სა-მკითხველ-ორეალური ამბები
"არ შეიძლება ურთიერთობაში მხოლოდ ერთი მხარე გასცემდეს და მეორე იღებდეს" - ულამაზესი ტოპ-მოდელის ბავშვობის მოგონებები და ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
"არ შეიძლება ურთიერთობაში მხოლოდ ერთი მხარე გასცემდეს და მეორე იღებდეს" - ულამაზესი ტოპ-მოდელის ბავშვობის მოგონებები და ოჯახური ბედნიერების საიდუმლო
ბრაზილიელი ტოპ მოდელი, ჟიზელ ბიუნდჰენი, რომელმაც ცოტა ხნის წინ 42 წლის იუბილე აღნიშნა, პლანეტის ერთ-ერთი ულამაზეს ქალადაა აღიარებული. თუმცა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მას არაერთი დაბრკოლება შეხვდა. მან ავტობიოგრაფიული წიგნი გამოაქვეყნა სახელწოდებით: "გაკვეთილები - ჩემი ცხოვრების გზა, რომელსაც მნიშვნელობა აქვს", სადაც გულწრფელად ისაუბრა ყველა იმ სირთულესა და აღმოჩენაზე, რაც ამ წლების განმავლობაში დააგროვა. მისი წიგნიდან ამონარიდს გთავაზობთ:

ცხოვრების ხარისხი ურთიერთობების ხარისხზეა დამოკიდებული

- ჟიზელ, - მითხრა მამამ პორტუ-ალეგრის აეროპორტიდან ჩვენი შვიდსაათიანი მგზავრობისას, როცა სახლში ვბრუნდებოდით, - რას გაიხსენებ სიცოცხლის ბოლოს? სახლს, რომელშიც
ცხოვრობდი? მანქანას, რომელსაც მართავდი? ჟურნალის
გარეკანებს, რომლებზეც გამოჩნდი?
პასუხს არ დაელოდა.
"არა, - თქვა მან, - შენი ცხოვრების ხარისხი ურთიერთობების ხარისხზეა დამოკიდებული".
მე და მამაჩემს მსგავსი საუბრები ხშირად გვქონდა. ჰორიზონტინას ყოველთვის მისი კარგი რჩევებით ვტოვებდი ხოლმე. ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რას ამბობდა ის ურთიერთობებზე.

ჩემი ცხოვრების ხარისხი ნამდვილად დამოკიდებულია ურთიერთობის ხარისხზე. იმ ადამიანებთან ურთიერთობის მოგონებები, რომლებიც მიყვარს, ჩემთან უფრო დიდხანს რჩება, ვიდრე სხვა რაღაცები...
mshoblebi
ვაჟს ძილის წინ ვესაუბრები, ველაპარაკები ჩემს ქალიშვილსაც, როდესაც სკოლისკენ მიმყავს. ვიმახსოვრებ მომენტებს, რომლებსაც ვახშმის დროს მეგობარს ან პარტნიორს ვუზიარებ. წარმოიდგინეთ, რა უბედური იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, მთელ დროს მარტო რომ ვატარებდეთ და ირგვლივ არავინ გვყავდეს, ვისი იმედიც გვექნებოდა და ვინც გამოცდილებას გაგვიზიარებდა. ამიტომ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამართლებაა ჩემი ქმარი, ჩემი შვილები, მშობლები, დები, მეგობრები, ჩემი შინაური ცხოველები - დიახ, შინაური ცხოველებიც ჩემი თანამგზავრები არიან. უმეტესობა ალბათ ფიქრობს, რომ როდესაც სკოლას ამთავრებს, მასწავლებლებს ემშვიდობება და აღარაფრის სწავლა მოუწევს. მაგრამ, სინამდვილეში, ყველა ჩვენი ურთიერთობა ამა თუ იმ გზით რაღაცას გვასწავლის, გვაძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი სხვადასხვა კუთხით დავინახოთ. საბოლოო ჯამში კი ყველაზე გრძელი და მნიშვნელოვანი ურთიერთობა სწორედ საკუთარ თავთან გვაქვს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ თვითშემეცნება ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეიძლება ადრე უნდა გავაცნობიეროთ, რომ საკუთარ თავთან კომფორტულად ყოფნა აუცილებელია და მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რაც ხდება. როგორც ვთქვი, საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა სხვა ადამიანებთან ურთიერთობა.

mshoblebi

ურთიერთობები შეიძლება ზედაპირული ან მეგობრობაზე დამყარებული იყოს. ზოგ შემთხვევაში რომანტიკული, ზოგ შემთხვევაში კი - საქმიანი. არსებობს ურთიერთობა, რომელიც სწრაფად მთავრდება და არსებობს ისეთი კავშირებიც, რომლებიც მთელი ცხოვრება გრძელდება. ურთიერთობები შეიძლება წარმოუდგენლად მრავალფეროვანი იყოს. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ერთხელ ერთ მამაკაცთან ვმეგობრობდი და ამ ურთიერთობამ მაიძულა, ჩემს თავში დადებითი ცვლილებები შემეტანა. ზოგჯერ კი პირიქით ხდებოდა. საბოლოოდ გვიწევს იმის აღიარება, რომ ადამიანებთან ხშირად წარსული გვაკავშირებს. მეგობრები ქრებიან, იცვლიან სამსახურს, ქორწინდებიან, განქორწინდებიან და თავიანთი ცხოვრება აქვთ. მაგრამ დასკვნა ის არის, რომ ყველა ურთიერთობა ჩვენი პიროვნული ზრდისთვის აუცილებელია.

იმის გასაგებად, თუ ვინ ხარ, მნიშვნელოვანია დააკვირდე, როგორ ექცევი სხვებსა და საკუთარ თავს. როცა 20 წლის ვიყავი, ვმუშაობდი იმ სფეროში, სადაც გოგონებს მხოლოდ გარეგნობით აფასებენ. საკუთარ თავს კრიტიკული თვალით ვუყურებდი. ამას ემატებოდა ის კომპლექსები, რაც სკოლასა და ჩემი სამოდელო კარიერის დასაწყისში შევიძინე. "რამხელა ცხვირი გაქვს, რა პატარა თვალები გაქვს..." - ეს იყო ფრაზები, რომლებიც მუდმივად მიტრიალებდა თავში. ამიტომაც, ჩემი თავით სულ უკმაყოფილო ვიყავი. თუმცა, ასეთი თვითკრიტიკა კარგს არაფერს მოგვიტანს. საკუთარი თავის დაუსრულებლად განსჯა და სხვისი ნეგატიური კომენტარების გულთან მიტანა შეიძლება ძალიან საზიანო იყოს.
მას შემდეგ, რაც მედიტაცია დავიწყე და იოგას მივმართე, საკუთარი თავის უკეთ გაგებაც ვისწავლე. ხშირად ადამიანებს მუდმივად აწუხებთ ეჭვები, რატომ თქვეს ასე და სხვანაირად არ მოიქცნენ. ჩემს ტვინშიც თითქოს კამერა იყო, რომელზედაც ერთი და იგივე უკმაყოფილო ფილმი უწყვეტად გადიოდა. ყველა იმ გაკვეთილიდან, რაც მედიტაციამ მომცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ჩემს აზრებს შეუძლია დამეხმაროს ან კიდევ ძალიან მატკინოს.

