2017 წლის აპრილში მსოფლიოს თითქმის ყველა ინტერნეტ-მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 30 წლის ბელგიელი ტურისტი, ელისა დალმანი ტაილანდის კუნძულზე გარდაცვლილი იპოვეს. რატომ გამოიწვია ამ კონკრეტულმა შემთხვევამ მსგავსი აჟიოტაჟი? საქმე ის არის, რომ ტაილანდის ამ კუნძულს სხვაგვარად "სიკვდილის კუნძულს" უწოდებენ, რადგან რამდენიმე წელიწადის განმავლობაში იქ შვიდი ტურისტი დაიღუპა, ელისა კი მერვე მსხვერპლი გახდა.
კო ტაოს ხშირად სამოთხეს უწოდებენ დედამიწაზე. იგი მყვინთავებს მთელი მსოფლიოდან წყლების სისუფთავითა და მარჯნის რიფების სილამაზით იზიდავს. კუნძულზე მომხდარი იდუმალი დანაშაულების გასაჯაროების შემდეგაც კი, ტურისტთა ნაკადი მაინც არ იკლებს.
ელისა დალმანმა შვებულება აიღო და გადაწყვიტა აზიასა და ავსტრალიაში გამგზავრებულიყო. 2017 წლის აპრილში მისი ტური დასასრულს უახლოვდებოდა: გოგონა თვის ბოლო დღეებში ბანგკოკში უნდა გაფრენილიყო, იქიდან კი - მშობლიურ ბელგიაში.
მაგრამ, 21 აპრილს ის მოულოდნელად გაუჩინარდა. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ მიდიოდა სანაპიროსკენ, მაგრამ რა დაემართა, უცნობია. მისი ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ქვებს შორის, ნახევრად განადგურებული და შეჭმული იპოვეს.
მისი ახლობლები გამუდმებით ცდილობდნენ, ტაილანდის პოლიციისგან გაეგოთ, რა გახდა ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, მაგრამ ისინი ამტკიცებდნენ, რომ შემთხვევა "თვითმკვლელობას" უკავშირდებოდა. ელისას დედა კატეგორიულად გამორიცხავს თვითმკვლელობის შესაძლებლობას, რადგან, მისი თქმით, ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, ქალიშვილს ესაუბრა და დეპრესიის ან გაღიზიანების არანაირი ნიშანი არ აღენიშნებოდა. "მისი ნივთები ჩალაგებული იყო: აშკარაა, რომ წამოსვლას აპირებდა. რატომ აიღებდა მაშინ ბილეთს, თუ თავის მოკვლას გეგმავდა?" - ამბობს ელისას დედა.
პოლიცია ფიქრობდა, რომ ადრე თუ გვიან, ჟურნალისტები დაიღლებოდნენ ამ ამბის გაშუქებით. მაგრამ, Daily Mail-მა გამოძიების ახალი დეტალები გამოაქვეყნა, რის გამოც ტაილანდის ხელისუფლება იძულებული გახდა, ხელახლა წამოეწყო ძიება. ყველაზე იდუმალი ის არის, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ელისამ კუნძული ფანგანი დატოვა, სადაც თურმე დიდი ხნის განმავლობაში იოგათი და სხვა აღმოსავლური ვარჯიშებით იყო დაკავებული, ერთ-ერთი სექტის ხელმძღვანელობით. ამ კულტის მიმდევრები მისტიკურ სექსუალურ პრაქტიკას მისდევენ. გამომძიებლებმა დალმანის ტრაგიკულ სიკვდილსა და ორგანიზაციას შორის კავშირი ვერ იპოვეს, მაგრამ აშკარა ეჭვი გაჩნდა. სექტა არაერთხელ დაადანაშაულეს გოგონების სექსუალურ შევიწროებაში. ჯერ კიდევ 1990-იან წლებში კი - ადამიანთა გარდაცვალების იდუმალ შემთხვევებში.
გარდა ამისა, ექსპერტებმა შეიტყვეს, რომ გოგონას ბილეთი ფანგანიდან ჩუმფონის პროვინციამდე ჰქონდა დაჯავშნილი, საიდანაც ბანგკოკში ავტობუსით უნდა წასულიყო. თუმცა, რა მიზეზით ჩავიდა კუნძულ კო ტაოზე, უცნობია. თავსატეხი ამით არ სრულდება. როგორც გაირკვა, მან ბუნგალოში დასარეგისტრირებლად ყალბი სახელი და გვარი გამოიყენა. გოგონამ ასევე უარი თქვა სასტუმროს თანამშრომლებისთვის პასპორტის დეტალების მიცემაზე და განაცხადა, რომ მათ მოგვიანებით მიაწვდიდა ინფორმაციას. თუმცა, ეს არ გაუკეთებია. იმ ღამეს სოფელში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც სამი სახლი გაანადგურა - მათ შორის ისიც, სადაც ელისა იმყოფებოდა. შეშინებული გოგონა, თვითმხილველების თქმით, ჯუნგლებში შევარდა, მოგვიანებით კი სხვა სასტუმროში გაჩერდა, სადაც კიდევ ერთი ბილეთი შეუკვეთა ბანგკოკის მიმართულებით, სადაც 24 აპრილს უნდა წასულიყო. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დალმანი საგულდაგულოდ ცდილობდა კვალის დაფარვას და ვიღაცას აშკარად ემალებოდა. იქნებ სექტანტებისგან გაქცევას ცდილობდა, რომლებიც მას დევნიდნენ?..
ადგილობრივმა პოლიციამ გვამის პოვნისთანავე მაშინვე მოძებნა დალმანის ნათესავები, მაგრამ დედამ ქალიშვილი თავდაპირველად ვერც ამოიცნო - ცხედარი ხვლიკებს შეეჭამათ სანახევროდ. ქალი შოკში იყო: ბოლო მომენტამდე ვერ იჯერებდა, რომ ეს ელისა იყო. გოგონას იდენტიფიცირების შემდეგ, მას ექსპერტიზა ჩაუტარდა. დედას შეჰპირდნენ, რომ შესაბამის საბუთებსა და დასკვნას მისცემდნენ, თუმცა მისთვის პოლიციას არაფერი შეუტყობინებია, ამიტომაც მან გამოძიებას უნდობლობა გამოუცხადა.
"ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ვიღაცას უბრალოდ არ უნდა, ჩვენ სიმართლე ვიცოდეთ. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელისამ თავი ჩამოიხრჩო, მაგრამ მისი ცხედარი ქვებს შორის იპოვეს! ჩემმა ქალიშვილმა თავი კი არ მოიკლა - ვიღაცამ მოკლა", - ამბობს გოგონას დედა. ქალი არ ენდობოდა პოლიციას იმის გამოც, რომ ტურისტების თითქმის ყველა უცნაური გარდაცვალება, რომელიც კუნძულ კო ტაოზე მოხდა, ასევე თვითმკვლელობად აღიარეს.
იდუმალი მკვლელობების სერია
30 წლის ბელგიელი გოგონა ჯერჯერობით ბოლო ტურისტია, რომელიც ამ კუნძულზე გარდაიცვალა და იმედია, საიდუმლო გარდაცვალებები ამით დასრულდება. ტრაგედიამდე 3 წლით ადრე მოხდა პირველი ასეთი შემთხვევა: 23 წლის ინგლისელი ჰანა და მისი 24 წლის მეგობარი ბიჭი დევიდი დაიღუპნენ. ხელისუფლებამ მაშინ აღიარა, რომ ეს მკვლელობა იყო და დანაშაულში მიანმარელი ვიზიტორები ამხილეს.
იმავე წელს 25 წლის ბრიტანელი ნიკ პირსონი გარდაიცვალა, რომელიც ტაილანდში მშობლებთან ერთად ახალი წლის აღსანიშნავად ჩავიდა. ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარებიდან მეორე დღეს მისი ცხედარი ზღვის ფსკერზე მყვინთავებმა იპოვეს და პოლიციამ სიკვდილის მიზეზად "თვითმკვლელობა" გამოაცხადა. მათი თქმით, ნიკი კლდიდან გადახტა ან გადავარდა, წყალში ჩავარდა და დაიხრჩო. მშობლებმა არ დაუჯერეს ამ ვერსიას, მით უმეტეს, რომ მათ შვილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის, თავის არეშიც.
ნიკ პირსონი ოჯახთან ერთად
ერთი წლის შემდეგ, 29 წლის ფრანგი დიმიტრი პოვზე საკუთარ ბუნგალოში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზად, რა თქმა უნდა, თვითმკვლელობა დაასახელეს, თუმცა ეს საერთოდ არ ჰგავდა თვითმკვლელობას. ბიჭს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და კისერზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
2015 წლის იანვარში კუნძულზე გარდაიცვალა 23 წლის ინგლისელი კრისტინა ენესლი. პოლიციამ თქვა, რომ გოგონამ ანტიბიოტიკები დალია, შემდეგ ალკოჰოლი მიაყოლა და ამან გამოიწვია მისი გარდაცვალება, თუმცა ბრიტანელმა ექსპერტებმა მის სხეულში ალკოჰოლის კვალი ვერ იპოვეს. ვერც მისმა ოჯახმა მიაღწია სამართლიანობას. ერთი წლის შემდეგ, ბრიტანელი ლუკ მილერის ცხედარი ერთ-ერთი სასტუმროს აუზში იპოვეს: სახე დასახიჩრებული ჰქონდა. მაგრამ, ხელისუფლებამ ისევ თქვა, რომ ალკოჰოლის ბრალი იყო და კაცმა ნასვამ მდგომარეობაში საკუთარ თავს დაზიანებები მიაყენა. გაკვეთის შედეგები საჯაროდ არ გახმაურებულა.
დაღუპულთა შორის 23 წლის ვალენტინა ნოვოჟენოვაცაა. ერთ საღამოს ის სანაპიროზე გავიდა, მაგრამ სასტუმროში აღარ დაბრუნებულა. მის ოთახში ყველა ნივთი ხელუხლებელი იყო, მათ შორის ბილეთი, რომლითაც კუნძულიდან გამგზავრებას აპირებდა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია. პოლიცია ამტკიცებს, რომ გოგონამ თავი მოიკლა და გამოძიება შეწყვიტა.
მაფიის კონტროლი
რატომ სურს ტაილანდის პოლიციას, ყოველ ჯერზე შეწყვიტოს გამოძიება? საქმე ისაა, რომ კუნძულს მაფიის წევრები აკონტროლებენ. ჯგუფი მართავს ყველაფერს: ვაჭრობას, პროსტიტუციას, ტაქსის, ნარკომანიას, პოლიციასაც კი და, რა თქმა უნდა, ტურისტულ ბიზნესს. ამიტომაც, ტურისტული ბიზნესი რომ არ ჩავარდეს, პოლიცია არ ასახელებს რეალურ მიზეზებს, რატომ იღუპებიან ახალგაზრდები, რომ სხვებს არ შეეშინდეთ და ჩასვლა არ გადაიფიქრონ. ყველაზე მარტივი კი თვითმკვლელობის გამოცხადებაა. ეს აჩვენებს, რომ ფაქტებს ხელისუფლებასთან არაფერი საერთო არ აქვთ, ადამიანები თავად იკლავენ თავს და პოლიციასაც არაფრის გაკეთება შეუძლია ასეთ დროს.
მაგრამ, ელისას გარდაცვალების შემდეგ კუნძულის მაფიის შესახებ ჭორები ელვის სისწრაფით გავრცელდა: Daily Mail-მა, Independent-მა და The Sun-მა უკვე გამოაქვეყნეს რამდენიმე ძირითადი მასალა ამ თემაზე. ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ კუნძულის მცხოვრებლებს გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების გამო სიმართლის თქმის ეშინიათ. შოტლანდიელმა ტურისტმა შონ მაკანამ ერთ-ერთ გამოცემას ინტერვიუ მისცა, სადაც თქვა, რომ სასწაულებრივად გადარჩა მას შემდეგ, რაც მას ადგილობრივი მაფია დაემუქრა.
შონი დევიდისა და ჰანას მეგობარი იყო. ისინი, როგორც აღვნიშნეთ, პირველი ტურისტები იყვნენ, ვინც კუნძულზე გარდაიცვალნენ. ბიჭი ამბობდა, რომ ტაილანდური მაფია მას მოკვლით დაემუქრა და უთხრეს, რომ მერე ამას თვითმკვლელობად გამოაცხადებდნენ. მან ეს ინფორმაცია სასწრაფოდ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, მისი და კი ბრიტანეთის საელჩოს დაუკავშირდა ტაილანდში. მამაკაცი მთელი ღამე ჯუნგლებში იმალებოდა, დილით კი სასწრაფოდ დატოვა ის ადგილი. თუმცა არც ეს ვერსია ჩანს მთლად სარწმუნო. თუ ამ ადამიანებს ადგილობრივი მაფიის წევრები კლავენ, მაშინ რატომ არ ძარცვავენ, რატომ არ მიაქვთ მათი ნივთები ან საერთოდ რაში სჭირდებათ მათი დახოცვა?
ჯერჯერობით ჟურნალისტური გამოძიება ისევ გრძელდება და შედეგებს გარდაცვლილების ახლობლები კვლავაც ელოდებიან.