ირინას უიღბლო სიყვარული და ლიკას საიდუმლო - ონლაინ-რომანი გრძელდება...
ირინას უიღბლო სიყვარული და ლიკას საიდუმლო - ონლაინ-რომანი გრძელდება...
მთვარის შვილი - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
იხილეთ პირველი ნაწილი
* * *
...ყურმილი აღელვებულმა დაკიდა. ერთხანს მდუმარედ იდგა ტელეფონთან, მერე მკვეთრად შემოტრიალდა ირინასკენ, გამჭოლი მზერა ესროლა და პირდაპირ ჰკითხა:
- შენ დედაჩემს უთხარი დიმაზე?
ირინა ოდნავ დაიბნა, სახეზე სიწითლემ გადაუარა.
- არა, ლიკა, საიდან მოიტანე... - თვალებში ვერ უყურებდა, სადღაც გვერდით გაიხედა.
- არ ვიცი, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დედაჩემმა ყველაფერი იცის, - ლიკა ისევ გამომცდელად უყურებდა მეგობარს, -
ან საერთოდ, საიდან იცოდა შენი ნომერი? ჩუმ-ჩუმად ჭორაობთ ხოლმე ჩემზე? - ხმაში უკვე გაღიზიანება შეერია.
- ლიკა, რას ამბობ, რას ჰქვია ვჭორაობთ?! გუშინ პირველად დამირეკა, შენ რომ ვერ დაგიკავშირდა, იმიტომ... ნომერი საიდან აქვს, მე რატომ უნდა ვიცოდე?! ალბათ ერთხელ როდისმე მიეცი, ყოველი შემთხვევისთვის...
- მე რატომღაც არ მახსოვს ეგ შემთხვევა, - მკაცრად წარმოთქვა. ოთახიდან გასვლას აპირებდა, რომ უცებ ისევ მოტრიალდა: - ის ამბავიც ხომ არ უთხარი?
ირინა მოულოდნელობისგან წამოხტა. თვალები აუწყლიანდა:
- ლიკა, რატომ მკადრებ ასეთ რამეს? ოდესმე მიღალატია შენთვის? ჩემგან მაგ ამბავს არასდროს არავინ არ გაიგებს, რაკი დაგპირდი, ასე იქნება...
ლიკა მიხვდა, რომ მეტისმეტი მოუვიდა. ირინასთან თავდახრილი მივიდა:
- კაი, მაპატიე. ამ
დღეებში რატომღაც სულ შენზე ვიყრი ჯავრს, არადა, რა შუაში ხარ... გამიგე რა, დიმას ამბავმა მთლიანად მომშალა...
სავარძელში ჩაეშვა და თავი ხელებში ჩარგო. ირინაც გვერდით მიუჯდა.
- ვიცი, ვიცი, ლიკ, რაც ურთიერთობები აგერიათ, მერე იმ ამბის შემდეგაც, სულ სხვანაირი ხარ, გაღიზიანებული, არეული... ახლა ესეც დიდი დარტყმა იყო, მესმის შენი, იმიტომაც ვარ აქ. არ მინდა, გასაჭირში მარტო დაგტოვო. ამდენი წელია მეგობრები ვართ და ახლა ხომ არ გადავემტერებით ერთმანეთს?
- არ ვიცი, სულ გავუბერე ამ ბოლო დროს... მეც ვხვდები... იცი, დედაჩემმა მითხრა, ცოტა ხანს შვებულება აიღე და სოფელში წადი ბებიასთან, ცოტას დაისვენებო.
- მშვენიერი აზრია, - ირინას სახე გაუნათდა, - ან მე რატომ არ გამახსენდა. შვებულება ხომ ისედაც გეკუთვნის, ორი კვირა ახლა აიღე და წადი. ცოტა გულს გადააყოლებ, ძველ სოფლის დაქალოჩკებს ნახავ, - ამ სიტყვებზე ორივეს გაეღიმა.
