გუშინ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილებმა, ვივიენმა და ნოქსმა დაბადების დღე აღნიშნეს. ისინი 14 წლის გახდნენ. ითვლება, რომ ბავშვების სოციალური დებიუტი მათ დაბადებამდე შედგა. ანჯელინას ორსულობის შესახებ ოფიციალურად 2008 წლის მარტში გახდა ცნობილი, მაისში კი, როცა მერვე თვეში იყო, კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა. მას ბრედ პიტიც თან ახლდა. თუმცა, კანის კინოფესტივალამდე წყვილი რამდენიმე თვით საჯარო სივრციდან გაქრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ისინი მშობიარობისთვის შესაფერის ადგილს არჩევდნენ, რადგანაც ანჯელინას ტყუპის გაჩენა ამერიკაში კატეგორიულად არ სურდა.
შაილო ორი წლით ადრე, 2006 წელს, ნამიბიაში დაიბადა, რაც ბევრმა გაუმართლებელ რისკად ჩათვალა და ამბობდნენ, რომ წყვილმა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ანჯელინამ მშვიდად, სანდო ექიმების ხელში, პრესისა და პაპარაცების გარეშე გააჩინა გოგონა. ტყუპის შემთხვევაში ასე აღარ გარისკეს და საფრანგეთში წავიდნენ. მათ შატო მირავალი, მე-17 საუკუნის სასახლე ჯერ იქირავეს, შემდეგ კი იყიდეს. აქედან კი ანჯელინა ნიცაში, ლენვალის საავადმყოფოში წავიდა. ტყუპი 12 ივლისის საღამოს, 1-წუთიანი ინტერვალით დაიბადა. ანჯელინას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბრედ პიტიც მასთან ერთად იყო და ამხნევებდა. წყვილს ერთმანეთი ძალიან უყვარდა, სულ ზრუნავდნენ და სითბოს გამოხატავდნენ და ალბათ, იმ დროს ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი ურთიერთობისგან წლების შემდეგ მხოლოდ წყენა და დაპირისპირება დარჩებოდა.
რას აღნიშნავს ბავშვების სახელები?
მსახიობების საკუთარ და ნაშვილებ შვილებს ორი გვარი აქვთ და მათ ჯოლი-პიტად მოიხსენიებენ. თუმცა, ტყუპს სახელიც ორ-ორი დაარქვეს - ნოქს-ლეონი და ვივიენ-მარშელინი. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. ნოქსი ერქვა პიტის ბაბუას, ლეონი - ანჯელინას დიდ ბაბუას. ვივიენმა მეორე სახელი ჯოლის დედის, ბებიის პატივსაცემად მიიღო, რომელიც ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. ბავშვებზე ხშირად ამბობენ, რომ "გენების გამარჯვების" ნათელი მაგალითია, რადგანაც ისინი ვარსკვლავ მშობლებს ძალიან ჰგვანან.
ნოქსი და ვივიენი ვარსკვლავ ბავშვებს შორის რეკორდსმენებად უსაფუძვლოდ არ ითვლებიან - მათი პირველი ფოტოები 14 მილიონ დოლარად გაიყიდა და ისინი გამოცემებმა Hello! და People-მა იყიდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზოგადად, ჯოლიმ და პიტმა შვილების ექსკლუზიური ფოტოებით 20 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. 2006 წელს შაილოს ფოტოების გამოქვეყნების უფლება ჟურნალ People-ს 4,1 მილიონ დოლარად მიჰყიდეს. ერთი წლის შემდეგ, 2007 წელს, იმავე People-მა ვიეტნამიდან აყვანილი შვილის, პაქსის პირველი სურათები 2 მილიონ დოლარად იყიდა. ერთი წლის შემდეგ კი ტყუპის ფოტოებში 14 მილიონი დოლარი მიიღეს. როგორც წყვილის პრესსამსახური იტყობინება, მათ შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდებში გადარიცხეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვივიენი 5 წლის ასაკში დედასთან ერთად ფილმში "მალეფისენტი" გადაიღეს. ბავშვის ჰონორარი კვირაში სამი ათას დოლარს შეადგენდა. ანჯელინა ჰყვებოდა, რა სიხარულით გადიოდა მისი შვილი სახლში რეპეტიციებს და როგორ მოსწონდა ეს პროცესი. ბრედ პიტი გადაღებების მანძილზე იქ იყო და შვილს მხარს უჭერდა. ერთ-ერთ სცენაში, პატარა ვივიენს რომ არ შეშინებოდა, კლდის ქვეშ იმალებოდა და ბავშვი მის ზურგზე იდგა.
