მსოფლიო ისტორიამ ბევრი გაკვეთილი გვაჩვენა და დაგვარწმუნა, რომ არის ფაქტები, რომლებიც აღარასოდეს უნდა განმეორდეს. მათ შორისაა ბირთვული ომის კატასტროფული შედეგები. დღეს, როდესაც დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა და მსოფლიო ბირთვული ომის რისკის შესახებ ისევ ალაპარაკდა, ჰიროსიმასა და ნაგასაკში ტრაგედიაგამოვლილი ადამიანები საკუთარი გამოცდილების შესახებ ჰყვებიან და 77 წლის შემდეგაც კი ამ ფაქტს შიშისა და ტკივილის გარეშე ვერ იხსენებენ.
ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს განხორციელდა და კაცობრიობის ისტორიაში ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენების ორი განსაკუთრებული შემთხვევაა. იგი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იაპონიის წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის დასკვნით ეტაპზე გამოიყენა. 1945 წლის 6 აგვისტოს დილით, ამერიკული B-29 "Enola Gay-ის" ბომბდამშენმა, რომელმაც სახელი ეკიპაჟის მეთაურის, პოლკოვნიკ პოლ ტიბეტის დედის პატივსაცემად მიიღო, ჰიროსიმაში ჩამოაგდო ატომური ბომბი, რომელსაც "Little Boy" ერქვა და რომლის სიმძლავრე 13-დან 18 კილოტონამდე გახლდათ. სამ დღეში ჯოჯოხეთი კვლავ განმეორდა: 21-კილოტონიანი სიმძლავრის ბირთვული ბომბი -"Fat Man" ქალაქ ნაგასაკის თავზე აფეთქდა. ქუჩაში ასობით გვამი იყო და ჰაერიც საშინლად მოიწამლა. ორივე აფეთქების შედეგად მაშინვე 80 ათასი ადამიანი დაიღუპა, 1945 წლის ბოლოსთვის დაღუპულთა საერთო რაოდენობა, კიბოსა და რადიაციული ავადმყოფობის ჩათვლით, ჰიროსიმაში 90-დან 166 ათასამდე ადამიანამდე გახდა, ხოლო ნაგასაკში 60-დან 80 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
1945 წლის 14 აგვისტოს იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ იაპონიის კაპიტულაციას ხელი მოაწერა. 1945 წლის 15 აგვისტოს იაპონიამ დანებების შესახებ განაცხადა, 2 სექტემბერს აქტს მოეწერა ხელი, რომლითაც მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა. თუმცა, ატომური კატასტროფის შედეგებს მოსახლეობა კიდევ მრავალი წელი ითვლიდა. აფეთქებებმა კი რამდენიმე წუთში ორი ქალაქი გაანადგურა. დროთა განმავლობაში, ქუჩები გაათავისუფლეს, ნანგრევებიდან ადამიანები ამოიყვანეს, გადარჩენილებს დახმარება გაუწიეს, თუმცა წარმოუდგენლად დიდი რადიაცია ისევ დარჩა და უხილავ ბოროტებად გადაიქცა, რომელიც ყოველწლიურად ადამიანებს კლავდა და მძიმე დაავადებებით ტანჯავდა.
არსებული მონაცემებით, 1945 წელს იაპონიის ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 450 ათას ადამიანს აღემატება.
გარდა აუტანელი ფიზიკური ტანჯვისა, ბირთვულმა აფეთქებამ იაპონიის საზოგადოება მორალურადაც გაყო. იაპონიაში ატომურ დაბომბვას გადარჩენილებს უწოდებენ "ჰიბაკუშას", რაც სიტყვასიტყვით "დასხივებულ ხალხს" ნიშნავს. ამ ფაქტმა ადამიანების გარიყვაც გამოიწვია. გარშემო მყოფებმა იცოდნენ, რომ "ჰიბაკუშებს" უხილავი დაავადება სტანჯავდა, მაგრამ იყო თუ არა ეს დაავადება გადამდები, გადაეცემოდა თუ არა ის ბავშვებს, შეიძლებოდა თუ არა ასეთ ადამიანთან მუშაობა ან კიდევ ურთიერთობის დამყარება, უცნობი იყო. ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის ცდილობდნენ მათგან თავი შორს დაეჭირათ. 77 წლის შემდეგაც კი, იაპონელებმა ამ სტიგმას თავი ბოლომდე ვერ დააღწიეს. ადგილობრივ საზოგადოებაში ჰიბაკუშას მიმართ ცრურწმენა ჯერ კიდევ არსებობს. მაგრამ, იმ ადამიანებს, რომლებმაც ტრაგედია გამოიარეს, დეტალების გახსენების ისევ ეშინიათ.
