სტატისტიკის მიხედვით, სერიულ მკვლელებს ხშირად საერთო მახასიათებლები აქვთ. როგორც წესი, შუახნის მამაკაცია წარმოდგენილი, რომელსაც კანონთან ჰქონდა პრობლემები, საზოგადოებაში საკუთარი პოზიციონირება არ მოსწონდა, ჰქონდა სოციალური პრობლემები და იმპულსური და ინფანტილური იყო. თუმცა, მანიაკი ქალის პორტრეტის დახატვა ბევრად უფრო რთულია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ შემთხვევები მათი მონაწილეობით არც ისე ხშირია. თუმცა, ამჯერად სწორედ გამონაკლის შემთხვევაზე გიამბობთ და მოგიყვებით, როგორ გადაიქცა ულამაზესი ქალი სერიულ მკვლელად. ინფორმაცია ფსიქიატრიული და სისხლის სამართლის ოფიციალური დოკუმენტებიდან, სასამართლო ჩანაწერებიდან და ასევე თავად დამნაშავეებთან ვრცელი საუბრებიდანაა მოპოვებული.
ეილინ უორნოსი 1956 წლის 29 თებერვალს, ქალაქ როჩესტერში, მიჩიგანში დაიბადა. დედამისი დიანა პიტმანი 15 წლის იყო, როდესაც ლეო არტურ პიტმანზე დაქორწინდა. თუმცა, მამაკაცი ასოციალური ქცევით გამოირჩეოდა და ცხოვრების დიდი ნაწილი ციხეში, გისოსებს მიღმა გაატარა. უორნოსის მშობლები მის დაბადებამდე დაშორდნენ, 1969 წელს კი ლეო არტურმა ციხეში ყოფნისას თავი მოიკლა.
ეილინს მამა არასოდეს უნახავს. მამამისი ბავშვთა მკვლელობისა და გაუპატიურების ბრალდებით იყო დაპატიმრებული.
ეილინს უფროსი ძმა, კიტი ჰყავდა და უცნობია, ზუსტად რა ტიპის ტრავმა დატოვა მშობლების მსგავსმა ცხოვრებამ და მამის საქმიანობამ ბავშვებზე. თუმცა, ცნობილია ისიც, რომ ბავშვები დედის გარეშე 9 წლის განმავლობაში გაიზარდნენ. დედა სახლიდან გაიქცა... მეზობლებს სთხოვა, რამდენიმე საათით ბავშვებისთვის ყურადღება მიექციათ, თუმცა თავად სახლში აღარ დაბრუნებულა. შემდეგ ქალმა თავის მშობლებს დაურეკა და ბავშვებზე ზრუნვა სთხოვა. ლაურა და ბრიტ უორნოსები შვილიშვილების მეურვეები გახდნენ...
ეილინის ცხოვრება არც ამის შემდეგ გამხდარა უღრუბლო, პირიქითაც...
ერთ-ერთი ცნობით, 13 წლის გოგონა ძმამ გააუპატიურა. სხვა წყაროების მიხედვით, ბავშვზე ბაბუამ ან მისმა ერთ-ერთ მეგობარმა იძალადა. მეორე ვერსია უფრო დამაჯერებელია, რადგან მომავალში, ეილინის მსხვერპლთა შორის ძირითადად იყვნენ ასაკოვანი მამაკაცები, მძღოლები, რომლებსაც გზატკეცილზე ხვდებოდა, ძარცვავდა და შემდეგ კლავდა - მათი ასაკი 40-დან 62 წლამდე მერყეობდა.
ეილინ უორნოსი ბაბუასთან ერთად
13 წლის ასაკიდან გოგონა დაუმორჩილებლობას აცხადებდა, ხშირად გარბოდა სახლიდან, ხოლო როცა ბებია გარდაეცვალა, სხეულით ვაჭრობა დაიწყო...
14 წლის ასაკში დაორსულდა. 1971 წლის მარტში ბავშვთა სახლში ბიჭი გააჩინა, რომელიც მაშინვე დატოვა გასაშვილებლად, თავად კი ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს მიეძალა. მალე ფლორიდაში გადავიდა და გზატკეცილზე კლიენტებს ეძებდა...
