ამ გოგონას შესახებ მსოფლიო პრესა წერდა. 24 წლის ამერიკელ ლორენ ვასერს ტრაგედია შეემთხვა, რომელიც ათასი ქალიდან სამს შეიძლება დაემართოს.
"ბრძოლა - ეს შენი მემკვიდრეობის ნაწილია", - წერს ლორენი საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე. რამდენიმე წლის წინ ის ოცნებობდა, ახალი კარლი კლოსი გამხდარიყო, შესაძლოა - Victoria’s Secret-ის ანგელოზიც, რომელიც მსოფლიოს პოდიუმებს დაიპყრობდა და მილიონიან კონტრაქტებს მიიღებდა. თუმცა, ბედმა სულ სხვაგვარად ინება. ახლა მას იცნობენ, როგორც გოგონას ოქროს ფეხებით.
შესაძლოა, გსმენიათ კიდეც 24 წლის ლორენ ვასერის ისტორია, რომელსაც ფეხების ამპუტაცია ჩვეულებრივი ჰიგიენური ტამპონის გამო დასჭირდა. გოგონას იშვიათი გართულება განუვითარდა...
"ჩვეულებრივი დღე იყო. ციკლი დამეწყო. მეგობართან მივდიოდი დაბადების დღეზე", - იხსენებს ის. წვეულებაზე უცებ ცუდად გახდა, სიცხემ აუწია, გულისრევა დაეწყო და თითქოს ძალას კარგავდა. ვასერმა სახლამდე ძლივს მიაღწია და საკუთარ საწოლში უღონოდ ჩაეშვა. ვიდრე გონებას დაკარგავდა, ფიქრობდა, რომ მიზეზი გრიპი იყო.
გოგონას დედა ძალიან წუხდა, რომ შვილს ტელეფონით ვერ უკავშირდებოდა. ამიტომაც, პოლიცია გამოიძახა. მოდელი ძლივს ლაპარაკობდა, ამბობდა, რომ ცუდად იყო და ძილი უნდოდა.
"სიკვდილამდე 10 წუთი იყო დარჩენილი. საავადმყოფოში 41 გრადუსი სიცხით შემიყვანეს, გულის შეტევაც გადატანილი მქონდა, თუმცა, ექიმები ვერ იგებდნენ, რა მოხდა",- იხსენებს ლორენი.
თუმცა, ყველაფერი რამდენიმე წამში გაირკვა, როდესაც მასთან ინფექციონისტი მიიყვანეს. "ტამპონს იყენებ?" დააზუსტა ექიმმა და დადებითი პასუხი მიიღო. როდესაც ტამპონი ამოიღეს, აღმოაჩინეს, რომ ის ოქროს სტაფილოკოკს შეიცავდა. ტამპონი იყო დაბინძურებული თუ ორგანიზმში არსებობდა ეს ბაქტერია, უცნობია, მაგრამ იმ მომენტრში ერთი რამ იყო მნიშვნელოვანი - ვასერს ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს. მარჯვენა ფეხში ძლიერი განგრენა ჰქონდა და გადაწყვიტეს, რომ მუხლს ქვემოთ მოეკვეთათ.
ლორენი კვირა-ნახევარი კომაში იყო და პირველი, რაც გონეზე მოსვლის შემდეგ მოისმინა, სიტყვა "ამპუტაცია" იყო. ძალიან განიცადა და ამბობდა, რომ ფეხების გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებდა. ექიმების საუბრის შემდეგ მთავარი სადარდებელი მისთვის სილამაზის დაკარგვა გახლდათ.
ვასერი მოდელების ოჯახში დაიბადა და მისი მთავარი ოცნება იყო, ისიც ერთ-ერთი მათგანის მსგავსი გამხდარიყო. "გავიზარდე გარემოში, სადაც ყველა ლამაზია. დედაჩემი ყოველთვის იდეალურად გამოიყურებოდა. სახლიდან არასდროს გადიოდა ისე, ვიდრე სრულყოფილად არ მოიწესრიგებდა თავს." - ამბობს ლორენი.
თუმცა, ეს ყველაფერი არ იყო. გოგონას მარცხენა ფეხზე თითებისა ქუსლის ნაწილი მოკვეთეს და გააფრთხილეს, რომ 50 წლის შემდეგ მეორე ოპერაცია დასჭირდებოდა.