ერთ-ერთი გადარჩენილი სეიკო ფუძიმოტოა. მას 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე კოშმარი ესიზმრება: მიცვალებულთა რიგებიდან თავის დაღწევას ცდილობს, გვამებს დაბინძურებული, დამწვარი სხეული და გამობურცული თვალები აქვთ, თავად დედას ეძებს და ვერ პოულობს. წლების შემდეგ, როდესაც სეიკო ფუძიმოტომ გარდაცვლილთა ფოტოები ნახა, მიხვდა, რომ ეს უბრალოდ მოგონილი კოშმარი კი არ იყო, არამედ ბავშვობაში თავად ნახა რეალური ამბავი და იმდენად ღრმად ჩაებეჭდა გონებაში, წლები სიზმრად ნახულობდა...
იმ წელს ძალიან ცხელოდა და ბიძამისმა საკუთარი დიშვილები და შვილები ქალაქგარეთ წაიყვანა. 6 აგვისტოს სეიკო და მისი ძმა ძაღლთან ერთად მინდორში წავიდნენ სასირნოდ და შემთხვევით გადარჩნენ ცოცხლები. მაშინ, როდესაც ჰიროსიმაში ატომური ბომბი ჩამოაგდეს, სეიკო ფუძიმოტო 3 წლის იყო.
"ვუყურებდი, როგორ ვარდებოდა ციდან რაღაც, ბუშტის მსგავსი. მერე ძლიერმა ქარმა დაუბერა და ირგვლივ ჩამობნელდა, თითქოს შუქები ჩააქრეს", - იხსენებს სეიკო. მან და მისმა ძმამ სხეულის დამწვრობა მიიღეს, თუმცა საავადმყოფოში მოათავსეს და გადაარჩინეს. ბავშვები მშობლებმა იპოვეს და მონახულებაც შეძლეს, თუმცა ბიძის, ბიცოლისა და მათი შვილების ცხედრები არასდროს უპოვიათ. ფერფლად იქცა მათი დიდი სახლიც. ოჯახი მალევე ტოკიოში გადავიდა საცხოვრებლად, თუმცა მამამ სეიკოს აუკრძალა იმის თქმა, რომ ჰიროსიმაში იმყოფებოდა, რადგანაც თვლიდა, რომ მას აღარავინ მოიყვანდა ცოლად... ფუძიმოტო ექიმი გახდა, ოჯახი შექმნა და ორი ჯანმრთელი შვილი გაუჩნდა. მაგრამ, მისი ძმა აფეთქებიდან 2 წლის შემდეგ გარდაიცვალა - მას საყლაპავის კიბო დაუდგინეს. ბავშვი მუდმივად საზამთროს ითხოვდა... მას შემდეგ სეიკოს საზამთრო სძულს.
9 წლის ესირო იამავაკიმ კი, როდესაც ფანჯრიდან მოციმციმე გიგანტური ნივთი დაინახა, დედასთან და ძმასთან ერთად მაშინვე სარდაფში გაიქცა და ამან მათი სიცოცხლე იხსნა. რა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა აფეთქებას, მხოლოდ მეორე დღეს გაიგეს, როდესაც გარეთ გამოვიდნენ და მამის საძებნელად წავიდნენ. იგი ქარხანაში მუშაობდა.
"ხიდზე დაღუპულთა რიგები ვნახეთ, ზოგი იდგა, ზოგიც თავდახრილი იყო, თითქოს ლოცულობდნენ. გარდაცვლილთა ცხედრები მდინარეშიც ეყარა. ქარხანაში კი მამას გვამიც აღმოვაჩინეთ, თითქოს იცინოდა. ცხედრის კრემაციაში ქარხნის გადარჩენილი თანამშრომლები დაგვეხმარნენ. მამა კოცონზე დავწვით, მაგრამ რაც ვნახეთ და გამოვიარეთ, დედისთვის ამის მოყოლა ვერ გავბედეთ."- გაიხსენა მოგვიანებით ესირო იამავაკიმ. კაცი ორ ოკოლოგიურ დიაგნოზს გადაურჩა და ამბობს, რომ ასეთი რამის გამეორება დაუშვებელია.
