ინდოელი ქალი, გიტა მაჰური დარწმუნებული იყო, რომ ბედნიერი ქორწინება ექნებოდა. თუმცა, მრავალი წლის წინ გააცნობიერა, რომ არასწორი მოლოდინი ჰქონდა. ქალს და მის ორ გოგონას ქმარმა სახეში მჟავა შეასხა მხოლოდ იმის გამო, რომ მისი თქმით, ისინი აღიზიანებდნენ... მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა. თუმცა გიტა მაინც აგრძელებს მეუღლესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას.
ინდოეთში სახეში მჟავას შესხმა არც ისე იშვიათია. ადგილობრივი მამაკაცები უკეთეს გზას ვერ იგონებენ, როგორ იძიონ შური და დაამახინჯონ ის ქალები, რომლებიც მათზე უარს იტყვიან. თუმცა, გიტასაც კი, რომელიც, ფაქტობრივად, სახლში მსახურად იყო და ქმარს ყველაფერს უსრულებდა, მაინც დაესხა თავს.
თითქმის 30 წლის წინ, კაცი გაბრაზდა და გადაწყვიტა, ცოლი დაესაჯა. დაიყვირა: "ნუ ერევი ჩემს საქმეში, თორე სახეს დაგიწვავ..." ამის შემდეგ კი ინდერჟიტმა ცოლსა და მათ ორ პატარა გოგონას სახეში გოგირდის მჟავა შეასხა. დებს შორის უმცროსი, კრიშნა გარდაიცვალა, თუმცა მეორემ, ნიტუმ გადარჩენა შეძლო.
რამდენიმე წლის წინ გიტამ გადაწყვიტა, თავისი ამბავი The Mirror-ისთვის მოეყოლა. დღეს ის 45 წლისაა და საერთოდ არ ნანობს, რომ ტრაგედიის შემდეგ ტირან ქმართან დარჩა.
"ხალხს ვძულდით, დაგვცინოდნენ და ზიზღით გვიყურებდნენ. მეზობლებმა ისიც კი იკითხეს, როდის მივდიოდი სახლიდან. მეშინოდა ჩვენი მომავლის, ვფიქრობდი, მარტო როგორ გავზრდი შვილებს... როცა ჭრილობები შეხორცდა, მასთან დაბრუნება გადავწყვიტე. მრავალი წლის განმავლობაში ის ჩემ მიმართ კეთილგანწყობილი იყო, ერთ საწოლში განვაგრძეთ ძილი და ქალიშვილის გაზრდა..." - განუცხადა გიტა მაჰურმა ჟურნალისტებს.
თავად ინდერჟიტმა მოგვიანებით გააცნობიერა საკუთარი დანაშაული. მამაკაცის თქმით, მას ცრემლების გარეშე არ შეუძლია შეხედოს დამახინჯებულ ქალიშვილს, რომელმაც მის გამო მხედველობა დაკარგა. ნიტუმაც იპოვა ძალა, დანაშაული მამისთვის ეპატიებინა, მაგრამ მათი ურთიერთობა მაინც დაძაბულია. "არასდროს მივცემ თავს უფლებას, ვიყო მოწყენილი და გაბრაზებული. თავს სუსტად არ ვთვლი. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში აღმავლობა და ვარდნა. ყველამ უნდა იბრძოლოს გადარჩენისთვის. უბრალოდ, ჩემნაირებს სხვებზე მეტად უწევთ ბრძოლა. მამამ ჩემი სახე დაამახინჯა, მაგრამ ჩემი ოცნებები და ნებისყოფა ხელუხლებელი დარჩა." - თქვა გოგონამ.
რამდენიმე წლის წინ გოგონამ თვალის ოპერაცია გაიკეთა. ნიტუს დედას სჯეროდა, რომ ქირურგები მის მხედველობას ნაწილობრივ მაინც აღადგენდნენ. თუმცა, ექიმებმა მხოლოდ ოდნავ შეძლეს მდგომარეობის გაუმჯობესება. ის კაფეში მჟავათი დაზიანებული ადამიანებისათვის მუშაობს და იმედი აქვს, რომ მომავალში შეძლებს დაეხმაროს მათ, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
ქალი ცოლად გაჰყვა მამაკაცს, რომელმაც სახეზე მჟავა შეასხა და მხედველობა დააკარგვინა - ამ ამბავს "გიჟური სიყვარული" უწოდეს
როგორ ცხოვრობს მოდელი, რომელსაც ბოიფრენდმა სახეში მჟავა შეასხა - მან 300-ზე მეტი ოპერაცია გადაიტანა