- და კიდევ ძველ შეყვარებულს, ხო? - ირონიულად თქვა ლიკამ.
- ხო, თუნდაც... საწყალი ბიჭი, ბავშვობიდან უყვარხარ და ამდენი ხანი გელოდება, ერთხელ მაინც არ უნდა ნახო?
ორივემ გადაიკისკისა, ოღონდ უფრო ნაძალადევი სიცილი იყო, იძულებითი, რომ მდგომარეობიდან გამოეყვანათ თავი.
- კაი, ხვალ სამსახურში რომ მივალ, მოვაგვარებ მაგ საქმეს... ანუკა სკოლაში გყავს?
- ჰო, წავიყვანე და გამოვიქეცი.
- არც მიკითხავს ამ დღეებში შენი ამბები, - დამნაშავესავით თქვა ლიკამ და ირინას მხარზე მიეფერა, - გურამმა დაგირეკა ალბათ?
- ჰო, ნერვები მომიშალა... არ ღირს ახლა მაგაზე ლაპარაკი.
- დარწმუნებული ვარ, მაგინა, - ჩაეღიმა ლიკას.
- არა, რას ამბობ, დაგინდო, - იმავე ტონით უპასუხა ირინამ, - ხო იცი, რა საზიზღარია, მაგის გამოსწორება არ იქნება.
- ახლა მიზეზიც ჰქონდა, რომ დაერეკა, ხომ იცი, უშენოდ მაინც ვერ ძლებს... აწი შენ რომ გამოგიჩნდეს ვინმე, მერე ნახე მაგის გადარევა.
ირინამ ხელები გაასავსავა:
- არა, მაგაზე ფიქრიც კი არ მინდა. ჯერ ერთი, ბავშვის ტრავმისა და სტრესის ხარჯზე სულაც არ ვაპირებ საკუთარი ბედნიერების აწყობას... ან რა ბედნიერება იქნება, თუ ჩემი შვილი დაიტანჯება?! ისეთ კაცს კი ვერ ვიპოვი, რომ ანუკაც ჩემსავით შეიყვაროს და საერთოდაც, კაცები დარჩნენ კი ამ ქვეყანაზე?!
- კაი, კაი, მოვეშვათ მაგას... - ლიკა წამოდგა, გარდერობში ტანსაცმლის არჩევას შეუდგა, - წამო, სადმე მოვსხდეთ ცოტა ხანს, თორემ უკვე ლეიბის ფორმა მივიღე.

* * *
ირინა და ლიკა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ, უფრო სწორად, მე-7 კლასიდან. ლიკა მანამდე სხვა სკოლაში სწავლობდა, მაგრამ მისმა მშობლებმა ახალაშენებულ კორპუსში მიიღეს ბინა და ასე აღმოჩნდა სკოლაში, სადაც ირინა პირველი კლასიდან უჯდა მერხს. თავიდანვე მოეწონათ ერთმანეთი, როგორც მერე იხსენებდნენ ხოლმე, გულმა გული იცნოო. არადა, ყველას უკვირდა მათი დამეგობრება. ერთმანეთისგან ისე განსხვავდებოდნენ, როგორც ცა და დედამიწა. ლიკა მხიარული იყო, გახსნილი, ყველასთან კომუნიკაბელური, არ უჭირდა ურთიერთობა, ბევრი ამხანაგი, ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა. ირინა კი უფრო ჩაკეტილი იყო, ყველასთან ვერ აბამდა ურთიერთობას, კლასელებთანაც არ იყო გახსნილი, მხოლოდ ლიკა ჰყავდა მეგობრად, მეტი ვერავინ უგებდა. გულჩათხრობილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის იცოდა გაკვეთილი, მოყოლის და სხვების წინაშე გამოსვლის კომპლექსი ჰქონდა და ამიტომაც, სამიანი მეტი ჰქონდა, ვიდრე ხუთები და ოთხები. არადა, მართლა სწავლობდა. როგორც წლების მერე აღიარა, ყველა ეს კომპლექსი მის გარეგნობას უკავშირდებოდა - ლიკასგან, ქერა, გამხდარი, სიფრიფანა და ცისფერთვალება გოგონასგან განსხვავებით, რომელიც ბიჭებსაც მოსწონდათ ხოლმე, ფერიას რომ ჰგავდა, ირინა საკმაოდ პუტკუნა იყო. რას არ აკეთებდა, ათასგვარ დიეტას იცავდა, თითქმის არ ჭამდა საჭმელს, მაგრამ ვერ იკლებდა. არადა, ძალიან ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა და საკმაოდ ქალური ფორმებიც, რომლებსაც უფროსი მამაკაცები ხშირად ამჩნევდნენ და უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. მშობლიურ სოფელშიც თუ ჩადიოდა, ხშირად ესმოდა კომპლიმენტები - "ჯიშიანი" გოგონა იქ სარძლოდაც მოსწონდათ და საცოლედაც. მაგრამ ქალაქში, მით უმეტეს, სკოლაში მის თანატოლებთან, საერთოდ არ ჩანდა. მახვილი თვალი ადვილად მიხვდებოდა, რომ წლების შემდეგ ამ გოგონასგან ხორცსავსე სექსუალური ქალი დადგებოდა, გამოკვეთილი და ლამაზი მკერდით, მაგრამ უმთავრესად გამხდარ და მოზარდ გოგო-ბიჭებში ის უფროსი ქალივით უფრო გამოიყურებოდა, ვიდრე თანატოლივით. ამიტომაც ერიდებოდა ყველასთან ურთიერთობას, ტანისამოსსაც ისეთს იცვამდა, ნაკლებად გამოეკვეთა ქალური ფორმები, მკერდს მალავდა, ბიჭებს თვალებში ვერ უყურებდა. ერთი ლიკასთან ნახულობდა შვებას - მასთან იყო გახსნილი და ხანდახან მხიარულიც კი. ერთად როცა იყვნენ, ჭორაობდნენ და ათას რამეს მიედ-მოედებოდნენ, მაშინ გრძნობდა თავს "თინეიჯერად", მაშინ ამხელდა თავის სანუკვარ ოცნებებს. ლიკასაც უყვარდა ირინა და მასთან ერთად ყოფნა - ის ყველაზე გულდაგულ უსმენდა, კარგ რჩევებს აძლევდა, რაც მთავარია, გრძნობდა, რომ ირინას ყველაზე მეტად უყვარდა და მის ერთგულებასა და სიყვარულს დიდად აფასებდა.
ასე გასტანა ამ მეგობრობამ მრავალი წელი. თუმცა ამ წლების განმავლობაში მათი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა და ბევრი რამ ისე არ მოხდა, როგორც ოთახში განმარტოებულები ოცნებობდნენ ხოლმე.

* * *
- ახლა უსიამოვნო თემებს თავი ავარიდოთ და ცოტა გავხალისდეთ, ხო? - ირინამ ჩანთა სკამზე შემოდო, ტანზე მომდგარი ჯემპრი მოხდენილად გაისწორა და ჩამოჯდა.
- კი ბატონო, ავარიდოთ, მეც მაგის მომხრე ვარ, - ლიკა უფრო უხალისოდ დაჯდა სკამზე და იქაურობას თვალი მიმოავლო. კაფეში კანტი-კუნტად იყო ხალხი, ერთი-ორი წყვილი იჯდა და ერთ მაგიდასთანაც, მათ პირდაპირ, ოთხი მამაკაცი ილხენდა. როგორც ჩანს, ფხიზლები იყვნენ, არ ყაყანებდნენ, შედარებით წყნარად საუბრობდნენ. თუმცა ლიკამ შენიშნა, რომ მათი შესვლისას აწრიალდნენ, მერე კი, ირინამ რომ მოხდენილი მოძრაობები გააკეთა დაჯდომამდე და თავისი სექსუალური ტანი შეარხია, საერთოდაც ოთხივეს თვალები მათ მაგიდაზე დარჩათ. ლიკას ამაზე ოდნავ ჩაეღიმა, ის მათ პირდაპირ უყურებდა, ირინა კი ზურგით მოექცა. ლიკა შეჩვეული იყო ამგვარ რეაქციებს, როცა ირინასთან ერთად მიდიოდა სადმე. რაც უნდა სცმოდა და როგორ ხასიათზეც არ უნდა ყოფილიყო, ირინა კაცებს ყველგან "იკიდებდა". ხანდახან ეს სასიამოვნოც იყო, მერე ამ ამბებზე მაგრად ერთობოდნენ, თუმცა ხდებოდა ისეც, საერთოდ არ სურდათ ვინმეს ყურადღება მიეპყროთ და ირინა მაინც ყველგან ჩანდა.
- რა იყო, ლიკ, ვის მიაშტერდი?
- მე კი არ მივაშტერდი, ოთხი კაცი ზის უკან და ოთხივე შენ მოგშტერებია, ოღონდ არ გაგიკვირდეს ახლა, - ამ სიტყვებზე ორივეს გაეცინა.
- ნორმალურები მაინც არიან?
- კაი ახლა, ოთხივეს ნუ გამარჩევინებ და ნუ აღმაწერინებ, იყვნენ თავიანთთვის, მაგათ სანახავად ხომ არ მოვედით, - ლიკამ თმა გაისწორა და მენიუს სწვდა, - რა ავიღოთ, აბა, მიბრძანე!
ირინამაც ჩაიხედა მენიუში. მცირე ხანს ორივენი ჩასჩერებოდნენ წარწერებს. მერე ისევ ლიკამ დაასწრო:
- მოდი, ქათმის სალათა შევუკვეთოთ, ოღონდ პურის გარეშე, ორი ნამცხვარი და ორიც ყავა. შენ გინდა კიდევ რამე?
- არა, პრინციპში, მშიერი არ ვარ, იყოს ეგრე... - ირინამ ოფიციანტს ანიშნა, მოდიო.
ახალგაზრდა, ნაზი გარეგნობის სუფთად ჩაცმული ბიჭი მაშინვე მიუახლოვდათ და შეკვეთა მშვიდი სახით მიიღო.
- ლიკ, გახსოვს, ერთხელ კაფეში მთელი ყავა ზედ რომ გადმოგექცა?
- აუ, ეგ არ გამახსენო, თან მაშინ ვიღაცებს ვეპრანჭებოდით, - ლიკას თვალებში სხივი ჩაუდგა, გამხიარულდა.
- ჰო, ვიღაც ტიპები იყვნენ, დაგვპატიჟეს, აღარც მახსოვს, მგონი ქუჩაში გავიცანით, - ირინას გაეცინა, - პატარები ვიყავით მაშინ.
- ჰო, პატარები და მხიარულები, - ლიკა მოგონებებში წავიდა, - სახელებიც არ მახსოვს.
- რა გემახსოვრება, რაც იმ ყავაში ამოითხვარე, მას მერე ახლოს აღარ გაგვკარებიან, - ორივემ მხიარულად გადაიკისკისა.
- ფუ, იცი რა საშინელება იყო? ეგ კი მახსოვს, თხელი კაბა მეცვა და მთლიანად ზედ მომეკრა. კიდევ კარგი, ტაქსის ფული გვქონდა და ისე არ მომიწია მთელი ქალაქის შემოვლა.
- ისე მართლა, ტაქსის ფული კი გვქონდა მაშინ, არადა, ხან საერთოდ უკაპიკოდ ვიყავით.
- მე იცი რა მახსენდება? შენთან ამოსვლა რომ მინდოდა და თუ ფული არ მქონდა, შენ რომ მირეკავდი, დაჯექი ტრანსპორტზე და მე გადაგიხდიო. გაჩერებაზე მხვდებოდი და მძღოლს შენ აძლევდი ფულს.
