"მე შვილს ნარკომან ქმართან ვერ გავზრდი!" - ონლაინ-რომანის მეხუთე ნაწილი
"მე შვილს ნარკომან ქმართან ვერ გავზრდი!" - ონლაინ-რომანის მეხუთე ნაწილი
"მთვარის შვილი" - ონლაინ-რომანი ყველაზე უცნაურ დედა-შვილზე
იხილეთ მეოთხე ნაწილი
* * *
...ანუკა რომ ოთხი წლის გახდა და ირინამ დამოუკიდებელ ადვოკატად დაიწყო მუშაობა (ერთ-ერთი კერძო საადვოკატო ბიურო გახსნა რამდენიმე კომპანიონთან ერთად), მაშინ გამოჩნდა ჰორიზონტზე გურამი. ის იმ უბანში ცხოვრობდა, სადაც ირინამ ბინა იგირავა. მაშინვე შენიშნა ახალგადმოსული ლამაზი ქალი და მალე შეუყვარდა კიდეც. რამდენჯერმე ირინას ბარგის სახლამდე მიტანა შესთავაზა, მისი ბავშვის ძიძას გაეცნო და ერთი-ორჯერ ანუკასაც მოფერებია თბილად, ისე, რომ
ძიძის კეთილგანწყობაც მოიპოვა და ანუკასიც. მალე ირინამ ისიც შეამჩნია, რომ გურამს უბანში საკმაოდ კარგი სახელი ჰქონდა და მის მიმართ პატივისცემა ირინაზეც გადმოდიოდა. სხვანაირი მოწიწებით დაუწყეს ყურება, "ბირჟაზე" მამაკაცები მორიდებით ესალმებოდნენ და უკმეხად არ აყოლებდნენ თვალს. ცოტა ხანში იგრძნო, რომ გურამის სახით საიმედო მფარველი და საყრდენი იპოვა, ის, რასაც ამდენი ხანი ელოდა...
ერთად ცხოვრება კანონიერად დაიწყეს - გურამის მშობლებს არ გაუპროტესტებიათ, შვილიანი ქალი რომ შეირთო მათმა ვაჟმა. ყოველ შემთხვევაში, ირინას ყურამდე არაფერი ამგვარი არ მისულა. გურამმა მშობლებს ამაყად წარუდგინა, უთხრა, ეს ჩემი ოცნების ქალიაო და მათაც დალოცეს მომავალი ცოლ-ქმარი. ანუკასაც ქორწილში თბილად მიეფერნენ, თუმცა ურთიერთობა ამით დასრულდა - ირინა გურამთან არ გადასულა საცხოვრებლად, არც
დაუპირებია და სიმართლე რომ ითქვას, არც არავის შეუთავაზებია. გურამი გადავიდა მასთან.
თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა. გურამი ირინას ყველანაირად მხარში ედგა, ოჯახში მამაკაცი რომ იყო, ეს მალევე დაეტყოთ. მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, თუმცა რამდენიმე პატარა მაღაზიაში ფლობდა თავის წილებს და შემოსავალი მოსდიოდა. დღეებს ძირითადად "ბირჟაზე" ატარებდა, მაგრამ არ სვამდა, სკანდალებს არ აწყობდა, ირინას სამსახურში აცილებდა, მაღაზიიდან ამოჰქონდა სურსათ-სანოვაგე, შინ თუ რამე გაფუჭდებოდა, აკეთებდა, ანუკას ეთამაშებოდა ხოლმე და ერთი შეხედვით, ნამდვილად ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ.
თუმცა როგორც ხდება ხოლმე, ცოტა ხანში რეალობამ პრობლემებიც თან მოიტანა და ნაკლოვანებებიც გამოჩნდა.
