1945 წლის 24 დეკემბრის საღამოს ჯენ და ჯორჯ სოდერები და მათი ცხრა შვილი - 17-დან 2 წლამდე ასაკის,ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის - შობის შესახვედრად ემზადებოდნენ. იმ წელს მათი მეათე შვილი ოჯახურ ზეიმს ვერ შეუერთდა, რადგანაც ჯარში მსახურობდა და არ გაათავისუფლეს. ჯენი და ჯორჯი თავის შვილებთან ერთად დასავლეთ ვირჯინიაში ცხოვრობდნენ და საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. ჯორჯი მდიდარი ბიზნესმენი იყო, ამიტომ შვილებისა და ცოლის გასახარებლად არაფერს იშურებდა. სახლს კილომეტრიანი სხვადასხვა ფერის გირლანდები ამშვენებდა, ღუმელში კი ინდაური მზადდებოდა, ნაძვის ხის ქვეშ საჩუქრები ეწყო და ბავშვებიც შესაფერის დროს უცდიდნენ, რომ გაეხსნათ.
მთელი ოჯახი სადღესასწაულო სუფრასთან შეიკრიბა - საყვარელი რადიოგადაცემის გამოშვება მოისმინეს, ისადილეს, დესერტი მიირთვეს და დაიძინეს. ამ დღეს მშობლებმა ბავშვებს უფლება მისცეს, უფრო გვიანობამდე ეთამაშათ. საბოლოოდ კი, ყველამ ტკბილად დაიძინა. თუმცა, შუაღამისას ქალი ჯერ იმან გამოაფხიზლა, რომ პირველ სართულზე ქმრის კაბინეტში ტელეფონმა დარეკა. დაბლა ჩავიდა, ტელეფონი აიღო, მაგრამ ხმა არავინ გასცა. ჯენიმ გადაწყვიტა, რომ ვიღაცამ ნომერი არასწორად აკრიფა, ოთახში დაბრუნდა და ისევ დაიძინა. მაგრამ, მანამდე შესასვლელის კარი ჩაკეტა: აღმოჩნდა, რომ მანამდე კარი რატომღაც ღია იყო.
მეორედ, ოჯახის დიასახლისი სხვენზე ხმაურმა გამოაღვიძა, სადაც მისი ორი ვაჟის ოთახი იყო. ბიჭები ხშირად იღვიძებდნენ და ბალიშებით ჩხუბობდნენ, ამიტომ ჯენმა იფიქრა, იგივე ხდებოდა, მეორე მხარეს გადაბრუნდა და ისევ დაიძინა. მესამედ კი მისი ტკბილი სიზმრები დამწვრის სუნმა დაარღვია. ქმარი გააღვიძა, დერეფანში გავარდა და დაინახა, რომ სხვენს ცეცხლი ეკიდა. ჯენი ქმართან ერთად ბავშვების გარეთ გასაყვანად გაიქცა, თუმცა ყველას გაყვანა ვერ მოახერხეს. როდესაც კიდევ ერთხელ სცადეს სახლში შებრუნება, ცეცხლი აალდა და შესასვლელი მოიცვა.
ჯორჯი ყველაფერს აკეთებდა, რომ როგორმე შვილები გამოეყვანა. სატვირთო მანქანა ფანჯრამდე მიიყვანა, რათა ბავშვები გადმოესვა, თუმცა მანქანა მოულოდნელად გაჩერდა. ამ დროს კი სასოწარკვეთილი მშობლები ქუჩაში იდგნენ და მათ გვერდით მხოლოდ ოთხი შვილი იყო: 2 წლის სილვია, 17 წლის მარიონი და ორი უფროსი ვაჟი. დანარჩენები სახლში დარჩნენ.
