დაახლოებით, 30 წლის წინ ჟურნალისტებმა დედოფალ ელისაბედ II-ის ნათესავების შესახებ საკმაოდ სკანდალური ინფორმაცია მოიპოვეს. ამ ინფორმაციის თანახმად, დედოფალს ჰყავდა ბიძაშვილები, რომლებიც 1940-იან წლებში ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ელისაბედი კი მათთან ურთიერთობას გაურბოდა.
1987 წელი ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. მედიაში ჯერ პრინცი ჩარლზის შესახებ გამოჩნდა ინფორმაცია და დაიწერა, რომ მან პრინცესა დიანას უღალატა. იმავე პერიოდში დაწერეს, რომ პრინცესა დიანას ცხენოსნობის ინსტრუქტორ ჯეიმს ჰიუიტთან ჰქონდა ფარული რომანი და ამ სკანდალს ისიც დაემატა, რომ პრინცი ჰარი სწორედ მის შვილად გამოაცხადეს. ამასთან, პრინცმა ჩარლზმა და კამილა ბოულზმა პრინცესა დიანა ფსიქიკურად არასტაბილურ ადამიანად წარმოაჩინეს. თუმცა, ამავე წელს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ ელისაბედ II-ს ორი იდუმალი ბიძაშვილი ჰყავდა, რომლებიც საზოგადოებას არასდროს უნახავს და ქალებმა, ნერისა და კეტრინ ბოუზ-ლიონებმა, თითქმის მთელი ცხოვრება ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარეს.
ამ ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ, დედოფალი თვალთმაქცობაში დაადანაშაულეს, რადგანაც ის სულ ცდილობდა ადამიანების დახმარებას, საკუთარი ბიძაშვილები კი წლების განმავლობაში ელემენტარული პირობების გარეშე ცხოვრობდნენ. უფრო მეტიც, ქალები დიდი ხანი გარდაცვლილთა სიაში ეწერენ ისე, რომ სინამდვილეში ცოცხლები იყვნენ.
ელისაბედ II-ის ბიძა და ბიცოლა
ნერისა და კეტრინი ჯონ ჰერბერტ ბოუზ-ლაიონის, ელისაბედ ბოულზ-ლაიონის ერთ-ერთი უფროსი ძმის, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც დედა-დედოფალი, ოჯახში დაიბადნენ. ჯონსა და მის მეუღლეს ფენელას, ლორდ კლინტონის ქალიშვილს, სულ ხუთი შვილი ჰყავდათ. უფროსი გოგონა პატრიცია პატარა ასაკში გარდაიცვალა, გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში კი ანა დაიბადა, რომელიც შემდგომში დანიის პრინც ჯორჯზე დაქორწინდა. 1919 წელს ოჯახში კიდევ ერთი გოგონა გაჩნდა, რომელსაც ნერისა დაარქვეს. მშობლებმა მისი დაბადების შემდეგ გაზეთ Times-ს ტრადიციული ინტერვიუ არ მისცეს. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი ექიმებმა "გონებრივად შეზღუდულად" გამოაცხადეს. ამიტომაც, წყვილმა გადაწყვიტა, რომ ნერისა საზოგადოებისაგან დაემალათ. 1923 წელს ფენელამ კიდევ ერთი გოგონა გააჩინა. დიანა სრულიად ჯანმრთელი იყო. სამი წლის შემდეგ კი ბოულზ-ლაიონების ოჯახში კიდევ ერთი გოგონა დაიბადა, რომელსაც კეტრინი დაარქვეს და მასაც გონებრივი პრობლემები ჰქონდა.
1930 წლის თებერვალში ჯონი პნევმონიის გართულების გამო მოულოდნელად გარდაიცვალა, რის გამოც ფენელა ოთხ პატარა შვილთან ერთად მარტო დარჩა, რომელთაგან ორი მძიმე დაავადებას ებრძოდა და დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეეძლო. დიდი ხნის განმავლობაში, თავად ზრუნავდა ნერისასა და კეტრინზე, რომელთა განვითარება ხუთი წლის ბავშვების დონეზე რჩებოდა. გოგონები გამართულად ვერ ლაპარაკობდნენ და მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს გამოთქვამდნენ. არ შეეძლოთ დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, გარეცხვა, ორივეს დარღვეული ჰქონდა მოძრაობის კოორდინაცია და დახმარების გარეშე ვერ გადაადგილდებოდნენ.