mshoblebi
ჟიზელ ბიუნდჰენი მეუღლესთან ერთად

საკუთარი თავის მიმართ მუდმივად მაღალი სტანდარტები და მოლოდინები მქონდა. თუმცა, წლების შემდეგ მივხვდი, რომ არა მხოლოდ სხვების, არამედ ჩვენი თავის მიმართაც კეთილგანწყობილები უნდა ვიყოთ. ახლაც მაქვს ხოლმე ნეგატიური აზრები, მაგრამ მათი მართვა ვისწავლე. მათ ისე შემიძლია მოვექცე, როგორც სტუმრებს, ან ფილმის პერსონაჟებს. ობიექტურად შევაფასო და საკუთარ თავს ვუთხრა: "ოჰ, შენ კიდევ ამაზე ფიქრობ?" შემდეგ კი კარგად ჩავისუნთქავ, იმ აზრებს, რომლებიც მჭამს, გავათავისუფლებ და ჩემს თავთან საუბარს სულ სხვა მიმართულებით წავიყვან. ამას ყოველ ჯერზე ვიმეორებ და მედიტაცია სიმშვიდის მოპოვებაში მეხმარება.
როდესაც ნიუ-იორკში პირველად ჩავედი, მაშინ 16 წლის ვიყავი და ჩემში, მრავალი თვალსაზრისით, ეს მოვლენა გარდამტეხი იყო. პირველ რიგში, განსხვავებული კულტურა აღმოვაჩინე. თავიდან, როგორც ჭეშმარიტი ბრაზილიელი, ყველას კოცნითა და ჩახუტებით ვესალმებოდი. ასე ვიყავი მიჩვეული! ბრაზილიელები ძალიან თბილი და გახსნილი ხალხია. საკმარისია ადამიანს ცოტახანს შეხვდე, მალევე სახლში სტუმრად დაგპატიჟებს, გაგიმასპინძლდება და თბილად მოგმართავს. ამერიკაში კი ასე არ ხდებოდა. მეგონა, რომ არავის მოვწონდი. მაგრამ, მერე გავაცნობიერე, რომ არ უნდა ველოდოთ, რომ სხვები ჩვენნაირი იქნებიან. თინეიჯერობასა და ახალგაზრდობაში მუდმივად მაწუხებდა შეკითხვები, ვინ ვიყავი, ვისთან მეგობრობა მომწონდა, როგორი ურთიერთობა მინდოდა. ვფიქრობ, ასეთი კითხვები ყველას გონებაში ტრიალებს და ამაში ცუდი არაფერია. საკუთარ თავთან ფუნდამენტური კითხვების დასმით, ჩვენს პრიორიტეტებსა და ღირებულებებს განვსაზღვრავთ.

mshoblebi
ჟიზელ ბიუნდჰენი შვილებთან ერთად

შეიძლება ძნელი დასაჯერებელი იყოს, მაგრამ ვცდილობ, სხვებს არ შევედარო. სხვა ადამიანებმა შეიძლება შთაგონება მომიტანონ, რაღაცაზე დამაფიქრონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ჩემი თავი მათ უნდა შევადარო. თითოეული ჩვენგანი უნიკალურია, სხვებთან შედარებით კი წარუმატებლობისა და იმედგაცრუების განცდას ვიქმნით. მსოფლიოში შვიდნახევარი მილიარდი ადამიანია, ამიტომ დიდია იმის შანსი, რომ ვიღაც ყოველთვის იქნება შენზე "უკეთესი", მაგრამ საკუთარ თავთან ამით რა იცვლება? ის, ვისაც თავს ადარებთ, თქვენს ოჯახში გაიზარდა? საერთო მშობლები გყავთ? ან ერთნაირი განათლება, სამსახური და ურთიერთობები გაქვთ?... საკუთარ თავს მხოლოდ ერთ ადამიანს ვადარებ და ეს ადამიანი თავად ვარ.

