"ასე გავაცილე ჩემი ერთადერთი, 17 წლის შვილი იმ ქვეყნად და მისივე თხოვნითა და კურთხევით დავიწყე ამ ბავშვებზე ზრუნვა..." - დედა თინათინი, რომელმაც დაავადებულ ბავშვებს მიუძღვნა ცხოვრება
"ასე გავაცილე ჩემი ერთადერთი, 17 წლის შვილი იმ ქვეყნად და მისივე თხოვნითა და კურთხევით დავიწყე ამ ბავშვებზე ზრუნვა..." - დედა თინათინი, რომელმაც დაავადებულ ბავშვებს მიუძღვნა ცხოვრება
როცა ისმება სიმსივნის დიაგნოზი, არა მარტო პაციენტის, არამედ მთელი ოჯახის ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ყოფა ძალიან რთული და მძიმე ხდება, ცალკე დიაგნოზის და ცალკე მისი თანმხლები ფინანსური და ფიზიკური პრობლემებისგან. ამ პრობლემის წინაშე მდგომი ყველა ადამიანი, ოჯახი განსაკუთრებულ თანადგომასა და მხარდაჭერას საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, ბერი ანდრიას ფონდმა დააარსა სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სიმსივნით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის მოზარდებს და მათ ოჯახებს ეხმარებიან. ამ ყველაფერს სათავეში ბერი ანდრიას დედა, მილედი (თინათინ) ჩხვიმიანი უდგას. დედა თინათინმა თავისი ცხოვრების ურთულეს პერიოდზე მოგვითხრო და შვილმკვდარ
დედებს თავისი გამოცდილება გაუზიარა.

- ძალიან რთული ცხოვრება გაიარეთ. უმძიმესი დიაგნოზით გარდაგეცვალათ ერთადერთი შვილი, რომელიც 17 წლის ასაკში უკვე ბერი იყო. როგორი იყო თქვენი რეაბილიტაციის პროცესი მამა ანდრიას გარდაცვალების შემდეგ?

