სიყვარული პარიზში და უკანონოდ გაჩენილი ბავშვი - ონლაინ-რომანის მეოთხე ნაწილი
სიყვარული პარიზში და უკანონოდ გაჩენილი ბავშვი - ონლაინ-რომანის მეოთხე ნაწილი
"მთვარის შვილი" - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
იხილეთ მესამე ნაწილი
* * *
სკოლის დამთავრების შემდეგ ირინამ და ლიკამ თავ-თავიანთი არჩევანი გააკეთეს. ლიკამ მშობლების რჩევით ეკონომიკურზე ჩააბარა, საბანკო საქმის განხრით. ირინამ კი ბევრი ფიქრის შემდეგ მოულოდნელად გადაწყვიტა, იურიდიულზე ჩაებარებინა. ბევრს გაუკვირდა მისი არჩევანი, განსაკუთრებით მასწავლებლებს - სკოლაში გაკვეთილს ვერ ყვებოდა და როგორ აპირებს ან ჩაბარებას, ან მერე მაგ პროფესიის მიყოლასო. მხოლოდ ლიკას სჯეროდა მისი - მან ყველაზე უკეთ იცოდა, რომ
ირინას მხოლოდ კომპლექსები უშლიდა ხელს, თორემ შესანიშნავადაც სწავლობდა და თუ ცოტა მეტი სითამამე შეემატებოდა და ამ კომპლექსებსაც დააღწევდა თავს (რისი იმედიც ნამდვილად ჰქონდა), მისგან მშვენიერი სპეციალისტი დადგებოდა.
მართლაც, ირინამ მშვენივრად ჩააბარა გამოცდები. წარმატებამ სტიმული შესძინა, ცოტა მეტად გაიხსნა, ცხოვრებისეული მიზნები მკაფიოდ დაისახა და უნივერსიტეტში სტუდენტებს შორისაც მალე გამოარჩიეს ლექტორებმა. ამიტომ იყო, რომ მესამე კურსზე, როცა საზღვარგარეთ სტაჟირებაზე გასაგზავნ სტუდენტებს არჩევდნენ, სწორედ ირინაზე შეაჩერეს არჩევანი. ასე აღმოჩნდა პუტკუნა და მორცხვი 19 წლის გოგო თავისუფლებისა და სიყვარულის ქალაქში - პარიზში.
თუმცა სანამ საფრანგეთს მიაშურებდა, მანამდე თბილისში კიდევ ერთი მტკივნეული რომანი დატოვა, კიდევ უფრო მტკივნეული, ვიდრე სკოლაში გადახდენილი ცალმხრივი სიყვარული იყო.
...უნივერსიტეტში ჩაბარების აღსანიშნავად მშობლებმა კომპიუტერი
უყიდეს. როგორც ხდება ხოლმე, კომპიუტერთან ერთად მის ცხოვრებაში ჯერ ინტერნეტი შემოვიდა, მერე კი მუდამ აქტუალური და მოდური - ჩატი. ინტერნეტურთიერთობებისას აღმოაჩინა, რომ მეტად გახსნილი და თავისუფალი იყო, ვიდრე რეალობაში. იქ მის გარეგნობას არ აფასებდნენ, იქ მის მსჯელობას უსმენდნენ და მის აზრებს იზიარებდნენ. მამაკაცებთან ინტერნეტსივრცეში თავისუფლად შეეძლო ლაპარაკი, გაწითლებისა და დამორცხვების გარეშე. რამდენიმე ვირტუალური ინტერნეტ-მეგობრობის გაბმის შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს თავისდა უნებურად ინტერნეტრომანშიც აღმოჩნდა გარეული.
უცნობი ბიჭი, რომელიც ჩატში ნიკით დაიმონ-40-ით გაეცნო, მალე ირინასთვის ჯერ მეგობრად იქცა, მერე კი თანდათან - საყვარელ ადამიანადაც. ლექციების მერე სახლში გიჟივით ბრუნდებოდა, ჭამაც კი არ ახსოვდა, პირდაპირ კომპიუტერს მიუჯდებოდა და თავის ახალ ნაცნობს ელაპარაკებოდა, დაღამებამდე. ლიკაც კი ეჭვიანობდა, რადგან მასთან სალაპარაკოდ აღარც დრო რჩებოდა ირინას და აღარც ენერგია. მთლიანად ვირტუალურ სამყაროში იყო ჩაფლული.
