მთვარის შვილი - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
მთვარის შვილი - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
"კი მაგრამ, ეს წერილი ხომ მივეცი დიმას?" - თავი მოიქექა... თუმცა თითქოს თავი არც ჰქონდა, ისე დამძიმებოდა, რუმბივით გასიებოდა, - "ნუთუ ისე გამოვშტერდი, რომ აღარ მივეცი? კი, როგორ არა, დავუტოვე და წამოვედი... ეტყობა, მეორე პირიც მქონდა? რამ გამომაშტერა? ისე ვინერვიულე, აღარც მახსოვს, რა გავაკეთე...
არა, ამაზე ფიქრი აღარ მინდა, რაც იყო, იყო... ისე, ძალიან სასტიკად ხომ არ დავწერე? ოჰ, არ იმსახურებს თუ? გამაწვალა ამდენი ხანი და არაფერი... დარწმუნებული ვარ, არც
ინერვიულებს ჩემი სიტყვების გამო. ეს მე ვარ, ყველაფერზე რომ ნერვებს ვიშლი, თორემ ხალხს სულ კიდია ფეხებზე ბევრი რამე. აღარც მოვიშლი არაფრის გამო და არც ერთ კაცს აღარ ვენდობი. მაგათი ნერვები აღარ მაქვს".
საწოლიდან ზმორებით წამოდგა, თავი აქეთ-იქით გადააქნია, როგორმე რომ მოეცილებინა ეს სიმძიმე, მაგრამ არ უშველა. საღამურის ამარა გაიარა ნახევარი ოთახი და სარკის წინ გაიჭიმა.
სარკის მიღმა ქერათმიანი, ცისფერთვალება, საკმაოდ გამხდარი, მაგრამ ქალური ნაკვთების მქონე მოხდენილი, 26 წლის გოგონა უყურებდა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, თვალებიდან კი სევდა გამოსჭვიოდა. უპეებიც ჩამოსიებოდა. "რას დავემსგავსე ამ ერთ ღამეში, რამ მანერვიულა ამდენი, ეტყობა, ღამე ვიტირე, თუ ეგ სიზმარში იყო?!"
ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოარკვია.
- ამ უთენია ვის გავახსენდი?
ზანტად აიღო ყურმილი.
- ალო, ლიკა!!!
ყურმილის იქით დაქალის - ირინას შეშფოთებული ხმა შემოესმა.
- რა იყო, ირ, რა მოხდა, რა ხმა გაქვს? - უცებ გამოაფხიზლა მეგობრის ხმამ.
- იცი, იცი... - ირა ცოტა დააბნია თითქოს ლიკას პასუხმა, - ლიკ, კარგად ხარ?
- რატომ უნდა ვიყო ცუდად? - გაკვირვებულმა აიჩეჩა მხრები, - მოხდა რამე?.. ერთი თავი მტკივა ცოტათი, ისე მშვენივრად ვარ.
- ა, ჰო... კაი, ლიკ, შენთან მოვალ, რაღაც უნდა გითხრა...
- მშვიდობაა? - თუმცა მისი ხმა აღარავის გაუგონია, ყურმილში გაბმული ზარი გაისმა.
- ვა, ირინკა მაინც იყო დალაგებული, ამას რაღა დაემართა, ამ უთენია რამ გადარია? - თავისთვის ჩაილაპარაკა და აბაზანაში შევიდა, რომ მეგობრის მოსვლამდე მოესწრო ტანზე გადავლება.
...ირინა ოდნავ დაბნეული და ამავდროულად აღელვებული მოეჩვენა. ლიკას ხალათი შემოეცვა და ყავას ამზადებდა. ირინაც სამზარეულოში შევიდა მასთან.
- რა დაგემართა, ირ, რა ხმა გქონდა? - თან მადუღარას ურევდა კოვზით, თან ირინას შეჰყურებდა ლიკა.
- ლიკ, ტელევიზორისთვის ალბათ არ გიყურებია ხომ? - ირამ რაღაცნაირი დამორცხვებით თქვა ეს სიტყვები, თითქოს ეშინოდა ლიკასთვის თვალებში შეხედვის.