- 10 წელი გავიდა მას შემდეგ. ამ წლების მანძილზე არც ერთი დღე არ მქონია ამის დავიწყების შესაძლებლობა. მე იგივე მდგომარეობაში დავრჩი. ისევ სიმსივნის დაავადებულ ბავშვებთან ვცხოვრობ და მათ ვეხმარები ტკივილების დაძლევაში. ზოგჯერ ვიმარჯვებთ, ზოგჯერ ვმარცხდებით. ყველაში ვხედავ ჩემს შვილს. ზოგის - თვალებში, ზოგის - ტკივილში, ზოგის - ქცევაში. მამა ანდრიას იმდენად სტკიოდა სხეულის ყველა ნაწილი, ხელითაც კი ვერ ვეხებოდი. როცა რომელიმე ბავშვს ძალიან სტკივა ფეხი, ძვალი, მასში მამა ანდრიას ვხედავ, რადგან მასაც ძალიან სტკიოდა. ამ ბავშვებს
სხვადასხვა ადგილი სტკივათ, მაგრამ მამა ანდრიას ყველაფერი ერთად სტკიოდა. უმძიმესი დიაგნოზი ქონდა, რომელიც საქართველოში მხოლოდ ჩემს შვილს დაუსვეს. 10 წლის მანძილზე მეტი არავინ შემხვედრია ამ დიაგნოზით. მანამდე არ ვიცი, თუმცა ექიმები ამბობდნენ, რომ არც მანამდე შეხვედრიათ. მე არ შემეძლო ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი ჩემს შვილს. მხოლოდ ფეხის და ხელის ტერფებზე ვეფერებოდი. მხოლოდ ეს ადგილები არ სტკიოდა. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა და ცუდად მყოფიც კი ცდილობდა გავეცინებინე. როცა ვიცინოდით, ეს სიცილიც ნელ-ნელა გადადიოდა ტირილში, რადგან სიცილის დროს ეჭიმებოდა უჯრედები, ნაკვთები, კუნთები და მომენტალურად ეწყებოდა გაუსაძლისი ტკივილი. ტკივილებს მხოლოდ ნარკოტიკით უყუჩებდნენ, მაგრამ ამ ნარკოტიკსაც არასოდეს იკეთებდა იმ დოზას, რასაც ექიმი უწერდა. ყოველთვის აკლებდა დოზას. ბევრი მამაო ეკითხებოდა, რატომ არ იყუჩებდა ბოლომდე ტკივილს, ეს ხომ არ იყო ცოდვა. ის კი პასუხობდა, მე ვხედავ, რომ ხორცს ვერ ვშველი და ის დაიღუპა, ახლა უნდა ვიზრუნო სულზე, რომ ისიც არ დამეღუპოს. უნდა ვიყო საღ გონებაზე, რათა შევძლო ლოცვა. თუ გავიკეთებ იმ დოზას, რასაც ექიმები მინიშნავენ, დამებინდება გონება, რაც არ მინდაო. არასოდეს დაცდენია სიტყვა „მიშველე“. სულ იმეორებდა, უფალო, გამიყვანე, ჩამიხუტე, წამიყვანე.
mshoblebi
დედისთვის შვილის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია, უბედურება არ არსებობს. ამ სირთულის დაძლევაში მხოლოდ მამა ანდრია და უფალი დამეხმარნენ. ვერავინ და ვერაფერი შეძლებდა ჩემს საღ გონებაზე დატოვებას. მან ზუსტად იცოდა, როგორ გაგვიჭირდებოდა მის შემდეგ ცხოვრება. ერთადერთი შვილი იყო, მისთვის დედამიწა მეცოტავებოდა. თავს არ ვზოგავდი, რომ გამეხარებინა, გამებედნიერებინა. ჩვენ დევნილები ვიყავით. მასზე ოთხი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა აფხაზეთიდან წამოვედით. დავკარგეთ ყველაფერი და ცხოვრება თავიდან დავიწყეთ. ურთულესი გზა გავიარეთ. მაშინ ლტოლვილებს გვეძახდნენ, ბევრი ამრეზით გვიყურებდა. ამიტომ სულ ვცდილობდი ჩემი შვილისთვის ლტოლვილი არავის დაეძახა. ვცდილობდი ყველაფერი საუკეთესო მიმეცა. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. ვერ დავიბრალებ, რომ ჩემი დამსახურება იყო ის, როგორიც იყო მამა ანდრია. შინაგანად იყო ასეთი, გაწონასწორებული, გონიერი, მშვიდი. ის იყო უფლისგან დაჯილდოებული. ვერ ვიტყვი, რომ მე ის გავზარდე, უფრო სწორი იქნება ვთქვა, რომ ჩვენ ერთმანეთი გავზარდეთ. მეც ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ჩემი შვილისგან.

