თითქმის ორი ათეული წელია, შვედეთში იდუმალ დაავადებას ებრძვიან, რომელიც სხვა ქვეყნებშიც გამოვლინდა, თუმცა რატომღაც შვედეთში ამ სინდრომის მქონე ბავშვების რაოდენობა ბევრად მეტია.
გარიყულობის სინდრომი (Resignation Syndrome, RS) მიგრანტ ბავშვებში ვლინდება, რომელთა ოჯახებიც ამ ქვეყანაში თავშესაფარს ეძებენ. სინდრომის თავისებურება კი იმით გამოიხატება, რომ ბავშვები ნელ-ნელა საერთოდ შორდებიან რეალობას, წყვეტენ სიარულს, ჭამას, ლაპარაკს, არ ახელენ თვალებს და ბოლოს იძინებენ - ეთიშებიან თითქოს სამყაროს. უჩვეულო ძილის პერიოდი ხშირად რამდენიმე თვე გრძელდება, ბავშვს ამ დროს ზონდით კვებავენ, ეტლით დაჰყავთ სასეირნოდ და უვლიან ისე, როგორც უნარშეზღუდულ პაციენტებს. რამდნეიმე თვის შემდეგ, ბავშვები თითქოს იღვიძებენ - მდგომარეობიდან მოულოდნელად გამოდიან.
მშობლებს ძალიან უჭირთ ამ მდგომარეობასთან შეგუება. მოულოდნელად საღსალამათი ბავშვი ურეაქციო ხდება, დუნდება და ეთიშება გარემოს. უვლიან, დასტრიალებენ, მასაჟებს უკეთებენ და უმოძრავებენ ხელ-ფეხს ექიმების მეთვალყურეობით, რომ როდესაც გამოფხიზლდებიან, ჩვეულად განაგრძონ ცხოვრება. თუმცა არ იციან, როდის იქნება ეს გამოღვიძება და უყურებენ ბავშვს, რომელიც ერთ წამში გარდაიქმნა. ზოგიერთს 20 თვეც კი უგრძელდება მსგავსი მდგომარეობა. მაგალითად, 9 წლის სოფის.
სოფი და მისი ოჯახი შვედეთში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნიდან პოლიტიკური თავშესაფრის საძებნელად წავიდნენ (კონფიდენციალურობის გამო, ქვეყანა არ სახელდება და ბავშვის სახელიც შეცვლილია). შვედეთში 2015 წელს მოხვდნენ და ლტოლვილთა პატარა დასახლებაში ცხოვრობდნენ.
"მისი არტერიული წნევა ნორმაშია", - ამბობს ექიმი ელიზაბეტ გულტკრანცი. ის სოფის ყველა რეფლექსს ამოწმებს. გოგონას დროდადრო პულსი უჩქარდება. ვარაუდობენ, რომ ასე რეაგირებს იმ ფაქტზე, როცა მასთან ვიღაცები მიდიან. ყველა სასიცოცხლო რეფლექსი ნორმაში აქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, ბავშვი მაინც არ მოძრაობს. ექიმი იმაზეც დარდობს, რომ სოფი პირს არ აღებს და საკვებმა მილმა დროთა განმავლობაში შესაძლოა მისი დახრჩობა გამოიწვიოს.
ექიმები, რომლებიც მსგავს ბავშვებს მკურნალობენ, ერთხმად თანხმდებიან, რომ დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა აიძულებს პატარებს, რომ სამყაროსგან იზოლირდნენ. განსაკუთრებით მაშინ, თუ შეესწრნენ ძალადობას, უწევდათ ცხოვრება დაძაბულობაში, ჩხუბსა და გარჩევებში. სოფის მშობლები ადგილობრივი მაფიისგან შევიწროებისა და ფულის გამოძალვის ობიექტები გახდნენ. 2015 წელს მათი მანქანა პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა პირებმა გააჩერეს.
"მანქანიდან გადმოგვიყვანეს, სოფი იქ დარჩა და უყურებდა, როგორ გვირტყამდენ მე და დედამისს", - იხსენებს ბავშვის მამა. დედამ ბავშვთან ერთად გაქცევა მოახერხა, მამა კი სადღაც წაიყვანეს. ქალმა სოფი მეგობრის სახლში მიიყვანა. ბავშვი ძალიან შეშინებული იყო და ყვიროდა, კედლებს ფეხებს ურტყამდა, დედამისს სთხოვდა, რომ მამის საძებნელად წასულიყო. სამი დღის შემდეგ კაცი კონტაქტზე გამოვიდა და მას შემდეგ გამუდმებით იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს, იმალებოდნენ სხვადასხვა მეგობართან. ასე გაგრძელდა სამი თვის განმავლობაში, ვიდრე ოჯახი შვედეთში არ გადავიდა. შვედეთში შესვლისთანავე, ისინი პოლიციამ დააკავა და მრავალი საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ სოფის მდგომარეობა თანდათან გაუარესდა.
"რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიე, რომ თავის დასთან ისე აღარ თამაშობდა, როგორც ადრე", - ამბობს სოფის დედა.
მალე ოჯახს აცნობეს, რომ შვედეთში თავშესაფარს არ აძლევდნენ და ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ - ისევ დაბრუნებულიყვნენ იქ, საიდანაც წამოვიდნენ, სახიფათო გარემოში. სოფიმ ეს ყველაფერი მოისმინა და მას შემდეგ ჭამა და საუბარი შეწყვიტა...
გარიყულობის სინდრომის პირველი შემთხვევა შვედეთში 90-იანი წლების ბოლოს დაფიქსირდა. ხოლოდ, 2003 წლიდან 2005 წლამდე 400 მსგავსი ფაქტი დააფიქსირეს. ყოველწლიურად ეს საკითხი სულ უფრო მეტად აწუხებთ ქვეყანაში, რადგანაც ბევრ ადამიანს სწორედ შვედეთში სურს პოლიტიკური თავშესაფარი. იყო ვერსია, რომ მშობლები ამას განზრახ აკეთებდნენ მანიპულაციისთვის, იმასაც ვარაუდობდნენ, რომ ბავშვებს ნარკოტიკებს უკეთებდნენ, მაგრამ არც ერთი ვერსია არ დადასტურებულა.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები შემცირდა. შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ე.წ. გარიყულობის სინდრომის 169 შემთხვევა დაფიქსირდა.
ყველაზე დაუცველები ის ბავშვები არიან, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკური თუ გეოგრაფიული არეალიდან არიან. სოფისგან განსხვავებით, ბევრი ბავშვი უკვე მრავალი წელი ცხოვრობდა შვედეთში და შვედურად უკვე კარგად საუბრობდნენ.
ადრეც ფიქსირდებოდა მსგავსი შემთხვევები. კერძოდ, ნაცისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრებს შორის. ბრიტანეთში 90-იანი წლების დასაწყისში დააფიქსირეს ფაქტები, მაგრამ იმ ბავშვებს შორის, არც ერთი არ ითხოვდა თავშესაფარს. ამიტომაც, ექიმები ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები შესაძლოა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში იყო, მაგრამ ე.წ. გარიყულობის სინდრომს მარტო შვედეთში აღრიცხავენ.
ექიმი სალინი ამ თემაზე სადისერტაციო ნაშრომს ამზადებს და ამბობს, რომ ზუსტი პასუხი არ არსებობს, რატომ ხდება ეს მაინცდამაინც შვედეთში.
"მოდით, პირველი შემთხვევა გავიხსენოთ: 1998 წელს შვედეთის ჩრდილოეთ მხარეში პირველად გაჩნდა ე.წ. გარიყულობის სინდრომი. იმავე რეგიონში შემდეგ კიდევ დაფიქსირდა შემთხვევები. ეს ხდებოდა იმ ოჯახებში, სადაც ორი ან მეტი შვილი ჰყავდათ და მდგომარეობა გადამდები იყო სხვა ბავშვებისთვისაც. თუმცა, ამაზეც ზუსტი დასკვნის გამოტანა არ შეგვიძლია", - ამბობს ექიმი სალინი.
მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ერთიანად წყვეტენ კომუნიკაციას და არავინ იცის, რა ხდება მათ თავში. თუმცა, ის კი ნამდვილად იციან, რომ ადრე თუ გვიან, ისევ გაიღვიძებენ.
სოფის მშობლებს ძალიან უჭირთ ქალიშვილის ამ მდგომარეობაში ყურება. მათი ყოვლდღიურობა სოფის რიტმზეა აწყობილი - საფენების გამოცვლა, უიმედოდ ყურება, საკვები მილის კონტროლი - ასე გავიდა 20 თვე.
"რაც შემიძლია გავაკეთო არის ის, რომ დავეხმარო ამ ბავშვებს სიცოცხლის შენარჩუნებაში. სხვა არაფრის გაკეთება შემიძლია. ექიმები არ ვართ ის ადამიანები, ვინც გადავწყვეტთ მიგრანტთა თავშესაფრის საკითხს", -
ამბობს ექიმი დაგსონი. მისივე თქმით, ამ ბავშვებთან გამოჯანმრთელება იმ დროიდან იწყება, როცა თავს დამშვიდებულად იგრძნობენ და თავშესაფრის საკითხი დადებითად გადაწყდება. ბავშვი ამას გრძნობს ოჯახში შეცვლილი ატმოსფეროთი, მშობლების პოზიტიური ხმებით. ის მთელი ამ მდგომარეობისას გრძნობს ყველაფერს, ექიმების თქმით, ესმის, რა ხდება გარშემო, უბრალოდ არ რეაგირებს და როცა გრძნობს, სტაბილურობას, დაცულობას, სიმშვიდეს, მერე თანდათან კვლავ უბრუნდება რეალურ ცხოვრებას. ამიტომ მუდმივად არიგებენ მშობლებს, პატარის გარშემო იყოს პოზიტიური გარემო, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ რაღაც უკეთესობისკენ იცვლება, რომ არის იმედი, ჰქონდეს სტაბილური საცხოვრებელი გარემო.
