სელმა ბლერი უკვე 18 წელია პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზით იტანჯება. განუკურნებელი დაავადების გამო მას მსახიობის პროფესიის, ჰობისა და სრულფასოვანი ცხოვრების დავიწყებამ მოუწია. თუმცა, მიუხედავად ტკივილისა და ტანჯვისა, სელმა ეწინააღმდეგება ამ განაჩენს და მხნედ აგრძელებს ყოველდღიურობას.
ძველი ჩვეულება შემორჩა და ხშირად გაჰყურებს ცხენების თავლის კარს. შედის - მისი რჩეულის - მისტერ ნიბლსის, თოვლივით თეთრი ცხენის სადგომისკენ, რომელთან ერთადაც სხვადასხვა შეჯიბრებაზე არაერთხელ მოიპოვა გამარჯვება. მსახიობს თვალდახუჭული შეეძლო ცხენზე ამხედრება და ჯირითი. თუმცა 2019 წელს ყველაფერი შეიცვალა. ახლა მასთან ერთად მისი შვილი, არტურია. ყოველთვის იქ არის, მოღიმარი და ოპტიმისტი სახით. მაშინაც კი, როცა დედა ავად არის. მაშინაც კი, როცა დედას ზრუნვა მასზე მეტად სჭირდება...
ცხენს ჩუმად ეფერება, ხელჯოხს კი, რომელიც მისი განუყოფელი ნაწილი გახდა, კედელთან ტოვებს და ფიქრობს წარსულ დღეებზე...
2018 წლის 21 ოქტომბერს, სელმა ბლერმა სენსაციური აღიარება გააკეთა: მას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. როგორ უნდა ეცხოვრა მსახიობს ამ დაავადებასთან ერთად, უცნობი იყო. იმ დღეს სელმამ ძალიან დიდი და გულწრფელი მიმართვა ჩაწერა თაყვანისმცემლებისთვის. მან განმარტა, რომ ეს იყო დაავადება, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენდა გავლენას. ავიწყდებოდა ფრაზები, განიცდიდა სისუსტეს და ხანდახან ეცემოდა კიდეც.
"შეზღუდული მაქვს უნარები. ხანდახან ვვარდები, ხანდახან რაღაცებს ვაგდებ. მეხსიერება მებინდება და ისე ვმოძრაობ, თითქოს მიმართულებას გატეხილი ნავიგატორიდან ვიღებ. ახლა საკუთარ თავზე მეცინება და ჯერჯერობით არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო, მაგრამ რაღაცას აუცილებლად მოვიფიქრებ", - თქვა მსახიობმა.
ახლა რეჟისორები მას ზარმაცს ან სულელს ვერ უწოდებენ, ვერც მეგობრები დასცინებენ იმის გამო, რომ ხელიდან ნივთები უცვივა. მის სხეულს აუტოიმუნური დაავადება ჭამს, რომლის განკურნება თანამედროვე მედიცინას ჯერ არ შეუძლია. ზურგის ტვინის და თავის ტვინის ბოჭკოებს თავს ესხმის საკუთარი თავდაცვის სისტემა. ნერვული ქსოვილის ნაცვლად, დაზიანებების ადგილზე წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილი, რომელსაც არ შეუძლია ტვინის სიგნალების გადაცემა. ამიტომაც, თუ ამ დროს ადამიანს ეუბნებით, რომ ხელი ასწიოს, შესაძლოა, ვერ გააკეთოს, იმის გამო, რომ ტვინში ღია საკომუნიკაციო არხის ნაცვლად, მჭიდროდ ჩაკეტილი ნაწიბურია.
"ხანდახან ასე ხდება. მიუხედავად ყველა თანამედროვე მიღწევისა, მეცნიერებას ჯერ არ შეუძლია პასუხის გაცემა, რატომ ჩნდება ეს დაავადება", - თქვეს ექიმებმა.
15 წლის განმავლობაში სელმას გარკვეული სიმპტომები ჰქონდა. რაღაცები ისე ავიწყდებოდა, წარმოდგენა არ ჰქონდა, მართლა მოხდა თუ არა. მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავ ექიმთან იყო. ზოგმა დეპრესიას დააბრალა, ზოგმა ქრონიკულ დაღლილობას და ზუსტი დიაგნოზი ვერავინ დასვა.
მისი ხშირად არ ესმოდათ. პროდიუსერები კიცხავდნენ იმის გამო, რომ რაღაცები ავიწყდებოდა. პროფესიულ გარემოში ძალიან მალე ჭორები გავრცელდა "არანორმალური" მსახიობის შესახებ, რომელსაც მეტ-ნაკლებად ღირებულ როლს ვერ ანდობდნენ - ტექსტს არ ისწავლიდა და გადაღებას ჩაშლიდა. "ჯობს, არ გარისკო და ვინმე უფრო ადეკვატური იპოვო", - ასე ეუბნებოდნენ რეჟისორები ერთმანეთს.
აუტოიმუნური დაავადების ფონზე, სელმას განუვითარდა სპაზმური დისფონია – ხორხის პერიოდული (და, რა თქმა უნდა, უკონტროლო) სპაზმები, რის გამოც მსახიობის მეტყველება დროდადრო წყდებოდა. ასეთ მომენტებში ბლერის ხმა შეუმჩნევლად იცვლებოდა და ნორმალური საუბრის ნაცვლად, რაღაც ჩახშობილი და გაუგებარი ისმოდა. ამის გამო მან არაერთხელ მიიღო თავაზიანი უარი სერიოზული პროექტების ხელმძღვანელებისგან. "თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, უბრალოდ წადით ექიმთან!" - ეუბნებოდნენ ისინი. რჩევა, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ 15 წლის განმავლობაში სპეციალისტებმა ვერ დაადგინეს, რა სჭირდა ბლერს. დასკვნის მიხედვით, მას ყველაფერი რიგზე ჰქონდა. თუმცა, ამ განსაცდელის დროს ის სულ გრძნობდა თავისი შეყვარებულის, დევიდ ლაიონსისა და პატარა ვაჟის, არტურის მხარდაჭერას. როდესაც სელმამ დიაგნოზის შესახებ გაიგო, პირველი, რაც იფიქრა, იყო ის, რომ ოჯახი დაენგრეოდა და საყვარელი ადამიანები მიატოვებდნენ.
"ჩემი ოჯახი მაღელვებს. მეშინია, რომ ავადმყოფობის გამო საკმარის ფულს ვერ ვიშოვი და ჩემს შვილს არ ექნება ყველაფერი, რაც სჭირდება. მეშინია, რომ ვერ გადავიხდი იმ წამლების საფასურს, რომლებიც დაზღვევაში არ არის დაფარული. ტვირთი ვარ, რომ აღარ შემიძლია ცხოვრებით ტკბობა და სხვების დახმარება. და მაინც, ჩემი მთავარი შიში ის არის, რომ არ მექნება ძალა ვასწავლო ჩემს შვილს რწმენა, გამძლეობა და სიყვარული", - უთხრა მაშინ მსახიობმა ინსტაგრამზე საკუთარ გამომწერებს. ბლერი იმ დროს 46 წლის იყო. თავისი გაუთავებელი პრობლემებით, საავადმყოფოებით, წამლებით, პანიკის შეტევებითა და დეპრესიული ეპიზოდებით, გარკვეულწილად, მართლაც ტვირთად იქცა.
მოძრაობის კოორდინაციის დარღვევის გამო, ექიმები დაჟინებით ითხოვდნენ, სამედიცინო ხელჯოხი დაემზადებინათ და ის გამოეყენებინა. თავიდან მსახიობს რცხვენოდა ხელჯოხით გამოჩენა და არსად აღარ დადიოდა. როდესაც სელმა ძალიან სასოწარკვეთილი იყოს, მის გვერდით მისი საყვარელი მამაკაცი, დევიდი იყო, რომელიც ამხნევებდა და დაუღალავად ზრუნავდა. უფრთხილდებოდა არტურსაც, უმკლავდებოდა საოჯახო საქმეებს, ყიდულობდა ყველა საჭირო წამალს და აკონტროლებდა მისი მიღების განრიგს. უმკლავდებოდა სელმას დეპრესიას, როდესაც შუაღამეს საწოლიდან წამოხტებოდა, აბაზანაში ჩაიკეტებოდა და მთელი ხმით ტიროდა. ის მშვიდად ეხუტებოდა და ამშვიდებდა. ბლერი გაქრა პაპარაცების ლინზებიდან და პრაქტიკულად, კინო დატოვა. მას დრო სჭირდებოდა, რომ დიაგნოზს შეგუებოდა. როგორც თერაპია, მსახიობი საათობით ესაუბრებოდა დევიდს, თამაშობდა შვილთან, არ ავიწყდებოდა ცხენი - მისტერ ნიბლსი. სტუმრობდა მას თავლაში, ეფერებოდა. პროფესიულად ცხენზე ჯირითი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო, თუმცა, ცოტა ხნით მაინც ახერხებდა ხოლმე გასეირნებას.