დიდხანს ისე საუბრობდნენ და სიყვარულიც ისე აუხსნეს ერთმანეთს, არც სურათი ენახათ და არც ხმა გაეგონათ ერთმანეთის. მერე ტელეფონის ნომრები გაცვალეს. ირინას საკმაოდ სასიამოვნო ხმა ჰქონდა და "დაიმონი" კიდევ მეტად მოიხიბლა მისით. თანდათან შეუჩნდა, შევხვდეთო. ირინა კარგა ხანს იცილებდა თავიდან ამ თხოვნას, ვერაფრით გაებედა პირისპირ შეხვედრა - ღრმად სწამდა, ბიჭმა ის, როგორც ხდება ხოლმე, იდეალურ ქალად წარმოიდგინა, ყოველმხრივ, პირველ რიგში კი გარეგნობით. მასთან პირისპირ შეხვედრა კი ამ ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი იქნებოდა.
დაიმონმა იმდენი ქნა, ირინა დააჯერა, შენს გარეგნობას ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ბრმად მიყვარხარ, მუდამ შენნაირ ქალზე ვოცნებობდიო. ირინამაც გარისკა და ერთ დღესაც შეხვდა...
შეხვდა და იმ დღეს დამთავრდა მათი რომანიც. "დაიმონმა", რომელიც არც თავად იყო დახვეწილი გარეგნობის, ერთი ჩვეულებრივი, საშუალო სიმაღლის გამხდარი ბიჭი აღმოჩნდა (თუმცა ირინასთვის ის მაინც ყველაზე ლამაზი იყო ამქვეყნად), პუტკუნა გოგო დაიწუნა. ჯერ გამომშვიდობებისას ბანალური სიტყვა: "დაგეკონტაქტები" გადმოუგდო, მერე კი თანდათან ჩატიდანაც დაეკარგა...
სასოწარკვეთილი ირინას ცხოვრებაში სწორედ ამ დროს გამოჩნდა ხსნასავით პარიზში გამგზავრება. არც კი დაფიქრებულა, ისე დათანხმდა, ბარგი ჩაალაგა და სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყებად გაეშურა უცხო და შორეული ქვეყნისკენ.
ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ექვსი თვე უნდა ესწავლა. სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და ამიტომ არ გასჭირვებია. როგორც ხდება ხოლმე, უცხო ქვეყანაში უფრო თავისუფლად და გახსნილად იგრძნო თავი, სხვადასხვა ეროვნების, სარწმუნოების, რასის თუ აღნაგობის ადამიანებთან ერთად გაცილებით უფრო მეტად დამოუკიდებელი, ხალისიანი და თამამი გახდა. ბევრ რამეს სხვაგვარად შეხედა, მსოფლმხედველობა შეეცვალა, პროფესიული უნარჩვევებიც გამოუმუშავდა და ძალიან ბედნიერი იყო.
წამოსვლამდე ორი თვეღა დარჩენილიყო, როცა ერთ-ერთ ფართიზე დაპატიჟეს - მის საერთო საცხოვრებელში, მეორე სართულზე მცხოვრებ გერმანელ რუდოლფს სტაჟირება დაემთავრებინა ერთ-ერთ უნივერსიტეტში და შინ გამგზავრებამდე გამოსამშვიდობებელი წვეულება მოაწყო. ირინა თავისი ოთახის მეწყვილესთან - პოლონელ ულრიკასთან ერთად წავიდა წვეულებაზე. ძალიან კი არ ეხალისებოდა, იქ უმეტესობას არ იცნობდა, მაგრამ ულრიკამ ლამის ძალით წაათრია. წვეულებაზე ოცდაათამდე სტუდენტი იყო, ბევრი ლუდი და ბევრი ჩიპსები, გართობა და სიხალისე. სწორედ იქ გაიცნო მარკი.
