ნამდვილი მძინარე მზეთუნახავის საოცარი ისტორია დღემდე ამოუცნობ ფენომენად რჩება. ოდესმე გიოცნებიათ მთელი დღით, ან ერთი კვირით დაძინებაზე? როგორც წესი, ასეთი სურვილები აუსრულებელია. ჯანსაღ სხეულს თორმეტ საათზე მეტი ძილი უჭირს. მაგრამ, დაავადება თავისებურად არეგულირებს რეჟიმს. იდუმალი ავადმყოფობის გამო ინგლისელ ელენ სედლერს ბავშვობაში ჩაეძინა და როცა გაიღვიძა, უკვე ზრდასრული ქალი იყო.
ელენი მე-19 საუკუნეში, სოფელ ტურვილში, ლონდონის მახლობლად დაიბადა. ის ღრმა ძილში არა ჯადოქარმა, როგორც ეს ფილმებში ხდება, არამედ იდუმალმა დაავადებამ ჩააგდო. ბავშვი ადგილობრივი ფერმერების ოჯახში მეათე შვილი იყო: მრავალშვილიანი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ბავშვების გამოკვება უჭირდათ. ამიტომაც, ელენმა, როგორც მისმა და-ძმამ, ათი წლიდან უკვე დაიწყო მუშაობა. გოგონა შესანიშნავი ძიძა აღმოჩნდა. მონდომებული და მშვიდი სედლერი მეზობელ სოფელში ბავშვებზე ზრუნავდა. არ უყვარდა ხმაურიანი თამაშები, გოგონა თითქმის არ ურთიერთობდა თანატოლებთან, მაგრამ კარგად უვლიდა ბავშვებს. პატარა მერი პოპინსი ოჯახს ფულით ეხმარებოდა და ახარებდა დამსაქმებელს, სანამ მის თავს რაღაც უცნაური არ მოხდა.
ელენს თავის ძლიერი ტკივილი დაეწყო, დაღლილობა იგრძნო და გზაში ჩაეძინა. ასეთი ძიძა, რა თქმა უნდა, კარგად ვეღარ გაართმევდა თავს ბავშვებთან ურთიერთობას, ამიტომაც იმ ოჯახიდან, სადაც მუშაობდა, გაათაისუფლეს. გოგონა სახლში დაბრუნდა. ახლა მშობლებს უნდა ეზრუნათ მასზე, გამოეკვებათ და რაც მთავარია, გაეგოთ, რა სჭირდა. თუმცა, ოჯახმა მისი ექიმთან წაყვანა ვერ შეძლო, ბავშვის მდგომარეობა კი უარესდებოდა. მხოლოდ ძილი უნდოდა. ერთ დღეს სედლერს ექიმი ეწვია. მან ივარაუდა, რომ ბავშვს თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა. ელენს ჩვენს დროში რომ ეცხოვრა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ოპერაცია და მკურნალობა აუცილებლად დასჭირდებოდა. მაგრამ, ორასი წლის წინ ექიმმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა და დასვენება ურჩია.
ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ელენს ეპილეფსიის მსგავსი რამდენიმე კრუნჩხვა ჰქონდა. გოგონა კიდევ უფრო დასუსტდა. ერთ შუა დღეს სედლერმა კვლავ თავის ტკივილის შესახებ უთხრა მშობლებს და დასასვენებლად დაწვა. მაშინ არავინ იცოდა, რომ ბავშვი თითქმის 10 წლით დაიძინებდა. რამდენიმე დღის შემდეგ გოგონამ რომ არ გაიღვიძა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაგრამ ის სუნთქავდა! ქალიშვილის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ელენის დედამ პირში ბულიონებისა და სუპების ჩასხმა დაიწყო. გადიოდა დღეები, კვირები და პატარა ძიძა არ იღვიძებდა.
მძინარე მზეთუნახავის შესახებ ჭორები სწრაფად გავრცელდა. მალე მნახველებმა სედლერის სახლში დაიწყეს მისვლა. ყველას სურდა, საკუთარი თვალით ენახა სიზმარში მცხოვრები გოგონა. მშობლები მიხვდნენ, რომ ქალიშვილის ავადმყოფობას შესაძლოა მათი ფინანსური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. ამიტომაც, სტუმრების მიღების დროს ფულის გადახდა დააწესეს. ყველას, ვისაც სურდა, მძინარე ბავშვი ენახა, გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა. გარდა ამისა, გოგონას მდგომარეობის შესახებ ყველა ბრიტანული გამოცემა წერდა. იქამდე არასოდეს მისულა იმდენი ხალხი სოფელში: ელენმა ტურვილი ტურისტულ ადგილად აქცია.
