეს და როდესაც გოგონა კვლავ ოჯახის გარეშე დარჩა, სოციალურმა სამსახურმა მაკკურისთან გაგზავნა. ქალს არაერთი ბავშვი ჰყავდა მინდობით აღზრდაში. დროებითმა მეურვემ ადლერთან საერთო ენა მალევე გამონახა. ქალი ამბობდა, რომ ერთმანეთის კარგად ესმოდათ, ერთად იცინოდნენ და საუბრობდნენ. გოგონას კავშირი არც წინა ოჯახთან გაუწყვეტია. ემეგრობრებოდა და ხშირად კითხოლობდა მათ. ჩვეულებრივი თინეიჯერი იყო, მოსწონდა ბიჭები, როკ-მუსიკა და მოდური ტანსაცმელი.
ამის მიუხედავად, მშვილებელი დედა პეგი კანინგჰემი იხსენებს, რომ გოგონას ჰქონდა მომენტები, როცა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა, თუმცა ეს იშვიათად ხდებოდა.
გოგონა პეგისთან მაშინ მივიდა, რაც შენონმა სთხოვა, რომ წასულიყო, რადგან მას ძალიან გაუჭირდა კიდევ ერთი "მშიერი ადამიანის" გამოკვება და ზრუნვა. ამიტომაც, სოციალურმა სამსახურმა მარი ახალ ოჯახში გადაიყვანა.
პეგისთვის, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვთა სახლში დატოვებული ბავშვებისთვის ჰქონდა თავი მიძღვნილი, ეს დედობის პირველი გამოცდილება იყო. ადლერი ახალ დედასთან კარგად გრძნობდა თავს, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონდათ. ამიტომ, როდესაც გოგონას 18 წელი შეუსრულდა, სურდა, ცხოვრება დამოუკიდებლად გაეგრძელებინა.
კანინგჰემმა გოგონას მისწრაფებას მხარი დაუჭირა და ნახა პროექტი "ცხოვრების სკოლა", რომელიც მინდობით აღზრდაში მყოფი ახალგაზრდებისთვის იყო. უკვე ზრდასრული ადამიანები სწავლობდნენ საჭმლის მომზადებას, სახლის საქმეების მოწესრიგებას, ბიუჯეტის დაგეგმვას, დოკუმენტების გაფორმებას, გადასახადების გადახდას და ასე შემდეგ. სწავლობდნენ ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ მშობლები შვილებს ასწავლიან ხოლმე, რომ დამოუკიდებლად შეძლონ ცხოვრება. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საერთო საცხოვრებელში ერთოთახიანი ბინა გადასცეს, რომელსაც მთელი ცხოვრება მოუვლიდნენ. თავიდან, მარის ძალიან შეეშინდა ამ გამოწვევის, მერე კი მოეწონა.
"ძალიან სასიამოვნო იყო საკუთარი წესებით ცხოვრება. ეს ნამდვილი თავისუფლება იყო", - იხსენებს მარი იმ წლებს. მან წარმატებას მიაღწია, იშოვა სამსახური, ხვდებოდა სხვა ადამიანებს, ვინც მსგავსი გზა გაიარეს, ერთად საუბრობდნენ, ეხმარებოდნენ. კურატორებს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ გოგონას ღირსეული მომავალი ელოდა...
თუმცა, ყველაფერი 2008 წლის 11 აგვისტოს შეიცვალა, როდესაც მარის ოთახში უცნობი მამაკაცი შეიპარა და გააუპატიურა. ეს კაცი სერიული მკვლელი მარკ ო’ლირი იყო.
პოლიციამ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ იპოვნა და ამ ამბავსაც დიდი ეჭვით უყურებდნენ. მათ სპეციალური პროტოკოლი ჰქონდათ, რომლის თანახმადაც, ასეთი დანაშაულის მსხვერპლის მონაყოლს უპირობოდ არ ენდობოდნენ, რადგანაც შესაძლოა ადამიანი შეშინებული, განერვიულებული რაღაცებს ამატებდეს და დამშვიდებულზე სულ სხვა სურათი დახატოს. თუმცა, მარი ადლერის შემდეგ ეს პროტოკოლი შეიცვალა - ძალადობაგანცდილი ადამიანი შეიძლება იმდენად იყოს დაბნეული, რომ საერთოდ ვერ გამოხატავდეს ემოციას და ვერც ტიროდეს.
სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მარი ადლერს საშოზე მრავალი დაზიანება აღენიშნებოდა და სხეულზეც ჰქონდა სისხლჩაქცევები.
"მარიმ იმავე დღეს დამირეკა და მითხრა, რომ გააუპატიურეს. თუმცა, ეს ისე მითხრა, თითქოს სენდვიჩი გააკეთა", - იხსენებს შენონ მაკკური. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ გოგონა მშიდად იყო და არც ისტერიკაში ჩავარდნილა. შენონისთვის ამით ისტორიის ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დადგა.