- კი, ეგეთი რამეებიც იყო. ერთხელ მეც შემემთხვა ამგვარი რამ, ფული არ აღმომაჩნდა საფულეში, არადა, უკვე სამარშრუტოში ვიჯექი. გაზეთებს მოვათრევდი სახლში და მძღოლს სულ ძალით შევტენე ის გაზეთები, მგზავრობის საფასურად აიღე-მეთქი. კი ღირდა იმაზე მეტი, კაცმა რომ თქვას...
- მე კი სულ მეშინოდა ხოლმე მასეთ დროს, ვაითუ ირინამ დააგვიანოს ან "მარშუტკა" ვერ დაინახოს და არ შევრცხვე-თქო...
- ეჰ, მაინც კაი დრო იყო, - ირინა მოწყენილად ჩააჩერდა მაგიდაზე მდგარ საფერფლეს.
ამ დროს ოფიციანტი წამოადგათ, ლანგრით ხელში.
- იცით, იქით მაგიდაზე რომ ბატონები სხედან, მათ მთხოვეს თქვენთვის გადმომეცა, რომ ანგარიში მათ მივუტანო, - თან ლამბაქებს ალაგებდა, ისე თქვა ეს სიტყვები ახალგაზრდა ბიჭმა.
გოგონები შეიშმუშნენ. ირინამ წარბი შეკრა, მკვეთრად მოტრიალდა და უკან გაიხედა. მამაკაცები თბილი ღიმილით და ოდნავი დამორცხვებით იყურებოდნენ მათი მაგიდისკენ. ირინა ცოტათი წამოწითლდა, ოთხი მამაკაცის მზერას რომ წააწყდა, მაგრამ წარბი არ გაუხსნია, ისე შემოუბრუნდა ოფიციანტს:
- არა, თუ შეიძლება უთხარით, რომ ჩვენ თვითონ გადავიხდით. უცხო ადამიანებისგან ამგვარ საჩუქრებს არ ვიღებთ.
ოფიციანტმა ცარიელი ლანგარი აიღო და მამაკაცებისკენ გაეშურა. სულ რამდენიმე წამში ერთი, მოხეული ტიპი წამოდგა. ირინას და ლიკას გაღიმებული მიუახლოვდა.
- ქალბატონები, მაპატიეთ, თუ გაწყენინეთ, მინდოდა პატივი მეცა თქვენი სილამაზისთვის...
- ვაა, ზურაა? - ლიკამ გაოცებისგან პირი დააღო და კაცს მიაშტერდა. ირინაც მიშტერებოდა და თან ფერი მთლიანად წასვლოდა.
კაცი დაიბნა. ლიკას გაოცებულმა შეხედა. მერე თითქოს რაღაც გაახსენდა:
- ლიკა! - წამოიძახა უცებ, - როგორ ვერ გიცანი? ისეთივე ხარ ზუსტად, როგორიც სკოლაში იყავი.
ლიკას ეცა და მაგრად ჩაეხუტა. ლიკაც გახარებული ჩაეკრა ყოფილ თანაკლასელს, თან ღიმილით უთხრა:
- რას მიცნობდი, ირინას შეჰყურებდი ალბათ მარტო.
კაცს სახეზე კიდევ უარესი გაოცება დაეტყო. ირინასკენ გაოგნებულმა გაიხედა.
- ვინ ირინას? მე ამ ქალბატონს ვიცნობ? - პირდაღებულმა შეხედა.
ირინამ ახლაღა ამოიღო ხმა.
- კი, მიცნობ, მეც შენი კლასელი ვარ, ირინა, - წამოდგა და შედარებით მოზომილი მოძრაობებით გადაეხვია ზურას, რომელიც გაოცებისგან ხმას ვეღარ იღებდა.
- მოიცა, შენ ის ირინა ხარ? პუტ.. - ვეღარ გააგრძელა, ენაზე იკბინა. თუმცა ირინამ დაამთავრა:
- ჰო, ის პუტკუნა ირინა ვარ, - და ძალით გაიღიმა.