თანდათან ირინამ აღმოაჩინა, რომ გაჰყვა მამაკაცს, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობდა. მის ზოგიერთ ჩვევას, ლაპარაკის მანერას, ხანდახან რაიმე რეპლიკას თუ სხვა რამეს გაოცებული ხვდებოდა. მალე ისიც გააცნობიერა, რომ გურამს მართალია ის გიჟურად უყვარდა, მაგრამ გიჟურადვე ეჭვიანობდა, ყველაზე და ყველაფერზე. ამის გამო თავიდან პატარ-პატარა კამათები ჰქონდათ, მერე კი თანდათან ხმასაც აუწიეს და კამათის ხანგრძლივობაც გაიზარდა. ირინა ყველანაირად ცდილობდა, ქმრისთვის გაეგო, ნაკლებად მიეცა ჩხუბის საბაბი. სამსახურში წაიყვანა, ყველა კოლეგა გააცნო, თავის კლიენტებთან კი ყველასთან ნათქვამი ჰქონდა, რომ საღამოს საათებში არ უნდა დაერეკათ მასთან. ცდილობდა, ძლივს შექმნილი ოჯახი მისი მიზეზით არ დანგრეულიყო. არც ის სურდა, ანუკას თვალწინ სცენები მოეწყოთ და ბავშვისთვის ტრავმა მიეყენებინათ. საშინაო საქმეებსაც ასწრებდა. სადილს ანუკას ძიძა აკეთებდა ხოლმე, მაგრამ შინ მისული ირინა ქმარს მაგიდასთან იხმობდა, გაუწყობდა, ეკითხებოდა დღის ამბებს, თავისას უყვებოდა, ღამით ანუკას დაწვენის შემდეგ ცოლქმრულ სარეცელსაც დაუყვედრებლად და მორჩილად უზიარებდა და არ აძლევდა არავითარ საბაბს, ქმარი მისით უკმაყოფილო ან მასზე რაიმენაირად ნაწყენი ყოფილიყო. იმდენად გურამის სიყვარული არ ჰქონდა, რამდენადაც ოჯახს ჩააფრინდა - ცდილობდა, ეს საყრდენი არ გამოსცლოდა ხელიდან.

* * *
ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად დილას, სანამ ირინა სამსახურში წავიდოდა, ანუკას ძიძამ - მზიამ სთხოვა, რაღაც სალაპარაკო მაქვს და იქნებ მოგვიანებით გახვიდე სახლიდანო. სანამ ძიძამ ბავშვი ბაღში წაიყვანა, გურამს ეზოდან დაუძახეს ბიჭებმა და იქით გაემართა, ირინაც მოთმინებით დაელოდა დამხმარე ქალბატონს.
მზია მალე მოვიდა. საკმაოდ შეფიქრიანებული სახე ჰქონდა.
- ირინა, არ მინდოდა, ჩვენს ლაპარაკს ან ანუკა დასწრებოდა, ან მით უმეტეს, გურამი.
ირინას სახე დაეძაბა.
- რა იყო, მზია, რა ხდება?
მზია ცოტა ხანს გაჩუმდა, ეტყობოდა, უჭირდა სათქმელის გადმოცემა.
- ირინა, ცუდად არ გამიგო, ძალიან მინდა ბედნიერი იყო და კარგი ცოლქმრობა გქონდეთ... მაგრამ...
- რა ხდება, მზია, ნუ დამიმალავ ნურაფერს, შენ მთელი დღე სახლში ხარ და ალბათ რაღაც ისეთი იცი, რაც მე არა, ხომ?
მზიამ თავზე უხერხულად გადაისვა ხელი და შორიდან დაიწყო.
- შენთვის ადრე მომიყოლია ჩემი ოჯახური ტრაგედიის შესახებ, თუ რატომ დავრჩი ასე მარტო და რატომ ვძიძობ სხვის შვილებს.
- კი, მახსოვს... შენი ქმარი წამალზე იჯდა...
- ჰო, ირინა, წამალზე იჯდა და მერე ამ ყოველივეს ჩვენი ოჯახური ურთიერთობა და რაც მთავარია, ჩვენი შვილი შეეწირა... - მზიამ მძიმედ ამოიოხრა და თვალზე მომდგარი ცრემლი ცხვირსახოცით შეიმშრალა, - ქმარმა ყველაფერი გაგვიყიდა, რაც კი სახლში გვქონდა, წამალზე გაცვალა... ერთ დღეს კი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მიადგა ბაღში ბავშვს წამოსაყვანად, მე არაფერი ვიცოდი... უკან წამოსვლისას მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა... თვითონ გადარჩა, ჩემი უბედური შვილი კი... - მზიას ცრემლები წასკდა.
ირინა მიეფერა ქალს, გრაფინიდან წყალი ჩამოუსხა...
- მზია, წყალი დალიე, დამშვიდდი... ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, ნუ იფიქრებ ამაზე... ოღონდ ვერ გავიგე, ამ ამბავს რატომ მიყვები?
ქალმა წყალი მოსვა, ცოტა დამშვიდდა და ირინას თვალებში შეხედა.
- ირინა, მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ შენი ქმარიც იკეთებს...
...ეს ამბავი მოწმენდილ ცაზე ქუხილივით იყო. ირინას თავზარი დაეცა, აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ მოქცეულიყო. ის დღე სამსახურში ვეღარ გაჩერდა, სულ ეჩვენებოდა, რომ კაიფში მყოფი მისი ქმარი ანუკასთან მარტო იყო დარჩენილი და ათას უბედურებას წარმოიდგენდა. იფიქრა, ქმარს დალაპარაკებოდა, მაგრამ რომ არ ყოფილიყო მართალი ეს ამბავი და ურთიერთობა გაეფუჭებინა, თანაც უმიზეზოდ? იქნებ ეს მხოლოდ მზიას წარმოსახვის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი?
დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, მოვლენების განვითარებას დალოდებოდა, მეტად დაკვირვებოდა ქმრის ქცევის მანერას და მისი სპეციალობის ენით თუ ვიტყვით, მეტი მტკიცებულებაც მოეგროვებინა.
დიდხანს ცდა არც დასჭირდა. ერთ შაბათ-კვირას შინ დარჩენილმა შენიშნა, რომ დღისით გურამი უცნაურად იქცეოდა - აგზნებული იყო, აგრესიული, ათას რაღაცას მიედ-მოედებოდა, თითქოს რაღაცას ეძებდა. ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას. მერე ძმაკაცებმა დაუძახეს, ჩავიდა და ერთ-ორ საათში სულ სხვანაირი ამოვიდა - თითქოს დამშვიდებული, მაგრამ უფრო მოდუნებული. თვალები ასწითლებოდა, გუგები კი არაბუნებრივად დაპატარავებოდა... ირინა მიხვდა, ეს რაც იყო და რომ მზიას ეჭვი მართლდებოდა.
იმ ღამით შინაგანად მოამზადა საკუთარი თავი იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა მალე დასრულდებოდა და კვლავ მარტო მოუწევდა ცხოვრების გაგრძელება. ნარკომან ქმართან ცხოვრებას, მით უმეტეს, მასთან ერთად ერთადერთი ქალიშვილის გაზრდას და კიდევ უფრო მით უმეტეს, მისგან შვილის გაჩენას არ აპირებდა. მოსალოდნელი საუბრისთვისაც მოემზადა და მოსახერხებელ დროს დაელოდა. დაგეგმა, ერთ დღეს მზია და ანუკა მაკდონალდსში გაეგზავნა, საღამოს, როცა თვითონ დაბრუნდებოდა სახლში და ქმართან მოწმეების გარეშე ელაპარაკა. თუმცა გურამმა ამდენი არ აცალა - მისდაუნებურად მოვლენები კიდევ მეტად დააჩქარა.
მეორე საღამოსვე, შინ დაბრუნებულს ანუკა ჩაფიქრებული და მოღუშული დახვდა. მზიამ ვერაფრით აუხსნა, რა იყო ანას წუხილის მიზეზი. მოულოდნელად მოიბუზა და მას მერე მთელი დღე ასე გაბუტული ზისო. ირინამ ძიძა შინ გაუშვა და ანასთან განმარტოვდა.
- დედი, რა იყო, საყვარელო, ვინმემ გაგაბრაზა?
დედის სიტყვებმა ბავშვს გული აუჩუყა. თვალებზე ცრემლები მოადგა, დედას მაგრად ჩაეხუტა და ატირდა. ირინას გული გადაუქანდა. ვერაფრით მიმხვდარიყო, რა სჭირდა ანას.
- დედი, გტკივა რამე?
ანამ უარყოფის ნიშნად თავი გადააქნია და ტირილს უმატა.
- კარგი, დედი, დამშვიდდი, მითხარი, რა ხდება?