მაგრამ საავადმყოფოში გაცილებით ადრე დაბრუნდა. ერთი ფეხის დაკარგვას ძლივს შეეგუა, როცა მეორეშიც სისუსტე იგრძნო. განგრენა და ტოქსიკური შოკისგან სერიოზული ტრავმა აღმოჩნდა და ლორენმა მეორე ფეხიც დაკარგა. მეორე ოპერაციას უკვე შიშის გარეშე შეხვდა და იმ თვეებში, რომლებიც სახლში ჩაკეტილმა გაატარა, მწუხარების ყველა ეტაპი გაიარა და მივიდა იმ მდგომარეობამდე, რომ საკუთარი თავი მიეღო ისეთად, როგორიც არის. ლორენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა მისთვის საყვარელ ადამიანს. ერთ დღესაც მოიკრიბა ძალა და მისი სახლის კართან მივიდა.
"იცი, ფეხები აღარ მაქვს", - უთხრა ვასერმა ბიჭს. "ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. არ მაინტერესებს..." - და ამ პასუხის შემდეგ მთელი ცხოვრება შეიცვალა.
გოგონა "ოქროს ფეხებით" სამოდელო კრიერას დაუბრუნდა. თავიდან ეშინოდა, რომ საზოგადოება არ მიიღებდა. თუმცა, შემდეგ უფრო თავდაჯერებული გახდა და თავად აირჩია, როგორი სურდა ყოფილიყო. თუ ადრე უცნობი ადამიანების მზერა აშინებდა, ახლა აღარაფერი ადარდებს. ერთ ეპიზოდს კი ხშირად იხსენებს.
"შვეიცარიაში, აეროპორტში ვიყავი. ერთი პატარა ბიჭი იყო. ჯერ მე შემომხედა, მერე თავის ფეხებს დახედა, შემდეგ ისევ მე და ისევ საკუთარ ფეხს... შემდეგ კი მშობლებს მიუბრუნდა და უთხრა: "დედა, შეიძლება ასეთი ოქროს ფეხები მქონდეს?" ჩემთვის, ეს ძალიან ემოციური იყო."- იხსენებს ვასერი.
მას შემდეგ, რაც ლორენმა ტამპონის გამოყენების გამო ფეხები დაკარგა, ინტერნეტში საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყო და ქალებს უხსნიდა, რომ ის სინთეზური კომპონენტები, რომლებსაც ჰიგიენური საშუალებები შეიცავს, სტაფილოკოკური ინფექციის გასავითარებლად იდეალური საშუალებაა. წელიწადში ყოველი 1000 ქლიდან 3-4 ტოქსიკური შოკის მსხვერპლი ხდება. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობით, ბაქტერიას თავად ტამპონი შეიცავდა.
ამიტომაც, ვასერმა და დედამისმა Kotex-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყეს, მაგრამ პროცესის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. ასევე, მოდელი კონგრესმენ კეროლინ მელოუნთან ერთად მუშაობს კანონპროექტის მიღებაზე, რომლის თანახმადაც, ჰიგიენური საშუალებების მწარმოებელ ყველა კომპანიას უნდა დაევალოს, ზუსტად ასახოს შეფუთვაზე, რისგან შეგდება კონკრეტული საშუალება.
2019 წელს ვასერმა ნიუ-იორკის მარათონისთვის მზადება დაიწყო და საკუთარი ვარჯიშის ვიდეოები გამოაქვეყნა. როდესაც კოვიდპადემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება, მოდელი იმავე დისტანციაზე გარბენას გეგმავს. ცხადია, ფორმის შესანარჩუნებლად არც ახლა წყვეტს ვარჯიშს.
ლორენი საკუთარ სამოდელო კარიერას აგრძელებს. ახლახანს ის Shiseido-ს სარეკლამო კამპანიაში ოლიმპიურ ჩემპიონთან ალინა ზაგიტოვასთან ერთად გადაიღეს. როდესაც სარეაბილიტაციო წლები გაიარა და ლორენმა საკუთარი თავი მიიღო, ამბობს: "ახლა უფრო ლამაზი ვარ, ვიდრე როდისმე. როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად."