ქალს, რომელიც ქმრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, შვილი გაუყიდეს - ონლაინ-რომანის გაგრძელება
ქალს, რომელიც ქმრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, შვილი გაუყიდეს - ონლაინ-რომანის გაგრძელება
"მთვარის შვილი:." - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
იხილეთ მეორე ნაწილი

* * *
ქალთა კოლონიაში ირინა ხშირი სტუმარი იყო. მის დახმარებას ბევრი ითხოვდა. ბევრსაც დახმარებია, აპელაციასა თუ სხვა საკითხებში. ბევრი ქალისთვის საერთოდაც აურიდებია აქ მოხვედრა და სასამართლოს დარბაზიდან მათი გათავისუფლებისთვისაც მიუღწევია. მოკლედ, აქ შინაური იყო. ბადრაგიც და პატიმრებიც ისე ღებულობდნენ, როგორც თავისიანს, მოიკითხავდნენ ხოლმე გულიანად. თუმცა იმ პატიმარს, რომელმაც ახლა იხმო, ნამდვილად არ იცნობდა. თავისუფლებაზე მყოფმა მისმა მეგობარმა ქალბატონმა, ვინმე
მერიმ მიაკვლია ირინას იურიდიულ კომპანიაში და სთხოვა, ჩემს მეგობარს დაეხმარეო. დაახლოებით აუხსნა ვითარება, მერე კი ირინამაც გამოითხოვა არქივიდან ელენე მაისურაძის საქმე და გადაწყვიტა, ახლოს გაეცნო ეს ქალბატონი, რომელიც უკვე ათი წელია ციხეში იჯდა.
პატიმრის მოლოდინში სკამზე დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ფიქრებში წავიდა. დღევანდელი მოულოდნელი შეხვედრის ემოცია გამოჰყოლოდა.
"ოჰ, ზურა, ზურა... რამდენი ცრემლი მიღვრია შენ გამო, ვინ იცის... ვერც კი მამჩნევდი... ჰმ... ახლა მოვეწონე თურმე. ვერც კი მიცნო, ე.ი. მაშინ საერთოდ არაფრად მთვლიდა... არა, ახლა სულ რომ შუაზე გაიხეს, მე აღარ ჩავთვლი არაფრად. მაშინ მჭირდებოდა სულ ცოტა ყურადღება, ცოტა მეტი თვითშეფასება და თავდაჯერება. მაგან და მაგისნაირებმა დამაკომპლექსეს და საბოლოოდ დამინგრიეს ცხოვრება... არა, რას ვამბობ,
ღმერთო ჩემო, ანუკა რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა..." საათზე დაიხედა: "ანუკას ნახევარ საათში უმთავრდება გაკვეთილები, დროზე მაინც მოიყვანონ ეს ქალი, კიდევ რომ დავაგვიანო, ჩემი სიხარულის ნაღვლიან თვალებს ვერ გავუძლებ... დედა გენაცვალოს, როგორ მეჩაგრები ყველანაირად..."
ფიქრი კარის ხმამ გააწყვეტინა. ბადრაგმა, მოუხეშავმა შავგვრემანმა ქალმა პატიმარი შემოიყვანა. ირინამ მას რომ შეხედა, სახეზე შეცბუნება დაეტყო. ამ ქალში იყო რაღაც მისთვის უჩვეულოდ ნაცნობი, საშიშად ნაცნობიც კი.
"ღმერთო ჩემო... რა ნაცნობი ნაკვთები აქვს. ნუთუ სადმე მინახავს? არა, სად უნდა მენახა, ათი წელია ციხეშია, მანამდე კიდევ სადღაც სოფელში ცხოვრობდა... ვა, რა ნაცნობი ნაკვთებია", - წამოდგა და ქალის სკამზე დაჯდომას დაელოდა. ბადრაგი უხმოდ გავიდა ოთახიდან.
ქალი მშვიდი სახით იჯდა და ირინას უმზერდა. ღია ფერის თვალები ჰქონდა, ძალიან სევდიანი. გამხდარი იყო, ცხოვრებისგან დაღლილი და გატანჯული სახით. თმა გაჭაღარავებოდა, თუმცა ჩანდა, ერთ დროს ჩალისფერი ექნებოდა. ნაადრევად დამჭკნარ ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა.
დუმილი ირინამ დაარღვია.
- ქალბატონო ელენე, მე ირინა ვარ, ის ადვოკატი, რომელიც თქვენ მოითხოვეთ.
ქალს ოდნავ გაეღიმა.