სულ მეშინოდა, რომ დავკარგავდი... ძალიან დიდი წინათგრძნობა მქონდა ამის. შემეძლო სამსახურში წარმომედგინა, რომ დაეცა და მოსდის სისხლი, რაღაც საშინელება დაემართა და ა.შ. გავიქცეოდი სკოლაში, რომ მენახა როგორ იყო. სკოლაში მხოლოდ ჩემი შვილი ატარებდა მობილურს, რადგან მასწავლებლებიც, დამრიგებელიც დაღლილი იყო ამ ჩემი გიჟური ქცევებით. ბოლოს დაგვრთეს ნება, ეტარებინა მობილური, რომ ნებისიმერ დროს დამერეკა, გამეგო მისი ხმა და დავმშვიდებულიყავი. სულ ვცდილობდი დამეთრგუნა ეს გრძნობა, მაგრამ უშედეგოდ. როცა ავად გახდა, წელიწად-ნახევარი მოანდომა ჩვენს მომზადებას. ზუსტად იცოდა, როდის გარდაიცვლებოდა. დღეც იცოდა, საათიც... 12 საათზე თვალი გაახილა, შემომხედა და მითხრა, დედა, მე დღეს გარდავიცვლები. ხუთს აკლდა თხუთმეტი წუთი, როცა გარდაიცვალა. მანამდე, ყოველი დღე, ჩვენი საუბარი იყო მომზადება ამ ურთულესი დღისთვის. სულ შთამაგონებდა, რომ დადგებოდა დღე, როცა აღარ იქნებოდა და მე ცხოვრება უნდა გამეგრძელებინა. წელიწად-ნახევრის მანძილზე მიმტკიცებდა, რომ აქ ძალიან დაიტანჯა და იმსახურებდა სიმშვიდეში, უფალთან ყოფნას. თუმცა ყოველთვის დასძენდა, რომ სიმშვიდეში ვერ იქნებოდა, თუ მე თავს მოვიკლავდი დარდით, ტირილით, გოდებით. ძალიან ეშინოდა, როგორ გავაგრძელებდი მის გარეშე ცხოვრებას, თავისთვის ზიანი არ მიმეყენებინა, ჭკუიდან არ გადავმდგარიყავი. სულ მეკითხებოდა, დე, ჩემს შემდეგ შენ ხომ იქნები ჭკვიანად? აი, ამ ყველაფერმა მომცა ძალა, რომ ფეხზე დავმდგარიყავი, ცხოვრება გამეგრძელებინა.
mshoblebi
არ მინდოდა ჩემს შვილს ეთქვა, რა ტყუილად დავუბარე ამდენი რამე, მაინც არ შემისრულაო. არ მინდოდა, ჩემი ტკივილით ჩემი შვილის სული ამეფორიაქებინა, დამემძიმებინა. გარდაცვალებამდე ჩემმა შვილმა ზუსტად იცოდა, რომ იქ უკეთესი ცხოვრება ელოდებოდა. დღეს მე ამით ვიმშვიდებ თავს. ის ბერი იყო და მეტს ხედავდა. ბოლო დღეებში მისი მქედებებით, ქცევებით მე ვგრძნობდი, რომ ოთახში მხოლოდ მე და ის არ ვიყავით. იქ იყვნენ ანგელოზებიც. ბოლოს მამა ანდრიამ ისეთი მოძრაობები გააკეთა, რომელსაც თავად, დამოუკიდებლად ვერაფრით ვერ გააკეთებდა. მისი მდგომარეობის, ჯანმრთელობის გამო ეს შეუძლებელი იყო. დარწმუნებული ვარ, ამაში ანგელოზები ეხმარებოდნენ. როცა გადიოდა ამ ქვეყნიდან, აიღო ჯვარი, დაიჭირა ხელში და გულში ჩაიკრა. უკვე ყველგან ჰქონდა წარმონაქმნები, ხელის შეხებაზეც სასტიკად რეაგირებდა და გაუსაძლისი ტკივილი ეწყებოდა. ჯვარი კი უპრობლემოდ აიღო, ჩაუბღაუჭა და გულში მიიკრა. დამიჯერეთ, ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა... მანამდე დამიბარა, მე როცა გარდავიცვლები, დადექი მუხლებზე და ღვთისმშობელს მადლობა გადაუხადე, რომ შემეგება და წამიყვანაო. ეს თხოვნა შევუსრულე ჩემს შვილს.

იმდენად მშვიდად შევხვდი ამ ყველაფერს, ბევრს ეგონა, რომ ჭკუიდან გადავედი. არავის მივეცი ყვირილის, ტირილის, მოთქმის საშუალება. როგორც მას სურდა, მშვიდად, წყნარად, სწორედ ასე გავაცილე ჩემი ერთადერთი, 17 წლის შვილი იმ ქვეყნად. მე და ჩემი მეუღლე 40 დღე მონასტერში წავედით. ის მარტყოფში, იმ მონასტერში, სადაც მამა ანდრიაა დაკრძალული, მე დედათა მონასტერში.

- ბერობა როდის გადაწყვიტა და თქვენ რა რეაქცია გქონდათ, როცა ეს შეიტყვეთ?

