თუ ბევრი პატარა ვარსკვლავის ბიოგრაფიას გადავხედავთ, მათი კარიერა თითქოს პროგრესულად ვითარდება. ჯერ სილამაზის რეგიონულ კონკურსებში მონაწილეობა, შემდეგ გამარჯვება უფრო მაღალ საფეხურზე, რასაც მსოფლიო კონკურსებში მონაწილეობა მოჰყვება და მხოლოდ ამის შემდეგაა სარეკლამო კონტრაქტები, გადაღებები ან აღიარება. იდენ ვუდის ისტორია ამ მხრივ უნიკალური იყო: ოთხ წელიწადში ძალიან დიდი კარიერა გაიკეთა სამოდელო ბიზნესში, გახდა სილამაზის 300 კონკურსის გამარჯვებული და 20-ზე მეტი ცნობილი ბრენდის სახე. ახალი კაბები, გადაცემები, გადაღებები, აღიარება ქუჩასა და პროფესიულ წრეებში - პატარა გოგონას დედამ 6 წლის ასაკში წარმოუდგენლად რთული ამოცანა დაუსვა და, ფაქტობრივად, ბავშვობა წაართვა. შედეგად, ჯერ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, შემდეგ კი - სწავლის. მთელი დრო კონკურსებისთვის მზადებას მიჰქონდა, დედას კი დრო არ ჰქონდა, შვილისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა.
ამბიციების მსხვერპლი
მომავალი "პატარა მის სამყაროს" დედა, მიკი ვუდი ოცნებობდა, მსახიობი გამხდარიყო. მან ბედი ჰოლივუდის ბევრ კასტინგზე სცადა, მაგრამ მცდელობა ყოველ ჯერზე წარუმატებელი აღმოჩნდა. არკანზასში დაბრუნებისას მიკი ადგილობრივ სადაზღვევო აგენტს შეხვდა და დაქორწინდა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, რაკი საოცნებო სამსახიობო კარიერა არ გამოუვიდა, მთელი დრო შვილის აღზრდისთვის დაეთმო. პატარა იდენ ვუდი თოჯინას ჰგავდა. ბავშვი რომ მშვენიერი იყო, ამაზე მუდმივად მიუთითებდნენ დედას მეზობლები, ქუჩაში გამვლელები. როდესაც გოგონა ერთი წლის გახდა, წარუმატებელმა მსახიობმა ბავშვი ფოტოსესიაზე წაიყვანა, შემდეგ კი მისი პორტფოლიო სამოდელო სააგენტოებს გაუგზავნა. ხუთიდან სამმა დადებითად უპასუხა და ქალი მიხვდა, რომ ეს წარმატების დასაწყისი იყო. ახლა კი მთავარი ეფექტის მოხდენა გახდა. სწორედ ამიტომ, მიკიმ ბავშვი სოლარიუმში წაიყვანა, ყალბი კულულები და წამწამები უყიდა, ვარდისფერი კაბა და ბაფთები მოარგო და ბარბის იმიჯი შეუქმნა. პირველი სილამაზის კონკურსი ვუდის გამარჯვებით დასრულდა. დედამ კი შემდეგ კონტრაქტებს მაშინვე მოაწერა ხელი.
ერთი წლის ბავშვზე ხელოვნური რუჯი არავის აწუხებდა
იდენი დედის დახმარებით სრულყოფილად ერგებოდა 2000-იანი წლების მოთხოვნებს. მის სხეულზე ხელოვნური რუჯიც კი არავის აწუხებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მაკიაჟსა და სპეციალურ პროცედურებზე, რომლებსაც დედის თანხობით პატარა გოგონას უტარებდნენ. შედეგად, იდენი ძალიან მარტივად ახერხებდა სხვადასხვა კონკურსის მოგებას. შემდეგ კი სატელევიზიო პროექტების ჯერი დადგა.
ოთხი წლის ასაკში მან მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუში "ბავშვები და დიადემა": სკოლამდელი ასაკის გოგონები იბრძოდნენ პროფესიონალური ფოტოსესიისთვის, რათა პრიალა ჟურნალის გარეკანზე აღმოჩენილიყვნენ. რა თქმა უნდა, იდენმა გაიმარჯვა. სატელევიზიო შოუს ფინალის შემდეგ, მიკიმ თავის საბანკო ანგარიშზე 50 000 დოლარი შეიტანა. შემდეგი ნაბიჯი იყო როლი ფილმში „პატარა არამზადები დღეს გადარჩებიან“, რასაც სხვა პროექტებიც მოჰყვა.