- დიახ, მივხვდი... თუმცა მე არ მომითხოვიხართ, ჩემმა მეგობარმა მერიმ გაიგო, რომ სანდო და საიმედო ადამიანი ხართ და მან გადაწყვიტა, თქვენთვის მოგვემართა, - საკმაოდ სასიამოვნო ხმით ლაპარაკობდა და ეს ხმაც ირინას რაღაცნაირად ნაცნობად მოეჩვენა. თუმცა ცდილობდა თავიდან მოეცილებინა დაბნეულობა, ნაკლები ეფიქრა ამ უცნაურ გარემოებაზე და მთლიანად საქმეზე გადართულიყო.
- რამდენი წლის ხარ, შვილო? - უცებ პატიმარმა განაგრძო საუბარი.
ირინა უხერხულად შეიშმუშნა:
- 26-ის.
ქალს თვალები აუცრემლიანდა:
- ჩემი შვილის ტოლი ხარ...
- მაგრამ თქვენ მგონი შვილი არ გყავთ? - ირინამ გაოცებით ჰკითხა და უნებურად ქაღალდებს დახედა - საქმის მასალებს, რომლების მცირე ნაწილიც წინ ელაგა.
- არ მყავს, მაგრამ რომ მყოლოდა, შენი ხნის იქნებოდა, - ქალი იატაკს ჩააშტერდა.
ირინა სკამზე გაიმართა და საქმიანად წამოიწყო:
- ქალბატონო ელენე, თქვენს საქმეს საგულდაგულოდ გავეცანი...
- ჩემს საქმეს, - ელენეს ჩაეცინა, - ეგ საქმე ჩემი ყველაზე ნაკლებად არის. მანდ მართალი არაფერი წერია.
ირინამ შემწყნარებლურად გაიღიმა:
- არ მოგეწონებათ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ პატიმრების ნახევარზე მეტი მასე ლაპარაკობს...
- ვიცი, ვიცი, რასაც გულისხმობთ, მაგრამ მე მართლა არაფერი ჩამიდენია, - ისეთი ხმით თქვა, თითქოს ბედს შერიგებული ადამიანი იყო, რომელიც ამ ფრაზას ყოველი შემთხვევისთვის იმეორებდა.
- მოდით, დავიწყოთ საქმის მასალებიდან, - ირინამ საქაღალდე გახსნა და ფურცლები ააფრიალა, - თქვენ შეწყალება გსურთ, თუმცა საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის იხდით სასჯელს.
ქალმა თავი დახარა.
- თქვენს გარემოებას ისიც ართულებს, რომ ციხეში მოხვედრამდე კიდევ ერთხელ გქონდათ სასამართლოსთან საქმე...
- ის საქმეც შეთითხნილი იყო და იმიტომაც სასამართლო დარბაზიდან გამათავისუფლეს... - ნერვიულად წამოიძახა პატიმარმა.
- დიახ, აქაც წერია ეგ, მაგრამ როცა უკვე მეორედ აღმოჩნდით მართლმსაჯულების პირისპირ, წარსულში ეჭვმიტანილობა თქვენს სასარგებლოდ ნამდვილად არ იმეტყველებდა... ისე, თუ შეგიძლიათ, მითხარით, მაშინ რა მოხდა, თქვენი ვერსია მაინტერესებს, თორემ აქ კი წერია...
ქალმა ამოიოხრა.
- ბრალს მდებდნენ, თითქოს ადამიანი თვითმკვლელობამდე მივიყვანე...
- ჩაგერევით, ის ადამიანი თქვენი ქმრის ბებია იყო...
ელენემ გაღიზიანებულმა წამოიძახა:
- საზიზღარი ქალი იყო!
- ანუ მასთან არც ისე თბილი დამოკიდებულება გქონდათ?
- როგორ უნდა მქონოდა თბილი დამოკიდებულება, საზიზღარი ქალი იყო?!
- მაინც რა დაგიშავათ? - ირინა ჩაეძია.
- შვილი გამიყიდა! - ისეთი გაყინული ხმით თქვა ეს ელენემ, ირინას ტანში გააჟრიალა.
ისევ საქაღალდეს ჩახედა გაოცებულმა:
- კი მაგრამ, აქ არსად წერია, რომ თქვენ შვილი გყოლიათ ოდესმე...
- ოდესმე... - ელენემ თავისთვის ჩამარცვლა... - ოდესმე მყავდა, მაგრამ მშობიარობის მერე მითხრეს, რომ ბავშვი დაიღუპა... წლების მერე გავიგე, რომ ოლიას გაუყიდია...