ფერადკანიანი, უფრო სწორად კი, მულატი მარკი, რუდოლფის პარიზელი მეგობარი იყო. მისი თხოვნით, კამერით მოვიდა და ყველა სტუდენტისგან გამოსამშვიდობებელ ტექსტებს იწერდა. ასე მიადგა ირინასაც.
როცა ირინამ თავისი ტექსტი დაასრულა და გერმანელ რუდოლფს ქართულადაც მიმართა კამერიდან, "გერმანიას და საქართველოს გაუმარჯოსო", მარკმა მოულოდნელად კამერა ჩამოიღო მხრიდან, გამორთო და ინგლისურად უთხრა: "ასეთი ლამაზი თვალები ჯერ არც ერთ ქალზე არ მინახავსო".
ირინა დააბნია ფრანგი ბიჭის უცაბედმა ქათინაურმა, თან ასე თამამად და პირდაპირ ნათქვამმა. ამგვარ კომპლიმენტებს არ იყო ჩვეული, თუნდაც საფრანგეთში. მით უმეტეს, მარკი საკმაოდ სიმპათიური, მწვანეთვალება, მაღალი, სპორტული აღნაგობის ბიჭი იყო, ასე - 26 წლის. და კიდევ მით უმეტეს - მაინც ზანგი იყო, მისთვის, ქართველი გოგონასთვის, რაც კიდევ მეტ ბარიერს ქმნის ხოლმე ადამიანების ურთიერთობაში.
პირველ კომპლიმენტს მეორე და მესამე მოჰყვა. გამოცდილმა და ურთიერთობებში ძალიან უშუალო მარკმა იმდენი მოახერხა, ირინა ჯერ ლაპარაკში აიყოლია, მერე აცეკვა და მეორე დღეს შეხვედრაზეც შეუთანხმდა.
ის ღამე ირინამ ფიქრებში გაატარა. არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ხელი ეკრა პირველი მამაკაცისთვის, რომელმაც ნამდვილ ქალად აღიქვა და პირველივე შეხვედრის მერე პაემანზე დაპატიჟა? იქნებ ასეთი შანსი მეორედ არც მისცემოდა. ოდესმე ხომ მასაც უნდა გამართლებოდა მამაკაცებთან ურთიერთობაში? მარკთან არაფერიც არ მოხდებოდა, უბრალოდ, ცოტას გაერთობოდა, რაღაც ელემენტარულ გამოცდილებას შეიძენდა და ცოტა ხნით მაინც სასურველ ქალად იგრძნობდა თავს.
მეორე დღეს ერთმანეთს ეიფელის კოშკთან შეხვდნენ. მარკმა ჰამბურგერზე დაპატიჟა, მერე კოშკზეც აიყვანა და ბოლო სართულზე, საიდანაც პარიზი ხელისგულივით ჩანდა, თვალებში ღრმად ჩახედა, მისი სახე თავის ხელებში მოიქცია და ტუჩებზე ეამბორა. ირინამ მხოლოდ "დედამიწაზე ჩამოსვლისას" აღმოაჩინა, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია მამაკაცისთვის, არც გასჩენია ამის სურვილი და რომ ძალიანაც მოეწონა პირველი ნამდვილი კოცნა...
ორი კვირაც არ იყო გასული, მარკმა ირინა მთლიანად შეცვალა - გაამხიარულა, გააკეკლუცა. საღამოებს ერთად ატარებდნენ, ხშირად კოცნიდნენ ერთმანეთს. ირინასთვის ის აღარ იყო ფერადკანიანი უცხოელი მამაკაცი, მარკი მის საყვარელ და ახლობელ ადამიანად იქცა. თუმცაღა, უფრო სერიოზულ ურთიერთობაზე არც ერთი არ ფიქრობდა და არც ლაპარაკობდა. მარკისთვის ეს ჩვეულებრივი დიდი გატაცება და ახალი თავგადასავალი იყო, ირინასთვის - პირველი სერიოზული გამოცდილება და პირველი თავქარიანი და თამამი ნაბიჯი.
ერთი თვის თავზე, მარკმა ირინა თავისთან სახლშიც დაპატიჟა... ყველაფერი ისე იყო, როგორც რომანტიკულ ფილმებში ხდება და როგორც ქალები ოცნებებში თუ წარმოიდგენენ ხოლმე. თუმცა პარიზში ხომ ოცნებების ახდენაც შეიძლება. მით უმეტეს, ასეთი ოცნებების. ირინამ დაასკვნა, რომ ფრანგ მამაკაცებს კი ყველაზე უკეთ აქვთ ათვისებული ქალების ფსიქოლოგია და მათი ლოგინში იოლად და "საკუთარი ნებით" შეტყუების მეთოდები. მარკიც ფრანგი იყო, თანაც, მულატი - ტემპერამენტიანი და მამაკაცური...
იმ ღამით, სანთლების შუქზე გატარებული რომანტიკული ვახშმის, ყურში ჩაჩურჩულებული სასიყვარულო სიტყვების, ნაზ მუსიკაზე ცეკვის შემდეგ ირინა ქალწულობასაც გამოემშვიდობა და მას მიაყოლა ყველა ქალური ტკივილი და იმედგაცრუება. იმ ღამეს ის ძალიან ბედნიერი იყო - ქალურად ბედნიერი და არაფერზე სხვაზე, არანაირ "მოსალოდნელ თუ მოულოდნელ შედეგებზე" არ უფიქრია.
...ერთი თვეც გავიდა და ირინას სტაჟირება დასრულდა. მის გამოსამშვიდობებელ წვეულებას პარიზში შეძენილი ყველა მისი მეგობარი ესწრებოდა - ფართი ულრიკამ მოაწყო, მხიარულმა და ანცმა პოლონელმა და ყველა დაპატიჟა, ვისაც იცნობდა თუ არ იცნობდა ირინა. რასაკვირველია, მარკიც არ დავიწყებია. წვეულების შემდეგ მარკს და ირინას გამოსამშვიდობებელი ღამეც ჰქონდათ. ჯერ პარიზის ქუჩებში ისეირნეს, დაღლამდე, მერე მარკის სამფლობელოში მოაწყვეს "ბოლო ღამე" და ერთმანეთს გულმხურვალედ, ვნებიანად და მგზნებარედ დაემშვიდობნენ, ყოველგვარი პირობების გარეშე. მარკმა მადლობა გადაუხადა ულამაზესი და უბედნიერესი ერთი თვისთვის, რომელიც ირინამ მას აჩუქა. ირინამ კი - თავისუფლების მინიჭებისა და მასში ნამდვილი ქალის აღმოჩენისა და გახსნისთვის, რომელიც აღარ დაიკარგებოდა.

* * *
თბილისის აეროპორტში ბედნიერი მშობლები ელოდნენ - წარმატებული შვილი რომ ჩამოუვიდათ საფრანგეთიდან. ლიკაც მათ გვერდით იყო, ოღონდ უფრო შეფიქრიანებული სახით. მას ირინასთან მუდმივი მიმოწერა ჰქონდა და მისი პარიზული რომანის შესახებაც ყველაფერი იცოდა. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ირინაზე ათასჯერ აქტიური, თამამი და კომუნიკაბელური იყო ყოველთვის, მამაკაცებთან ახლო ურთიერთობა არასდროს ჰქონია და "ქორწინებამდელი ურთიერთობების" კი საერთოდ გიჟურად ეშინოდა. ახლაც, როცა ირინასა და მარკის ამბები გაიგო, მხოლოდ ის უტრიალებდა თავში, ამ ყოველივეს ირინას მომავალზე ცუდად არ ემოქმედა. თუმცა ირინას გასხივოსნებული და ბედნიერი სახე რომ დაინახა ტრაპზე, მიხვდა, ეს ის ირინა აღარ იყო, უსუსური და მორცხვი, აქედან რომ გააცილა. ამიერიდან იქნებ თვითონ უფრო გამხდარიყო მასზე დამოკიდებული, ვიდრე პირიქით. ირინას უკვე გამოცდილი, იღბლიანი, წარმატებული, თავისუფალი ადამიანის სახე ჰქონდა, რომელსაც ცხოვრებისეული სიძნელეები ვეღარ შეაშინებდა... ასეც მოხდა.