"ბენჯამინ ბატონის უცნაური ისტორია", "მსოფლიო ომი Z", "მალეფისენტი" - ეს იმ ფილმების არასრული სიაა, რომლებშიც შაილო, მედოქსი, პაქსი, ზაჰარა და ვივიენი გამოჩნდნენ. ნოქსი ეკრანზე ჯერჯერობით არ გამოჩენილა, თუმცა იგი "კუნგ-ფუ პანდას" მესამე ნაწილის გახმოვანებაში იღებს მონაწილეობას. გადაღებებში მონაწილე ბავშვები ანაზღაურებას ჩვეულებრივ იღებენ. თუმცა, ანჯელინა ჯოლი მათი მსახიობობის კატეგორიული წინააღმდეგია და ამბობს, რომ ეს მხოლოდ გამოცდილებაა.
ანჯელინა ჯოლი და ვივიენი ფილმში "მალეფისენტი"
რას სწავლობენ ბავშვები?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ანჯელინა წინააღმდეგია, რომ მისმა შვილებმა მსახიობის პროფესია აირჩიონ. ამბობს, რომ ჰობის დონეზე ეს კარგია, თუმცა პროფესიონალურად - არა. ჯოლიმ რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი შვილები მოკრძალებული და თავმდაბალი ბავშვები არიან. მას უნდა, რომ ბავშვები მომავლის ადამიანებად გაზარდოს და უცხო ენების სწავლებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. უარს ამბობს კლასიკურ განათლებაზე. ვივიენი არაბულ ენას ეუფლება, ნოქსი კი ჟესტურ ენას სწავლობს. ფრანგულ ენას ზაჰარა ირჩევს, მედოქსი კი ყურადღებას რუსულზე ამახვილებს.
რითი ერთობიან ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილები?
ანჯელინა ჯოლი უჩვეულო ქალია. იგი შვილებისთვის ტორტს არ აცხობს და არც ყიდულობს, მაგრამ საკუთარი თვითმფრინავით დისნეილენდში მიჰყავს და მთელი დღის განმავლობაში გართობის უფლებას აძლევს. ამბობენ, რომ ეს ტყუპის საყვარელი გასართობია. ანჯელინა შვილების ნებისმიერ წამოწყებას დიდი სიხარულით ხვდება და წაახალისებს. მაგალითად, 8 წლის ასაკში ნოქსმა მალეფისენტიდან მისი პორტრეტი დახატა. ანჯელინას ეს იმდენად მოეწონა, რომ იუველირს შვილის ესკიზის მიხედვით ბეჭდის დამზადება სთხოვა. ბრედი კი გამოცდილი ბაიკერია და ნოქსიც ცდილობს, მამისგან ამ მიმართულებით ბევრი რჩევა მიიღოს.
როგორ იცვლება მათი სტილი?
ვივიენი თავდაპირველად ვარდისფერ, ფუშფუშა კაბებს ანიჭებდა უპურატესობას. თუმცა, წლებთან ერთად ნეიტრალურ სტილზე გადავიდა და ახლა უფრო მუქ ჩრდილებს, შარვალსა და პიჯაკს ატარებს. ნოქსი კი ყოველთვის მოდურად გამოიყურება და როდესაც წითელ ხალიჩაზე დედასთან ერთად გადის, საზოგადოების ყურადღებას იმსახურებს. თუმცა არის ერთი ნივთი, რომლის მიმართაც ვივიენს ბავშვობიდან დამოკიდებულება არ შეუცვლია და ეს მისი საყვარელი გადასაფარებელია. ანჯელინამაც აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ ბავშვს ის სულ ხელში ეჭირა და ახლაც ძალიან უყვარს. ჯოლი ამბობს, რომ ვივიენს 30-ზე მეტი გადასაფარებელი აქვს და მოგზაურობების დროს ყველა თან მიაქვს. ანჯელინას თქმით, ბავშვს მაშინაც უჭირს მათთან განშორება, როცა გარეცხვის დრო დგება.
ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა ექვსი წლის წინ მოულოდნელად დასრულეს ურთიერთობა. 2017 წელს მან უზარმაზარი სასახლე იყიდა, რომელშიც, როგორც ამბობენ, 25 მილიონი დოლარი გადაიხადა. რამდენიმე თვის განმავლობაში ანჯელინა გადაღებებსა და ღონისძიებებში არ ჩნდებოდა და დროს ბავშვებს უთმობდა. ამ დროის განმავლობაში ნამდვილ დიასახლისად გადაიქცა. ტყუპმა კი მას საჭმელების მომზადების სწავლა სთხოვა. ამ მიზნით სახლში პროფესიონალი შეფ-მზარეული მიიწვია. უცნობია, ანჯელინამ კულინარიის მიმართულებით დახვეწა თუ არა საკუთარი შესაძლებლობები, მაგრამ იგი ბევრ დროს შვილებთან ერთად ატარებს და პაპარაცებიც მოგზაურობებისა თუ დასვენებების პერიოდში ხშირად აფიქსირებენ.
გაუპატიურების შედეგად დაბადებულ გოგონას ბიოლოგიურ დედას არ ახვედრებენ - უცნობი ამბები ანჯელინა ჯოლის უფროს ქალიშვილზე
ანჯელინა ჯოლის ქალიშვილის ცეკვა ინტერნეტს იპყრობს - იხილეთ ვიდეო