სხვათა შორის, ბევრს ეჭვი ეპარებოდა ამ ამბის სისწორეში. ტურვილში მიდიოდნენ ექიმები, სპეციალისტები, სინჯავდნენ ბავშვს და რწმუნდებოდნენ, რომ მისი გაღვიძება შეუძლებელი იყო. გოგონას ხელები და ფეხები გაყინული ჰქონდა, მაგრამ სუნთქვა თანაბარი იყო, გამომეტყველება კი მშვიდი. ადგილობრივმა პოლიციამ "თაღლითობაზე" გამოძიებაც კი დაიწყო, მაგრამ ეს ამბავი ტყუილი არ ყოფილა - სადლერს ღრმად ეძინა. რამდენიმე წლის შემდეგ მის მშობლებსაც კი აღარ სჯეროდათ, რომ ელენი გაიღვიძებდა. დრო გადიოდა, გოგონაზე ზრუნვა რთული არ ყოფილა. დღეში ერთხელ დედა პირში რძესა და სხვა თხევად საკვებს ასხამდა. შესაძლოა ოჯახს მისი მდგომარეობა დიდად არ აინტერესებდა, მაგრამ ელენის წყალობით დიდ თანხას გამოიმუშავებდნენ. ტურისტების ნაკადი არ წყდებოდა. ამიტომაც, გოგონას ლამაზად ჩააცვეს, თმა დავარცხნეს და ისე ახვედრებდნენ "დამთვალიერებლებს".
მძინარე მზეთუნახავის დედა მაშინ გარდაიცვალა, როცა გოგონა უკვე 20 წლის იყო და კვლავ ეძინა. მასზე უფროს დას უნდა ეზრუნა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში გოგონამ თვალები გაახილა. ზრდასრული ახალგაზრდა ქალი სიცოცხლეს დაუბრუნდა. მთელი ამ დროის განმავლობაში მისი ორგანიზმი ჩვეულებრივად იზრდებოდა და ვითარდებოდა. მაგრამ, თავს მაინც 11 წლის ბავშვად გრძნობდა, რადგანაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა იმ პერიოდში, რომელიც გამოტოვა. უამრავ ჟურნალისტს სურდა გოგონასთან გასაუბრება, თუმცა სედლერი გამუდმებით ტიროდა და არ იცოდა, როგორ ეცხოვრა. მას დები ეხმარებოდნენ. თავიდან ასწავლეს ტანსაცმლის ჩაცმა, თავის მოვლა. ელენი ძალიან ჭკვიანი იყო და მალევე დაუბრუნდა საკუთარ ცხოვრებას. გადაწყვიტა, ემუშავა. თუმცა, ძიძობაზე აღარ უფიქრია. სამაგიეროდ, შეაგროვა ბევრი ლამაზი მძივი და სამკაულების გაკეთება დაიწყო, რაც ძალიან მოთხოვნადი იყო.
გაღვიძებიდან ორი წლის შემდეგ, მძინარე მზეთუნახავი თავის პრინცს შეხვდა: ის მეზობელი სოფლიდან ფერმერი გახლდათ. შეყვარებულები დაქორწინდნენ და ექვსი შვილის მშობლები გახდნენ. ამ ზღაპრულ ისტორიას ბედნიერი დასასრული უნდა ჰქონდა, მაგრამ ელენის ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელებულა.
1901 წელს, როცა სედლერი ორმოცდათორმეტი წლის იყო, ისევ დაიძინა. თუმცა, ამჯერად, სამუდამოდ... ვერავინ გაიგო, რატომ გარდაიცვალა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ სიმსივნე, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში გაყინული იყო, დაბრუნდა.
კოტეჯი, სადაც სედლერების ოჯახი ცხოვრობდა, ჯერ კიდევ ხელუხლებელია. ტურვილში მას "მძინარე სახლს" უწოდებენ. ტურისტები თითქმის ყოველ კვირას მიდიან, რათა ნახონ, სად ეძინა უნიკალურ გოგონას, რომლის ისტორია ერთი დიდი იდუმალებაა. ჯერ არავინ იცის, რა დაემართა ელენს. ამ ამბის ირგვლივ უამრავი მოსაზრება ვრცელდება. ზოგი თვლის, რომ მართლაც იდუმალ დაავადებასთან გვაქვს საქმე, ხოლო ნაწილს მიაჩნია, რომ მშობლები მას განზრახ ასმევდნენ საძილე საშუალებებს, რათა ტურისტები მიეზიდათ და ფული ეშოვათ. ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ გოგონამ მაინცდამაინც დედის გარდაცვალების შემდეგ გაიღვიძა.
მომხდარის კიდევ ერთი ვერსია ნარკოლეფსიაა. ეს დაავადება საკმაოდ ხშირია, თუმცა, როგორც წესი, ძილიანობა ასეთ პროპორციებს არ აღწევს და რამდენიმე დღეში სრულდება. ხშირად ნარკოლეფსია ორექსინისა და ჰიპოკრეტინის ნაკლებობითაა გამოწვეული, რაც ორგანიზმს გამოფხიზლებაში ხელს უშლის. ახლა ეს დეფიციტი წარმატებით ექვემდებარება მკურნალობას, მაგრამ მეცხრამეტე საუკუნეში ელენს საუკეთესო სპეციალისტებიც კი ვერ დაეხმარნენ. ხშირად ნარკოლეფსიით დაავადებული ადამიანები მიდრეკილნი არიან მძიმე დეპრესიისკენ. შესაძლოა, სედლერსაც იგივე დაემართა: მან ვერასოდეს დაძლია ნერვულ დაღლილობას, რის გამოც ასე ადრე გარდაიცვალა. თუმცა, ესეც ვარაუდია, რადგან ზუსტად არავინ იცის, რა დაემართა გოგონას, რომელმაც 11 წლის ასაკში მოულოდნელად დაიძინა და 20 წლის იყო, როცა გაიღვიძა.
ბავშვებს თვეობით სძინავთ, თითქოს კომაში არიან - იდუმალი დაავადება, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა