ფინანსისტმა ჯონ ლისტმა შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ ოჯახს იარაღით ესროლა, შემდეგ კი თვითმკვლელობის იმიტაციაც შეძლო. თუმცა, 15 წლის შემდეგ მისი ცოლის მეგობარმა პოლიციაში დარეკა, რადგანაც მკვლელი ძველი ფოტორობოტით ამოიცნო...
ცოტა ხნის წინ მოსკოვში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ბანკირმა რომ ცოლ-შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, ამოატივტივა ეს ამბავი, რომელიც 50 წელზე მეტი ხნის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა. ხოლო დამნაშავე მხოლოდ წარმოუდგენელი დამთხვევით დაისაჯა.
ჯონ ლისტის ოჯახი სანიმუშოდ ითვლებოდა. მორწმუნე ლუთერანი, ღარიბი გერმანელი ემიგრანტების შვილი პრესტიჟულ უნივერსიტეტში მხოლოდ საკუთარი შრომით ჩაირიცხა და საკმაოდ კარგი კარიერა გაიკეთა. ნიჭიერმა ფინანსისტმა, 46 წლის ასაკში მნიშვნელოვანი ქონების დაგროვება შეძლო. ჰყავდა ცოლი, სამი შვილი და ნიუ ჯერსის გარეუბანში უზარმაზარი სასახლე იყიდა.
ჯონ ლისტი და მისი პირველი ოჯახი
მოულოდნელი ტრაგედია კი 1971 წლის 9 ნოემბერს მოხდა. ჯონ ლისტმა სეიფიდან იარაღი ამოიღო და ოთახებში ცოლის საძებნელად დაიწყო სიარული. ცოლს თავში ესროლა, შემდეგ კი მარცხენა თვალში - მეორე გასროლა საკონტროლო აღმოჩნდა. შემდეგ 84 წლის დედას ესროლა, რომელიც სხვენში ცხოვრობდა და, მისი აზრით, გამუდმებით აწუხებდა კრიტიკული მოსაზრებებით, რომ ცოტა ფულს შოულობდა. შემდეგ მკვლელმა თავისთვის ყავა მოიდუღა, სენდვიჩი მოიმზადა და სკოლიდან ბავშვების მოსვლას დაელოდა. როგორც კი ბავშვები სახლში შემოვიდნენ, მათაც ესროლა და 16 წლის პატრიცია და 13 წლის ფრედერიკი ადგილზე დაიღუპნენ. მერე ყველა მოკლული ერთ ოთახში შეიყვანა და უფროსი ვაჟისკენ გაემართა. ის რაგბიზე დადიოდა და სავარჯიშოდ იყო წასული. გასახდელში დაელოდა, როცა ვარჯიში დასრულდა, სახლში წაიყვანა და მასაც ესროლა. ჯონ უმცროსი მაშინვე არ მომკვდარა, ამიტომ გაგიჟებულმა მამამ იარაღი გადატენა და იქამდე ესროდა შვილს, ვიდრე ვაზნები არ გაუთავდა. შემდეგ მთელ სახლში შუქები აანთო, თანაშემწეებს წერილი მისწერა, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში სახლში მათი დახმარება არ დასჭირდებოდათ. ამის შემდეგ კი რადიო ჩართო...
ფინანსისტი საკმაოდ გონივრულად იქცეოდა. ცდილობდა, შეექმნა ილუზია, რომ ოჯახი სახლში იყო, რათა შემთხვევის შესახებ არავის გაეგო და პოლიციას არ დაეკავებინა. მეტიც, ჩემოდანი ჩაალაგა და აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე სკოლისკენ გაემართა, სადაც ახსნა-განმარტებაც დაწერა, რომ უახლოეს ორ თვეში მისი შვილები გაკვეთილებს არ დაესწრებოდნენ, რადგან ისინი დასასვენებლად მიდიოდნენ. ეჭვი არავის შეჰპარვია, რადგან, ამერიკაში მათი ოჯახი სანიმუშოდ ითვლებოდა. ჰქონდათ კარგი შემოსავალი და რატომ ვერ წავიდოდნენ დასასვენებლად? მასწავლებლებს ცოტა გაუკვირდათ, ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტეს წასვლა, მაგრამ არაფერი უთქვამთ.