ჟურნალები და გაზეთები იდენს ამერიკაში ყველაზე ლამაზ გოგონას უწოდებდნენ. თუმცა, დროთა განმავლობაში დაინახეს, რომ ბავშვი წონას კარგავდა. საქმე ის იყო, რომ იდენის დედას უთხრეს, რომ გოგონა კამერის წინ 4-5 კილოგრამით მსუქნად ჩანდა. მიკიმ შვილი მაშინვე დიეტაზე დააყენა და იმისთვის, რომ ბავშვს ხანგრძლივი გადაღებებისა და კასტინგებისთვის გაეძლო, ყავასა და ენერგეტიკულ სასმელებს ასმევდა.
ასეთი მკაცრი ექსპერიმენტები კარგად არ დასრულებულა. იდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები შეექმნა. მუდმივად მუცელი სტკიოდა. ხოლო სახეზე იმდენი მაკიაჟი ესვა, კანის პრობლემებიც დაეწყო. ყავის გადამეტებული დოზის გამო კბილების მინანქარი დაუზიანდა...
მიკის აღზრდის მეთოდებით მეურვეობის სამსახური დაინტერესდა, დედა გააფრთხილეს: თუ იდენის საკუთარი ამბიციებისთვის გამოყენებას არ შეწყვეტდა, ქალიშვილს წაართმევდნენ.
იმ დროისთვის გოგონა მორალური შესაძლებლობების ამოწურვის ზღვარზე იყო. ყოველდღე 8-9 საათს მუშაობდა, სწავლობდა მიმოხილვებს, მისასალმებელ გამოსვლებს და მონაწილეობდა ფოტოგადაღებებში. იმის შიშით, რომ ქალიშვილს წაართმევდნენ, მიკიმ გადაწყვიტა ქალიშვილის კარიერა შეეჩერებინა. 6 წლის იდენი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი და ორ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - თითქოს, საკმარისი იყო. თუმცა, დედა აქ არ გაჩერებულა.
დაწერა წიგნი, სადაც შვილის წარმატების გზაზე მოყვა, ასევე გამოუშვა სპეციალური კოსმეტიკური ხაზი. საკუთარ ქალიშვილს ფულის საბადოდ თვლიდა. შემდეგი ამბიცია მუსიკა იყო. მიკიმ გადაწყვიტა, შვილისგან ახალი ბრიტნი სპირსი შეექმნა, ჩააწერინა რამდენიმე სიმღერა და კონკურსებზეც გაუშვა.
მიკი ქალიშვილს სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა
2013 წელს იდენ ვუდის ყოფილმა სამოდელო აგენტმა გამოსცა წიგნი, სადაც დაუფარავად წერდა, რა საშინლად ექცეოდა იდენს დედა, როგორ სცემდა და შეურაცხყოფდა. გამუდმებით ასმევდა შვილს ენერგეტიკულ სასმელებს. ეს ძალიან ხმაურიანი განაცხადი იყო და ბრალდებების შემდეგ, უამრავმა ბრენდმა დედა-შვილთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
იდენი თავად ამბობს, რომ ადრეული ბავშვობიდან დამკვიდრებულმა მკაცრმა დისციპლინამ გარკვეულწილად დადებითი შედეგიც მოუტანა. ხუთი წლის შემდეგ მან ინტერვიუ The Sun-ს მისცა, სადაც თქვა, რომ როდესაც ბოლოს და ბოლოს მოიცალა და დაიწყო სკოლაში სტაბილურად სიარული, წარჩინებული მოსწავლე იყო. ადგილობრივ თეატრში სხვადასხვა სპექტაკლში მონაწილეობდა, უყვარდა დრამი და საკუთარი როკ-ჯგუფიც შექმნა...
როგორია ახლა?
წარსულში ამერიკის ყველაზე ლამაზი გოგონა ახლა ბევრს მუშაობს, რომ თეატრალურ სასწავლებელში ჩაირიცხოს და მსახიობი გახდეს. შეკითხვაზე, ახსოვს თუ არა ის ჯოჯოხეთი, რომელიც დედამ წარსულში გამოაცდევინა, პასუხობს, რომ არა - მან ყველაფერი აპატია.