რამდენიმე საათის განმავლობაში ცოლ-ქმარი მეხანძრეებთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდა. აღმოჩნდა, რომ სახლში სატელეფონო ხაზი ვიღაცამ გადაჭრა. შემდეგ კი ერთ-ერთი შვილი მეზობელთან გაგზავნეს, რომ მათ მაინც დაერეკათ სახანძროში. სამწუხაროდ, შობის ღამეს ყველა სახლში იყო წასული და ზარზე არავინ პასუხობდა.
მეხანძრეები სოდერების სახლში მხოლოდ დილის 8 საათზე მივიდნენ და გულგრილად განაცხადეს: დაიღუპნენ პატარა ბეტი, ჯენი, მორისი, მართა და ლუი. პოლიციამ დაადგინა, რომ ხანძარი გაუმართავი გაყვანილობის გამო გაჩნდა. ბავშვების კვალი კი არსად ჩანდა. ჩათვალეს, რომ ისინი ფერფლად იქცნენ და ძებნა აღარც გაუგრძელებიათ.
რამდენიმე კვირის განმავლობაში ოჯახის უფროსს არც ჭამა შეეძლო, არც ძილი და მწუხარებისგან საოცარ სასოწარკვეთაში ჩავარდა. მაგრამ, ცოტა გონს რომ მოვიდნენ მშობლები, თავში ხანძრის დღე დაუტრიალდათ და მიხვდნენ, რომ მაშინ ბევრი უცნაური რამ მოხდა. ღიად დატოვებული კარი, სატელეფონო ზარი, გაფუჭებული სატვირთო - ეს საეჭვო დამთხვევა იყო...
საბედისწერო ღამემდე ორი კვირით ადრე სოდერებს უჩვეულო "სტუმრები" ესტუმრნენ. ერთ-ერთმა მამაკაცმა სახლის დაზღვევა შესთავაზა და როცა წყვილმა უარი უთხრა, კაცი გაბრაზდა და ლანძღვა დაიწყო. მან ცოლ-ქმარს უთხრა, რომ მათი სახლი ცეცხლის ალში გაეხვეოდა და შვილებსაც დაკარგავდნენ.
მეორე დღეს კიდევ ერთი იდუმალი მამაკაცი გამოჩნდა. იგი ბავშვებს დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდა, შემდეგ მოულოდნელად შებრუნდა და წავიდა. ამის შემდეგ კი სხვა მამაკაცი მივიდა მათ სახლში და სანტექნიკის მომსახურება შესთავაზა. ჯენიმ და ჯორჯმა უარი უთხრეს, რადგანაც რემონტი ახალი დასრულებული ჰქონდათ და არაფრის შეცვლა არ იყო საჭირო.
ჯენი მალევე მიხვდა, რომ პოლიციის ვერსია, რომლის მიხედვითაც ხანძარი გაუმართავ გაყვანილობას დააბრალეს, უსაფუძვლო იყო და გაუჩნდათ ეჭვი, რომ სახლში ხანძარი ვიღაცამ განზრახ გააჩინა. ჯორჯი წარმატებული ბიზნესმენი იყო და რომელიმე მტერს თავისუფლად შეეძლო, ეს საქმე დაეგეგმა ან რაიმეზე შურისძიების მიზნით გაეკეთებინა. ამ საქმეში ყველაზე უცნაური ის არის, რომ ზოგიერთმა მეზობელმა თქვა, რომ დაინახეს, ვიღაცამ სახლს მოლოტოვის კოქტეილი როგორ ესროლა, ცეცხლი წაუკიდა, იქამდე კი 5 ბავშვი მანქანაში ჩასვეს და სახლიდან გაიყვანეს. თუმცა, ეს ვერსია ვერც ერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა... ცოლ-ქმარს სჯეროდა, რომ მათი შვილები ვიღაცამ გაიტაცა და გამოსასყიდს მოითხოვდნენ. მათ ცეცხლის ადგილიდან ფერფლი შეაგროვეს და დამოუკიდებელ ექსპერტიზას გადასცეს. ანალიზმა აჩვენა, რომ მასში ადამიანის ბიომასალები არ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები არ დამწვარან.