ცუტომუ იამაგუტის შეიძლება ერთდროულად ეწოდოს იღბლიანი და უიღბლო ადამიანი. ის ორი ატომური აფეთქების ეპიცენტრში აღმოჩნდა და ორივეს ცოცხალი გადაურჩა. ცუტომუ იმ დროს ახალგაზრდა ინჟინერი იყო და აგვისტოში ჰიროსიმაში სამსახურიდან მივლინებაში წავიდა. იქ ორი დღით უნდა გაჩერებულიყო, ამ დროს კი ატომური ბომბი ჩამოაგდეს. კაცი ეპიცენტრიდან 3 კილომეტრში იყო. ცუტომუ იამაგუტი მაშინვე დაბრმავდა და მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. მაგრამ, სადგურისკენ გაქცევა მაინც მოახერხა და მშობლიურ ნაგასაკში წავიდა. საავადმყოში მივიდა, თუმცა ბედის ირონიით, 3 დღეში ატომური ბომბი ნაგასაკშიც ჩამოვარდა. საავადმყოფო ეპიცენტრიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრით იყო დაშორებული. სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა, თუმცა დაბრმავებული მამაკაცი გამოსხივების ეპიცენტრიდან გაქცევის ნაცვლად, მისკენ წავიდა. თუმცა ამჯერადაც ცოცხალი გადარჩა...
სამწუხაროდ, ტრაგიკულმა აფეთქებამ შემთხვევამ ცუტომუს ცოლ-შვილიც დააზარალა. ხუთი წლის განმავლობაში კიბოთი ორი ბავშვი გარდაეცვალა. თავადაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა წლებთან ერთად, მხედველობა აღიდგინა, სიმსივნეს გაუმკლავდა, ახალი სამსახური იშოვა და სახლიც იყიდა. იმ ამბების გახსენება კი არ უყვარდა და საუბარსაც ყოველთვის თავს არიდებდა.
ცუტომუ იამაგუტი 2010 წელს 93 წლის ასაკში სიმსივნით გარდაიცვალა. ის გახდა ერთადერთი ადამიანი, რომელიც ხელისუფლებამ როგორც ჰიროსიმაში, ასევე ნაგასაკში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლად ოფიციალურად აღიარა.
ემიკო ოკადას იმ დღეს უფლება მისცეს, რომ სკოლაში არ წასულიყო. სწორედ ამ შემთხვევამ გადაარჩინა. აფეთქების დროს ის მშობლებთან ერთად ბინაში იმყოფებოდა.
"არც მახსოვს, იმ დღეს საერთოდ დღე იყო თუ არა. რაღაც გავარვარებული ანათებდა და ქუჩებშიც წითელი ჩრდილები დარბოდნენ. ახლა, როდესაც ალისფერი მზის ჩასვლას ვხედავ, დაბომბვა მახსენდება. ამიტომაც, მზის ჩასვლა მძულს", - ამბობს ემიკო ოკადა. ასევე იხსენებს, რომ ქალაქი ჯოჯოხეთის ქვაბს ჰგავდა, სადაც ხალხი იწვოდა. ადამიანები, რომლებმაც მაშინ ჯერ კიდევ არაფერი იცოდნენ რადიაციასა და მის მომავკვდინებელ შედეგებზე, საკვებსა და წყალს არ ერიდებოდნენ. ემიკო ამბობს, რომ ბევრმა შიმშილის გამო ქურდობა დაიწყო და დაბინძურებული საკვები და წყალი მიიღო.
"აფეთქებიდან 2 დღის შემდეგ თმა და კბილები დამცვივდა. სულ დაღლილი ვიყავი და ვფიქრობდი, სად დამეძინა. მაშინ არავინ იცოდა, რა იყო რადიაცია. მხოლოდ 12 წლის შემდეგ აპლასტიკური ანემიის დიაგნოზი დამისვეს." - იხსენებს ქალი.
ემიკოს 12 წლის და, რომელიც იმ დღეს სკოლაში იყო, ვერ იპოვეს. ოკადას ჯერ კიდევ სჯერა, რომ მისმა საყვარელმა ადამიანმა მეხსიერება დაკარგა და ერთ დღეს მათი სახლის კარზე ისევ დააკაკუნებს.