როცა 30 წლამდე ვიყავი, მინდოდა, ყველასთან მემეგობრა, ყველას ინტერესებს მოვრგებოდი. ჩემს მთავარ პასუხისმგებლობად მეგობრების დაცვა მქონდა აღებული. მინდოდა, რომ ყველა გამეხარებინა. ბავშვობიდან ასე ვარ. პატი და გაბი რომ ჩხუბობდნენ, სულ ჩემთან მორბოდნენ ტირილით. მე მოსამართლე ვიყავი, ვამშვიდებდი და ვარიგებდი. ქუჩაში მიტოვებული კატები და ძაღლები ყოველთვის სახლში მიმყავდა. ნიუ-იორკში რომ გადავედი, ყველას "ფსიქოთერაპევტი" ვიყავი. ყველა საკუთარ დარდს მიზიარებდა. საუკეთესო მინდოდა ადამიანებისათვის და მეგონა, რომ ეს ორმხრივი იყო. თუმცა, სამწუხაროდ, მივხვდი, რომ ასე არ იყო და ეს ჩემი ცხოვრების მძიმე გაკვეთილი აღმოჩნდა. როცა ფულის დამოუკიდებლად გამომუშავება დავიწყე, მას სხვებს სიამოვნებით ვუზიარებდი. მშობლების სახლში ჩემს სამ დასთან ერთად საერთო ოთახი მქონდა და შოკოლადს ყოველთვის ექვს ნაწილად ვყოფდი. ვიცოდი, რომ უნდა გამეზიარებინა.

mshoblebi

"შეყვარებულთან პრობლემები გაქვს? იცხოვრე ჩემს ბინაში! ჩასაცმელი არაფერი გაქვს? ჩემი კაბა, ფეხსაცმელი აიღე!" - სულ მსგავსი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ ჩემი გულუბრყვილობაც დროსთან ერთად გაქრა. მივხვდი, რომ რამდენიც არ უნდა გამეკეთებინა სხვებისთვის, საკმარისი მაინც არასოდეს იქნებოდა. ზოგს ბევრჯერ რომ ვეხმარებოდი და ერთხელ ვეუბნებოდი: "ბოდიში, ამჯერად ვერ დაგეხმარები", ბრაზდებოდნენ და წყენას გამოხატავდნენ. ამიტომ, თავს გამოყენებულად ვგრძნობდი და ეს ძალიან მტკივნეული იყო.
საბოლოოდ, მივხვდი, რომ არ შეიძლება ურთიერთობაში მხოლოდ ერთი მხარე გასცემდეს და მეორე იღებდეს, რადგანაც ორივე მხრიდან დროთა განმავლობაში უკმაყოფილება გაიზრდება და მეგობრობაც დაზარალდება. ამასობაში კიდევ ერთი გაკვეთილი ვისწავლე, ადამიანს უნდა მისცე შესაძლებლობა, რომ თავისით გამოიმუშაოს ის, რაც სჭირდება.

ჩემმა ბრძენმა უფროსმა მეგობარმა ერთხელ მითხრა: „ადამიანებს უნდა მისცე საშუალება გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ და რაც უნდათ". ჩვენ ყველა იმ გზას გავდივართ, რისი გავლაც გვჭირდება იმისათვის, რომ განვვითარდეთ და გავიზარდოთ და არ არის საჭირო ამ პროცესში სხვა ჩაერიოს.

ცოტახნის წინ ჩემს კარგ მეგობარს ვესაუბრე, რომელიც ყოველთვის მეხმარებოდა. ახლა მას პირადი პრობლემები აქვს და ჩემი დახმარება სჭირდებოდა. მე ვუთხარი, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც ყველას ეხმარებოდა და უფლება უნდა მიეცა სხვებისთვის, თავადაც დახმარებოდნენ. ვისურვებდი, რომ ეს გაკვეთილები უფრო ადრე მესწავლა. სხვებისთვის დახმარების თხოვნა სისუსტის ნიშანი არ არის. ახლა ადამიანებს ისე გულუბრყვილოდ და თბილად აღარ ვექცევი, როგორც ადრე, მაგრამ მე მირჩევნია, დავიჯერო, რომ ყველა მათგანი გულის სიღრმეში კეთილია. სულში სიკეთის მშვენიერი ნაპერწკალია, რომელიც ყველაში ცხოვრობს. განსაკუთრებით მსიამოვნებს იმ ადამიანების გვერდით ყოფნა, რომლებიც შთამაგონებენ და ჩემში საუკეთესო თვისებებს ხედავენ.

ბეჭდვა