ბოლო სამი წლის განმავლობაში შვედეთს 300 ათასმა ლტოლვილმა მიმართა. გასულ წელს ძალაში დროებითი კანონი შევიდა, რომელიც ლტოლვილების მუდმივი ბინადრომის უფლების მიღების შანსებს ზღუდავს. ვიზა გაიცემა 3 წლით ან 13 თვით. სოფის ოჯახს 13 თვე მისცეს და მომავალი წლის მარტში ეს დრო იწურება.
ექიმები ამბობენ, რომ სოფის გამოჯანმრთელება საეჭვოა, თუ ამ 13 თვის განმავლობაში მშობლები არ აგრძნობინებენ, რომ მშვიდად არიან და თავშესაფარი აქვთ. თუმცა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვები მაშინ გამოჯანმრთელდნენ და გამოვიდნენ კონტაქტზე, როცა ოჯახს მუდმივი ბინადრობის უფლება მიღებული არ ჰქონდა. სპეციალისტების თქმით, ბავშვების ეს მდგომარეობა ფსიქოლოგიურ ტრავმასთანაა დაკავშირებული.
"სოლსიდანის" ბავშვთა სახლშიც ხვდებიან მსგავსი ბავშვები. როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათი მშობლები ძალადობის მსხვერპლნი არიან, ისმენენ მათ მიმართ მუქარას, უჩნდებათ დაუცველობის განცდა და წყვეტენ გარე სამყაროსთან კონტაქტს. ბავშვთა სახლის თანამშრომლების თქმით, ოჯახთან კავშირი ნელ-ნელა უნდა აღდგეს, ამიტომაც, პირველი რასაც აკეთებენ, მშობლებისგან განცალკევებაა. ბავშვის თანდასწრებით მიგრაციის პროცესებზე საუბარი აკრძალულია. მათ ყოველდღე აყენებენ საწოლიდან. აქვთ როგორც დღის, ასევე ღამის ტანსაცმელიც. თანამშრომლები ეხმარებიან ხატვაში, ფანქრის ხელში დაჭერაში.
"მათ ნაცვლად ვუკრავთ, ვუსმენთ მუსიკას, ვცეკვავთ და არ ვრჩერდებით, ვიდრე მათში მივიწყებულ გრძნობებს არ გავაღვიძებთ. "კოკა-კოლასაც" ვასმევთ, გაგვყავს სამზარეულოში, რომ საყვარელი კერძების სუნი იგრძნონ. იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ აქვთ სურვილი, იცხოვრონ. უბრალოდ, დავიწყებული აქვთ რაღაც უნარები. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რომ ვიცხოვროთ იმ ბავშვების ნაცვლად, ვიდრე თავად არ გააკეთებენ იგივეს", - ამბობს ბავშვთა სახლის თანამშრომელი კარლა.
მათთან ბავშვების გამოჯანმრთელების ყველაზე ხანგრძლივი პროცესი 6 თვეს გრძელდება. ხშირად მშობლებსაც არ აძლევენ კომუნიკაციის უფლებას. 35 ბავშვს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში "სოლსიდანის" ბავშვთა სახლში მიიღეს, მხოლოდ ერთმა მიიღო შვედეთში ცხოვრების უფლება.
რა ეშველება სოფის, ჯერჯერობით უცნობია. სხვადასხვა ვარაუდია - შეიძლება ოჯახში ახალი წევრის დაბადებამაც გააბედნიეროს ან რამე სხვამ მიანიჭოს სიხარული, მაგრამ სოფის დედას ზუსტად ახსოვს ექიმის სიტყვები: ბავშვმა რომ გაიღვიძოს, აუცილებლად უნდა იგრძნოს თავი დაცულად.
ახლა მათი ყველაზე დიდი შიში სამშობლოში დაბრუნება და ისევ იმ ხალხის ხელში მოხვედრაა, რომლებსაც გამოექცნენ.
"მოკვლით გვემუქრებოდნენ და არ ვიცი, ამაზე უარესი რა უნდა იყოს."- ამბობს სოფის დედა.