- გოგო, ამოთქვი, მოხდა რამე? - ლამის იკივლა, გაბრაზებულმა.
- ლიკ, დილას გამოაცხადეს, რომ დიმა გარდაიცვალა...
- ..., ვინ, ვინ დიმა? - ენა დაება, კოვზი ხელში შეაცივდა, თვალები ცრემლებით აევსო და ნიკაპი აუკანკალდა... გაზი ანგარიშმიუცემლად გამორთო და იქვე სკამზე დაეშვა.
ირინა წამოხტა, მეგობარს მიუახლოვდა. ლიკას ხელებში ჩაერგო თავი, უხმოდ ქვითინებდა.
- ლიკ, არ იცოდი?
- რა დაემართა? - თავაუღებლად, აკანკალებული ხმით ჰკითხა.
- ფანჯრიდან გადმოვარდაო თუ გადმოხტაო, ჯერ არ იციან...
- რააა? - ლიკას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, წამოხტა და თვალებგაფართოებულმა შეხედა ირინას, - ანუ თავი მოიკლა?
- ჰო, ალბათ, ან გადმოვარდა... რა ვიცი, ლიკ, მაგას გაარკვევენ, გამოძიება დაიწყოო...
- გამოძიებაც დაიწყოო? - უფრო თავისთვის ჩამარცვლა ეს სიტყვები, ვიდრე ირინას ჰკითხა. სცადა, სამზარეულოდან გასულიყო, მაგრამ ფეხები ერთმანეთში აერია, წაბორძიკდა და ისევ სკამზე დაეშვა.
ირინა ნელა მიუახლოვდა. თავზე ხელი გადაუსვა. ლიკა თითქოს ამ ქვეყანაზე აღარ იყო, თითქოს ირინას ვეღარც ამჩნევდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, რაღაცას ფიქრობდა, აანალიზებდა. ირინამ ჩათვალა, რომ ეს უცაბედი შოკი იყო, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებით გამოწვეული, სინამდვილეში კი ლიკას ფიქრებში მხოლოდ წერილი უტრიალებდა.
"ღმერთო, ნუთუ ჩემმა წერილმა აიძულა, თავი მოეკლა... არა, არა, ასე არ უნდა იყოს... - ფიქრები ერთმანეთის მიყოლებით, არეულ-დარეულად მოსდიოდა თავში, - არა, მთლად მასეთი წერილი არ იყო, რომ თავი მოეკლა... ფანჯრიდან თავისით როგორ გადავარდებოდა, ე.ი. გადახტა... მე ვაიძულე? ღმერთო, დამიფარე... ძიება დაიწყოო... ახლა იქ ჩემს წერილს ნახავენ და მაშინვე ყველა მიხვდება, რა საძაგელი ადამიანი ვარ, კაცი თავის მოკვლამდე მივიყვანე... ღმერთო, მიშველე".
- ღმერთო, დამეხმარე! - ეს უკვე ხმამაღლა აღმოხდა.
- ლიკ, ნუ ნერვიულობ, შენთან ვარ, - უფრო მეტად მოეხვია ირინა.
ლიკა თითქოს ისევ მოეგო გონს. ფრთხილად გაითავისუფლა თავი მეგობრის მკლავებიდან და უკვე დალაგებულად, მშვიდად უთხრა:
- კარგი, ირ, წადი ახლა, მერე დაგირეკავ, ცოტას დავისვენებ, გავიაზრებ ამ ყველაფერს...
- თუ გინდა, შენთან ვიქნები, არსად არ მეჩქარება, თუ ფიქრობ, რომ...
- არა, ირ, - ლიკა უკვე კატეგორიული იყო, - წადი, მე არაფერი მჭირს. მე ცოცხალი მაინც ვარ...
- კარგი, როგორც გინდა, - ირინამ თავის უშველებელ ჩანთას დაავლო ხელი და კარისკენ გასულმა გამოსძახა, - მაინც თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე.

