მიუხედავად იმისა, რომ მე-20 საუკუნეში ტექნოლოგიური პროგრესი მნიშვნელოვნად განვითარდა, ექსპერტებმა ჯერ კიდევ ცოტა რამ იცოდნენ იმ ნივთიერებების შესახებ, რომლებსაც ადამიანის მოწამვლა და მოკვლა შეეძლოთ. არც მსხვილ საწარმოებში ამოწმებდნენ საღებავების შემადგენლობასა და მის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. ამის გამო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ქარხანაში დიდი ტრაგედია დატრიალდა:
გასული საუკუნის 20-იან წლებში საათების ქარხნებში ლუმინესცენტური საღებავების გამოყენება უყვარდათ, რადგანაც ის სიბნელეში ანათებდა და ნივთი უფრო ეფექტურად გამოიყურებოდა. მას ჩვეულებრივ, მაჯის საათებში ციფრების მოსახატად იყენებდნენ. სამუშაო რთული არ იყო, თუმცა სიზუსტესა და დეტალებზე დაკვირვებას მოითხოვდა, ამიტომაც ასეთ ქარხნებში კარგი მხედველობის მქონე გოგონებს ასაქმებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ქარხანა U.S. Radium იყო. მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ საღებავში რადიოაქტიური ნივთიერება შედიოდა, რომელიც გოგონებს თანდათან ისწრაფე და სიცოცხლეს.
კადრი ფილმიდან "რადიუმის გოგონები"
რადიუმის ბრწყინვალების ეფექტისგან უამრავი ადამიანი აღფრთოვანებული იყო და მეტიც, მას ენერგიის წყაროდაც მოიხსენიებდნენ. ფარმაცევტულმა კომპანიებმა სპეციალური წყალიც კი გამოუშვეს, რომელიც რადიუმისგან შედგებოდა და ამბობდნენ, რომ ის ნებისმიერ დაავადებას კურნავდა. ცნობილი ამერიკელი სპორტსმენი ებენ მაიერი აღნიშნავდა, რომ ამ სითხეს ყოველდღე სვამდა და ფორმის შენარჩუნებაში ეხმარებოდა. თუმცა, ის 1932 წელს კიბოთი, სიცოცხლის ბოლო წუთამდე საშინელი ტკივილით გარდაიცვალა.
გოგონების ამბავს რომ დავუბრუნდეთ, ათობით ახალგაზრდა საათების დასამზადებლად ნიუ-ჯერსიში U.S. Radium-ში დასაქმდა. მათ საათების დიდი შეკვეთა არმიისგან მიიღეს. რადიუმის კიდევ ერთ "უპირატესობად" კარგი რუჯის მიღების შესაძლებლობა დასახელდა და ამ მიმართულებითაც კარგად გაიყიდა. თუმცა, მეცნიერების გარდა არავინ იცოდა, რომ ეს ეფექტი სისხლის წითელი უჯრედების სინთეზით იყო გამოწვეული, რაც რადიუმს ასტიმულირებდა.
გოგონები ნიუ-ჯერსის ქარხანაში ყოველდღე კარგად გამოწყობილი და შესანიშნავი განწყობით მიდიოდნენ და ჰქონდათ განცდა, რომ განსაკუთრებულ საქმეში ჩაერთნენ. შესვენების დროს კი ფრჩხილებსა და კბილებს "მანათობელი" ნივთიერებით იღებავდნენ. სურდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანის ყურადღება მიეპყროთ. გარეშემო რადიუმს ყველა უძვირფასეს ნივთიერებად თვლიდა და არავინ იცოდა, სინამდვილეში რა ეფექტის გამოწვევა შეეძლო.
" ფუნჯებს ხშირად ენით ვასველებდით. სინამდვილეში, კი თურმე უბრალოდ შხამს ვჭამდით, "- ამბობდა კეტრინ შაუბი, როდესაც ნიუ-ჯერსიში ტრაგიკული მოვლენები დაიწყო. პირველი განგაშის ზარი 1922 წელს გაისმა, როდესაც მოლი მაჯა გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა ქარხნის ყველა მუშაკი შოკში ჩააგდო. მოკლე დროში, მიმზიდველი გოგონა დამახინჯებულ არსებად გადაიქცა, ქვედა ყბა დაკარგა და სახის ფორმა მთლიანად შეეცვალა.