ზურამ ოდნავ შემელოტებულ თავზე უხერხულად გადაისვა ხელი. ეტყობოდა, ძალიან აღელდა.
- შეიძლება, ჩამოვჯდები ცოტა ხანს? - უფრო ლიკას სთხოვა, თითქოს მისგან ელოდა შველას.
- დაჯექი, ზურა, რა შეკითხვაა? - ლიკამ თავისი ჩანთა აიღო ერთ-ერთი სკამიდან და თავის სკამზე ჩამოკიდა. ზურა მძიმედ დაეშვა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ზურა ხან მაგიდას ჩააჩერდებოდა, ხან ირინას შეხედავდა გაოცებული თვალებით. ირინას ამ დროს ათასგვარ ფერად ეცვლებოდა სახე, ტუჩებს იკვნეტდა და ნერვიულობისგან ხელები უკანკალებდა. სკოლის პერიოდმა სულ თვალწინ გადაურბინა, პირველი უიმედო და ცალმხრივი სიყვარული, რომლის გამოც უამრავი ღამე უთენებია, ახლა პირისპირ ეჯდა და მასზე ათასჯერ უფრო უსუსურად გამოიყურებოდა. ლიკამაც იცოდა, როგორ უთრთოდა ირინას ზურაზე გული სკოლის პერიოდში, მიხვდა, ახლა რა დღეში იქნებოდა მეგობარი, ამიტომ ეცადა, სიტუაცია განემუხტა და ორივესთვის მიეცა გონს მოსვლის საშუალება.
- ზურა, შენ როგორ ხარ, მითხარი, საით ხარ, რას აკეთებ? - მხარზე მეგობრულად მოუთათუნა ხელი და თავისკენ მოაბრუნა გაშტერებული კაცი.
- ააა, რრრ... რა ვიცი, ლიკა, კარგად ვარ, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობ, მენეჯერად... თქვენ რას საქმიანობთ? - სათითაოდ გადახედა.
- მე ბანკში ვმუშაობ, ირინა კი საკმაოდ წარმატებული იურისტია! - ომახიანად თქვა ლიკამ, თითქოს დაქალს რეკლამას უკეთებდა.
ზურა ისევ ირინას მიაშტერდა.
- ვაა, მართლაა?
ირინა მოულოდნელად წამოხტა ადგილიდან. ლიკას შეხედა:
- ლიკ, ამ წუთას მოვალ, დასარეკი მაქვს, გამახსენდა, - მობილურს წვდა და გარეთ გავარდა. მაგიდასთან დარჩენილმა მამაკაცებმა მოურიდებლად გააყოლეს თვალი. მერე ისევ ზურასკენ გამოიხედეს, ელოდნენ, როდის უხმობდათ ძმაკაცი ქალების გასაცნობად. თუმცა ძმაკაცი ახლა მართლა კარგ დღეში იყო.
ირინას გასვლისას ცოტა გონს მოეგო. ლიკასკენ მიიწია და ისე ჩუმად უთხრა, თითქოს ვინმე უსმენდათ:
- ლიკა, მისმინე, ეს ის ირინაა მართლა?
- ჰო, რა იყო, რამ გაგაოგნა, აბა, ყველა ისეთი ხომ არ რჩება, როგორიც ბავშვობაშია, დაქალდა, შეიცვალა...
- თან მაგრად შეიცვალა, - თითქოს დანანებით თქვა ზურამ და კარისკენ გაიხედა. ისევ თავზე მოისვა ხელი და ისევ განაგრძო:
- არადა, მე მგონი ვუყვარდი სკოლაში, არა?
ლიკას გაეღიმა.
- კი, მე მგონი, უყვარდი და შენ კი საერთოდ არ აქცევდი ყურადღებას. როგორც ვიცი, შენ და დანარჩენი ბიჭები ამ ამბავზე ხალისობდით კიდეც, - ბოლო სიტყვები ნიშნის მოგებით დააყოლა.
