მასზე თითქოს ბევრი რამ ვიცით, მაგრამ ყოველთვის საინტერესო და ახალია ამბები მის შესახებ. კოკო შანელის ქართველი მუზა, ულამაზესი მერი შერვაშიძე...
ის მხატვარ საველი სორინისა და გალაკტიონ ტაბიძის მუზა იყო. მისი სილამაზე კოკო შანელსაც შთააგონებდა, თუმცა თავად თავადის ასული მერი მოდელის საქმიანობას ყოველთვის დამამცირებლად თვლიდა. ემიგრაციის სიძნელეების მიუხედავად, შერვაშიძემ დიდხანს და ღირსეულად იცხოვრა: მის ცხოვრებაში არც საჯარო სკანდალები ყოფილა და არც რთული სასიყვარულო ისტორიები.
1917 წლის რევოლუციის შემდეგ, რუსული თავადაზნაურობის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, პარიზში გაქცეულიყვნენ, სადაც პირველად დაუსვეს საკუთარ თავს შეკითხვა, როგორ იცხოვრებდნენ ამის შემდეგ და საერთოდ, გამოადგებოდათ თუ არა დახვეწილი გემოვნება, ბრწყინვალე განათლება და არისტოკრატიული მანერები. 1920-იან წლებში პარიზში მოდის ახალი ბუმი დაიწყო და ახალი სახეები სჭირდებოდათ.
ყველა მათგანი ცნობილი მოდელი გახდა, მაგრამ დღევანდელი ჩვენი გმირისგან განსხვავებით, ამ პროფესიას ყოველთვის მნიშვნელოვან და აუცილებელ მიმართულებად თვლიდნენ. გადასახლებამ განსაკუთრებით დაამძიმა ქართველი პრინცესა, მერი შერვაშიძე და მის ცხოვრებაში ბევრი თავგადასავალი გააჩინა.
მერი დაიბადა ბათუმში, თავადი შერვაშიძის ოჯახში, მამამისი რუსეთის იმპერიის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. სწორედ მამის ახალმა სტატუსმა აიძულა შერვაშიძეების ოჯახი, პეტერბურგში გადასულიყო საცხოვრებლად. ის, რომ ლამაზი იყო, მერის ბავშვობიდან ესმოდა გარშემო მყოფებისგან.
ერთხელ ნიკოლოზ მეორისგან კომპლიმენტიც კი მიიღო. ეს მაშინ მოხდა, როცა ქართველი თავადის ასული ხსოვნის წირვაზე აგვიანებდა და იმპერატორზე გვიან მივიდა, რაც ეტიკეტის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენდა. მაგრამ ნიკოლოზ II არა მხოლოდ არ გაბრაზებულა, არამედ კომპლიმენტიც უთხრა და აღნიშნა, რომ ძალიან ლამაზი იყო.
1915 წელს ქართველმა პოეტმა გალაკტიონ ტაბიძემ შექმნა ლექსების ციკლი "მერი". ამბობენ, რომ სწორედ მერი შერვაშიძე გახდა ის მუზა, რომელიც ტაბიძეს შთააგონებდა. ერთხელ პარკში ისე გაიარა, თავიც კი არ მიუბრუნებია პოეტისკენ, თუმცა, როგორც ამბობენ, გალაკტიონ ტაბიძემ ის სიცოცხლის ბოლომდე ვერ დაივიწყა. თავად ამტკიცებდა, რომ ტაბიძეს არასდროს შეხვედრია.
თავშეკავებული და დახვეწილი მანერები მერის ყოველთვის უბიძგებდა, რომ სილამაზე და უამრავი მამაკაცის ყურადღება არ გამოეყენებინა. არც ახალგაზრდული ახირებები ახასიათებდა, მოგვიანებით დაქორწინდა, თუმცა არ სურდა თავისუფლება დაეთმო და ქმრის მითითებებით ეცხოვრა. მას მუდმივად ჰქონდა უხილავი დისტანცია სხვა ადამიანებთან.
ამასობაში რევოლუცია დაიწყო, სხვა არისტოკრატებთან ერთად თბილისში გაემგზავრა. ასეთ დაძაბულ პირობებშიც კი, ახალგაზრდა თავადის ქალები დარჩნენ თავიანთი მანერებისა და ძველი ცხოვრების წესის ერთგულნი. იკეთებდნენ ახალ ვარცხნილობას, ცდილობდნენ გარდერობის განახლებას და უნდოდათ, საზოგადოებაში ისევ მდიდრულად წარმოჩენილიყვნენ.
თბილისში, მისი უჩვეულო სილამაზით გაოცებული მხატვარი საველი სორინი სთხოვს ნებართვას, რომ მისი პორტრეტი დახატოს.