"ღმერთო ჩემო, იმედია, ის გაყიდული შვილი მე არ ვარ და ქვეცნობიერად არ მაქვს ჩარჩენილი მეხსიერებაში ნამდვილი დედის სახე, - ირინას თავში უცნაურმა აზრმა გაუელვა, - არა, იმედია, მთლად მასეთი უიღბლო არ ვარ, რომ ასეთი რამეც მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში... მაგის გამო როგორ შევურიგდე დედაჩემს, რომ ეგ სულელური შეკითხვა დავუსვა... არა, აშკარად ჩემი მშობლების შვილი ვარ, ვგავარ კიდეც". თავი გადააქნია, თითქოს უსიამოვნო ფიქრების მოშორება უნდოდა. დააპირა, უფრო დაწვრილებით გამოეკითხა ეს ამბავი, მაგრამ თან ანუკა ახსენდებოდა, სკოლის კართან ატუზული რომ ელოდა ხოლმე და გადაწყვიტა, ამჯერად შედარებით ზედაპირულად, მხოლოდ მთავარზე ესაუბრა, დეტალებს კი მერე, შემდეგი ვიზიტების დროს ჩაღრმავებოდა. იმას კი უკვე მიხვდა, რომ საქმე არც ისე მარტივი იქნებოდა, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა და ამ ქალის ნახვა კიდევ ბევრჯერ მოუწევდა...
- ანუ ამის გამო დაიწყო თქვენ შორის უთანხმოება? - ისევ ძირითადზე გადავიდა.
- თანხმობა არც მანამდე გვქონდა, მაგრამ ეს ამბავი რომ გავიგე, რა დამემართებოდა? სახლში მივუვარდი, ვეჩხუბე, მივლეწ-მოვლეწე იქაურობა გადარეულმა... რასაკვირველია, მეზობლებმაც გაიგეს ყველაფერი, იმ მეზობლებთან ჭორაობასა და ყავის სმაში ატარებდა ეგ ქალბატონი დღეებს... შემოცვივდნენ და გაგვაშველეს, დამაკავეს, თორემ მართლა მოვკლავდი... - ელენეს თვალებში საშინელი სიბრაზე ჩაუდგა.
- მეორე დილას კი ქალბატონი ოლია საკუთარ სახლში თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს, - ელენეს ნაცვლად ირინამ განაგრძო, - და იმავე მეზობლებმა თქვენ წინააღმდეგ შეიტანეს საჩივარი სასამართლოში.
- დიახ, ეგრე იყო... მაგრამ არავითარი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ მე მაშინ ციხეში მოვხვედრილიყავი და გამათავისუფლეს.
- სამ წელიწადში კი ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაგაპატიმრეს...
ელენემ ამოიოხრა:
- ჰო, დამაპატიმრეს, მაგრამ გიგა მართლა არ მომიკლავს და ამას ვერანაირად ვამტკიცებ...
- საქმის მასალებში არის სისხლიანი დანა, რომელზეც თქვენი თითის ანაბეჭდებია, თქვენი მეზობლების მონაყოლი, რომ ხშირად ჩხუბობდით და კამათობდით, და კიდევ ერთი გარემოება, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სასამართლოზე ნაფიც მსაჯულთა თქვენდამი დამოკიდებულება - როდესაც დილას პოლიცია შემოვიდა თქვენს სახლში, თქვენი გარდაცვლილი მეუღლის გვამი იატაკზე ესვენა, თქვენ კი მშვიდად გეძინათ...
ელენემ დამნაშავესავით ჩაღუნა თავი და თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა:
- კი, ასე წერია და თითქოს ასეც იყო, მაგრამ ვიცი, რომ მე არ მომიკლავს...
ირინამ საათზე დაიხედა და საქაღალდე დახურა.
- ქალბატონო ელენე, ამჯერად ჩვენი შეხვედრა ამით დავასრულოთ, მე კიდევ მოვალ და უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ, იქნებ რაიმე ისეთიც გაიხსენოთ და მითხრათ, რაც გამომადგება, რომ თქვენ სასიკეთოდ გადაწყდეს ყველაფერი. თუ გნებავთ, თუ თქვენ გიჭირთ საუბარი, თქვენს მეგობარს - ქალბატონ მერისაც დაველაპარაკები, როგორც მივხვდი, მისთვის ყველაფერი ცნობილია...
ელენემ სიტყვა შეაწყვეტინა:
- დიახ, დიახ, კარგი იქნება, თუ მერისაც ჰკითხავთ... მე რაც აქ ვარ, მგონი ნორმალურად ლაპარაკიც დამავიწყდა, მან იქნებ უფრო დალაგებულად გიამბოთ ყველაფერი და მეტად დამიჯეროთ...
ირინა შეიშმუშნა:
- არა, როგორ გეკადრებათ, აქ დაჯერება-არდაჯერებაზე არ არის საქმე, ხომ იცით, ადამიანური ემოციები ამ შემთხვევაში არანაირ როლს არ თამაშობს, მთავარი მტკიცებულებებია.
- ვიცი, ვიცი, არ გეწყინოთ, - პატიმარმა მშვიდად შეხედა ადვოკატს და თავადაც წამოდგა, - მადლობა, რომ მოიცალეთ ჩემთვის და რაღაც იმედს მაინც მაძლევთ...