ლისტს ყველაფერი გამოუვიდა. პატრიციას, ჯონს, ფრედერიკს, მათ დედასა და ბებიას ერთი თვის განმავლობაში არავინ ეძებდა. სანამ მეზობლებს უცნაურად არ მოეჩვენათ, რომ ფინანსისტის სახლში დღეც და ღამეც სინათლე იყო ჩართული. მათ პოლიცია გამოიძახეს და კარი რომ გააღეს, შემზარავი სურათი დახვდათ.
მაშინვე დაიწყეს კაცის ძებნა, თუმცა მას წინასწარ ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა. მსგავსი პასპორტის მქონე პირი რეგისტრირებული არ ყოფილა თვითმფრინავში, მატარებელში, ავტობუსში. მან საკუთარი მანქანაც დატოვა. მაშინდელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ოჯახის უფროსმა რაღაც მომენტში გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და თავი მოიკლა. დიდი ხნის განმავლობაში მკვლელი მამის გაუჩინარება დავიწყებას მიეცა.
მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ პოლიციამ გადაწყვიტა, დაუსრულებელი საქმეები კვლავ განეხილათ და გაეგრძელებინათ გამოძიება. ამისთვის მხატვარმა ფრენკ ბენდერმა მკვლელის პორტრეტი შექმნა. თუმცა, იგი 18 წლით დააბერა. ფსიქოლოგების დახმარებით კი აღწერეს, რა შეიძლებოდა ჩაეცვა ლისტს წლების შემდეგ, როგორი ვარცხნილობა ექნებოდა, როგორ სათვალეს მოირგებდა.
მეორე დღეს კი პოლიცია ერთმა ქალმა გამოიძახა, რომელმაც თქვა, რომ ფოტო ძალიან ჰგავდა მისი მეგობრის ქმარს. ის ბუღალტრად მუშაობდა ვირჯინიაში და მისი სახელი რობერტ პიტერ კლარკი იყო.
დაკავებული დიდი ხნის განმავლობაში ბრალს უარყოფდა, მაგრამ როცა პოლიციამ ლისტისა და კლარკის თითის ანაბეჭდები შეადარა, გაირკვა, რომ სწორედ ის იყო მკვლელი. ფინანსისტმა ყველაფერი აღიარა...
მისი თქმით, 1971 წელი მისთვის ერთი დიდი შავი ზოლი იყო. მან ბანკში სამსახური დაკარგა, მაგრამ ოჯახისთვის ამის თქმის ეშინოდა და 6 თვის განმავლობაში თავს დანაზოგით ირჩენდნენ. მერე ვალებში ჩავარდა, სესხი გაეზარდა და 11 ათას დოლარს მიაღწია. მკვლელი ირწმუნებოდა, რომ ცოლმა უღალატა, რამაც საბოლოოდ დაარღვია მისი ფსიქიკა. დეპრესიაში იყო და მეხსიერების პრობლემაც ჰქონდა.
არც ბავშვები იწვევდნენ მასში სიხარულსა და ბედნიერებას. პატრიციამ თავს სკოლაში გაკვეთილების გაცდენის უფლება მისცა, ანტისოციალურ ქცევებში ჩაერთო და მარიხუანაც კი გასინჯა. ლისტი ძალიან მორწმუნე იყო. ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონა და გადაწყვიტა, რომ ჯობდა, მთელი ოჯახი მოეკლა, ვიდრე უფსკრულში თავად გადაიჩეხებოდნენ. ამ აღიარებამ ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა გამოძიებაზე, რომ ფინანსისტს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც კი დაუნიშნეს, მაგრამ ექსპერტების განაჩენი ცალსახა იყო: ჯონ ლისტი ჯანმრთელია!
მკვლელს ხუთგზის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს - ოჯახის თითოეულ წევრზე თითო. სასამართლოში კითხვაზე, ფიქრობდა თუ არა თვითმკვლელობაზე, მან განაცხადა, რომ, როგორც სამაგალითო მორწმუნეს, ამაზე არც კი უფიქრია.