ერთ დღეს 20 წლის ეილინმა მდიდარი ბიზნესმენი, იახტკლუბის პრეზიდენტი ლევის გრაც ფელი გაიცნო, რომელიც მის ბაბუას ძალიან ჰგავდა. თავდაპირველად, მათ დაქორწინებაც კი გადაწყვიტეს და ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრება სურდათ, თუმცა, ამის ნაცვლად, 11 კვირის შემდეგ დაშორდნენ... მოხუცი ამტკიცებდა, რომ ცოლმა სცემა. თავის მხრივ კი, ეილინიც ამბობდა, რომ, პირიქით, ქმარი სცემდა. დაშორების შემდეგ გოგონა კვლავ პროსტიტუციაში ჩაება...
მოგვიანებით უორნოსმა სასამართლო პროცესის დროს განაცხადა, რომ პროსტიტუცია მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. პოლიციამ არაერთხელ დააკავა. ზოგჯერ ნასვამ მდგომარეობაში იყო და საკუთარ საქციელს ვერ აკონტროლებდა, ზოგჯერ კი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა და მის სახელზე საჩივარი შედიოდა. თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ არაერთი დაკავების მიუხედავად, გოგონა სამართალდამცავებისგან თავის დაძვრენას მაინც ახერხებდა. სახელებსაც ხშირად იცვლიდა და საცხოვრებელსაც... თუმცა, ერთხელ მაღაზიის გაძარცვისთვის მაინც დააპატიმრეს.
ერთ დღეს, ბარში, სადაც არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანები იკრიბებოდნენ, ეილინმა ლესბოსელი, სახელად ტაირია მური გაიცნო... ეს საბედისწერო შეხვედრა იყო. ეილინს ეს უცნაური ქალი შეუყვარდა და ცხოვრების მიზნად დაისახა, მისთვის ყველა სურვილი აესრულებინა.
უორნოსმა მამაკაცის როლი მოირგო და ოთხი წლის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდა, რომ შეყვარებულისთვის არაფერი მოეკლო. ტაირიას მოთხოვნები საკმაოდ პრიმიტიული იყო: ლუდის დალევა, ოთახის დაქირავება, მოპარული მანქანით სეირნობა... გარდა ამისა, ეილინის საყვარელ ქალს შოპინგიც ძალიან უყვარდა.
სწორედ ტაირას გაცნობის პერიოდს ემთხვევა ეილინის ახალი დანაშაულები - პროსტიტუციის გარდა, მან მამაკაცების მოკვლა დაიწყო. მსხვერპლ მამაკაცებს ის ჯერ ძარცვავდა, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა დარჩენოდა საყვარელი ქალის ახირებების დასაკმაყოფილებლად, შემდეგ კი იარაღით რამდენჯერმე ესროდა და კლავდა. ტაირაც მონაწილეობდა დანაშაულის გარკვეულ ეტაპებზე...
ეილინის მსხვერპლი მამაკაცები
ოფიციალური ცნობების მიხედვით, ეილინმა იარაღით 7 მამაკაცი მოკლა, თუმცა არაოფიციალურად ეს რიცხვი უფრო მაღალია...
უორნოსი 1991 წლის 9 იანვარს დააპატიმრეს. თავიდან აცხადებდა, რომ მამაკაცებისგან თავს იცავდა, რადგანაც ისინი ინტიმურ ურთიერთობას აძალებდნენ, თუმცა მისმა არგუმენტებმა სასამართლოში არ გაამართლა.
1993 წლის თებერვალში ეილინს სიკვდილით დასჯა მიესაჯა. 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალი ელექტროსკამზე უნდა მოეთავსებინათ და ამ გზით დაესაჯათ სიკვდილით. 2002 წელს მისი ეს სასჯელი უფრო "ჰუმანური" ფორმით შეიცვალა და ელექტროსკამზე მოთავსების ნაცვლად, მომაკვდინებელი ინიექცია გაიუკეთეს და ამ ფორმით აღასრულეს განაჩენი...
ფსიქიატრები ამბობენ, რომ ქალს ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა. ის კლავდა მამაკაცებს, რომლებსაც მასთან სექსი ჰქონდათ, ამ ფაქტს კი ბავშვობაში განცდილ ძალადობას უკავშირებდნენ. ბევრი სპეციალისტი სერიული მკვლელის ქმედებას ბაბუასა და ყველა მოძალადეზე შურისძიების ფორმად აღიქვამს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სერიული მკვლელი ქალის ისტორიაზე ფილმი "მონსტრი" გადაიღეს, რომელშიც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს. შარლიზმა ამ როლის ბრწყინვალე შესრულებისთვის "ოსკარი" მიიღო.
შარლიზ ტერონი ფილმში "მონსტრი"