* * *
მთელი ის დღე საწოლში გაატარა, გაშეშებული იწვა ერთ მდგომარეობაში, თვალები ჭერისთვის მიეშტერებინა და ფიქრობდა. ერთსა და იმავეზე, ერთსა და იმავეზე... წერილის ის ასლი, რომელიც თავად ჰქონდა, დაწოლამდე გააქრო - სულ ნაკუწებად დახია და უნიტაზში ჩაუძახა. პირველმა შოკმა რომ გაუარა, როცა დიმა გამოიტირა, მისმა შეცოდებამ და მისი გარდაცვალებით გამოწვეულმა ტკივილმა გაუარა, ყველაზე მეტად თვითგადარჩენის ინსტინქტმა შეუტია. ერთზე ფიქრობდა მხოლოდ, იყო თუ არა თვითონ დამნაშავე ამ ყველაფერში, და თუ იყო, გაიგებდა თუ არა ვინმე ამას და სამარცხვინოდ მოუწევდა თუ არა ამის გამო პასუხისგება. როგორც კი წარმოიდგენდა, როგორ დაკითხავდნენ, როგორ აუფრიალებდნენ ცხვირწინ წერილს, როგორ დაესეოდნენ დიმას ნათესავები წყევლა-კრულვით, თავისი ნათესავ-მეგობრები - დათრგუნული და იმედგაცრუებული სახეებით, დანარჩენი საზოგადოება კი ერთხმად გაკიცხავდა, მერე კი იქნებ ციხეშიც ამოეყო თავი, ისტერიკამდე მიდიოდა. მთელი ამდენი წელი იმისთვის იცხოვრა, იმისთვის აიწყო კარიერა, მშვენიერი თანამდებობა მიიღო ბანკში, შემოიკრიბა კარგი მეგობრები, გაიმყარა ავტორიტეტი და გარშემო მყოფების პატივისცემა დაიმსახურა, როგორც საქმიანმა, სერიოზულმა, ყოველმხრივ დადებითმა ადამიანმა, რომ ეს "ძეგლი" ერთ წამში დამსხვრეულიყო?! დარჩებოდა არავინ, არაფერი, საყვარელი ადამიანის სუიციდამდე მიმყვანის გარდა.
შიგადაშიგ ტელეფონის ზარი აფხიზლებდა, თუმცა არც კი უფიქრია, ეპასუხა. მობილური ტელეფონი საერთოდაც გათიშა, არავის დანახვა არ უნდოდა და არაფრის გაგონება. დარწმუნებული იყო, ყველა, ვინც იცოდა მისი და დიმკას ურთიერთობის შესახებ, განუწყვეტლივ რეკავდა, ზოგი მოსასამძიმრებლად, ზოგი სულელური შეკითხვების დასასმელად, საკუთარი გულისამრევი ვარაუდების გამოსათქმელად და ა.შ. და ა.შ. რაც მეტს ფიქრობდა, საკუთარი თავის სიძულვილიც მეტად იპყრობდა. ჯერ იმიტომ, რომ თუ მართლა ის იყო თვითმკვლელობის მიზეზი, რაოდენ საძაგელი ადამიანი ყოფილა; უფრო კი იმიტომ, რომ თავადვე აცნობიერებდა, რაოდენ სულმდაბალი აღმოჩნდა, რაოდენ მდაბალი ადამიანური ინსტინქტები ჰქონია, ის, რის გამოც ადრე შეიძლება სხვა გაეკიცხა - იმის ნაცვლად, რომ ერთ დროს საყვარელი ადამიანი ეგლოვა, საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდა.

* * *
მისი სახლიდან გამოსულ ირინას არანაკლები სადარდებელი გაუჩნდა. კორპუსს ნორმალურად არც იყო გამოცდენილი, მანქანისკენ მიემართებოდა, რომ მობილურმა დარეკა. როგორც ყოველთვის, ძლივს იპოვა უშველებელ ჩანთაში ტელეფონი და ნომერს რომ დახედა, მაშინვე წარბები შეჭმუხნა. კარგა ხანს არ უპასუხა, მაგრამ ტელეფონი არ ჩერდებოდა. გაღიზიანებულმა დააჭირა ღილაკს ხელი:
- რა არის, გურამ, რა გაგახსენდა?
- გამახსენდა კი არა, შენი ახვარი დაქალი სად არის? - ყოფილი ქმარი, როგორც ყოველთვის, კორექტული და ზრდილობიანი იყო.
- სიტყვები შეარჩიე, თუ შეიძლება...
- რა სიტყვები, გოგო, ორი დღეა არ დაცილებია დიმკას და უკვე საიქიოს გზას გაუყენა.
- ვინ რა გაუყენა, ლიკა რა შუაშია? ისეთ დღეშია საწყალი გოგო, შოკისგან ხმას ვერ იღებს...
- ზატო მანამდე იყბედა, ეტყობა, და ტვინი უბურღა იმდენ ხანს, რომ კაცს თავი მოაკვლევინა...
- თუ შეიძლება, შენი ვერსიები შენთვის დაიტოვე და ლიკას თავი დაანებე!
- დაანებე კი არა, დიმკა თავს არასდროს მოიკლავდა, გაიგე? მაგ ქაჯმა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე...
- თუ არ გაჩერდები, დაგიკიდებ ახლავე ყურმილს! - ლამის იკივლა ირინამ.
- ჰო, სხვა რა შეგიძლიათ... ყურმილსაც დამიკიდებ და მეც დამიკიდებ. ასე არ გააკეთე ისედაც? დაკიდებაში მაგრები ხართ, აბა, გვერდში დგომაში გაეჯიბრეთ ერთმანეთს...
ირინას აღარ მოუსმენია. საერთოდ გათიშა ტელეფონი და ჩანთაში ჩააგდო.
წითელი "ფიატის" კარი განერვიულებულმა გააღო, ჩანთა უკანა სავარძელზე მოისროლა და საჭეს გაღიზიანებული მიუჯდა.
"რა შუაშია, ლიკა, რა გაუწყალა გული, - თავისთვის განაგრძო ფიქრი, - დიმა რომ ძალიან გულისხმიერი ყოფილიყო და ასეთ რამეებზე ედარდა, არც გაუშვებდა მასეთ გოგოს ხელიდან... თავი რამ მოაკვლევინა, ისე, მაგრამ გურამის ძმაკაცი ხომ ყველასგან გამორჩეული უნდა იყოს... ოჰ, გურამ, გურამ... რა ძალა მედგა, რას გავაცანი დიმა და ლიკა ერთმანეთს, რა შარში გავყავი თავი... მიხედე რა შენს საქმეს, სად ეჩრები, რომ ეჩრები. მე ხომ კაი ჩიტი დავიჭირე ერთთან, ჩემმა საუკეთესო მეგობარმაც დაინგრია ცხოვრება..."

***
შუქნიშანთან საკმაოდ დიდხანს გაჩერდა. გვერდზე მდგომი მანქანიდან დიდღიპიანი გასიებული კაცი უპრაწავდა თვალებს. ირინას სექსუალური გარეგნობა რა ხანია იზიდავდა მამაკაცებს. მანქანა უფრო იმიტომ იყიდა, რომ ფეხით მოსიარულე უფრო ხშირად აწყდებოდა შარს - ხან ვინ აეკიდებოდა ქუჩიდან, ხან ვინ. გაღიზიანებული და ნერვებმოშლილი ბრუნდებოდა სახლში. მეგობრები ეუბნებოდნენ, ტომარაც რომ ჩამოიკიდო თავზე, არაფერი გეშველება, სექსუალურობას პირდაპირ ასხივებ და მამაკაცებს აგიჟებო. თვითონაც ხვდებოდა, მარტო კაცების "ბრალი" არ იყო, გამომწვევად რომც არ სცმოდა - ასე კი ძალიან იშვიათად იცვამდა - მაინც "აიკიდებდა" ხოლმე ვინმეს, ნებისმიერ სიტუაციაში. მერე ვიღაცამ ურჩია, მანქანა იყიდე და მანქანით იარე, ნაკლებ შარში გაეხვევიო. მაგრამ თბილისში მანქანიან ქალებს ჯერ კიდევ ვერ შეეჩვივნენ, მით უმეტეს, თუ ის ქალი სექსუალურიც არის, ყოველი შუქნიშნის თუ "სტაიანკაზე" გაჩერების მომენტებში მისი მანქანა საგამოფენო დარბაზად იქცეოდა ხოლმე. გასწრება და გვერდით ჩავლის დროს თვალის ჩაკვრა ხომ უკვე ყელში ამოსული ჰქონდა. მოკლედ, მის პრობლემას მანქანამაც ვერ უშველა. თუმცა ისე მიეჩვია თავის წითელ "ბუშტს", როგორც საკუთარ ავტოს უწოდებდა ხოლმე, იქიდან გადმოსვლაზე აღარც უფიქრია. მით უმეტეს, საქმეებიც ბლომად უგროვდებოდა დღის განმავლობაში - შვილის სკოლაში წაყვან-წამოყვანა, სამსახურის საქმეებზე სირბილი, ბაზარი, მაღაზია, ამას მარტო "ბუშტი" თუ გაუმკლავდებოდა, თორემ ირინას ფეხები ნამდვილად ვერ გაუძლებდა...