ფენილას ბაბუამ, ჩარლზმა გადაწყვიტა, რომ გოგონები ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანათ, ხოლო ყველა საჭირო თანხას თავად გადაიხდიდა. 1941 წელს ნერისა და კეტრინი, რომლებიც მაშინ ოცდაორი და თხუთმეტი წლის იყვნენ, კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დედის ხაზით გოგონების ბიძაშვილები - 29 წლის იდონეა, 27 წლის როზმარი და 19 წლის ეთელრედა, იმავე საავადმყოფოში იყვნენ.
ბევრი ისტორიკოსი თანხმდება, რომ არისტოკრატული ოჯახის მემკვიდრეები შესაძლოა ინცესტის მსხვერპლნი იყვნენ. გენეალოგიის დარგის ექსპერტები ამ ამბავშვი ბავშვების ბაბუას, ლორდ კლინტონს და მის მეუღლეს ადანაშაულებდნენ, რომელთაგანაც შვილიშვილებმა, სავარაუდოდ, მემკვიდრეობით გენეტიკური დარღვევები მიიღეს. თავდაპირველად გოგონების სანახავად ოჯახის წევრები მიდოდნენ ხოლმე, მათ შორის იყო მათი და, ანა, რომელიც დანიის პრინცს მისთხოვდა. თუმცა, გოგონები დედის გარდა ვერავის სცნობდნენ. საბოლოოდ კი 1960-იან წლებში ისინი ყველამ დაივიწყა. 1966 წელს კი დედამაც მიატოვა. ამავდროულად, დაფინანსებაც შეწყდა და ისინი გარდაცვლილთა სიაში შეიყვანეს.
სინამდვილეში, ნერისა 1986 წელს გარდაიცვალა - ის 66 წლის იყო. მის დაკრძალვაზე მხოლოდ ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. უახლოესმა ნათესავებმა კი გადაწყვიტეს, ეს ამბავი საერთოდ დაემალათ ისე, თითქოს არაფერი იცოდნენ. ბოულზ-ლაიონების ოჯახის წევრები ჩვეულებრივ, ოჯახურ სასაფლაოზე განისვენებდნენ. ნერისა კი კლინიკის სასაფლაოზე დაკრძალეს. საფლავზე, რომლის სურათებიც 1987 წელს ბრიტანულ მედიაში გავრცელდა, მხოლოდ პლასტმასის ფირფიტა იყო დამონტაჟებული და სერიული ნომერი იყო მითითებული. ჟურნალისტები გაოცებულები იყვნენ, რომ დედა-დედოფალ ელისაბედს, რომელიც ელისაბედ II-ის დედა იყო, სულ არ აინტერესებდა, საკუთარი ძმიშვილები როგორ ცხოვრობდნენ. ეს იმ ფონზე, რომ სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა საქველმოქმედო ფონდიც შექმნეს და გონებრივი ჩამორჩენის მქონე ადამიანებს ეხმარებოდნენ.
ნერისასა და კეტრინის და, ანა თავის მეუღლესთან ერთად
აჟიოტაჟის გაჩენისთანავე, ნერისას დაკრძალვის ადგილზე მემორიალი აღმართეს. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დააფინანსა ეს ინიციატივა. საინტერესოა, რომ დინასტიის წარმომადგენლებმა მაშინვე განაცხადეს, რომ სინამდვილეში დედა-დედოფალი თავის ძმიშვილებს მხარს უჭერდა და ფულსა და საჩუქრებს უგზავნიდა. ასევე, გაავრცელეს ის ინფორმაციაც, რომ დედოფალმა მათ შესახებ იცოდა, რომ გარდაცვლილები იყვნენ.