* * *
გარკვეული დროის შემდეგ ირინამ აღმოაჩინა, რომ ორსულად იყო. ორივე მეგობრისთვის ეს თავზარდამცემი ცნობა გამოდგა. დიდხანს და ბევრი იფიქრეს ერთად, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. აბორტზე ლაპარაკიც არ შეიძლებოდა - ირინას მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ ამ შვილს გააჩენდა, რადგან ის მისი ცხოვრებისეული გარდასახვების და პირველი ნამდვილი ქალური ემოციების ნაყოფი იყო. იმაზე ფიქრობდნენ მხოლოდ, ირინას მშობლებისთვის როგორ ეთქვათ ეს ამბავი, საზოგადოება რას იტყოდა, მით უმეტეს, თუ ბავშვი მამას დაემსგავსებოდა - უკანონო შვილი და თანაც ფერადკანიანი, ეს უკვე მეტისმეტი იყო.
ირინას არ ჰქონდა იმედი, რომ მშობლები გაუგებდნენ. ისინი საკმაოდ კონსერვატიულად და ტრადიციულად აზროვნებდნენ და მათთვის ეს საშინელი დარტყმა იქნებოდა. იმ აზრს მალე მიეჩვია, რომ ამ ახალ ამბავს არაფრით არ მიიღებდნენ, უფრო იმაზე ნერვიულობდა, რამე არ დამართნოდათ მიღებული სტრესის გამო. ბოლოს "სამეგობრო საბჭოზე" გადაწყვიტეს, რომ ირინა ლიკასთან ერთად მისულიყო სახლში და მშობლებს სერიოზულად დალაპარაკებოდა, მეგობრის თანდასწრებით.
...იმწუთიერი რეაქცია შედარებით მშვიდი აღმოჩნდა - ლიკას ირინას დედის გაოგნებული, მაგრამ უტყვი სახე და მამის გაყინული მზერა სამუდამოდ დაამახსოვრდა. ლიკასთან ეცადნენ, არაფერი შეემჩნიათ. მთელი ცხოვრება ცდილობდნენ ისე ეცხოვრათ, რომ მათი ოჯახის საქმეებში უცხოები არ ჩაერიათ და ახლაც ამ პრინციპს მიჰყვებოდნენ. მათი ოჯახური ამბები მხოლოდ მათი ოჯახური ამბები იყო, არავის არ რევდნენ საკუთარ საქმეებში და მით უმეტეს, მათი "ლაწირაკი" შვილის "ლაწირაკ" მეგობარს არ აჩვენებდნენ, სინამდვილეში რას გრძნობდნენ ან რას მოიმოქმედებდნენ. მაგრამ როგორც კი ლიკამ ზღურბლს გადმოაბიჯა და მის უკან მიიკეტა მეგობრის სახლის კარი, იქ ნამდვილი ალიაქოთი დატრიალდა.
გაცოფებული მამა ყველაფერს ამტვრევდა, ისე გამოვიდა მწყობრიდან, ასეთი ირინას არასდროს უნახავს. ირინას ოთახში მთელი არაფერი დაუტოვებია. პირველ რიგში კომპიუტერს ეცა, რომელიც მისი აზრით ყველა უბედურების თავი და თავი იყო, და აივნიდან გადაისროლა. დედა ყველანაირად ცდილობდა, ნაკლებად ხმაურიანად გამოეხატა აღშფოთება - ამ ქვეყნად ყველაზე მეტად იმის ეშინოდა და რცხვენოდა, მისი სახლიდან ხმამღალი სიტყვა არ გასულიყო, სულ ეამაყებოდა, რომ ჰარმონიული ოჯახი ჰქონდა და მათ შესახებ ვერც ერთი მეზობელი ვერაფერ ცუდს ვერ იტყოდა. ახლა კი, ჯერ შვილმა დაასხა თავზე ლაფი, მერე ქმარმა იმდენი ქნა, საშვილიშვილო სკანდალი ატეხა მეზობლებში...