ბავშვს თვალებზე ცრემლები მოსწმინდა, სახე მაგრად დაუკოცნა, გულში კიდევ ერთხელ ჩაიხუტა. ანაც ცოტათი დამშვიდდა და ძლივს ამოღერღა:
- დილას გურამიკო ტუალეტში დავარდა, ხელზე ნემსი ჰქონდა გაკეთებული... მოკვდება გურამიკო?
ირინას ელდა ეცა. სახე შეეშალა. მიხვდა, რაც ხდებოდა. სცადა, ბავშვთან არ შეემჩნია. დაამშვიდა:
- არა, საყვარელო, ალბათ ცოტა თავი ასტკივდა და ექიმმა გაუკეთა ნემსი. არ მოკვდება, კარგად იქნება.
თან ბავშვს ამშვიდებდა და თან უკვე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, გურამს დასცილებოდა.
გადაწყვიტა და გააკეთა კიდეც.

* * *
გურამი დიდხანს და გულდაგულ უარობდა, იფიცებოდა, არაფერი მსგავსი არ ხდება, გეჩვენებაო, მაგრამ ირინა შეუვალი იყო და გურამსაც მოუწია, ეღიარებინა. მწარე აღიარებას საკმაოდ მტკივნეული მონოლოგიც მოჰყვა. როცა სენტიმენტალურ ხასიათზე დგებოდა, ირინას ხშირად ახსენდებოდა გურამის მაშინდელი გამომეტყველება, მისი სევდიანი, არა, სევდიანი კი არა, უფრო იმედგაცრუებული და ჩამქრალი თვალები, მისი დარცხვენილი სახე, რომელზეც ყველაფერთან ერთად ისიც იკითხებოდა, რომ ეს ადამიანი ძლივს ნაპოვნ ბედნიერებას ეთხოვებოდა და მის შესანარჩუნებლად ბრძოლა არ ძალუძდა...
- შენ ჩემი ერთადერთი იმედი იყავი... - ასე დაიწყო მაშინ მონოლოგი გურამმა და ირინამ მის თვალებში ცრემლი შენიშნა, მაგრამ მზერა აარიდა, რომ ამ ცრემლებს მასზე და მის გადაწყვეტილებაზე არ ემოქმედა. ემოციებს აყოლა მისთვის მორიგი შეცდომის დაშვებას ნიშნავდა... - ირ, ვიცი, ძნელია ჩემი გაგება, მაგრამ როგორც ყველა ნარკომანს, მეც ამ გზაზე დადგომის საკუთარი ისტორია მაქვს... ძალიან კარგად იცი, მომიყოლია შენთვის, ბავშვობიდან არაფერი მაკლდა. ინტელიგენტურ ოჯახში ვიზრდებოდი - დედა მასწავლებელი იყო სკოლაში, მამა - მეცნიერ-თანამშრომელი. წიგნები არ მაკლდა და აღზრდის დახვეწილი მეთოდები. შემოსავალიც ნორმალური გვქონდა - მამას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტში ლექციების წასაკითხად და ნორმალურად უხდიდნენ. ხშირად სხვადასხვა ქვეყანაშიც უწევდა წასვლა მივლინებებზე და სკოლაში ვინმეს თუ ეცვა რამე უცხოური და "იმპორტული", პირველი მე ვიყავი. სწავლითაც კარგად ვსწავლობდი. მერე ფეხბურთმა გამიტაცა. გაგიჟებული ვიყავი ამ სპორტზე. ცნობილი ფეხბურთელების პლაკატებით მქონდა აჭრელებული ოთახის კედლები. მშობლებმა მხოლოდ იმ პირობით ჩამწერეს ფეხბურთის წრეზე, თუ სწავლას არ მოვუკლებდი. ასეც იყო, თავს ვიკლავდი სწავლით, ოღონდ კი ფეხბურთი ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. იმ წლებიდან მომყვება დიმასთან მეგობრობაც... შენ ძალიან კარგად იცი, დიმა რას ნიშნავს ჩემთვის...
16 წლის ვხდებოდი, ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ცუდად დავვარდი, საზიზღარი ტრავმა მივიღე და ექიმების დიაგნოზიც საზიზღარი იყო - ფეხბურთისთვის თავი უნდა დამენებებინა... ირ, შენ ვერც კი წარმოიდგენ, რა იყო ეს ჩემთვის, განაჩენი უფრო, ვიდრე დიაგნოზი... როგორც ახლა ვუყურებ ცხოვრებას, ეს მართლა განაჩენად მექცა... ყველაფერზე ავიცრუე გული. აღარც სწავლა მინდოდა. სკოლაში ცუდად ვიქცეოდი, მასწავლებლებს ვეჩხუბებოდი, მშობლებს ვეუხეშებოდი. იძულებულნი გახდნენ, ღამის სკოლაში გადავეყვანე, ატესტატი რომ როგორმე "გაეჩალიჩებინათ".
იქ სულ სხვა წრეში მოვხვდი. სრულიად სხვა საზოგადოება გავიცანი, სხვა ფასეულობები ჰქონდათ... ან საერთოდაც არ ჰქონდათ ფასეულობები... მაშინ გავიგე, რა იყო "შავი გაგება", გარჩევებზე სიარული დავიწყე, ვყოყლოჩინობდი. ჩემი მაშინდელი ძმაკაცები ყველანაირად მიწყობდნენ ხელს, თავი კარგად მეგრძნო მათთან ერთად, მაგულიანებდნენ, საქმის გარჩევაზე, როგორც ნაკითხ და შედარებით "სერიოზული წარსულის" მქონე ადამიანს  მალაპარაკებდნენ და მერე მაქებდნენ. დიმა სულ მეჩხუბებოდა, მირჩევდა, გონს მოვსულიყავი, ცუდ გზას ადგახარო, მეუბნებოდა. ისიც კი უთქვამს, მაგათ შენი გამოყენება უნდათ, ჩაგითრევენ და ვეღარ დაეხსნები თავიდან, სანამ შენც და შენს ოჯახსაც ბოლომდე არ გამოწურავენო... არ ვუჯერებდი. თან ცოტათი მშურდა კიდეც მისი, ის ხომ ისევ ფეხბურთს მისდევდა, წარმატებებს აღწევდა და თითქოს ჩემს არარეალიზებულ ცხოვრებას მასში ვხედავდი. ნერვები მეშლებოდა. ერთი პერიოდი ისე ვეჩხუბე, დავშორდი კიდეც, მერე ისევ თვითონ მიპოვა და სცადა, წუმპედან ამოვეყვანე...
რაღა ბევრი გავაგრძელო, ცოტა ხანში კაიფი დავიწყე. ჯერ მსუბუქი რამეებით, "პლანი", "მანაგუა"... სანამ სახლში შევიდოდი, ჩემებს რომ არ შეეტყოთ რამე, ხან კორპუსს 20 წრესაც კი ვარტყამდი, რომ "გავნიავებულიყავი"... მერე კი ერთ დღეს, "სამეგობრო წრეში", რაღაც წვეულების მერე, "ბეზ პონტა" რომ ვიყავით, ნემსიც გავიჩხირე... გავიჩხირე და გავიჩხირე... ამის მერე სკანდალებმაც იმატა სახლში, მოპარულმა ნივთებმაც. რა აღარ სცადეს ჩემებმა, ჩხუბიც, მუქარაც, დაყვავებაც, მონასტერშიც გამიშვეს ცოტა ხანს, მაგრამ აღარაფერმა მიშველა. ჩავირეცხე სრულიად... ერთი ეგ იყო, ლაპარაკი ისევ არ მეშლებოდა. მალე შავი გაგების ხალხში რაღაც-რაღაცების გამო პატივისცემა მოვიპოვე, უბანშიც პატივსაცემი ტიპი გავხდი, ჩემი სიტყვით ბევრის ბედი წყდებოდა. ამის "წყალობით" რაღაც-რაღაც წილებშიც ჩავჯექი, ასე თუ ისე შემოსავალი გამიჩნდა, თუმცა ფულის უდიდესი ნაწილი ისევ კაიფზე მიდიოდა... მერე კი შენ გამოჩნდი... ჩემს იმედად იქეცი, ცხოვრებისეულ იმედად. ჩემი მშობლებისთვისაც... იფიქრეს, რომ შენი სიყვარული ამომიყვანდა ამ წუმპიდან... მაგრამ ეს ისეთი რამეა, ვერასდროს დაეხსნები... ირ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, თუ ეს რამეს შეცვლის, რომ ახლა, რაკი ფული ასე თუ ისე მაქვს, სუფთას ვიკეთებ, ნაკლებად გაშტერებული დავდივარ, კაიფში გაპარვის საფრთხეც ნაკლები მაქვს და სახლიდანაც არაფერს წავიღებ, არც შენ დაგიშავებ ოდესმე რამეს... იმ დღესაც, ანუკამ რომ დამინახა, ვიცი, შეეშინდა. იაღლიში მომივიდა, მასეთი რამ არ განმეორდება არასდროს, - ეს ბოლო სიტყვები ხვეწნას უფრო ჰგავდა, გურამი ბოლო შანსს ელოდა, ცხოვრებაში ბოლო შანსს ალბათ...