- ბერობა მეექვსე კლასში გადაწყვიტა და პირველად ეს თავის მასწავლებელს, ინგლისური ენის რეპეტიტორს გაანდო. ერთ დღესაც მიბარებს ეს ქალბატონი. ავფორიაქდი, ვიფიქრე ან სწავლას უკლო, ან რამე პრობლემა იყო. მივედი და მეუბნება მარინა მასწავლებელი, იცით, რომ თქვენს შვილს ბერობა უნდა? ისე გამიხარდა, ვერ წარმოიდგენთ. იმ წუთას საერთოდ ვერ გავაანალიზე ამის მნიშვნელობა და ისეთი წინადადება ვთქვი, რომელიც არ იყო ჩემგან წამოსული. ვუთხარი მასწავლებელს, დიდება უფალს, თუ გამხდის ღირსს, ბერის დედა გავხდე. საერთოდ არ ვიცოდი ბერ-მონაზვნური ცხოვრების სიმძიმე, სირთულე. ძალიან გაკვირვებული მიყურებდა ეს ქალი და მითხრა, მე ბერობისთვის ნუგოს ვერ გავიმეტებო. ყველა მასწავლებელი მას უჭერდა მხარს. თუმცა მისი გადაწყვეტილება მყარი აღმოჩნდა.

- მამა ანდრიას შემდეგ თქვენი ცხოვრება დაუკავშირეთ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. ალბათ ძალიან ხშირად გადიხართ ერთი და იმავე გზას...

- ესეც მამა ანდრიას ანდერძი იყო. მისი თხოვნით, ლოცვით, კურთხევით დავიწყე ამ ბავშვებზე ზრუნვა. არაფრისგან შევქმენი ის, რასაც თქვენ ახლა ხედავთ. ეს არის 2.000 კვადრატზე გაშენებული სარეაბილიტაციო ცენტრი, ძალიან ლამაზი და კომფორტული, რადგან ეს ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ ასეთ გარემოში ცხოვრებას. ამ ბავშვების ცხოვრებაში ისე ჩავერთეთ, რომ დღეს მშობლების გასაკეთებელი არაფერი აღარ არის. ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. როგორც ვზრუნავდი ჩემს ერთადერთ შვილზე, ისე ვზრუნავ დღეს ამ ბავშვებზე. როდესაც მიმყავს ექსკურსიებზე, გასართობად, სათამაშოდ, ძალიან ბედნიერები, გახარებულები ვართ, მაგრამ ყველაფერი ისე არ სრულდება როგორც ჩვენ გვინდა. თავიდან ყველა ბავშვი ჩემი ხელიდან გადიოდა იმ ქვეყნად. როცა ბავშვი მძიმდებოდა, დედას ვუშვებდი პალატიდან და ყველაფერს მე ვაკეთებდი. დღეს უკვე ვგრძნობ, რომ ამდენი აღარ შემიძლია, ეს ძალიან დამანგრეველია. 10 წლის განმავლობაში 160 ბავშვი გარდამეცვალა. ყველა ჩემი ხელიდან რომ გასულიყო, უბრალოდ ვერ გადავიტანდი. ისინი ყველა ჩემი შვილები იყვნენ, ყველა ძალიან მიყვარდა და ყველას სათუთად ვუვლიდი. ჩემში ყოველ ჯერზე რაღაც ნაწილი კვდება.
mshoblebi
ამ სახლში 2021 წლის აგვისტოს თვეში გადმოვედით. ამ დროის მანძილზე, ამ სახლის სამი ბინადარი უკვე მამა ანდრიასთან არის - დიმიტრი სამეგრელოდან, კირა აფხაზეთიდან და ნინო კახეთიდან... ამიტომ ჩემი ცხოვრება მოწყობილია ასე, მეტი სევდა, ტკივილი და ტანჯვა, ცოტა სიხარული, ბედნიერება და ღიმილი.

- რას ეტყოდით შვილმკვდარ დედებს?

