"კახეთში ოჯახს ქალი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული, სხვადასხვა კაცი აუპატიურებდა და გაჩენილ ბავშვებს ყიდდნენ..." - გაშვილების ყველაზე მძიმე შემთხვევები, რომლებზეც თამუნა მუსერიძე საუბრობს და ასი ათასობით დაკარგული ოჯახის წევრი საქართველოში
"კახეთში ოჯახს ქალი ჯაჭვით ჰყავდა დაბმული, სხვადასხვა კაცი აუპატიურებდა და გაჩენილ ბავშვებს ყიდდნენ..." - გაშვილების ყველაზე მძიმე შემთხვევები, რომლებზეც თამუნა მუსერიძე საუბრობს და ასი ათასობით დაკარგული ოჯახის წევრი საქართველოში
მას შემდეგ, რაც თამუნა მუსერიძემ შემთხვევით გაიგო, რომ არ იყო იმ ოჯახის ბიოლოგიური შვილი, სადაც გაიზარდა, არა მხოლოდ საკუთარი რეალური ისტორიით, არამედ ზოგადად გაშვილების თემით დაინტერესდა. სოციალურ ქსელში შექმნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლის მეშვეობით ეხმარება ადამიანებს, იპოვონ დაკარგული თუ გაშვილებული ოჯახის წევრები.
ამ საქმეს იმდენად სერიოზულად მოჰკიდა თამუნამ ხელი, რომ დღეს თავიდან ბოლომდე ამითააა დაკავებული, ახლობლებთან ერთად ეძებს დაკარგულ ადამიანებს და ხარობს მათი სიხარულით, ვინც წლების უნახავ, ან მკვდრად გამოცხადებულ შვილს მისი
დახმარებით ხვდება.

ბოლო პერიოდში თამუნამ ძალიან მძიმე ფაქტები გაასაჯაროვა,
იპოვა საქართველოდან ამერიკაში გაშვილებული ადამიანი და დააკავშირა ბიოლოგიური ოჯახის წევრებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ამბობს, რომ თვეში 30 ბავშვი მაინც იყიდებოდა ამერიკა-კანადაში ჩვენი ქვეყნიდან. ალბათ გიჩნდებათ შეკითხვა, რატომ არ ინტერესდებიან სამართალდამცავი უწყებები ასეთი დანაშაულებით და არ ერთვებიან თამუნასთან ერთად გამოძიებაში? სწორედ ამ თემით დავიწყეთ ჩვენს რესპონდენტთან საუბარი, რომელმაც ახლა ყველაზე კარგად იცის, როგორ მუშაობდა გაშვილების სქემა წლების განმავლობაში.

- სამწუხაროდ, არავინ ინტერესდება ამ თემით, მიზეზი ისაა, რომ საქმეები ხანდაზმულია და შესაბამისად სისხლის სამართლის დანაშაული ვერ აღიძვრება. თან, ეს საქმეები ისეა წარმოებული, რომ არანაირი დამამტკიცებელი დოკუმენტები არ არსებობს.

- ანუ გამოდის, რომ სამართალდამცველების ჩართულობას ახლა დიდად აზრიც არ ექნებოდა?

- არა, როგორ არ ექნებოდა...  ათიათასობით ქალმა რომ იმშობიარა და არც ერთი მშობიარობა გატარებული არ არის ოფიციალურად, არ უნდა დაინტერესდნენ ამ ფაქტით?!

- განსაკუთრებით მძიმე იყო კანადაში გაყვანილი ბავშვების საქმე...

- რაც შეეხება კანადასა და ამერიკაში გაყვანილ ბავშვებს, კარგია ის, რომ მათ საბუთები აქვთ, უწერიათ დედებისა და მამების სახელები და გვარები, პირადი ნომრები, მისამართები... ამ ინფორმაციის საფუძველზე მათი მშობლების პოვნა ბევრად უფრო გვიადვილდება, ვიდრე საქართველოში გაშვილებულების. მაგრამ ბოლო 4 დღის განმავლობაში რაც მოხდა, ეს არის სასწაული, მსგავს ფაქტთან შეხება აქამდე არ მქონია. დაგვიკავშირდა ამერიკიდან გოგონა, რომელიც ეძებდა ბიოლოგიურ მშობლებს, დაბადების მოწმობასა და გაშვილების საბუთში ეწერა დედ-მამის სახელი და გვარი, ასევე თავისი სახელი და გვარი, რაც მშობლებმა დაარქვეს, ასევე ჰქონდა დედის უარის დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ. ამ გოგოს აღმზრდელმა მამამ უთხრა, როცა ამერიკაში მოგვყავდი, ექიმი შეხვდა შენს ბიოლოგიურ დედას, უთხრა, ბავშვი გარდაიცვალაო და გაშვილების საბუთზე ხელი მოაწერინა მოტყუებით, ვითომ ბავშვის დამარხვის დოკუმენტზე აწერდა ხელსო. ამ შემთხვევაზე შეიძლება ბევრმა თქვას, რომ მშობლებმა გააშვილეს და ახლა უარობენო, მაგრამ რეალურად 19-20 წლის იყვნენ ამ გოგოს ბიოლოგიური მშობლები მაშინ, როცა ბავშვი დაიბადა, ფინანსური პრობლემები არ ჰქონდათ, ცოლ-ქმარი გახლდნენ და არანაირი საფუძველი და მიზეზი არ ჰქონდათ იმისა, რომ ბავშვი გაეშვილებინათ. ერთი წლის შექმნილი ოჯახი ჰქონდათ, ელოდნენ შვილს და უთხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა, რეალურად კი გააშვილეს. ეს აღმზრდელ მამას რომ არ ეთქვა, შეიძლებოდა ეჭვი შეგვპარვოდა.