არადა, მამაც ყოველთვის თავშეკავებული იყო და რაიმეზე განაწყენებული ან გაბრაზებული ყვირილითაც კი მოზომილად ყვიროდა. ირინას მუდამ აღიზიანებდა მისი მშობლების ასეთი, მოზომილი და მოწესრიგებული ცხოვრება. განსაკუთრებით ახლა, როცა თვითონ გათავისუფლდა და გათამამდა, პარიზის ვნებებსა და ემოციებს აჰყვა, საერთოდ ვეღარ გებულობდა ამ მოჩვენებით სიწყნარესა და სიმშვიდეს. ამიტომ მამის ეს რეაქცია უფრო გასაგები იყო მისთვის, ვიდრე "პირმოკუმული ყვირილი".
...არადა, ჯერ ბავშვი არ გაჩენილიყო და ჯერ მშობლებმა ის ამბავიც არ იცოდნენ, ვერც კი წარმოიდგენდნენ ამას, რომ მათი უკანონო შვილიშვილი შეიძლებოდა ფერადკანიანი მოვლენოდა ქვეყანას. ირინას ეგ აღარ დაუკონკრეტებია მშობლებისთვის - მომავალი შვილის ფრანგი მამა რომ ფერადკანიანი გახლდათ. აღარ ჩათვალა საჭიროდ, მეტად აღარ ატკინა გული. მერე მაინც გაიგებდნენ, მაგრამ ასე ერთბაშად ვერ გაიმეტა...
ცოტა ხანს უყურა მამის აღშფოთებას და სახეშეშლილი დედის ცრემლებს და ბევრი აღარ უფიქრია, ატირებულმა და აღელვებულმა სამუდამოდ გამოიკეტა მშობლიური სახლის კარი და გაიქცა, საით, მაშინ თვითონაც არ იცოდა. მხოლოდ ის ჰქონდა გაცნობიერებული, რომ მშობლებთან დარჩენა გამუდმებულ საყვედურებს, ნიშნის მოგებას, შენიშვნებს ნიშნავდა და ისევ საკუთარ თავში უნდა ჩაკეტილიყო, დაკომპლექსებულიყო და სამუდამოდ გამოკეტილიყო "შერცხვენილი". ბავშვის გაჩენაზე ხომ ლაპარაკიც აღარ შეიძლებოდა მათთან. ისევ მშობლების დაკარგვა არჩია და ახალი ცხოვრების ახალ პრობლემებთან გამკლავებაზე დაიწყო ფიქრი. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ერთგული მეგობარი ამოუდგა მხარში.

* * *
უნივერსიტეტში ერთი კურსიღა ჰქონდა დარჩენილი. ლიკას მამა უკვე გარდაცვლოდა, თორემ ვერც მამამისი გაუგებდა ირინას და სახლში ალბათ არც ის შეუშვებდა, მიუხედავად იმისა, რომ ირინა მისი შვილის საუკეთესო და ბავშვობის მეგობარი იყო. ლიკას დედა კი ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდა, რაც კი მის შვილს სურდა. რაკი ლიკამ გადაწყვიტა, რომ ირინას დროებით მათთან უნდა ეცხოვრა, სანამ სწავლას დაამთავრებდა და ფეხზე წამოდგებოდა, ასეც უნდა ყოფილიყო. თავისი ხელფასით ასე თუ ისე გაჰქონდათ თავი, სოფლიდანაც ეხმარებოდნენ სურსათ-სანოვაგით და შიმშილით არ დაიხოცებოდნენ. თანაც, ეს ხომ დროებითი გადაწყვეტილება იყო.
ირინამ ის კურსი ისე დაასრულა, დიდი მუცლის ხათრით დაუწერეს ნიშნები, თორემ ამ არეულ-დარეულობაში ვერც ერთი გამოცდა ვერ მოამზადა. მერე ანუკაც გაჩნდა - პატარა მულატი, მამის მწვანე თვალებით, შავი კულულებით და წითელი სქელი ტუჩებით.