ირინამ კარზე დააკაკუნა. ბადრაგი შემოვიდა, პატიმარი წაიყვანა და ირინაც გარეთ გავიდა. ბევრი აღარც უფიქრია, მხოლოდ ანუკა უტრიალებდა თავში. სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და სკოლისკენ დაიძრა.

* * *
სკოლის ჭიშკართან გააჩერა. შესასვლელთან, ძველებურ ხის სკამზე მოხუცი დარაჯი ჩამომჯდარიყო. მის გვერდით, პატარა ტაბურეტზე ექვსიოდე წლის გოგონა იჯდა მოწყენილი. თავი ხელებში ჩაერგო და გზას გაჰყურებდა. ულამაზესი მწვანე თვალები ამშვენებდა, შავი ხუჭუჭა თმა ორ კიკინად შეეკრა, სქელი წითელი ტუჩები ჰქონდა და ელვარედ თეთრი კბილები - მოკლედ, ზუსტად ისეთი იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო ლამაზი მულატი ბავშვი.
წითელი "ფიატის" დანახვაზე თვალები მხიარულად აენთო, სკოლის ჩანთას დასწვდა, დარაჯს დაემშვიდობა და მანქანისკენ გამოიქცა. ირინას კარი უკვე გაეღო შვილისთვის. მანქანასთან მისულ ანუკას წყენა გაახსენდა, სახე ისევ მოეღუშა და გაბუტული სახით დაჯდა სავარძელზე.
- დე, ისევ დააგვიანე...
ირინას თვალებში ცრემლი ჩაუდგა, მაგრამ ეცადა არ შეემჩნია, ბავშვისკენ დაიხარა და შუბლზე აკოცა:
- ანუშ, ხომ იცი, დედი, რომ ბევრი საქმე მაქვს. სულ ვცდილობ, მოგისწრო, მაგრამ ქალაქში საცობებიც არის და...
მანქანა დაქოქა. ანუკა თანდათან მოხასიათდა.
- დე, იცი, დღეს სკოლაში გვითხრეს, სემესტრის ბოლოს ზეიმი გექნებათო.
- ხო? ძალიან კარგი. დაგირიგეს უკვე ლექსები და როლები?
ბავშვმა ჩანთაში ჩაიხედა, რაღაც ფურცლები ამოალაგა საქმიანი სახით:
- აი, ეს ორი დიდი ლექსი მე მერგო, და კიდევ მასწავლებელმა თქვა, ალადინის შეყვარებულის ან კლეოპატრას როლს მოგცემო.
ირინას ჩაეღიმა, მიხვდა, მასწავლებელმა ასე ანას გარეგნობის გამო გადაწყვიტა. თუმცა მაინც კმაყოფილი იყო. რამდენიმე თვის წინ სხვა სკოლაში მიიყვანა და იქაურმა მასწავლებელმა საერთოდ ვერ აღიქვა ანკა ბავშვად. მხოლოდ მისი კანის ფერს ხედავდა და გამუდმებით პრობლემებს უქმნიდა. სხვა ბავშვებისგანაც არჩევდა და ანა დათრგუნული ბრუნდებოდა სკოლიდან. ერთ დღეს ირინამ ვეღარ მოითმინა, სკოლაში მიადგა, მასწავლებელი გამოლანძღა და ბავშვი საერთოდ სხვაგან გადაიყვანა. აქ უფრო შეგნებული ხალხი დახვდა, შედარებით იოლად უყურებდნენ ამ საკითხს.
...ირინამ იცოდა, ანას წინ კიდევ ბევრი პრობლემა ელოდა თავისი კანის ფერისა და გამორჩეულობის გამო, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა, ცოტათი მაინც აეცილებინა თავიდან ეს სირთულეები, სანამდეც შეძლებდა.
ანკამ ლექსების კითხვა დაიწყო, მაგრამ ლაპარაკი მობილური ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა.
- ო, ისევ შენი ტელეფონია, - უკმაყოფილოდ ახედა დედას.
ირინა ტელეფონს ჩააჩერდა - კვლავ გუჯა რეკავდა.
- გისმენ, გუჯა... ვიყავი, ვიყავი და კიდევ უნდა ვნახო, ცოტა ჩახლართული საქმე ჩანს... ჰო... მისმინე, იმ ქალის ნომერი ხომ არ გაქვს, ვინც გვთხოვა მაგ საქმის აღება, მერი ჰქვია... ჰოდა, დამიმესიჯე რა, უნდა ვნახო ერთი, მაგასაც დაველაპარაკები... არა, სახლში მივდივარ, ბავშვი სკოლიდან წამოვიყვანე და მიმყავს... კარგი, დროებით.
გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი
6211
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
თამთა
0
ეს მოკლე თავი იყო... ველოდები გაგრძელებას...
19:03 / 08-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?