- ვერ მოგატყუებთ, განშორების ტკივილი არ ნელდება, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, გვიახლოვდება შვილებთან შეხვედრის სიხარული და ამას უნდა ველოდოთ. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად შემხვდა სოციალურ ქსელში ამა თუ იმ ადამიანის მიერ დაწერილი ფრაზა - „სად ხარ, უფალო, ეს რატომ დაუშვი?“. წარმოიდგინეთ, რამდენი შვილმკვდარი დედა კითხულობს ამას, რომელიც უფლის იმედით, რწმენით, შვილთან შეხვედრის მოლოდინით, სურვილით აგრძელებს სიცოცხლეს. და ამ დროს მათ ეუბნებით, რომ უფალი არ ასებობს, რომ იმ ქვეყნად არაფერია. ამით უკლავთ ერთადერთ იმედს. დედებო, გახსოვდეთ, თქვენი შვილი მუდამ თქვენთანაა, გხედავთ და თქვენი გლოვით, ცუდად ყოფნით ნუ დაამძიმებთ მათ. წარმოიდგინეთ, როგორ გაუხადრებოდათ, გაღიმებულები, ბედნიერები რომ ენახეთ. მათთვის, მათი სულების სიმშვიდისთვის უნდა იპოვოთ თავში ძალა და გააგრძელოთ ცხოვრება. ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ჩვენს შვილებს და ჩავიხუტებთ გულში. ისინი წავიდნენ უფალთან, სადაც არც ბოროტებაა, არც შუღლია, არც ტკივილია, არც დარდია. მიწიერი ცხოვრება მალე გაირბენს, მარადიული ცხოვრება კი ჩვენს შვილებთან ერთად იმ ქვეყნად გველოდება. ვერ გაიგებთ, წინ რა განსაცდელი ელოდათ ჩვენს შვილებს, გაუძლებდნენ, თუ ვერ გაუძლებდნენ. მე ვფიქრობ, რომ უფალმა ჩემი შვილი საჭირო დროს გაიყვანა. იქნებ წინ რამე დიდი უბედურება, ცდუნება ელოდა, რასაც ვერ დაძლევდა და ამით უფალმა გადაარჩინა, მისი სული იხსნა. სულის გადარჩენა ხომ ხორცზე უპირატესია. ის, რაც მე შემემთხვა, რომ არ მომხდარიყო, მე დღეს ამ ბავშვების სამსახურში არ ვიქნებოდი. ამდენ ბავშვს, მშობელს ვერ შევუმსუბუქებდი ყოფას. ისევ ვიქნებოდი ერთი ჩვეულებრივი მომხვეჭელი ადამიანი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ შვილზე, მის კეთილდღეობაზე. ეცადეთ, შეკითხვას „რატომ“ სწორი პასუხი გასცეთ. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, ნუგეში არ არსებობსო, წერდნენ. ნუგეში არსებობს, მეგობრებო, და ის უფალშია. და, ბოლოს, მინდა გითხრათ, ბოდიში, მე არავის არაფერს არ ვასწავლი. ეს არის ჩემი გამოცდილება, განცდა და გრძნობა, რომელიც გულით გაგიზიარეთ.

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხის ჩარიცხვა:

TBC BANK
GE73TB7171536080100002

BOG.GE
GE38BG0000000855311400

Liberty Bank
GE88LB0115143636765001

მერი ბლიაძე
45856
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (6)
lia
6
უფალმა გამძლეობა მისცეს... ვინც დისლაიქებს წერთ, შეიძლება არ ეთანხმებით რაიმეს, მაგრამ თქვე არარაობებო, შეგიძლიათ თავი შეიკავოთ და თქვენი სიბოროტე და არაადამიანობა სააშკარაოზე არ გამოიტანოთ? მეცოდებით...
09:26 / 16-05-2022
ანა
3
თქვენ ხართ, ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი, დაგლოცოთ უფალმა, თქვენ ამ სიტყვებით ძალიან ბევრი შვილ გარდაცვლილი დედას ანუგეშეთ.
10:10 / 15-05-2022
მსგავსი სიახლეები