არანაკლებ საოცარი ამბის მოწმეები გავხდით რამდენიმე დღის წინ. 2003 წელს, საქართველოდან გააშვილეს ბავშვი ამერიკაში ყველანაირად მოწესრიგებული საბუთებით, დედის და მამის პირადობებითა და ფოტოებით. წელს ბავშვი გახდა 19 წლის და დაუკავშირდა ქართველ ემიგრანტს დახმარების სათხოვნელად, რომელმაც მოგვმართა ჩვენ და დავიწყეთ მშობლების მოძიება. პირადობის მოწმობაში მითითებული დედა და მამა რეალურად არ აღმოჩნდნენ ამ ბავშვის ბიოლოგიური მშობლები, გაიკეთეს გენეტიკური ანალიზი და პასუხი უარყოფითი მოვიდა, ანუ ვისი სახელი და გვარიც ეწერა, მათ მეექვსე შვილი არ ჰყავთ საერთოდ გაჩენილი. კი იკლავდნენ თავს, არაა ჩვენი შვილიო, მაგრამ არ გვჯეროდა, გაიკეთეს დნმ დედამ, გაშვილებული ბავშვის ძმამ და თავად ამ ბავშვმა, პასუხი უარყოფითი მოვიდა. ანუ ეს არ არის ამ ოჯახის შვილი და კვალის ასარევად უწერია ამ ადამიანების გვარ-სახელი. ასეთ დროს რა გინდა ქნა? ვერაფერი. გამოდის, რომ სხვისი პირადობის მოწმობების ასლები გაატანეს ამერიკაში, სხვა ადამიანები უწერია დედ-მამად და ეს ართულებს ძალიან ძიების პროცესს. ასეთი შემთხვევა სამწუხაროდ, ძალიან ბევრია.

- მშობელი, რომელიც პოულობს წლების შემდეგ შვილს, არ ეძებს დამნაშავეს, არ უჩნდება სურვილი გაიცნოს, ვინც მას შვილი წაართვა, სამართლებრივად რამის გაკეთება შეუძლია?

- ვერა, ვერაფერს შვრებიან, რადგან ყველა ეს საქმე არის ხანდაზმული და ვერაფერს ვამტკიცებთ. უამრავი დედა არსებობს, რომელიც იმასაც კი ვერ ამტკიცებს, რომ იმშობიარა, ფაქტი არსადაა გატარებული და არ არსებობს, შესაბამისად, ბავშვის ძიება აბსურდულია.
2003 წელს დაიჭირეს ოლგა გორელიკი, რომელსაც სახლში ჰყავდა გასაშვილებლად გამზადებული სხვადასხვა ასაკის ბავშვები და ყველას დედად თავად იყო გაფორმებული. მაშინ სამშობიაროს რამდენიმე თანამშრომელიც დაიჭირეს. დედებმა, რომლებმაც იმ სამშობიაროში გააჩინეს შვილები, სარჩელი შეიტანეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს, იმიტომ, რომ მათი მშობიარობა არსად იყო დაფიქსირებული და ფაქტობრივად არარსებულ ფაქტზე ედავებოდნენ.

- საკმაოდ დიდ ინფორმაციას ფლობ და გეცოდინება, ბოლო წლებში როგორია გაშვილების სტატისტიკა?

- 2005 წლიდან არც ერთი ქეისი არ შემოგვსვლია, გაშვილების ყველაზე აქტიური ფაზა 1980 წლიდან იწყება და 2000-წლამდე გრძელდება.

- ბავშვების გაშვილებისას ყველაზე ხშირ მიზეზად ბიოლოგიურ მშობლებს რას უსახლებდნენ?

- გარდაცვალებას, უფრო ზუსტად, მესამე დღეს ფილტვის ჩაკეტვას.

- დედებს, რომელთაც უთხრეს, რომ შვილი გარდაეცვალათ. ეჭვი ჰქონდათ, რომ შეიძლებოდა ეს ტყუილი ყოფილიყო, რას ამბობენ თქვენთან საუბრისას?