პოლიცია გამოძიების ვერსიის შეცვლას არ აპირებდა, ამიტომაც ჯენიმ და ჯორჯმა ამბის გარკვევა საკუთარ თავზე აიღეს. მათ თავიანთ ახალ სახლზე უზარმაზარი ბილბორდი დაკიდეს, ბეტის, ჯენის, მორისის, მართას და ლუის ფოტოები განათავსეს და 10000 დოლარის ჯილდოს ჰპირდებოდნენ ყველას, ვინც მათ ჯანმრთელად დააბრუნებდა ან რაიმე ინფორმაციას მიაწვდიდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს მიაკვლიეს და არც არავინ გამოეხმაურა.
შემდეგ წყვილმა კერძო დეტექტივები დაიქირავა: აღმოჩნდა, რომ მამაკაცი, რომელიც ოჯახისთვის დაზღვევის მიყიდვას ცდილობდა, პოლიციის ექსპერტი იყო, რომელმაც ხანძარი გაყვანილობას მიაწერა. გარდა ამისა, ერთ-ერთმა მეხანძრემ, რომელმაც სახლი გამოიკვლია, თქვა, რომ ნანგრევებში ახალი ხორცის ნაჭერი იპოვა, რომელიც ძროხის ღვიძლი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ამ საქმეში მთლიანად სისტემა იყო ჩართული და სიმართლეს არავინ ამბობდა. სასოწარკვეთილი მშობლები კი შვილების სურათებს გაზეთებში, ბილბორდებზე მუდმივად ბეჭდავდნენ და ადამიანებს დახარებას სთხოვდნენ.
ცოლ-ქმარს ფულის გამოძალვის მიზნით მუდმივად ურეკავდა ვიღაც და ეუბნებოდა, რომ მათი შვილი იპოვა. მათთან სახლშიც კი მიდიოდნენ, მაგრამ არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა.
გაუთავებელ ძიებაში 23 წელი გავიდა. ერთ დილას კი საფოსტო ყუთში წერილი იპოვეს: შიგნით იყო მათი ზრდასრული შვილის ფოტო წარწერით: "ლუი სოდერი. მე მიყვარს ჩემი ძმა ფრენკი. ილილ ბოისი. A90132 ან 35". მშობლებმა მაშინვე იცნეს თავიანთი შვილი, მას ზუსტად ისეთივე ნაკვთები ჰქონდა, როგორც ბავშვობაში. თუმცა, ვერ გაიგეს, საიდან დაეწყოთ ძებნა. კონვერტში მისამართი არ ეწერა, მხოლოდ კენტუკის ბეჭედი ესვა. წყვილმა ახლა უკვე ამ ფოტოს გამოქვეყნება დაიწყო და ყველას სთხოვდნენ, რომ თუ სადმე შეხვდებოდნენ, არ რაიმეს შეიტყობდნენ, გაეგენინებინათ. ბავშვების მამა ნერვიულობას თან გადაჰყვა და იმავე წელს გარდაიცვალა, როცა ეს უცნაური ფოტო და შეტყობინება მათ სახლში მივიდა. ჯენიმ კი კიდევ 21 წელი იცოცხლა. მთელი ამ ხნის განმავლობაში გლოვის ნიშნად შავი ტანსაცმლის გარდა არაფერი ეცვა და ჯიუტად აგრძელებდა გამოძიებას.
დღეს მხოლოდ სოდერების ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, სილვიაა ცოცხალი. მან შვილებსა და შვილიშვილებს თავისი და-ძმების გატაცების იდუმალი ამბავი უამბო და ანდერძი დაუტოვა, რომ არასოდეს შეწყვიტონ ძებნა. ყველა მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობს, თუმცა ჯერჯერობით რაიმე სიახლე არ არის.