სელმა ბლერი და დევიდ ლაიონსი
2019 წელს სელმამ ოსკარზე მიიღო მიწვევა. თავიდან წასვლაზე არც უფიქრია, დამოუკიდებლად ვერც გადაადგილდებოდა და სულ თან ჰქონდა ხელჯოხი, თუმცა დევიდმა ყველაფერი გააკეთა, რომ საყვარელი ქალი კიდევ ერთხელ აღმოჩენილიყო წითელ ხალიჩაზე. "თუ მარტო გეშინია, ერთად წავიდეთ. რატომაც არა? ვინ გვიკრძალავს? მე და არტური ყოველთვის შენ გვერდით ვიქნებით. ნუ გეშინია, მარტო არ ხარ", - უთხრა ბლერს და სელმამაც წასვლა გადაწყვიტა.
24 თებერვლის საღამო მნიშვნელოვანი გახდა არა მხოლოდ მისის ბლერისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის. Ralph & Russo-ს კაშკაშა შიფონის კაბაში, უნაკლო თმითა და ღიმილით ბლერი ამაყად დადიოდა წითელ ხალიჩაზე, სპეციალურად ამ შემთხვევისთვის შექმნილ ელეგანტური ხელჯოხით, რომელიც ბრილიანტის მონოგრამით იყო. მხოლოდ მისმა ახლობლებმა იცოდნენ, რას გრძნობდა სელმა იმ დროს, როგორ უცემდა გული, როგორ ეშინოდა, რომ წონასწორობა არ დაეკარგა და ათასი კამერის წინ არ დავარდნილიყო. მაგრამ, დევიდი და არტური მასთან იყვნენ. დევიდმა კიბეებზე ააცილა და გამუდმებით აკვირდებოდა. თუ შეატყობდა, რომ ცუდად ხდებოდა, მაშინვე წაიყვანდა სახლში და დამცინავი მზერისგან იხსნიდა. თუმცა, ეს ასე არ მომხდარა. სელმა მშვენივრად გრძნობდა თავს და საზოგადოებამაც თბილად მიიღო. ვარსკვლავი კოლეგები შეხვედრისას ჩაეხუტნენ, გადაიღეს სურათები და ასევე ტკბილად ესაუბრებოდნენ, თითქოს არ არსებობდეს რამდენიმეთვიანი იზოლაცია და გაუცხოება. ამაყი პოზით და სიძლიერით სავსე მზერით სელმა კამერების წინ თავდაჯერებულად პოზირებდა. იმავე ღამეს მსახიობის ფოტოები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იქცა. "ათწლეულის ხატი", - ასე უწოდეს ჟურნალისტებმა და არც არავის გამოუათქვამს უკმაყოფილება. დევიდი უზომოდ ბედნიერი იყო. ოსკარის წვეულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ სელმა ტელევიზიაში მიიწვიეს, რათა ესაუბრა გაფანტულ სკლეროზსა და იმ გამოწვევებზე, რასაც ყოველ დღე აწყდებოდა. მან შემოთავაზებაზე უარი არ თქვა. სელმამ გულწრფელად ილაპარაკა, რამდენი სირთულის დაძლევა მოუწია და რა რთული იყო მისთვის სამსახიობო კარიერაზე უარის თქმა. გადაცემის ნახვებმა ყველა რეკორდი მოხსნა. ბლერს ინსტაგრამზე ათასობით გამამხნევებელი და თბილი შეტყობინება მისდიოდა.