თუმცა ირინასთვის ბევრი ვერაფერი შვება აღმოჩნდა მისი "სუფთა" წამალი და სამომავლო დაპირებები.
- გურამ, მე რომ ახლა ვიწყებდე ცხოვრებას, იქნებ, ამხელა რისკზე წავსულიყავი კიდეც, მაგრამ მე პირველ რიგში დედა ვარ, ჩემს ანუკაზე ვარ პასუხისმგებელი... მის მომავალს ასეთ საფრთხეში ვერ ჩავაგდებ და ნარკომანის გვერდით ვერ გავზრდი, ვერც შვილს გავაჩენ შენგან ასეთ სიტუაციაში... ეს კი აღარც ოჯახი იქნება, არაფერი... ვიცი, ამით შეიძლება შენს ცხოვრებას და ცხოვრებისეულ იმედებს წინ აღვუდგები და ტკივილს გაყენებ, მაგრამ გურამ, მაპატიე, სიმართლე ყოველთვის მტკივნეულია - ჩემთვის ახლა შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი, და წარმოიდგინე, არც ჩემი პირადი ამბიციები ან სურვილები დგას ახლა წინა პლანზე, ახლა მე ჩემი შვილის სასარგებლოდ უნდა გავაკეთო არჩევანი... მას ისედაც არც ისე იოლი მომავალი ვარგუნე ჩემი შეცდომების გამო, ასე ვერ გავწირავ, რომ მუდმივი რისკის ქვეშ ვამყოფო...

* * *
გურამმა კიდევ სცადა გაბრძოლება. "ბოლო საუბარს" რამდენიმე სკანდალი და სახლში მოვარდნა მოჰყვა, მაგრამ შემდეგ თანდათან შეეჩვია იმ აზრს, რომ მისი საყვარელი ქალი მისი აღარ იყო. მის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავიდოდა, მაგრამ მის ძალებს აღემატებოდა ნარკოტიკებისგან გადაჩვევა... ამის მერე ხანდახან გაბრაზებული თუ დაურეკავდა ხოლმე, თავს შეახსენებდა, ან ძალიან გაბრუებული თუ იყო და მონატრება გააგიჟებდა, მაშინაც შეეხმიანებოდა და სიყვარულს უხსნიდა... ირინა კვლავ შეუვალი იყო. ეცოდებოდა და ძალიანაც სტკიოდა გული, მაგრამ საღი აზრი არ ღალატობდა და ამ შეცოდების გამო გადაწყვეტილებას არ იცვლიდა.
რამდენიმე თვეში დაიბრუნა გირაოს ფული, ცოტაც დაამატა და ერთ-ერთ პერიფერიულ უბანში ერთოთახიანი ბინა იყიდა. მზიაც თავისთან გადაიყვანა - საწყალ ქალს მაინც არავინ ჰყავდა ახლობელი და ირინას დედა შეუცვალა, ანუკას კი - ბებია. ასე დაიწყეს ცხოვრება სამმა. კაცი აკლდა მათ ოჯახს, მაგრამ სამაგიეროდ, მშვიდად იყვნენ, ერთმანეთს არ ერჩოდნენ და ნაკლები სადარდებელი ჰქონდათ.
გაგრძელება

იხილეთ რომანის დასაწყისი
6413
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
kristi
0
Auu ar gamomaparot gagrdzeleba raa. Da dzan nu gawelavt. :-* :-*
23:16 / 10-02-2015
თეონა
0
გაგრძელებას ველოდები მოუთმენლად..
20:07 / 10-02-2015
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```