1950-იანი წლების დასასრულს მთელი ინგლისური პრესა პოლოკების ოჯახზე წერდა. მათ ორი შვილი ავტოკატასტროფით დაკარგეს... 60-იანი წლების დასაწყისში კი მედია ისევ გააქტიურდა, რადგანაც ცოლ-ქმარს კვლავ ორი გოგონა ეყოლა, რომლებიც ძალიან ჰგავდნენ გარდაცვლილ დებს. ეს შემთხვევა რეინკარნაციის ერთ-ერთ ფაქტად განიხილებოდა და დღემდე უამრავი შეკითხვა არსებობს.
ჯონმა და ფლორენსმა 40-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს ერთმანეთი. კაცი ღრმადმოწმუნე კათოლიკე იყო, ქალი კი პროტესტანტი. მალევე დამეგობრდნენ, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ დაქორწინდნენ და ფლორენსიც კათოლიკე გახდა.
პოლოკები ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში ბედნიერად ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ საკუთარი კომპანია, რომელიც ფერმერულ პროდუქტებს აწარმოებდა. 1946 წელს ოჯახში პირველი შვილი გაჩნდა. გოგონას ჯოანა დაარქვეს. ხუთი წლის შემდეგ კი მისი და, ჟაკლინი დაიბადა.
ერთხელ, როდესაც ჟაკლინი თამაშობდა, დაეცა და შუბლზე მძიმე დაზიანება მიიღო. გოგონას ეშინოდა, რომ იარა დარჩებოდა, თუმცა, საკუთარმა დამ და მშობლებმა გაამხნევეს და უთხრეს, რომ ამაზე ნერვიულობა არ ღირდა.
დები დროს ერთად კარგად ატარებდნენ, უყვარდათ ერთად თამაში, სხვადასხვა კოსტიუმის მორგება და სპექტაკლების დადგმა. ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გასართობი კი მამისთვის ახალ-ახალი ვარცხნილობების გაკეთება იყო. გოგონები იზრდებოდნენ სახლში, სადაც სიყვარული და სითბო იყო. მაგრამ, როდესაც ჟაკლინმა ლაპარაკი კარგად ისწავლა, სულ უფრო ხშირად ამბობდა: "არასდროს გავხდები ქალბატონი." ეს ფრაზა მშობლებს ცოტა აშინებდა.
1957 წელს, როდესაც ჯოანა 11 წლის იყო, ხოლო ჟაკლინი - 6-ის, როგორც ყოველ კვირას, ეკლესიაში მიდიოდნენ. მშობლებს დაემშვიდობნენ, გარეთ რამდენიმე თანაკლასელი ელოდათ და ერთად განაგრძეს გზა. ერთ-ერთ ქუჩაზე მათ მანქანა დაეჯახა...
მანქანის მძღოლი ადგილობრივი ქალბატონი იყო. რამდენიმე დღის წინ შვილებს იძულებით დააშორეს, რის გამოც ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, გარკვეული პრეპარატები მიიღო და ისე მიუჯდა საჭეს. ქალს თვითმკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი, თან პრეპარატებიც იწყებდა ზემოქმედებას და ორი გოგონა რომ დაინახა ქუჩაში, უკვე გვიან იყო. საჭე ვეღარ დაიმორჩილა... ბავშვები ადგილზე გარდაიცვალნენ.
გოგონების მშობლები ძალიან ნერვიულობდნენ, ფლორენსს დეპრესიის მძიმე ფორმა განუვითარდა, გამუდმებით ტიროდა. მისი ქმარი კი კიდევ უფრო მორწმუნე გახდა და ამით ცდილობდა შვების მოპოვებას.
ავტოკატასტროფამ მათ ურთიერთობაზეც დიდი გავლენა მოახდინა. სულ ჩხუბობდნენ და განქორწინებაზეც კი დაიწყე ლაპარაკი. მაგრამ, მალე სასწაული მოხდა, რამაც პოლოკებს აიძულა, ისევ ერთად გაეგრძელებინათ ცხოვრება - ფლორენსი კვლავ დაორსულდა.
1958 წლის 4 ოქტომბერს ტყუპი გოგონა გააჩინა. მათ ჯილიანი და ჯენიფერი დაარქვეს. ოჯახმა კი ახალი ცხოვრება დაიწყო. სხვა ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად და ცდილობდნენ, მომხდარი ამბავი დაევიწყებინათ.
მიუხედავად სიხარულისა, მალევე ბევრი შეკითხვა გაუჩნდათ. პოლოკების ოჯახში არასდროს ჰყოლიათ ტყუპი. მათ კი ორი გოგონა შეეძინათ. მაგრამ, ეს ყველაზე უცნაური არ ყოფილა. ყველაზე მეტად მშობლების გაოცება იმან გამოიწვია, რომ ჯენიფერს შუბლზე ზუსტად ისეთი იარა ჰქონდა, როგორიც გარდაცვლილ ჟაკლინს. ჯილიანს კი ზუსტად იმ ადგილას ჰქონდა ხალი, როგორც ჯოანას. ჯონი ცოლს არწმუნებდა, რომ რეინკარნაცია მოხდა. ფლორენსი არ ეთანხმებოდა და უარყოფდა, ვიდრე ბავშვები არ გაიზარდნენ.
როცა ტყუპი გაიზარდა, მშობლებს სთხოვდნენ, მიეცათ ის სათამაშოები, რომლებითაც მათი დები თამაშობდნენ. როდესაც თოჯინები გამოუტანეს, ზუსტად დაასახელეს ის სახელები, რაც გარდაცვლილმა დებმა დაარქვეს. მეტიც, ქუჩაში რომ გადიოდნენ, ჯილიანი და ჯენიფერი ზუსტად აღწერდნენ იმ ადგილებს, სადაც მანამდე არ ყოფილან, თუმცა მათი გარდაცვლილი დები დადიოდნენ. ხოლო, როცა ავტომობილს დაინახავდნენ, ისტერიკა ეწყებოდათ და ყვიროდნენ, რომ მათ დაეჯახებოდა.
როცა 5 წლის გახდნენ, მათი მეხსიერებიდან განვლილი ცხოვრებიდან არსებული აბსოლუტურად ყველა მოგონება გაქრა.
გოგონების ისტორიით კანადელ-ამერიკელი ფსიქიატრი იან სტივენსონი დაინტერესდა. მას უნდოდა გაერკვია, ეს მხოლოდ მშობლების წარმოსახვა იყო და ისინი ამსგავსებდნენ გარდაცვლილ შვილებს, თუ მართლა მოხდა რეინკარნაცია. საბოლოოდ, ოჯახს დაუჯერა და 1987 წელს წიგნიც გამოსცა, სადაც 14 მსგავსი ისტორია იყო განხილული. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ფაქტებს სიცრუეს უწოდებდა და ფიქრობდნენ, რომ ამბავი მშობლებს ეჩვენებოდათ, რადგან შვილები დაეღუპათ და სურდათ, მათი მსგავსი გოგონები კვლავ ჰყოლოდათ. იან სტივენსონი დებ პოლოკებს კიდევ შეხვდა, თუმცა უკვე ზრდასრულ ასაკში, მაგრამ ისინი ამბობდნენ, რომ არაფერი ახსოვდათ და არც რეინკარნაციის სჯეროდათ.