ზურას სიწითლემ გადაუარა.
- კი, წარმოიდგინე, ასე იყო, - ცოტა ხანს ჩაფიქრდა, - ვა, რა ქალი დავკარგე! - ისე ამოიოხრა, ლიკას გული დაეწვა.
- რატომ დაკარგე, - ეშმაკურად გაუღიმა, - გვიანი არასდროს არ არის.
- არ თქვა ახლა, რომ ქმარი არ ჰყავს, - ზურა თითქოს კვლავ გონს მოეგო, ყურადღებით მიაცქერდა ლიკას.
- არა, გაშორდა ქმარს და ამჟამად მარტო უვლის თავის შვილს... მაგრამ ახლა ამას რომ გეუბნები, ირინამ შეიძლება ჩამომკიდოს, - ტუჩზე იკბინა ლიკამ. ამ დროს ირინამაც შემოაღო კარი, ოდნავ დაწყნარებული, "განიავებული" სახით და მაგიდას უფრო დამაჯერებელი ნაბიჯებით მიუახლოვდა.
ზურაც გამოცოცხლებული დახვდა. წამოხტა, სკამი გამოუწია და დასვა.
- ირინა, მე და ლიკა ახლა სკოლის ამბებს ვიხსენებდით. - ღიმილით შებედა ირინას. მასაც გაეღიმა, უკვე დაწყნარებულიყო და ამ შეხვედრის მოულოდნელობაც გადაეხარშა. სკოლისდროინდელი დაკომპლექსებული ირინა გარეთ დაეტოვებინა და კვლავ ის ამაყი, სექსუალური და თავდაჯერებული ქალი შემობრუნებულიყო.
- ჰო, სკოლის ამბები კარგა ხანია წარსულს ჩაჰბარდა, - გაღიმებულმა უპასუხა, - შენ ხვდები კლასელებს? მე და ლიკა კი სულ ერთად ვართ, მაგრამ სხვებთან არ გვაქვს ურთიერთობა.
- მე ძირითადად ბიჭებს ვხვდები, მე, კოტე და გურამი ვმეგობრობთ ბავშვობიდან, ხანდახან ნიკასაც ვხვდებით, პატრულში მუშაობს და ხშირად გვაჩერებს ხოლმე, - გაეცინა.
- ვა, ნიკა პატრულში მუშაობს? - ირინამ და ლიკამ ერთად დააღეს პირები გაოცებისგან.
- ჰხო, გაგიკვირდებათ, მაგრამ ჩვენი ძველი ბიჭების უმრავლესობა ძაღლობაში მოხვდა ბოლოს.
- კი, მაგაში გეთანხმები, - ირინამ ყავა მოწრუპა, - ნამდვილად მასეთი შემთხვევა ძალიან ხშირია, თუ ციხემდე არ მივლენ, სამართალდამცველ ორგანოებში გადაბარგდებიან ხოლმე.
ლიკამ წინა მაგიდასთან მსხდომ მამაკაცებს შეამჩნია, რომ იშმუშნებოდნენ და ზურას ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ.
- ზურა, შენს მეგობრებს არ ეწყინოთ, რომ წავართვით შენი თავი.
- ვაი, სულ დამავიწყდა ეგენი, - ზურა წამოვარდა და ბიჭებს ანიშნა, მოვდივარო, - ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა, - ლიკა გადაკოცნა, მერე ირინასკენ მიტრიალდა, - ირინა, ვეღარ გითხარი კომპლიმენტი, მაპატიე, ძალიან გალამაზებული და დამშვენებული ხარ.
ირინას გაეღიმა.
- მადლობა, ზურა, ქათინაურისთვის.
- თუ პატივს დამდებთ, იქნებ თქვენი ტელეფონის ნომრები მითხრათ და შეგეხმიანებით ხოლმე, ნუღარ დავკარგავთ ერთმანეთს, - ეს უფრო ირინას გასაგონად თქვა, ვიდრე ლიკასი.