პეგიმაც იგივე თქვა. როცა მაშინვე დაურეკა გოგონამ, იმ დროს დაბალ ხმაზე ტიროდა. თუმცა, მეორე დღეს როდესაც ახალი თეთრეულის საყიდლად წავიდნენ, ჩვეულებრივად იქცეოდა. ერთი დღის შემდეგ, როდესაც ქალი მასთან მივიდა, მარი იატაკზე იჯდა და ტიროდა. სთხოვა, სიმართლე ეთქვა, თუმცა, გოგონა იმეორებდა, რომ მამაკაცმა გაკოჭა, პირში ჩვარი ჩაუტენა, გააუპატიურა და თან ამ დროს სურათებს იღებდა. ასევე, თქვა ისიც, რომ კაცს მარცხენა ფეხზე ნიშანი ჰქონდა.
პეგიმ საღამოს შენონს დაურეკა, ორივე შეთანხმდა, რომ გოგონა იტყუებოდა და პოლიციასაც უთხრეს, რომ ალბათ ყურადღება დააკლდა და ამიტომ მოიფიქრა ასეთი ამბავიო.
2008 წლის 14 აგვისტოს მარი ადლერი კვლავ დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში. მან, ფაქტობრივად, მთელი თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. მოყვა, როგორ ექცეოდა მისი ზოგიერთი მშობელი, როცა მინდობით აღზრდაში იყო, როგორ გააუპატიურეს 7 წლის ასაკში და როგორ გრძნობს თავს მარტოსულად. თუმცა, გამომძიებლებს მისი არც ერთი სიტყვის არ სჯეროდათ. მათ მარის ცარიელი ბლანკი დაუდეს და უთხრეს, რომ დაეწერა განცხადება ცრუ ჩვენების თაობაზე. ადლერს არაფერი ესმოდა, პოლიციელების მოთხოვნით კი ხელი მოაწერა დოკუმენტზე. დაკითხვა მრავალი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და წყლის დალევის უფლებაც კი არ მისცეს. მხოლოდ მას შემდეგ დართეს ნება ტუალეტში გასულიყო, რაც ცრუ ჩვენების შესახებ განცხადება დააწერინეს.
მარი ვეღარ იძინებდა და სულ ეჩვენებოდა, რომ მოძალადე მის სახლში დაბრუნდა. შუქს ღამით არ აქრობდა, რამდენიმე მეგობარი კი გვერდიდან არ შორდებოდა. თუმცა, ძალიან უნდოდა სამართლიანობის აღდგენა, ამიტომ იმ პროექტის ხელმძღვანელს, რომელშიც ჩართული იყო, სთხოვა, ადვოკატის მოძებნაში დახმარებოდა. ხელმძღვანელმა მხოლოდ დასცინა და კვლავ პოლიცია გამოიძახა. ჯეფრი მეისონი ისევ შეხვდა მარის და ჰკითხა: "რატომ აგრძელებ ჩვენს გასულელებას? სიცრუის დეტექტორზე მოგიწევთ ტესტის გავლა და თუ თქვენი ჩვენება არ დადასტურდება, ბევრი წელი ციხეში მოგიწევთ ჩაჯდომა და ბინასაც დაკარგავთ". მარი პირობას დასთანხმდა.
პროექტის მონაწილეებმაც გაიგეს ყველაფერი და მარის მიმართ თანაგრძნობა არავინ გამოხატა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გოგონა რეალურად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. შემდეგ უარესი მოხდა. ადლერის ერთ-ერთმა "მეგობარმა" შექმნა საიტი, სადაც ამ საქმის შესახებ ყველაფერი დაწერა. თან გოგონას ფოტოებიც გამოაქვეყნა. ეს პირველად მოხდა, რადგან ის გაზეთები, რომლებიც საქმეს აშუქებდნენ, მარი ადლერის არც სახელსა და გვარს წერდნენ და არც ფოტოს აქვეყნებდნენ. არავინ იცოდა, ვინ იყო მსხვერპლი. იმ დღიდან კი ყველამ გაიგო, ვინ იყო "ქალაქის მთავარი მატყუარა."
მარი სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს. სასამართლოდან კი მოუვიდა წერილი, სადაც გოგონას ცრუ ჩვენებაში ბრალს სდებდნენ და ამის გამო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თუმცა, გოგონას პირობითი სასჯელი და 500-დოლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს. ადლერს წინააღმდეგობა არ გაუწევია.