ისევ ფიქრებში წავიდა. ის დრო გაახსენდა, როცა ლიკა და დიმკა გააცნო ერთმანეთს თავისთან მოწყობილ წვეულებაზე. მაშინ ისეთი ბედნიერები იყვნენ დაქალები. ახლა კი ორივე უბედურ ქალად ქცეულიყო...

* * *
კვირა დილა გათენდა. შესანიშნავი ამინდი იყო. ლიკამ თავს ძალა დაატანა, ლოგინიდან წამოდგა, ფარდები გადასწია, ფანჯარა გამოაღო და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. ცდილობდა, განვლილ დღეზე არ ეფიქრა. ტელევიზორი მაღალ ხმაზე ჩართო, მუსიკალურ არხზე, თითქოს ცდილობდა ტვინი გამოერეცხა ამ სულელური მუსიკის საშუალებით...
10 საათიც არ იყო, კარზე ზარი გაისმა.
- გოგო, რა გამოიკეტე სახლში, ყველაფერი გამორთე, დედაშენმა ამაფეთქა მთელი დღე, სად არის ჩემი შვილი, რამე ხომ არ უჭირსო, მთელი ახსნა-განმარტებები დამჭირდა... - ირინა იყო, რასაკვირველია, ტყვიამფრქვევივით რომ მოაყარა სიტყვები. არც დააცადა, რამე ეთქვა, ჩანთა დივანზე მოისროლა, პირდაპირ სამზარეულოში შევარდა და ყავის ადუღებას შეუდგა.
ლიკას ოდნავ გაეღიმა. საყვარელი მეგობრის დანახვამ ახლა მართლა გაახარა, იცოდა, არ მოაწყენდა მისი განუწყვეტელი რატრატი და მძიმე ფიქრებსაც გაუფანტავდა.
- რაო დედაჩემმა? - უნიათოდ ჰკითხა.
- რაო და, არც სახლის ტელეფონზე პასუხობს, მობილურიც გამორთული აქვს, არც თვითონ დაურეკავს და რა სჭირსო...
- მერე, რა უპასუხე?
- მოვახლაფორთე რაღაცა, უქმეებია და თანამშრომლებთან ერთად პიკნიკზეა წასული, იქ ტელეფონი არ იჭერს-მეთქი.
- ვა, რა ყოჩაღი ხარ! - ლიკამ ტაში შემოჰკრა, - მაგარი ხარ რა, მაგას მე ნამდვილად ვერ მოვიფიქრებდი. გეტყობა, იურისტი რომ ხარ, იცი, რთულ სიტუაციას როდის როგორ დააღწიო თავი.
ირინას აშკარად ესიამოვნა "აღიარება", მაგრამ არ შეიმჩნია და საყვედურის ტონი არ შეუცვლია, ისე მიაძახა:
- ახლა დროზე მიდი ყურმილთან და დაურეკე, თორემ გადაირევა.
- კარგი, კარგი.
უნიათო ნაბიჯებით მივიდა ტელეფონთან. კოდი აკრიფა და ოპერატორს განუმარტა, - საბერძნეთში მინდა დარეკვა, სალონიკში, ნომერს გიკარნახებთ...
გაგრძელება


8952
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
maia
0
gagrdzeleba rodis ikneba?
17:29 / 04-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?