ლუნა ფენერის ისტორიამ უამრავი ადამიანი შეძრა და ბევრი გულშემატკივარიც გაიჩინა. გოგონას, რომელსაც სახეზე უზარმაზარი ლაქა ჰქონდა, ოპერაცის შემდეგ უკვე სახლში გაწერეს.
პატარა ლუნა ფენერმა, რომელიც იშვიათი ნიშნით, გიგანტური თანდაყოლილი მელანოციტური ნევუსით დაიბადა, სახის კანის გადანერგვის ბოლო ოპერაცია გაიკეთა.
ბავშვი სახეზე უჩვეულო ლაქით 2019 წლის მარტში დაიბადა. გოგონას დედა ძალიან შეწუხებული იყო ამ ამბის გამო, ამიტომ დახმარებისთვის ექიმებს მიმართა. ბავშვის გამოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ გარდა ესთეტიკური პრობლემისა, თანდაყოლილ ნიშანს ონკოლოგიური საფრთხის შექმნაც შეეძლო. ამერიკის შეერთებული შტატების ექიმებმა ვერ გარისკეს ოპერაციის ჩატარება. მათი პროგნოზით, ბავშვს ანესთეზიის გამოყენებით
70-ზე მეტი ოპერაციის ჩატარება მოუწევდა, რასაც მისი ასაკის გოგონა კი არა, ზრდასრულსაც ძალიან გაუჭირდებოდა.
ლუნას დედა არ დანებდა. ქალმა ინტერნეტში ბლოგი შექმნა, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მომხმარებლები ყოველდღე ადევნებდნენ თვალს პატარა გოგონას ამბავს, დახმარებას სთავაზობდნენ და მხარს უჭერდნენ. ამ ამბის შესახებ კრასნოდარელმა ონკოლოგებმა შეიტყვეს და ლუნას დედას ფოტოდინამიკური ანესთეზიის მეთოდი შესთავაზეს. კეროლ ფენერი თავდაპირველად ყოყმანობდა, მაგრამ ქალიშვილის გადარჩენის სურვილი უფრო ძლიერი იყო, ამიტომ 2020 წლის ბოლოს ლუნა და დედამისი კრასნოდარში ჩავიდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ოპერაციები გაცილებით ნაკლები ღირდა, ვიდრე აშშ-ში (შტატებში ყველა საჭირო პროცედურა ნახევარ მილიონ დოლარად შეფასდა), ფენერების ოჯახს მაინც არ ჰქონდა ამხელა ფინანსური რესურსი. პატარა გოგონამ მთელი მსოფლიო გააერთიანა და საბოლოოდ საჭირო თანხა შეგროვდა.
3 წლის ლუნა ფენერს დღემდე 8 ოპერაცია აქვს გაკეთებული: როგორც ლაზერული, ასევე კანის გადანერგვა. ბოლო პროცედურა ოქტომბერში წარმატებით ჩატარდა. ბავშვს კანი შუბლის ნაწილსა და ქუთუთოებზე გადაუნერგეს. ექიმები ამბობენ, რომ გამოჯანმრთელების პროცესი რამდენიმე კვირას გაგრძელდება და გამოჩნდება, კიდევ იქნება თუ არა უახლოეს მომავალში ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა.
ონკოლოგების თქმით, ლუნა საკმაოდ კარგად ართმევს თავს ყველა პროცედურას და ანესთეზიიდან ორი საათის შემდეგ სირბილსა და ხტუნვას იწყებს. ახლა პატარას მხოლოდ რამდენიმე კოსმეტიკური პროცედურის ჩატარება მოუწევს ნაწიბურების გასაქრობად, რის შემდეგაც ის ამერიკაში, საკუთარ სახლში დაბრუნებას შეძლებს.