ერთ დღეს გოგონას მშვილებელი ქალი შენონ მაკკური საინფორმაციო გამოშვებას უყურებდა, როდესაც გამოაცხადეს, რომ მეზობელ უბანში ნიღაბში გამოწყობილმა მამაკაცმა ქალი გააუპატიურა. შენონმა საკუთარ მამას, რომელიც ყოფილი გამომძიებელი იყო, სთხოვა, ამ საქმეზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა და მაშინ მიხვდა, რომ ისტორია მარის მოყოლილ ამბავს ზუსტად ემთხვეოდა. მან გოგონას სთხოვა, კვლავ წასულიყო პოლიციაში და ჩვენება მიეცა, თუმცა ადლერმა უკვე ისწავლა ჭკუა, მიხვდა, რომ სიმართლეს ვერ დაამტკიცებდა და ისევ მას გამოიყვანდნენ დამნაშავედ.
დეტექტივები სტეისი გილბრეიტი და ედნა ჰენდერშოტი სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ, თუმცა საქმე აერთიანებდათ. 2010 წელს სწორედ ისინი გავიდნენ მარკ ო’ლირის კვალზე. დამნაშავე კარგად მოფიქრებული სქემის მიხედვით მოქმედებდა. შედიოდა მარტოხელა ქალების ბინაში, ატარებდა შავ ნიღაბს, იყენებდა დანას და ყველაფერს იღებდა ვარდისფერი Sony-ს კამერით. შემდეგ კი მსხვერპლს ფოტოებით აშანტაჟებდა. ყველა აღწერდა, რომ იყო თეთრი, მაღალი მამაკაცი და მარცხენა ფეხზე დაბადებიდან ჰქონდა ნიშანი. მოძალადე ყოველთვის ატარებდა კონტრაცეპტივებს, დაჰქონდა საკუთარი თეთრეული და აქტის შემდეგ მსხვერპლს ყოველთვის აიძულებდა, რომ ებანავა, რათა მისი დნმ-ის კვალი არსად აღმოჩენილიყო.
თუმცა, დეტექტივებმა მცირე გენეტიკური მასალის შეგროვება მაინც მოახერხეს. დნმ-ის გარდა, მათ ჰქონდათ კიდევ ერთი მტკიცებულება, თეთრი პიკაპი, რომელიც ერთ-ერთი მსხვერპლის სახლთან დაინახეს.
2011 წლის 8 თებერვალს 911-ზე დარეკა ქალმა და განაცხადა, რომ თეთრი პიკაპი დაინახა, რომელიც მეზობელთან მთელი ღამის განმავლობაში იდგა. სამი კვირის შემდეგ სწორედ იმ სახლში გოგონა გააუპატიურეს. მანქანა მარკ პატრიკ ო’ლირის სახელზე იყო დარეგისტრირებული. გამომძიებლები მაშინვე მიხვდნენ, რომ რეალურ კვალზე გავიდნენ.
3 დღის შემდეგ FBI-ს აგენტებმა ეჭვმიტანილის სახლი გამოიკვლიეს. საშუალო კლასის ამერიკელი იყო. სამართალდამცველებმა მაიკლი მაშინ დააკავეს, როდესაც შეყვარებულთან ერთად კაფეში მიდიოდა. დნმ დაემთხვა იმას, რასაც პოლიციის განყოფილებაში ინახავდნენ. კაცს ძმაც ჰყავდა და გასარკვევი იყო, რომელი ჩადიოდა დანაშაულებს.
დაკითხვაზე მარკ ო’ლირმა ყველაფერი დეტალურად გაიხსენა და პოლიციას დასცინა კიდეც, ამდენი ხნის განმავლობაში მისი დაკავება რომ ვერ შეძლეს. 2012 წლის ივნისში მას 40-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს გაუპატიურების საქმეზე კირკლენდში, ხოლო 28 წელი მარი ადლერი გაუპატიურების გამო ლინვუდში.
შენონმა და პეგიმ გოგონას ბოდიში მოუხადეს. მარიმაც აპატია. მოგვიანებით, მან ქალაქს უჩივლა, საქმე მოიგო და 150 ათასი ამერიკული დოლარი გადაუხადეს ზიანისთვის.
ამ ინციდენტის შემდეგ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან დაკითხვის პროტოკოლი მთლიანად შეიცვალა. პირველ რიგში, მათ ფსიქოლოგიური დახმარება დაუნიშნეს და მისცეს დრო რეაბილიტაციისთვის. ამ ყველაფრის შემდეგ მარიმ შტატი დატოვა, მიიღო კომერციული მართვის მოწმობა და მძღოლად დაიწყო მუშაობა. ის დაქორწინდა, ორი შვილი შეეძინა და პირველად ცხოვრებაში, ნამდვილი სახლიც მიიღო.
როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჰკითხეს, განიცდიდა თუ არა შურისძიების გრძნობას ხელისუფლებისა და პოლიციის მიმართ, მარიმ თქვა: "მათ შესრულეს თავიანთი საქმე, როგორც შეეძლოთ."