"თქვენი ყოველი სიტყვა არის შთაგონება და მოტივაცია, რომ კიდევ ერთი დღე ვიცხოვროთ", - წერდნენ მსახიობს ის გამომწერები, რომლებიც განუკურნებელ დაავადებებს ებრძოდნენ. 2019 წლის ივლისში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამიტომაც, მხოლოდ ხელჯოხი აღარ იყო საკმარისი. მას ეტლის გამოყენება სჭირდებოდა. ამას ემატებოდა დეპრესია, მუდმივი სისუსტე, თავის ძლიერი ტკივილი, რაც ნორმალურ ცხოვრებაში ხელს უშლიდა. მალე მსახიობმა ემოციური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც შვიდი წლის არტური დედას თმას სჭრის. ექიმებმა სელმას შესთავაზეს ექსპერიმენტული მკურნალობა - ქიმიოთერაპია, რომელსაც მისი სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების პროგრესირების შეფერხება შეეძლო. მსახიობი დასთანხმდა, უბრალოდ სხვა გზას ვერ ხედავდა. შეეგუა თმის ცვენას, თუმცა, გაუსაძლის ტკივილს ებრძოდა, ცრემლებს იკავებდა და მაინც იღიმოდა, რადგან თვლიდა, რომ არტური ყველაზე ძლიერ და მხიარულ დედას იმსახურებდა მსოფლიოში. ექსპერიმენტულმა მკურნალობამ ბლერს დიდი ტკივილი მოუტანა. ფიზიკური ტანჯვის გარდა, მას ენერგია სერთოდ აღარ ჰქონდა, რომ ეცხოვრა.
თავისი შვილის მერვე დაბადების დღე საავადმყოფოში აღნიშნა და დათრგუნული, სასოწარკვეთილი ჩუმად ტიროდა. სამი კვირის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ტკივილი არ შემსუბუქებულა. ისევ დგებოდა ღამით, შედიოდა აბაზანაში, წყალს უშვებდა და ტიროდა. თუმცა, მან მაინც მიაღწია წარმატებას. ქიმიოთერაპიამ გარკვეული შედეგი გამოიღო. ტკივილი შემსუბუქდა, სელმა ფიზიკურადაც გაძლიერდა, თმამაც უკვე ზრდა დაიწყო. სექტემბრის თვეში კი დამოუკიდებლად გავიდა გარეთ თავისი საყვარელი ნაყინის შესაჭმელად. შემდეგ კი ცხენს ეწვია. ჯოხი კედელს მიაყრდნო და მოეფერა.
"მე და მისტერ ნიბლსს ბევრი დრო არ გვქონდა, რადგან გაფანტული სკლეროზის გამო ვარჯიშს ვეღარ ვახერხებდი. მაგრამ, მაშინაც კი, როცა ეს ჩემთვის სრულიად აუტანელი გახდა, საკუთარ თავს ვუმეორებდი: "ადრე თუ გვიან, ამ ცხენს ისევ დაიბრუნებ", ამისთვის კი შეუძლებელი უნდა გამეკეთებინა", - თქვა მსახიობმა.
სელმა უკვე ხელჯოხისა და შვილის დახმარების გარეშე შედის თოვლივით თეთრ ცხენთან და იღიმის. არ ნებდება და იცის, რომ ადრე თუ გვიან, ისევ შეძლებს ნიბლსსთან ერთად შეჯიბრებების მოგებას. "ვგრძნობდი, რომ ოდესმე აუცილებლად დავბრუნდებოდი და აი, მე აქ ვარ", - ამბობს სელმა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ჯერ კიდევ ქიმიოთერაპიამდე ჩაიწერა, სელმა ბლერს მისი ცხოვრების გეგმის შესახებ ჰკითხეს. ალბათ, ჟურნალისტს სურდა მოესმინა პომპეზური ფრაზები უკურნებელი დაავადების დამარცხებისა ან წარმატებული სამსახიობო გეგმების შესახებ, მაგრამ ამის ნაცვლოდ სულ სხვა რამ მიიღო. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ მსახიობმა უპასუხა: "დიახ, გაფანტული სკლეროზი მაქვს, მაგრამ ეს ნორმალურია. ეს არ არის განაჩენი. უბრალოდ მინდა ისევ ჩემს შვილთან თამაში ისე, რომ არ დავეცე. მინდა ქუჩებში ხელჯოხზე დაყრდნობილმა ვიარო. სხვისი დახმარების გარეშე ცხენზე ჯდომა მინდა. მინდა, რომ ვიყო ბედნიერი. ცხოვრება მინდა", - თქვა სელმამ.