მარლი მეტლინს კინომოყვარულები კარგად იცნობენ. ამერიკელი მსახიობის ანგარიშზე ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოებია - "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი". წელს კიდევ შეუძლია პრეტენზია განაცხადოს ჯილდოზე, დედის როლის შესრულებისთვის "ოქრო გლობუსზე" წარდგენილი ფილმისთვის "სმენადაქვეითებული მშობლების შვილი".
მარლი 1965 წლის 24 აგვისტოს არის დაბადებული ამერიკაში, მორტონ გროვში, ამერიკაში ემიგრირებული პოლონელი ებრაელების ოჯახში, სადაც ის და მისი ორი უფროსი ძმა იზრდებოდნენ. 18 თვის იყო, როცა იავადმყოფა და მაღალი სიცხის დროს სმენა დაკარგა - სრულად მარჯვენა ყურში და 80%-ით - მარცხენაში. ავტობიოგრაფიულ წიგნში "მე გვიან ვიყვირებ" ის ვარაუდობს, რომ სმენის დაკარგვა შესაძლოა გამოეწვია გენეტიკურად დეფორმირებულ ნიჟარას. ის ერთადერთი ყრუა თავის ოჯახში.
ავტობიოგრაფიულ წიგნში ის ასევე აღწერს ორ შემთხვევას, როცა სმენის პრობლემების გამო უსუსურად მიიჩნევდნენ და შეურაცხყოფდნენ ან მასზე ძალადობას ცდილობდნენ. ასეთებად მას ძიძა და მასწავლებელი ჰყავს დასახელებული.
მეტლინმა ბავშვობაშივე ისწავლა ჟესტების ენა, სმენადაქვეითებულთათვის სინაგოგასაც სტუმრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჰარპერის კოლეჯი ჩააბარა. სურდა, იურისტი გამხდარიყო.
თუმცა მისი ბედი კინოსა და თეატრს დაუკავშირდა. თეატრალური დადგმები სკოლიდან ხიბლავდა, როგორც მსახიობიც, პირველად თეატრში წარდგა მაყურებლის წინაშე წარმატებით.
1986 წელს თეატრალური პიესა, "სიჩუმის შვილები", რომელშიც მეტლინი თამაშობდა, ფილმადაც იქცა და სწორედ მან მოუტანა მარლის "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი", ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ის პირველი და ერთადერთი ყრუ მსახიობია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
მას მერე ბევრი წარმატებული როლი და ნამუშევარი იყო, ავტობიოგრაფიული წიგნი, საკუთარი ვარსკვლავი ჰოლივუდის "დიდების ხეივანში".
მარლი მრავალშვილიანი დედაცაა - კევინ გრანდალსკისთან ქორწინებაში ოთხი შვილი ჰყავს. არც ერთი არ არის სმენადაქვეითებული.