ნებისმიერი დედისთვის ყველაზე დიდი მწუხარება შვილის დაკარგვაა... თუმცა ეს ამბავი ამ პოსტულატისგან საკმაოდ შორს არის.
ეს შემთხვევა 20 წლის წინ ბაშკირეთის მკვიდრს, გულნაზს გადახდა. მაშინ მისი 11 წლის ბიჭის ფოტოებმა მთელი ქალაქი მოიცვა...
"11 წლის ილმირი დაიკარგა. სიმაღლე 147 სმ, თხელი აღნაგობა, მონღოლური ტიპის სახე, მუქი სწორი თმა, მუქი ყავისფერი თვალები, თხელი ტუჩები. 2001 წლის 27 ივნისს, დილით, მან სახლი ველოსიპედით დატოვა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია", - წერდნენ ადგილობრივი გაზეთები და მეოთხეკლასელი ბიჭის მოძებნაში დახმარებას სთხოვდნენ.
ბავშვის დედა ყველა ტელევიზიაში მივიდა და შვილს სასოწარკვეთილი ეძებდა. "დამელოდე, ჩემო ბიჭო." - ამბობდა ქალი და ქვითინბდა...
ბიჭი თითქოს უკვალოდ გაუჩინარდა. ვერსად მიაგნეს.
პოლიციამ თავდაპირველად ეჭვი მამინაცვალზე მიიტანა, მაგრამ დეტალები ვერ გაარკვიეს. რაღაც პერიოდი იგლოვეს, შემდეგ კი ცოლ-ქმარმა საერთო შვილის აღზრდა განაგრძო და გაუჩინარებული ბიჭიც თითქოს ყველას დაავიწყდა...
თუმცა, ცოტა ხნის წინ გულნაზის სენსაციურმა აღიარებამ კვლავ ააფორიაქა ადგილობრივი მცხოვრებნი - აღმოჩნდა, რომ შვილის გაუჩინარებაში თავად ჰქონდა უდიდესი წვლილი.
...დაკარგული ბიჭის საქმეში ახალი დეტალები პირველად 2017 წელს გამოჩნდა. ტყეში სოკოს დასაკრეფად წასულმა ადამიანმა ძვლები იპოვა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 10-11 წლის ბიჭის ძვლები იყო, რომელიც ილმირი აღმოჩნდა. შეწუხებული დედა მცირე ხანს ისევ მოჰყვა გლოვას, თუმცა შემდეგ მოულოდნელად გამომძიებლებთან აღიარა, რომ შვილი თავად მოკლა...
გულნაზმა პირველი შვილი ადრეულ ასაკში გააჩინა, მაგრამ ქმრის შენარჩუნება ვერ შეძლო. ბავშვის მამამ ცოლ-შვილი მიატოვა, ქალს კი ვაჟის აღზრდა მარტო მოუწია... 2000 წელს გულნაზის ცხოვრებაში მეორე მამაკაცი - რენატი გამოჩნდა. მან ქალს ცოლობა სთხოვა, თუმცა ოჯახურ იდილიაში მისი პირველი შვილი ხელს უშლიდათ...
რენატი თავის რჩეულზე 10 წლით უფროსი იყო. გერი სულ უფრო მეტად აღიზიანებდა და ბებიასთან და ბაბუასთან ტოვებდნენ. როდესაც გულნაზს ახალ ქმართან შვილი შეეძინა, პირველ შვილს სულ უფრო მეტად მალავდა, რომ კაცის გაღიზიანება არ გამოეწვია. როცა ილმირი შინ იყო, ბავშვს ეუბნებოდა, რომ ოთახიდან თავი არ გამოეყო, რათა მამინაცვალს თვალში ცუდად არ მოხვედროდა. ბიჭი კოშმარში იზრდებოდა. მუდმივად ეშინოდა და ჰქონდა განცდა, რომ მამინაცვალი სცემდა... მამინაცვალიც იძაბებოდა მის დანახვაზე და კონფლიქტის მიზეზი ცოლ-ქმარს შორის ხშირად ხდებოდა საცოდავი ილმირი... ამიტომაც დაგეგმა დედამ, ამჯერად ყველაფერი ექნა ქმრისა და ოჯახის შესანარჩუნებლად და... შვილი მოეკლა.
თავად გულნაზმა დაკითხვისას ისიც თქვა, რომ ეს ქმრის ძალდატანებით გააკეთა და რომ ქმარი მას ცემით ემუქრებოდა, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი ოჯახიდან აგდებდა, ამიტომ იძულებული გახდა, მის მოთხოვნებს დასთანხმებულიყო... რენატმა ცოლის სიტყვები უარყო, თუმცა ეს საშინელ სურათს საერთოდ არ ცვლის...
იმ საბედისწერო დილას, 2001 წლის 27 ივნისს, ილმირი ბებიას და ბაბუას სტუმრობდა. დილის 11 საათზე ბავშვი სახლში წავიდა და ბებიას დაჰპირდა, რომ მალე მივიდოდა მათთან. მათაც შვილიშვილი ველოსიპედზე დასვეს და მას შემდეგ აღარ უნახავთ...
დედამ შვილს ტყეში წაყოლა და დახმარება სთხოვა. ბიჭიც სიხარულით დასთახმდა, რადგანაც დედასთან დროის გატარების ნებისმიერი შესაძლებლობა მისთვის ბედნიერება იყო - როგორც წესი, დედას არ ეცალა მასთან სასაუბროდ.
"ტყეში ვიყავით. ზურგით იდგა. მივეპარე და ქამრით გავგუდე. შემდეგ სახლში წავედი. ქმარს ვუთხარი, რომ მოვკალი. მან მკითხა, დავმარხე თუ არა... როდესაც გაიგო, რომ ცხედარი იქვე დავტოვე, ნიჩაბი მომცა და მითხრა, რომ დამემარხა", - გაიხსენა ქალმა 20 წლის შემდეგ.
გულნაზმა შვილის ველოსიპედი ბუჩქებში დამალა, ქამარი და ფეხსაცმელი კი საღამოს აბანოში დაწვა. მეორე დღეს ცოლ-ქმარმა პოლიციასთან ერთად ბავშვის მოჩვენებითად ძებნა დაიწყო, თუმცა კვალს ვერავინ მიაგნო. ქალს მთელი ქალაქი თანაუგრძნობდა და მწუხარებას გამოხატავდა. თავადაც მგლოვიარე დედის ფორმა ჰქონდა მორგებული...
ცოლ-ქმარი დააკავეს, თუმცა სასჯელი მხოლოდ გულნაზს დააკისრეს. მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ფაქტი, რომ რენატი იყო მკვლელობის წამქეზებელი, სასამართლოზე რატომღაც საერთოდ დაივიწყეს.
ეს გადაწყვეტილება პროკურატურამ გაასაჩივრა და შესაძლოა, სასჯელი ახლა მამინაცვალსაც დაეკისროს...