სწორედ ეს სურათი, წარმოუდგენელი დამთხვევით, წლების შემდეგ მონაკოს პრინცესა გრეის კელის სახლში აღმოჩნდება. პორტრეტს სარკესთან დაკიდებს და ყოველ დილით საკუთარ ანარეკლს შეამოწმებს და შეადარებს, როგორ ჰგვანან ერთმანეთს.
მაგრამ, მხატვრის უპირობო სიყვარულის მიუხედავად, თავადის ასულმა საკუთარი გული თავად გიორგი ერისთავს დაუთმო.
1919 წელს მერი და გიორგი დაქორწინდნენ. ორი წლის შემდეგ კი საქართველოში წითელი არმია შემოვიდა. აშკარა გახდა, რომ გაქცევის დრო იყო. ახალდაქორწინებულები ჯერ კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ, სადაც ძვირფასეულობის ნაწილი გაყიდეს და შეძლეს პარიზის ბილეთების ყიდვა. გიორგი თავიდან ახალ რეალობაში ძალიან დაიბნა, ყველა ძვირფასეულობა გაყიდა და იმედი არსაიდან ჩანდა.
სწორედ ამ დროს ოჯახის მეგობარმა, დიმიტრი პავლოვიჩმა მერის ურჩია, ძალები მოდელობაში ეცადა. პირველივე მოდის სახლმა, სადაც მივიდა, მაშინვე დაიქირავა. ეს მოდის სახლი შანელი იყო.
ამაყი პოზა, მოძრაობების ელეგანტურობა, თვალების წარმოუდგენელი სიღრმე, რომელიც გულგრილს არავის ტოვებდა. პარიზელები მერისთვის არაფერს იშურებდნენ, ჩუქნიდნენ ძვირად ღირებულ სამკაულებს, ყვავილებს, უამრავ კომპლიმენტსა და თბილ სიტყვას. მაგრამ თავადის ასულს მანძილი სულ ახსოვა და ძველი ცხოვრებაც ენატრებოდა.
მერი ნამდვილად არ იყო მხოლოდ მოდელი. მას იწვევდნენ სოციალურ ღონისძიებებზე და ლიტერატურულ შეხვედრებზე, ფოტოგრაფები უდიდეს პატივს სცემდნენ, სადაც წავიდოდა, მაყურებლებიც თან მიჰყვებოდნენ, თითქოს თეატრში მიდიოდნენ, იმდენად აღფრთოვანებულები იყვნენ მერის სილამაზითა და დახვეწილობით. მთელი პარიზი გიჟდებოდა მის სილამაზეზე.
თავად შანელისთვისაც მნიშვნელოვანი იყო შერვაშიძის არისტოკრატული გარეგნობა. მაგრამ მიუხედავად ასეთი წარმატებისა, პოდიუმზე მუშაობა მერის საერთოდ არ მოსწონდა და როგორც კი შესაძლებლობა გამოუჩნდა, მაშინვე მიატოვა ეს საქმე.
1947 წელს გარდაიცვალა მისი მეუღლე, გიორგი. ეს მისთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა. გიორგი მას დაჰპირდა, რომ არასდროს მიაყენებდა ტკივილს, მრავალი წლის განმავლობაში, არასდროს იძინებდა თავად პირველი, უცდიდა როდის ჩაეძინებოდა ცოლს. ამიტომაც, ასეთი სიახლოვის შემდეგ მერის მარტო ყოფნა ძალიან გაუჭირდა.
ერისთავის ქვრივმა ბინაში მარტო დარჩენა არ ისურვა და კერძო მოხუცთა თავშესაფარში წასვლა ითხოვა. ქმარმა წინასწარ ღირსეული ცხოვრება მოუწყო და ყველა პირობა შეუქმნა, რომ თავი კარგად ეგრძნო. მას ექთანი დაუნიშნეს, სამი კეთილმოწყობილი ოთახი გამოუყვეს და არაფერი სჭირდებოდა. თუმცა, საკუთარი ბინაც შეინარჩუნა.
მოხუცთა თავშესაფარშიც კი, უამრავი მამაკაცი უგზავნიდა ყვავილებს და ცოლობასაც კი სთხოვდა. მაგრამ თავადის ასული, როგორც 70-იან, ისე 80-იან წლებში, დისტანციას ინარჩუნებდა. ამბობდა, რომ ჰყავდა ერთი, უპირობო სიყვარული და მეორე ქმარი აღარ სჭირდებოდა. მერი შერვაშიძე 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"მქონდა დიდი და ბედნიერი ცხოვრება. არაფერი მაქვს საწუწუნო!" - განუცხადა მან ჟურნალისტებს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.
მერი დაკრძალეს პარიზის მახლობლად, სენ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე, მეუღლესთან, გიორგი ერისთავთან ერთად.