ექიმები ვერაფერს აკეთებდნენ, რადგანაც ვერ ხვდებოდნენ, უცნაური დაავადებისთვის როგორ უნდა ემკურნალათ. შემდეგ ამ დაავადებამ მასობრივი ხასიათი მიიღო და "რადიუმის ყბა" უწოდეს.
სისუსტე, ხერხემლის ტკივილი, მოტეხილობები, ტრავმები, გულისრევა - რადიუმი, ფაქტობრივად, შიგნიდან ჭამდა ძვლებს და გამოჯანმრთელების შანსს არ ტოვებდა. ერთ დღეს ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი სტომატოლოგთან მივიდა. ექიმი გაოცდა, რადგან ერთი კბილის ნაცვლად, გოგონას მთლიანად ყბა ჩამოსძვრა. ქარხანაში გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდებოდა. გარდაცვლილთა უმეტესობა 30 წლისაც არ ყოფილა. თითქმის ყველა ქალს მენსტრუალური ციკლი შეუწყდა, 30-ზე მეტ ადამიანს კი უნაყოფობის დიაგნოზი დაუსვეს. იმის შესახებ, რომ U.S. Radium-ში რაღაც უცნაური ხდებოდა, უკვე ხმამაღლა დაიწყეს საუბარი.
კომპანიის რეპუტაცია უკვე ბეწვზე ეკიდა, ამიტომაც დამფუძნებლები ბოლომდე წავიდნენ რისკზე და ექიმები მოისყიდეს. მათ დაავალეს, რომ გოგონებისთვის სიფილისის დიაგნოზი დაესვათ. ამ ინფორმაციამ გარეთ ადამიანები ცოტახნით გააჩუმა, თუმცა ახლა დაზარალებულები აღარ აპირებდნენ გაჩუმებას.
1925 წელს ერთ-ერთმა მსხვერპლმა გრეის ფრაიერმა გადაწყვიტა, რომ კომპანიის უფროსისთვის ეჩივლა. თუმცა, არც ერთ საადვოკატო ფირმას მასთან თანამშრომლობა არ სურდა. გოგონამ მოჯადოებულ წრეზე დაიწყო სიარული და პროცესი 2 წელი გაგრძელდა. ამის შემდეგ გრეისს კიდევ ოთხი გოგონა შეუერთდა: ედნა ჰასმანი, კეტრინ შაუბი და დები - კვინტა მაკდონალდი და ალბინა ლარისი.
1928 წელს ექიმი საბინ არნოლდ ფონ სოჰოცკი გარდაიცვალა, რომელმაც მთელი ცხოვრება საშიში ნივთიერების შესწავლას მიუძღვნა. მისი გარდაცვალება გოგონებისთვის კიდევ ერთი სამხილი იყო.
გრეის ფრაიერი ფეხზე ძლივს იდგა, დაკარგა ყველა კბილი და ისე გახდა, რომ ძვლების დათვლა შეიძლებოდა. ხუთივე გოგონა სასამართლოზე საშინლად გამოიყურებოდა და ამბობდნენ, რომ ულამაზესი ადამიანებისგან ძვალზე გადაკრული ტყავი დარჩა. ერთ-ერთ ქალს ხელის ამპუტაციაც მოუწია.
1938 წელს 11-წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ კომპანიას თანამშრომლებისთვის კომპენსაციის გადახდა დაევალა. მათ ეს გადაწყვტილება გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ პირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. იმისათვის, რომ მათ ჯარიმა არ გადაეხადათ, საწარმო სხვაგან გახსნეს, რადგანაც წარმოება არ აუკრძალავთ, თუმცა ქალები გარდაიცვალნენ და ამის გამო პასუხისგებაში არავინ მიუციათ.
2018 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფილმი "რადიუმის გოგონები" გადაიღეს, რომელსაც რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენი დაუპირისპირდა, თუმცა ნამუშევარი კინოკრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს და უამრავი კარგი გამოხმაურება დაიმსახურა.