ლიკამ მობილურში ჩააწერინა თავისი ნომერი, ირინამ კი სავიზიტო ბარათი ამოიღო და მრავალმნიშვნელოვნად გადასცა ზურას. მცირე ხანს მზერა ორივემ შეაყოვნა, მერე კი ზურა მიტრიალდა და მეგობრებს შეუერთდა. სულ რამდენიმე წუთში ოთხივენი წამოდგნენ, ზურა გამოსამშვიდობებლად მიეახლათ მაგიდასთან:
- ახლა წავალ, ძალიან გამახარეთ თქვენი ნახვით. იმედია, გადახდაზე ამჯერად მაინც არ მეტყვით უარს, უცხო ხომ აღარ ვარ? - გაუღიმა გოგონებს. ისინიც დათანხმდნენ. ოფიციანტს ფული გადაუხადა და კაფედან გავიდა.
ირინამ შვებით ამოისუნთქა.
- ინერვიულე ჰო, ირ? - ლიკამ ხელზე ხელი გადაუსვა. ირინას ხელები გაყინული ჰქონდა ნერვიულობისგან.
- წარმოიდგინე, კარგა ხანია ასე არ მინერვიულია, პატარა გოგოსავით ავღელდი...
- ისე, ახლაც სიმპათიურია ჩვენი ზურა, - ლიკამ ონავრულად გაუცინა.
- ჰო, ძველებური ეშხი აქვს შენარჩუნებული, - ირინასაც გაეცინა, - ალბათ უკვე დაცოლშვილებულია...
- მე კი მგონია, რომ არა, ისე მეკითხებოდა შენზე და ისე გაუხარდა, რომ თავისუფალი ხარ...
- რას ამბობ, ლიკ, ეგ როგორ უთხარი? - ირინა აღშფოთდა, - არ ეგონოს, რომ მირიგებ.
- კაი რა, გირიგებ არა. რა მოხდა, იქნებ ახლა გამოგივიდეთ რამე, თუ არა და, გულს მაინც გადააყოლებ, - ლიკამ უდარდელად აიქნია ხელი, თუმცა სინამდვილეში ასე მარტივად სულაც არ ფიქრობდა ამგვარ საკითხებზე.
- ლიკა, ხომ იცი, რომ ეგრე არ იქნება. წარსული წარსულში დარჩა, თანაც ახალი ურთიერთობებისთვის და ახალი ტკივილებისთვის ნამდვილად არ ვარ მზად...
ლაპარაკი მობილურის ზარმა შეაწყვეტინა.
- შენია ირ, უპასუხე.
ირინა მობილურს დასწვდა. კომპანიონი ურეკავდა, ბიუროდან.
- ჰო, გუჯა... კი, მახსოვს, როგორ არა, გუშინ გადავხედე მაგ საქმეს... ჰო... გასაგებია... ვიცი, შეწყალებას ითხოვს... დღესვე მივალ კოლონიაში და ვინახულებ. კარგი, გუჯა, დროებით... მერე შეგეხმიანები...
- რაო, კიდევ ვინმე გაჭირვებული გიხმობს? - ლიკას გაეღიმა.
- ქალთა კოლონიიდან არის ვიღაც, ათი წელი აქვს მისჯილი და შეწყალებაზე უნდა შუამდგომლობა. მაგრამ ძალიან ეჭვი მეპარება, რამე გამოვიდეს. მძიმე საქმე აქვს... - ირინა სკამიდან წამოდგა, - წავიდეთ, დღეს რაღაც ბევრი ემოცია დაგვიგროვდა.
ლიკაც ადგა.
- კარგი, წავიდეთ, მეც ცოტა დავიღალე. წავალ სახლში, წამოვწვები, ხვალ კი სოფელში გავუტევ.
გაგრძელება
9049
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამთა
0
გაგრძელება როდის იქნება? ძალიან დამაინტერესა...
16:59 / 06-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```