ალბათ, ბევრი ადამიანისათვის ბედნიერი ბავშვობა სილაღესთან, სიფერადესთან, თამაშთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასთან ასოცირდება. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში, ბავშვებს სულაც არ აქვთ ბავშვობა და მცირე ასაკში ათხოვებენ. თანაც ისე, რომ ქმარი რამდენიმე ათეული წლით უფროსია, პატარა გოგონებს კი ზრდასრული ქალებივით მოქცევას სთხოვენ. ყველას არ შეუძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა, ეგუება ამ მოცემულობას და მთელ წლებს უსიყვარულობასა და ტანჯვაში ატარებს. გამონაკლისი იემენელი 10 წლის ნუჯუდ ალის ამბავია, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც საკუთარ რთულ ცხოვრებაზე მემუარები გამოაქვეყნა. პატარა ასაკში, როცა ბევრი გოგონა თოჯინებით თამაშობს, ის უკვე კანონიერ ქმარს გაშორდა.

ნუჯუდს მძიმე ბავშვობა ხვდა წილად. იგი 9 წლისა გაათხოვეს... მამაკაცზე, რომელიც სამჯერ დიდი იყო მასზე. მისი ქმარი 30 წლის იყო და კურიერად მუშაობდა. გოგონას სამშობლოში ეს ნორმად ითვლება, ამიტომაც ასაკობრივი სხვაობა არავის გაჰკვირვებია. იქ ქალები ხშირად "ნივთებად" აღიქმებიან, რომელთა "გაყიდვა", "გაჩუქებაა" შესაძლებელი. ალის ოჯახმა მისი ადრეულ ასაკში გათხოვება იმით ახსნა, რომ მათ კიდევ 15 შვილი ჰყავდათ. გოგონების გატაცება ჩვეულებრივი ამბავი იყო, ამიტომაც დროულად "ჩააბარეს" ქმარს. გარდა ამისა, ოჯახს ამდენი ბავშვის გამოკვება ბევრი უჯდებოდა, ამიტომაც რაც უფრო მალე გაუშვებდნენ გოგონებს სახლიდან, მათთვისაც უკეთესი იყო.
სამწუხაროდ, ნუჯუდი ძალიან ცუდ პირობებში აღმოჩნდა. მისი ქმარი აგრესიული და სასტიკი იყო. პირველივე დღიდან სახლის საქმეებს ავალებდა, მუდმივად შეურაცხყოფას აყენებდა, სცემდა და აუპატიურებდა. მიუხედავად წინასაქორწინო შეთანხმებისა, რომელშიც მამაკაცის ქცევის ნორმები იყო დადგენილი, რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვაგვარად აღმოჩნდა. არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვი ამ ყველაფერს 9 წლის ასაკში შეხვდა. უცნობია, როგორ განვითარდებოდა ალის ცხოვრება, სახლიდან გაქცევა რომ არ მოეხერხებინა. როცა ეს ფაქტი მისმა ქმარმა აღმოაჩინა, გოგონას მშობლებს სასამართლოში უჩივლა და ზიანის ანაზღაურებისთვის არც მეტი და არც ნაკლები - 200 დოლარი მოითხოვა. თუმცა, ბავშვს უკვე საკუთარი ადვოკატი ჰყავდა და იმაზე ბევრად ჭკვიანი იყო, ვიდრე წარმოიდგენდნენ.

ნუჯუდის ადვოკატი შადა ნასერი იყო. ის პირველი ქალი ადვოკატია იემენში. ჩეხეთში სწავლის შემდეგ მან სამშობლოში საკუთარი კომპანია დააარსა, რომელიც ქალთა უფლებების დაცვით იყო დაკავებული. სწორედ შადას წყალობით გახდა ნუჯუდი ისტორიაში პირველი არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც ოფიციალურად გაშორდა ქმარს. ეს ფაქტი მსოფლიომ გაიგო და ჟურნალ Glamour-ის მიხედვით ორივე მათგანი წლის ქალად იქნა აღიარებული.
2009 წელს ნუჯუდმა თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა სახელწოდებით - "მე ვარ 10 წლის და განქორწინებული ვარ". იმ დროს პატარა გოგონა უკვე სწავლობდა და პირადადაც კი შეხვდა ჰილარი კლინტონს. კლინტონს კი თავის მხრივ გაგებული ჰქონდა, როგორი ძლიერი ნებისყოფის ბავშვი იყო. თუმცა, ორი წლის შემდეგ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ალი მამამ სახლიდან გააგდო და მთელი ფული, რაც წიგნის გაყიდვიდან შემოუვიდა, წაართვა და საკუთარი საჭიროებისთვის დახარჯა. გოგონა 16 წლის ასაკში მეორედ გათხოვდა, ორი შვილი შეეძინა, თუმცა ტუბერკულოზით დაავადდა. მისი შემდგომი ბედის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და უცნობია, ახლა სად არის ან რას საქმიანობს.