ირინას მარკთან ურთიერთობა არ განუახლებია, არც წერილი მიუწერია, როგორც დაჰპირდა და არც უთქვამს, რომ შორეულ საქართველოში მისი შვილი გაჩნდა. გადაწყვიტა, მარტოს მოეგვარებინა ყველაფერი.
ბოლო კურსზე ძირითადად პრაქტიკები ჰქონდა ორივეს - ლიკასაც და ირინასაც. ამიტომ, როდის რომელს ეცალა, ის იჯდა ბავშვთან და ის უვლიდა, საღამოს კი ნინო დეიდას - ლიკას დედას აბარებდნენ ანუკას და თვითონ თავაუღებლად მეცადინეობდნენ. ამდენ ნერვიულობასა და პრობლემებთან გამკლავებაში ირინა თანდათან ისე გახდა, მისი შემხედვარე ვერც იტყოდი, რომ ერთ დროს პუტკუნა გოგო იყო. სულ მალე იგრძნო, რომ მის გარდასახვას გარშემო მყოფთა სათანადო რეაქცია მოჰყვა - მამაკაცებმა მასში სექსუალური ქალი დაინახეს, ქუჩაში თუ სასწავლებელში, ყველგან გრძნობდა მათ დაჟინებულ ყურადღებას.
გარეგნობის წყალობით სამსახურიც მალე იშოვა - პირველივე გასაუბრებაზე ადვოკატის თანაშემწედ აიყვანეს. გარდა იმისა, რომ მართლა ჭკვიანი იყო და საკუთარ პროფესიას კარგად დაუფლებოდა, მისი მომხიბლავი გარეგნობის წინაშეც უძლური აღმოჩნდა მისი პირველი უფროსი და ხელფასიც კი იმაზე გაცილებით მეტი დაუნიშნა, ვიდრე მანამდე ვარაუდობდა.
ასე დაიწყო ირინას წინსვლა კარიერაში. სულ მალე ბინაც იქირავა, ანუკას ძიძა აუყვანა და დამოუკიდებელ ცხოვრებას დამოუკიდებლად შეუდგა. გაჩნდნენ პირველი აქტიური, მომაბეზრებელი, საქმიანი თუ სხვა სახის თაყვანისმცემლებიც. მათი დაჟინება კიდევ უფრო მატულობდა, როცა შეიტყობდნენ, რომ ირინა მარტოხელა დედა იყო - ეს მას რატომღაც "მეტად მისაწვდომის" სტატუსსაც ანიჭებდა მათ თვალში. გარდა ამისა, სწორედ ამ გარემოების გამო, უმეტესობას მისგან მხოლოდ "სიყვარულის გაზიარება" და საყვარლობა უნდოდა, ვიდრე უფრო სერიოზული ურთიერთობები. ირინა კი სულაც არ აპირებდა, შეძლებული "სპონსორის" კისერზე ეცხოვრა და ანუკას ისედაც გამორჩეულობისთვის ისიც დაემატებინა, რომ დედამისი ვიღაცის საყვარელი იყო. სერიოზულ წინადადებას  ნამდვილად ელოდა, ოღონდ სანდო და საიმედო ადამიანისგან, რომელიც მის შვილსაც შვილად აღიარებდა და ტრავმას არ მიაყენებდა. ასე თვითონაც მოიცილებდა თავიდან ამდენ მომაბეზრებელ უხამს წინადადებას და მუდმივ ჭორაობას მისი მდგომარეობის გამო. თუმცა ასეთი ადამიანები ნაკლებად ჩანდნენ.
გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი
6796
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ქ.ქ.-ს
0
ყოველ დილით დავამატებთ ხოლმე, რადგან კითხულობენ, დისკომფორტს არ შევუქმნით:)
17:59 / 09-02-2015
ქ.ქ
0
როდის ემტება ხოლმე ახალი თავი?
16:17 / 09-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?