იმ დროს კი კეტრინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მედიის წარმომადგენლები ცდილობდნენ დედოფლის ბიძაშვილის მოძებნას, რათა პირადად გასაუბრებოდნენ, თუმცა ეს საუბარი არასდროს გამართულა. სამაგიეროდ, ზოგიერთი დეტალი ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლებმა გაასაჯაროეს. 2011 წელს ერთ-ერთმა ბრიტანულმა ტელეარხმა დოკუმენტური ფილმი ელისაბედ II-ის ბიძაშვილების შესახებ გამოუშვა, რომელსაც ერქვა: "დედოფლის დამალული ბიძაშვილები". ფილმში ფსიქიატრიული კლინიკის თანამშრომლები ოჯახს გულგრილობაში ადანაშაულებდნენ. ექიმების თქმით, გოგონები არავის ახსოვდა და მათ საკუთარი ტანსაცმელიც კი არ ჰქონდათ. ამ ამბავშვი კი ჟურნალისტები ელისაბედ II-საც ადანაშაულებდნენ და წერდნენ, რომ მან საკუთარი ბიძაშვილები დაივიწყა და სიღარიბისთვის და ტანჯვისთვის გაწირა. ამ ამბავზე ოფიაციალური განცხადება არ გავრცელებულა, თუმცა ინსაიდერები წერდნენ, რომ გავრცელებულ ინფორმაციას ელისაბედ II ცილისწამებად თვლიდა. ერთ-ერთი ინსაიდერი იმასაც წერდა, რომ დედოფალი ნერისას და კეტრინს რეგულარულად სტუმრობდა.
ფსიქიატრიული დაწესებულებაში, რომელიც 1990-იანი წლების ბოლოს დაიხურა, ამბობდნენ, რომ ნერისა და კეტრინი ყოველთვის ცნობდნენ თავიანთ მამიდაშვილსა და მამიდას, როდესაც ტელევიზორით ხედავდნენ.
ონელა ბრეითუეიტმა, რომელიც კლინიკაში 1980-იან წლებში მუშაობდა, დოკუმენტური ფილმის შემქმნელებს განუცხადა, თუ რამდენად დიდი ინტერესით უყურებდნენ ნერისა და კეტრინი პრინც ჩარლზისა და დიანა სპენსერის ქორწილის გადაცემას. "მახსოვს, როგორ განვიხილეთ კოლეგებთან, რომ ჩვენი პაციენტები ეკრანის მეორე მხარეს იქნებოდნენ, მათი ბედი სხვაგვარად რომ განვითარებულიყო." - თქვა ქალმა. ბრეითუეიტი დარწმუნებულია, რომ დებმა კარგად იცოდნენ, ვინ იყვნენ მათი ნათესავები: "მათი ასეთ მდგომარეობაში ყურება ძალიან სამწუხარო იყო. არ შეეძლოთ საუბარი, მაგრამ მათ გარშემო არსებულ სამყაროზე რეაგირებდნენ და მშვენივრად ესმოდათ ყველაფერი." - თქვა ექიმმა.
2014 წლის მარტში გაერთიანებული სამეფოს მედიამ კეტრინის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. იგი 87 წლის ასაკში კერძო საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჟურნალისტებმა ვერ გაარკვიეს, ქალის დაკრძალვას ელისაბედ II და სხვა ნათესავები დაესწრნენ თუ არა.
კეტრინი სიცოცხლის ბოლო წლებში
ამავე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მსოფლიოში შეთქმულების თეორიაც გავრცელდა და ამბობდნენ, რომ ბოლო 70 წლის განმავლობაში დიდ ბრიტანეთს დედოფალი ელისაბედ II კი არა, კეტრინი მართავდა. ორივე 1926 წელს რამდენიმე კვირის სხვაობით დაიბადა. ამ თეორიის თანახმად, მეფე ჯორჯ VI-ისა და ელისაბედ ბოულზ-ლაიონის შვილი იყო გონებრივად ჩამორჩენილი. ელისაბედმა კი ამის გამო თავისი შვილი ძმას, ჯონს გაუცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად არასდროს დადასტურებულა.