- კი, უმრავლესობას ეჭვი უჩნდებოდა. არ ეჭვობს ის, ვისაც დაკრძალული ჰყავს.

- საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ბავშვების დაკრძალვას ეხება. როცა დედას ეუბნებიან, რომ ბავშვი გარდაიცვალა და არ ატანენ ცხედარს, ამას მშვიდად როგორ ეგუებოდნენ? რას ჰყვებიან ამ ფაქტზე?

- ადრე ეუბნებოდნენ, რომ სამშობიაროს წესისა და კანონის თანახმად, ბავშვს ვკრძალავთ სამშობიაროს სასაფლაოზეო, ისინიც ტოვებდნენ ისე, რომ არც კი ნახულობდნენ ცხედარს. მაგრამ, ჩვენ გავხსენით ეს თემა და აღმოჩნდა, რომ არ არსებობდა ბავშვთა სასაფლაო სამშობიაროების ტერიტორიაზე. თუ ვინმე მოინდომებდა ცხედრის წამოღებას, იჩხუბებდა, წინააღმდეგობას გაუწევდა, იჭერდნენ, ანუ ბერკეტი არ ჰქონდა ადამიანს.

- თუ იცი, ამ საშინელ საქმეებში მაშინდელი სამართალდამცავი უწყებები რაიმე ფორმით იყვნენ ჩართულები?

- არ ვიცი, ეს ნამდვილად არსად არ იკვეთება და ტყუილს ვერ ვიტყვი. სამშობიაროს და მმაჩის ბიუროს თანამშრომლები ჩანან, როგორც, წესი ასეთ საქმეებში.

- ერთ-ერთ შენს ლაივში ყვებოდი, რომ ამ ამბების გარკვევისას დიდ წინააღმდეგობას გრძნობ სამედიცინო წარმომადგენლებისგან, მებრძვიანო - ამბობდი...

- კი, ასეა, მირეკავენ და მეუბნებიან, რომ აფერისტი ვარ, წერენ ბინძურ ინფორმაციებს, ვითომ ამ ყველაფერს ვიგონებ, ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და ა.შ.

- მშობლების, შვილების, დედმამიშვილების საპოვნელად ბევრი ადამიანი მოგმართავს?

- ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში „ვეძებ“ არის 170 000 ადამიანი, აქედან 150 000 ეძებს ოჯახის წევრს. წარმოუდგენელი მდგომარეობაა. ამერიკაში და კანადაში თვეში გაჰყავდათ 20-30 ბავშვი.

- ამ ხნის განმავლობაში ყველაზე რთული შემთხვევა შეგიძლია გაიხსენო?

- წარმომავლობით ლეკი ქალბატონის ქეისი. კახეთში 10 წლის განმავლობაში ეს ქალი დამონებული ჰყავდა ოჯახს, ჯაჭვით ჰყავდა დაბმული საწოლზე ცოლ-ქმარს, მოჰყავდათ სხვადასხვა კაცი, აუპატიურებდნენ, ეს ქალი რჩებოდა ორსულად, აჩენინებდნენ შვილებს, რომლებსაც მერე ყიდდნენ - აშვილებდნენ.

- დაახლოებით რამდენი ბავშვი ჰყავს გაჩენილი ამ ქალს?

- 9.

- 10 წლის განმავლობაში რაც შეიძლებოდა რომ მოესწრო...

- კი და 8 ვიპოვეთ, მაგრამ ყველაზე მძიმე ამ ქალთან შეხვედრა, მისი მოსმენა იყო. საშინელებაა ის, რომ არც ერთ შვილს არ უნდა დედის ნახვა.

- თამუნა, ამდენ ადამიანს ეხმარები, შენს საქმეზე თუ გაქვს რაიმე წინსვლა?

- არა, სამწუხაროდ, ჩემკენ არანაირი სიახლე არ არის, ალბათ სანამ ყველას არ ვუპოვი ოჯახის წევრს, მანამდე სიმართლეს ჩემს შესახებ ვერ გავიგებ. რომ მოვრჩები ყველას მოძიებას, ალბათ მერე ვიპოვი ჩემსას.

ციცი ომანიძე


alt"დედა დროებით "ათხოვებდა" შვილს რომელიმე უშვილო მამაკაცზე კარგი თანხის საფასურად" - სუროგაცია ქართულ სოფლებში


37088
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
123
0
სამედიცინო პერსონალს თავი ღმერთები ჰგონიათ და ფულის გულისთვის ყველაფერზე მიდიან, ჰგონიათ,რომ მაგათ არ მოჰკითხავს უფალი. სულზე ღირებული არაფერია და ამ საშინელი ცოდვებით სწორედ სულს წირავენ სამუდამო ტანჯვისთვის
07:23 / 27-09-2022
546
0
ბევრს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირს. ლეკებში ხდებოდა ეგ ამბავი. კახეთში ლეკების რამდენიმე სოფელია.
15:19 / 22-09-2022
myquiz
მსგავსი სიახლეები